Quantcast
Channel: Molly Bloom’s Day – Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 205

მე –წრიპა მორტენი

$
0
0

ხშირად ვფიქრობ, გამიმართლა, რომ ასეთ დიდ და ხმაურიან ოჯახში ნაბოლარად დავიბადე თუ პირიქით?! ჯერ ვერ დავადგინე, იმიტომ, რომ ზოგჯერ ეს ამბავი კარგი მგონია, ზოგჯერ – არც მაინცდამაინც. აი, ზღვაზე რომ ვისვენებდით და გუბეში განმარტოების უფლება არ მომცეს, ძალიან გავბრაზდი – როგორ შეიძლება, ადამიანს ასე დაურღვიო მყუდროება? თუმცა ისა… მთლად მყუდროება არ იყო, გუბეში ვიწექი და ხელ-ფეხს ვაჭყაპუნებდი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი, ვა!

ყველა ჩემზე რომ ზრუნავს, ეგ კი მომწონს, მაგრამ ხანდახან მეტისმეტი მოსდით – აი, როცა თოვლიან ტყეში სასეირნოდ მივდივართ, ყველას ჰგონია, რომ აუცილებლად ქუდი უნდა გამისწოროს და სათითაოდ ექაჩებიან ქვემოთ, ჰოდა, ნიკაპამდე ჩამომაფხატებენ ხოლმე. იმიტომაც იყო, რომ მოვიშვლიპე და ნაჩუქარ ნაძვს დავახურე. ისე, მერე ციყვმა რომ აიღო უკითხავად, არც ეგ მომეწონა.

ვინ ხარო, მკითხეთ? დიდედა სულ მეუბნება, უცნობებთან ბევრი საუბარი უზრდელობააო, მაგრამ ახლავე გაგეცნობით და მერე გავაგრძელებ. წრიპა მორტენი გახლავართ, მამასთან, დედასთან, მარენთან, მარტინთან, მარტასთან, მადსთან, მონასთან, მილისთან, მინასთან, დიდედასთან, სამოვრის მილთან და საბარგო მანქანასთან ერთად ვცხოვრობ ტყეში, ამქვეყნად საუკეთესო სახლში.

აი, ხომ ნახეთ, რამდენი ხალხი ჩამოვთვალე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დიდედასთან ვმეგობრობ. დანარჩენებს ისევ ძალიან პატარა ვგონივარ, მხოლოდ დიდედა მეპყრობა სერიოზულად. ქაშაყის კასრისგან ქარიშხალას  რომ ვაკეთებდი, აზრადაც არ მომსვლია, დახმარება ვინმე სხვისთვის მეთხოვა. იმიტომაც შემეშინდა, ერთხელ დურგალზე გათხოვებაზე რომ დაიწყო ლაპარაკი,  კიდევ კარგი, მალე გაჩუმდა. ქარიშხალა ვინ არის და ცხენია. აი, ვიღაცა სულელ ქალს ვიკინგების დროინდელი ნამარხი რომ ეგონა, ის. მორტენის საშობაო საჩუქარი მორტენისთვის.

ის ამბავიც გამახსენდა, მთიდან ყუთით რომ მოვსრიალებდით და ყველას ტროლები ვეგონეთ. ეგრე ძალიან ცხოვრებაში არ მიმხიარულია. ჟურნალისტები რომ სურათებს მიღებდნენ, მომეწონა. და სასტუმროში ტკბილეულით რომ გაგვიმასპინძლდნენ, ისიც მშვენიერი იყო. ვეუბნებოდი დიდედას, წამოდი, ერთხელაც ჩამოვსრიალდეთ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. ხანდახან იცის ასე გაჯიუტება, მერე რა. მაინც ძალიან საყვარელი დიდედაა.

წეღან უკვე ჩამოგითვალეთ, რამდენი ხალხი ცხოვრობს ჩვენს ოჯახში, ქარიშხალაც მყავს, სამოვრის მილიც, ჰილდა და ჰენრიკიც, ჩვენი ძველი მეზობლები რომ იყვნენ ქალაქში, ჰოდა, არასოდეს მიფიქრია, რომ კიდევ ვინმე მჭირდებოდა, ჩემებმა კიდევ იფიქრეს, ეს ორნი უცნაურად იქცევიან, ხის ცხენით და მარხილით დაქრიან და გაუთავებლად რაღაც ხათაბალაში ეხვევიან, ამიტომ მორტენს თავისი ჭკუის მეგობარი უნდა მოვუძებნოთო. ამისთანა სისულელე სადმე მოგისმენიათ? სად გაგონილა მეგობარი შეკვეთით? რომ ჰკითხო, უფროსები არიან და ჭკუა მოეკითხებათ.

ერთი კი თქვა ბოთე მარტინმა, მორტენს მეგობარი ვუშოვეო და ცხვარივით წამათრიეს ტირილტოპენში. დამტოვეს იქ ვიღაცა უცხო და შარიან ბიჭებთან. დამეგობრებას ვინ ჩიოდა, ცხვირპირი რომ არ დაესისხლიანებინათ ჩემთვის. კიდევ კარგი, პეტერ ბენედიქტი გამოჩნდა და ნაძალადევი მეგობრებისგან მიხსნა. მერე ქალბატონი პეტერ ბენედიქტის დედა უგემრიელესი სენდვიჩებით გამიმასპინძლდა, მაშ! ჰოდა, ამის მერე ჩემთანაც ხომ უნდა დამეპატიჟებინა? წავიყვანე კიდეც, ერთი ეგაა, სტეფანი და იენსი აგვეკიდნენ დანარჩენ ჩხუბისთავებთან ერთად, მაგრამ მარჯვედ დავუძვერით ხელიდან. მერე კი მაინც მოგვადგნენ შიშისგან აკანკალებულები – ბოროტი ფერია შეგხვდა ტყეშიო, დიდედაზე ამბობდნენ. უტვინოები ეგენი. კიდევ კარგი, დედამ ფუნთუშები და თხის ყველი ჩამოურიგა და ქალაქისკენ გააცილა. დავრჩით მე, დიდედა და პეტერ ბენედიქტი მარტო და მარხილით სრიალით გული ვიჯერეთ.

დაიცა, აბა, რა გეგონათ, ახალი მეგობარი გავიჩინე და დიდედას მივატოვებდი?

იცით, რას გეტყვით? არც თქვენ ყოფილხართ სხვა უფროსებზე ჭკვიანები!

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Viewing all articles
Browse latest Browse all 205

Trending Articles