Quantcast
Channel: Molly Bloom’s Day – Molly Bloom's Day™
Viewing all 205 articles
Browse latest View live

Liberteens: თაობა, რომელიც ირჩევს

$
0
0

მახსოვს, როგორ მიხაროდა, მშობლებს რომელიმე უცხო ოჯახში რომ მივყავდი სტუმრად – როგორც კი მისალმებისა და რევერანსების ცერემონიალი ჩათავდებოდა და უფროსებს ჩემი იქ ყოფნა დაავიწყდებოდათ, დროს ვიხელთებდი და წიგნის თაროებთან ავიტუზებოდი ხოლმე. უნდა გენახათ ჩემი იმედგაცრუება, ახალს თუ ვერაფერს ვიპოვიდი… არადა, საჩემო წიგნი კატასტროფულად ცოტა იყო – სადაც არ უნდა მივსულიყავი, თითქმის ყველგან ათჯერ წაკითხულ-გადაკითხული გამოცემები ელაგა. სამამულო ლიტერატურა საბავშვო და მოზარდებისთვის განკუთვნილი ნაწარმოებების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა, ახალი თარგმანები ხომ სანთლით იყო საძებარი.

ჰოდა, რამდენიმე ხნის წინ პალიტრა L-ის მორიგი წამოწყების შესახებ რომ შევიტყვე, თან გამიხარდა, თან შემშურდა – უცებ წარმოვიდგინე, წლების წინ ჩემი სურვილითა და გემოვნებით ახალთახალი წიგნების შერჩევა რომ შემძლებოდა, რა ბედნიერი ვიქნებოდი. ამათ კიდევ, არც აციეს, არც აცხელეს, Liberteens შექმნეს, ყველაზე მაგარი პროექტი, რაც კი ბოლო ხანს მოზარდებისთვის მოუგონიათ.

დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის ამბავი მრავალ თქვენგანს გაუგონია, მაგრამ ორიოდე სიტყვით მაინც მოგიყვებით – Liberteens კითხვის მოყვარული თინეიჯერების ჯგუფია, რომელიც უცხოური ლიტერატურიდან მათთვის ყველაზე საინტერესო წიგნებს არჩევს; მერე “პალიტრა L” თარგმნის და… ალბათ, ის აურზაურიც გექნებათ ნანახი, სპეციალური ფასდაკლების აქციაზე რომ ატყდება ხოლმე – ახალი ბიბლიოსასუსნავის ხელში ჩასაგდებად რიგში ჩამდგარ მოზარდებს რომ გადაავლებ თვალს, მოდი და ნუ გაგიხარდება. ან ცოტა მაინც ნუ შეგშურდება. ჩემსავით.

ჯერჯერობით სულ ორი წიგნია გამოსული, მაგრამ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ორივე უკვე შინ მიწყვია და წაკითხვაც მოვასწარი – ხანდახან გრიპის ვირუსი არც ისეთი ცუდია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

ქართველი თინეიჯერების პირველი რჩეული ჯეიმზ დაშნერის “ლაბირინთში მორბენალია“ – მსოფლიო ბესთსელერი, უცნაურ ადგილას გამომწყვდეული მოზარდების შესახებ რომ გვიამბობს. ადგილს კორდი ჰქვია და გარს იდუმალებით მოცული ლაბირინთი აკრავს, სადაც შემზარავი ურჩხულები – გრივერები დაძრწიან საკბილოს მოლოდინში.

ვინ არის ბიჭი, რომელსაც საკუთარი წარსულიდან სახელის მეტი არაფერი ახსოვს? ან ის გოგო ვინღაა, კორდში დასასრულის ასამოქმედებლად რომ შეგზავნეს შემქმნელებმა? დააღწევენ ბავშვები თავს ლაბირინთს თუ ყველა მათგანი გრივერებთან ბრძოლაში დაიღუპება? ამ კითხვების პასუხი წიგნის ბოლო გვერდებზე იმალება და უკლებლივ ყველა მკითხველი დაშნერის ლაბირინთის ისეთივე ტყვე ხდება, როგორებიც პერსონაჟები არიან – სანამ უკანასკნელ წინადადებას არ ჩაიკითხავს, წიგნის გვერდზე გადადება აზრადაც არ მოუვა.

