ქართული ლინდგრენოგრაფია, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა. “ნაკადულით” დაიწყო და უკვე თანამედროვე გამომცემლობების ფერად-ფერადი წიგნებით გრძელდება.
ახალი მაინც ახალია. ხარისხს, დიზაინს, შვედურ ილუსტრაციებს, რედაქტურას რომ გავეშვათ, 2002 წლიდან დღემდე ექვსი ახალი თარგმანი მოგვეძევება. ოღონდ ძველს ისეთი ხიბლი აქვს, ვერც ერთი ცინცხალი გამოცემა ვერ დაიკვეხნის.
დღეს ძველ წიგნებზე მოგიყვებით. თავის დროზე, ინტერნეტში ბევრი ვეძებე ერთად თავმოყრილი ინფორმაცია და ვერსად ვიპოვე. ყველაფერი ჩემი აკინძულია. ჩათვალეთ, რომ დამწყები ბიბლიოგრაფის ნაშრომს კითხულობთ და ძალიან მკაცრადაც ნუ განმსჯით.
ახლა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სამამულო ლინდგრენოგრაფია ფრუ ასტრიდის სავიზიტო ბარათით – პეპით ან კარლსონით არ დაწყებულა. პირველად, 1968 წელს, ქართულად “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი” თარგმნეს.
რედაქციის ლოგიკის გამოცნობა გამიჭირდება, მაგრამ, ჩანაფიქრმა, ფაქტია, გაამართლა. კალე, თუ დააკვირდებით, ყველა მოზარდის ახდენილი ოცნებაა. ზაფხული, არდადეგები, ერთგული მეგობრები, ორი ბანაკი, ომი, შტაბები, საიდუმლო ენა, მუმრიკი, დეტექტივობანა და ნამდვილი დამნაშავეების გამოჭერა… რა გასაკვირია, რომ პატარა (და არა მხოლოდ პატარა) მკითხველს ძალიან მოეწონა.
სამი წლის შემდეგ კარლსონის ჯერიც დადგა. მართალია, თავიდან მხოლოდ საწყისი ორი ნაწილი გადმოაქართულეს (მესამეს კიდევ შვიდი წელი დასჭირდა), სათაურიც ჩვენთვის უჩვეულო ერქვა – “ბიჭი და სახურავის ბინადარი კარლსონი“, მაგრამ სათაურს ვინ ჩივის, ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი და მოწიფული მამაკაცის ამბავი ქართულადაც წავიკითხეთ.
1973 წელს “ნაკადულმა” ერთბაშად ორი ლინდგრენი გამოსცა. ცოტა არ იყოს, არაზღაპრულად და არასაბავშვოდ სევდიანი ” მაწანწალა რასმუსი” (“ძმებ ლომგულებზე” მაშინ არაფერი ვიცოდით) და პეპი, ჩვენი პეპი, პეპილოტა ვიქტუალინა როლგარდინა ეფრაიმსდოტირ გრძელიწინდა, რომელსაც, სულ პირველ თარგმანში, (ოჰ, ეს უცნაური სათაურები) რატომღაც მაღალიწინდად მოიხსენიებდნენ.
კიდევ ორი წელი გავიდა და მკითხველმა ყოვლად საოცარი “ჩვენც სალტკროკელები ვართ” მიიღო საჩუქრად. სიცოცხლით სავსე წიგნი, ჩემი უპირობო ფავორიტი და იდეალური ანტიდეპრესანტი. დღემდე ყველაზე მეტად მიყვარს. არ გამამხილოთ, მაგრამ კარლსონს და პეპისაც კი მირჩევნია.
1978 წელს “ნაკადულის” ლინდგრენის თარო ყველაზე ცნობილი კრებულით გამდიდრდა – კარლსონი (ამჯერად სრული, სამივე ნაწილი) და პეპი (ამჯერად გრძელიწინდა), ილუნ ვიკლანდის ფანტასტიკური ილუსტრაციებით და დეა ჯაბუას უსაყვარლესი ყდით. ალბათ ძალიან არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა დროის ყველაზე წარმატებული და პოპულარული თარგმანია. მართლა ყველამ იცის, დიდმაც და პატარამაც.
1981 წელს, “დილის” უცვლელი მხატვრის ედუარდ ამბოკაძის მოხატულ კრებულში “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“ და “ბიულერბიუელი ბავშვები” გააერთიანეს. ეს იყო და ეს. “ნაკადულს” მეტი ახალი თარგმანი აღარ გამოუცია.
1985 წელს, იმ დროისთვის ღრმად პოპულარულმა საბავშვო-საყმაწვილო გამომცემლობამ “მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკა” წამოიწყო. გამხსნელ წიგნად ლინდგრენის ყველაზე პოპულარული კრებული – 1978 წლის კარლსონი და პეპი შეარჩიეს. არც ყდა შეუცვლიათ, არც არაფერი დაუმატებიათ, ფრიად სიმპათიური ლოგო მოარგეს და “მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკის” პირველი ტომიც გამოცხვა.
ჩანაფიქრმა, როგორც ჩანს, გაამართლა. მეორე ტომადაც ლინდგრენი შეირჩა. ამჯერად კრებულად ერთხელ უკვე გამოცემული “მაწანწალა რასმუსი“ და “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი” აკინძეს. ძალიან კარგადაც მოიქცნენ. ერთიც და მეორეც ზუსტადაც რომ 1986 წლის კრებულში მაქვს წაკითხული.
რეპრინტების გამოცემა ახალი ტექსტების თარგმნაზე იოლი იყო და წერტილიც რეპრინტმა დასვა. 1990 წელს საბავშვო ლიტერატურისთვის მაინცდამაინც არც არავის ეცალა, “ნაკადულიც” ისეთი ყოჩაღი ვეღარ იყო, როგორც ათი და ოცი წლის წინ, მაგრამ ერთ რეპრინტს თავი მაინც მოაბეს. “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“, “ბიულერბიუელი ბავშვები“ და “ჩვენც სალტკროკელები ვართ” ერთხელაც დაბეჭდეს. საკმაოდ მოზრდილი ტომი გამოვიდა. სხვათა შორის, ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძვირიც ღირდა – მთელი 3 მანეთი დ 90 კაპიკი.
უცნაურია, მაგრამ ქართულ ლინგრენოგრაფიაში რუსულენოვანი გამოცემაც ურევია. 1986 წელს “განათლებამ” კარლსონის ლილიანა ლუნგინასეული კლასიკური თარგმანი გამოსცა. წიგნი გამოვიდა გულდასაწყვეტად უხარისხო, ღირდა ყველაზე იაფი (25 კაპიკი) და ჰქონდა ყველაზე მაღალი ტირაჟი – 100 000 ეგზემპლარი.
ძველი ლინდგრენოგრაფია, წესით, აქ უნდა დამესრულებინა და დავასრულებდი კიდეც, მაგრამ ამას წინათ, რომელიღაც საღამოს, დელისთან, სრულიად შემთხვევით 1994 წელს საქართველოს შვედური საზოგადოების გამოცემულ, ბაკურ სულაკაურის ნათარგმნ “ცეროდენა ნილს კარლსონს” გადავეყარე. წარმოდგენაც არ მქონდა, ქართულად თუ არსებობდა, ან საიდან უნდა მცოდნოდა, არც იმ წლებში შემხვედრია, არც მერე, არც ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში იყო ნახსენები. თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდე არ შეუტანიათ.
ეს იყო და ეს.
ლხინი იქა, ლხინი აქა,
ფქვილი იქა, ფქვილი აქა.
შვედეთში, რასაკვირველია.
ალალია მაგათზე.