ხვალ ფრიად დიდი დღეა ერთი კაცის წიგნების მოყვარულებისთვის. აი, იმისი, აქვე, რიკოთს გადაღმა რომ დაიბადა, მერე სულ „ზესტაფონო, ზესტაფონო, გშორდების“ ღიღინით მიაშურა მოსკოვს და საბოლოოდ იქაც ვერ მოისვენა – ლონდონში გადაბარგდა.
ისე, უქმად წუთი არ გაჩერებულა – წერა და წერა წიგნები ერთ შინგამომცხვარ დეტექტივსა და ქალების გულთამპყრობელზე, კოხტად გადავარცხნილი შავი თმით და ჭკვიანი ლურჯი თვალებით თავგზას რომ უბნევდა კაცობრიობის მშვენიერ ნახევარს და მოჭარბებული ნაცრისფერი უჯრედების წყალობით სრულიად რუსეთის იმპერიის ბოროტმოქმედებს მოსვენებას არ აძლევდა.
იმან კი წერა, მაგრამ მთელი მარილი იმაშია, ჩვენ რომ სულმოუთქმელად ვიკითხეთ, ვდიეთ ერასტ ფანდორინს ხან პეტერბურგში, ხან იაპონიაში, ხან ანარქისტებს ვეომეთ, ხან ნაირ-ნაირი ჯურის მოუხელთებელ ავაზაკებს ვედექით კვალში, ხან იდუმალი ნინძების საბრძოლო ხელოვნებას ვეუფლებოდით, მოკლედ, მუხლჩაუხრელად ვიხეტიალეთ თითქმის ოცი წლის მანძილზე და არც მაშინ შეგვიხრია წარბი, ნავთობით გაჭვარტლული და ათასი ოხერტიალით გაძეძგილი ბაქოს გზას რომ გაგვიყენეს.
აი, “შავი ქალაქის“ ბოლო ფურცლებზე მართლა აკუნინი ვეძახე იმას, ვინც ამდენი წლის ფათერაკებით, აღმართ-დაღმართითა და ხიფათით სავსე ცხოვრება ბაქოში, რომელიღაც მიყრუებული სახლის სარდაფში უსახელოდ და უპატიოდ დაასრულა. არ იყო ღირსი? კი ვიცოდი, სადღაც წერტილი რომ უნდა დასმულიყო, მაგრამ ასეთი? არ ეკადრებოდა სახელოვანი ფონ დორნების შთამომავალს.
მიდგა მერე ეს დამსახურებულად აკუნინი, ხან ბორისოვას ფსევდონიმით თხზა, ხან – ბრუსნიკინის, ხან რუსეთის ისტორია გადაქექა და გადაწერა თავიდან და ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა, მიუტევებლად ცუდად რომ იქცეოდა. ჰოდა, დაადგა გამოსწორების გზას – შარშანვე დააანონსა ახალი, ამჯერად მართლაც ბოლო რომანი ერასტ პეტროვიჩის ფათერაკებზე, ფრიად ორაზროვნად რომ დაურქმევია “არ გემშვიდობებით“ და საახალწლოდ ცინცხალი პირველი თავიც გვისაჩუქრა – რვა თებერვლამდე როგორმე თავი შეიქციეთო.
შევიქციე კი არა, ოციოდე წუთში ჩავაბულბულე დიდსულოვნად ნაბოძები ნაწყვეტი და აზარტში რომ შევედი, გული ამიფრიალდა და თვალები დავაჭყიტე, ზუსტად იქ არ დამთავრდა?!
მოკლედ, არ აქვს ამ კაცის ვერაგობას საშველი და რა გინდა, რომ ჰქნა?! ძლივს მოვიტანე სული აქამდე და ვაი, მაგისი ბრალი, ხვალინდელი პრეზენტაცია თუნდაც წუთით რომ გადადოს – ფეხით, ფეხით ჩავალ ქუთაისში კი არა და ლონდონში და ვაჩვენებ, როგორ უნდა აკუნინობა.
სერიოზულად გეუბნებით. არ გეგონოთ, ვხუმრობდე.