სერიის მეორე ნომერი გეილ ფორმანის “თუ დავრჩები“ აღმოჩნდა, ემოციური, სითბოთი, სიყვარულითა და ტკივილით გაჟღენთილი წიგნი. აქ მია ცხოვრობს, კლასიკური მუსიკით გატაცებული გოგონა, ვიოლონჩელოზე უკრავს, ჰყავს საოცარი მშობლები, უმცროსი ძმა ტედი და ამქვენად საუკეთესო ბიჭს ადამს უყვარს. მოკლედ, მასავით ბედნიერი გოგო ამქვეყნად მეორე არ დადის, სანამ ერთ დილას მთელი ოჯახი საბედისწერო ავარიაში არ მოჰყვება და მია რთული არჩევანის წინაშე არ აღმოჩნდება – იმქვეყნად გაჰყვეს თავისიანებს თუ დარჩეს ამ დაცარიელებულ სამყაროში, დარდისგან განადგურებულ ადამთან, და მასთან ერთად გადაიტანოს თავს დატეხილი უბედურება.

სულ რაღაც ერთ კვირაში “პალიტრა L” მესამე წიგნსაც გვპირდება – 14 მარტს ქუთაისში ჰოლი სმეილის “გიკი გოგოს” პრეზენტაციაა დაგეგმილი და ჩვენი თინეიჯერები, ეჭვი მაქვს, წინასწარ იფშვნეტენ ხელებს მორიგი გემრიელი ლუკმის მოლოდინში.

სხვათა შორის, მეც. მერე რა, თუ 19 წელს კარგა ხანია გადავაბიჯე, დიდი ამბავი.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გეილ ფორმანი, გიკი გოგო, თუ დავრჩები, ლაბირინთში მორბენალი, ლევან ინასარიძე, მოლის ბიბლიოთეკა, ნათია ჩუბინიძე, ნინო შეყილაძე, პალიტრა L, პროზა, ქართული თარგმანი, ჯეიმზ დაშნერი, ჰოლი სმეილი, LIberteens

“გევედრები, გევედრები შერაკითხვას ნუ დამავიწყეფ…“

$
0
0

ამ წიგნზე  წერა შეუძლებელია.

ეს წიგნი უნდა წაიკითხო, მერე გადაიკითხო, მერე – კიდევ და ასე…

ან რა უნდა თქვა ჩარლი გორდონზე, რომელიც გადის გზას ჯერ წყვდიადიდან სინათლისკენ და მერე პირუკუ, თუ ჯერ სინათლიდან წყვდიადისკენ, კაცმა არ იცის…

ვზივარ, ვფიქრობ და სიტყვები ვერ მიპოვია იმის სათქმელად, რომ დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვი“ გენიალური წიგნია, ყველაზე ემოციური და დაუნდობელი, რაც კი ბოლო ხანს ხელში ჩამვარდნია. ხანდახან მეჩვენება, რომ ასოებიც მერევა ერთმანეთში, სწორედ ისე, როგორც ჩარლის, და ელჯერნონივით ვაწყდები ლაბირინთის კედლებს, რომლის გასასვლელთან ყველის ნაჭერი მელოდება.

ნებისმიერ ჩვენგანს, ვისაც საკუთარი თავი იმ ხალხზე უკეთესი ჰგონია, ვისი IQ-ც რამდენიმე ათეულით ნაკლებია, ეს წიგნი დაუვიწყარ გაკვეთილს ჩაუტარებს – მათრახივით მოხვდება სახეში. არა მგონია, ვინმემ მშვიდად წაიკითხოს გონებრივად ჩამორჩენილი ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელიც სარისკო ექსპერიმენტის წყალობით ჯერ გენიოსი ხდება, მერე კი საკუთარი პიროვნების რეგრესის შეუქცევად პროცესს ადევნებს თვალს და დანამდვილებით იცის, რა ელოდება – თაგუნა ელჯერნონი, ვისთან ერთადაც სამეცნიერო კონფერენციიდან გამოიქცა, ისეთივე საცდელი ბოცვერია, როგორიც თვითონ და მალე ჩარლიც მის ბედს გაიზიარებს. მის არსებაში ძველი ჩარლი გორდონი განაბულა, კუთხეში მიყუჟულა და თავის დროს ელის. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ კითხულობ და ვერ გაგირკვევია, სად უფრო მეტი სიბნელეა – აქეთ თუ იქით, და მერე საკუთარი თავის გეშინია.

მგონი, პირველი შემთხვევაა, რომ პოსტის წერას ვცდილობ და არ გამომდის – მინდა, რაღაც ჭკვიანური და დალაგებული გითხრათ, ამის ნაცვლად კი ჩარლის განწირული მუდარა მიტრიალებს თავში: “გევედრები, გევედრები შერაკითხვას ნუ დამავიწყეფ…“

ვინ თქვა, რომ ემოციები მაინცდამაინც სიტყვებით უნდა გადაიტანო ფურცელზე?! რატომ არ შეიძლება, ამ ყველაფრის ნაცვლად, უბრალოდ, ცრემლის კვალი, გაოფლიანებული ხელისგულის ანაბეჭდი და კარდიოგრამა დავდო ბლოგზე? – ამაზე უკეთ ვერაფრით აგიხსნიდით იმას, რასაც კითხვის დროს განვიცდიდი.

ნეტავი ვიცოდე, სად არის ელჯერნონის საფლავი…


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დენიელ კიზი, ეკა ტაბლიაშვილი, ელჯერნონი, თეა ქიტოშვილი, თინათინ ხომერიკი, ია ნინოშვილი, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ქართული თარგმანი, ყვავილები ელჯერნონისთვის, ჩარლი გორდონი, Science fiction

“წიგნები ბათუმში”: საგაზაფხულო სიახლეები

$
0
0

ორი თვის წინ, თუ გახსოვთ, მოლის ბლოგზე “წიგნები ბათუმში-ს პირველი გამოცემების ერთგვარი ანონსი გამოქვეყნდა. ორი თვე, კაცმა რომ თქვას, ბევრი არ არის, მაგრამ დაპირებული ლიტერატურული სასუსნავის გამოცემაც მოესწრო, ორი პრეზენტაციაც გაიმართა და დღეს ფერად-ფერადი დელფინიანი წიგნები თბილისის (და არამხოლოდ) ყველა ბუქსთორს განსაკუთრებით საპატიო და გამოსაჩენ ადგილას უწყვია.

ასჯერ მითქვამს და ახლაც სიამოვნებით გავიმეორებ: ახალი გამომცემლობის საფირმო ნიშანი ხარისხი და აქტუალობაა. წესისთვის და პორტფოლიოში მოსახსენიებლად არაფერს გამოსცემენ. ჰოდა, იმიტომაცაა, ექვსი წიგნიდან უყურადღებოდ ერთიც რომ არ დარჩენილა. ისედაც პოპულარულ სტრუგაცკებსა და დენიელ კიზზე რომ არაფერი ვთქვათ, მკითხველი და დამფასებელი ფილიპ დიკსაც გამოუჩნდა და მწვანეთითება ტისტუსაც.

მე არ შემხვედრია და იქნებ მოიძებნებიან კიდეც სკეპტიკოსები, მაგრამ სტარტი რომ ჩინებული გამოდგა, ფაქტია. გადახედეთ ფეისბუქს – დელფინიან წიგნებზე ყველაზე მეტს საუბრობენ, კამათობენ, თარგმანებს განიხილავენ, ქავერებს აგემოვნებენ, მეგობრებს ფრაგმენტებს უზიარებენ. ახალფეხადგმული გამომცემლობისთვის ეს უდავოდ წარმატებაა.

ჰოდა, ჩემო კარგებო, დროა, წინ გავიხედოთ და უახლოეს გეგმებს გადავავლოთ თვალი. თავიდანვე გეტყვით, აპრილში ისეთი სიახლეები გველოდება, თითებს ჩაიკვნეტთ. უკვე პოპულარულ “ფანტასტიკურ ბიბლიოთეკას” სამი ტომი დაემატება. პირველი, არც მეტი, არც ნაკლები, არტურ კლარკისა და რობერტ ჰაინლაინის მოთხრობებია.  Sci Fi კრებული, უჩემოდაც მოგეხსენებათ, ფრიად ეფექტური და გამოცდილი ფორმატია. ჩემი თაობა ასეთ კრებულებზეა გაზრდილი, ოღონდ რუსულზე. ჰოდა, მალე სამამულოც გვექნება. ჟანრის ორი კლასიკოსი, თექვსმეტი რჩეული მოთხრობა, ოთხას გვერდზე მეტი – დამეთანხმეთ, გადასარევი ამბავია.

მეორე – არტურ კლარკის, ალბათ, ყველაზე ცნობილი რომანია – “2001: კოსმოსური ოდისეა”. საკულტო ტეტრალოგიის პირველი ნაწილი აქამდეც გადმოუქართულებიათ, მაგრამ საბჭოთა ცენზურის ამბავი ხომ იცით, თუ არ მიჩეხ-მოჩეხავდნენ და გაანახევრებდნენ, ისე არ აღირსებდნენ დღის სინათლეს. ესეც არ იყოს, რამდენი წელია, ყოველ შაბათ-კვირას ბუკინისტებთან დავწანწალებ, რა არ მინახავს, რა არ შემხვედრია, მაგრამ კლარკისთვის თვალიც არსად მომიკრავს. მოკლედ, ახალიც გამოდის და აქტუალურიც. პირველ ნაწილზე გაჩერებასაც, ცხადია, არავინ აპირებს.

ფილიპ დიკის “კაცი მაღალ კოშკში” ხომ მოგეწონათ? კეთილი და პატიოსანი, თქვენ იყავით კარგად და ინტელექტუალურ ფანტასტიკას არ მოგაკლებთო, ბათუმელებს უთქვამთ. “იდინე ცრემლო, თქვა პოლიციელმა”, შესაძლოა, არც გქონდეთ წაკითხული, დიკი არც ისე ცნობილია ჩვენში და საერთოდ, ეს მისი ქართულად თარგმნის პირველი მცდელობაა, მაგრამ დამიჯერეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.

პირველ ანონსში, თუ გახსოვთ,  როალდ დალის “არაჩვეულებრივი მისტერ ფოქსი” ვახსენე, ჩარლის და შოკოლადის ქარხნის ამბავში არ გამომერჩევა და განსაკუთრებით ველოდები-მეთქი. მე კი ველოდებოდი (სხვებიც, ალბათ), მაგრამ არ გამოსულა – მხოლოდ მისტერ ფოქსის ამბები მეტისმეტად მოკლეა და მკითხველი გაგვინაწყენდებაო. ჰოდა, ახლა “მატილდა” დაემატება – სუპერისტორია სუპერგოგოზე –  და ერთიორად საინტერესო იქნება.

ანა გავალდას “მინდა, ვიღაც მელოდოს სადღაც” “სულაკაურმა” გამოსცა წლების წინ. გეხსომებათ, ციცქნა, საყვარელი მოთხრობების კრებული სიმპათიური ქავერით. “წიგნები ბათუმში” “35 კილო იმედს” თარგმნის – ფანტასტიკაც კარგია, საბავშვო მოთხრობებიც გადასარევი, ბესტსელერებსაც გამოვცემთ და აქტუალურ სიახლეებსაც, მაგრამ საყმაწვილო ლიტერატურაც არ გვავიწყდებაო.

მთავარი სიახლე კი ბოლოსთვის მოვიტოვე – ბერნარდ ვერბერის – “ჭიანჭველები”. ვისაც ამ წიგნის შესახებ რაიმე გაუგონია, დარწმუნებული ვარ, კალენდარზე ფანქრით მოინიშნავს ახალ ამბავს, ვისაც არა, სულითა და გულით გილოცავთ. ვერბერთან დაკავშირებით ბათუმელებს სოლიდური და შორს მიმავალი გეგმები აქვთ, მაგრამ ყველაფერს ნუ მომაყოლებთ, სიურპრიზად დავტოვოთ და გამომცემლობის რელიზებს დაველოდოთ.

ახალ წიგნებს 20 აპრილისთვის ველით. ანუ სულ მალე. მანამდე ახალ ქავერებსაც გამოამზეურებენ და განსახილველი გაგვიჩნდება, ნაწყვეტებსაც დაგვპირდნენ, მერე წიგნებიც მოგვისწრებს და ასე… მაისში წიგნის ფესტივალია და საფესტივალოდ, ჩიტმა ამბავი მომიტანა, განსაკუთრებული პროგრამაა შერჩეული განსაკუთრებული სიახლეებით, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: 2001: კოსმოსური ოდისეა, 35 კილო იმედი, ანა გავალდა, არაჩვეულებრივი მისტერ ფოქსი, არტურ კლარკი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", იდინე ცრემლო თქვა პოლიციელმა, მატილდა, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, როალდ დალი, რობერტ ჰაინლაინი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკა, ფილიპ დიკი, ჭიანჭველები, Sci Fi & Fantasy

გიორგი კეკელიძე. ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი

$
0
0

გიორგი კეკელიძე. ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი

საქართველო – ინგლისი,
“მანჩესტერი” – “დინამო”

გამომცემლობა “არტანუჯი”

თბილისი

2105

რედაქტორი – ზვიად კვარაცხელია

გარეკანის დიზაინი/ილუსტრაცია – ნატალი ავალიანი

ISBN 978-9941-445-89-7

© გიორგი კეკელიძე, 2015 © გამომცემლობა არტანუჯი, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

თავი I

ამბავი დავით გურამიშვილზე და სულხან-საბაზე

 

ესე საქმე სულ ასეა – რაც თავი მახსოვს. ტელეეკრანისკენ მიბრუნებული.

წინასწარ ვიცი, რომ ინგლისი სადღაც გავარდება, მუნდიალი იქნება თუ ევრო. გავარდება რამე ისეთი დრამატული სცენარით, შექსპირიდან და ბომონტიდან რომ მოსდევს. ისე არ გამოდის. ვინმე გონიერი კაცი აირჩევდა ბრაზილიას ან ესპანეთს – დაზოგავ­და ჯანმრთელობას და ლანძღვა-გინების სიტყვათა მარაგს. მაგრამ ეს ფეხბურთის ფანობა ხომ რაღაც უცნაური რამეა. აი, ახლაც კიევში, ალბიონელების დატოვებულ დროშებთან ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ჩემი გულის საფეხბურთო ნაწილი მათ ეკუთვნით და როგორც ოდითგანვე გვკარნახობდნენ – გულს ვერ უბრძანებ.

ხოლო აქ სხვა საქმეზე ვარ. 2012 წელია. რადგან ევროპის ჩემპიონატს დაემთხვა ჩამოსვლა, ვიფიქრე ბილეთს ვიყიდდი, მაგრამ ამაოდ. ადრევე დაეპატ­რონენო. ეკრანით და აურით დავკმაყოფილდი. და რაც შეეხება საქმეს – ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქარ­თული ემიგრაციის დარბაზს ვხსნით. აქამდე რატომ­ღაც ისე გამოვიდა – სადაც სიტყვა ემიგრანტს ახსენებენ, მხოლოდ ნოე ჟორდანია მოაგონ­დებათ ხოლმე და ის ხალხი, ამ მთავრობას რომ გაჰყვა. არადა, ნაკადი ბევრი იყო და სხვადასხვა დროს. ერთ-ერთი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვახტანგის ამალაა მოსკოვისკენ საუკუნეების წინ დაძრული. ეს კი თითქოს რაღაც უცნაური ემიგრაცია გახლდათ – ფორმით და არა თვისობრივად – დაახლოებით ისეთი, საქართველოს დემოკრატიული მთავ­რობა, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, სა­ცხოვ­რებლად პეტერბურგში რომ გადასულიყო. მაგრამ რაც უბრძანეს, ის გააკეთეს. თან ამას ღია მტრობა მაშინ არც ეთქმოდა. ზოგმა შეიძლება ისიც თქვას, სადაც გულმა გაუწიათ, იქ წავიდნენო. როგორც რომ უნდოდათ, ისე მოახდინესო. ქართუ­ლი დიდებულების უნიათობაზეც შეიძლება საუბა­რი რიგ შემთხვევაში. ეს სხვა სახის საკითხია და განსხვავებულ კვლევას საჭიროებს. აი, იმჟამინ­დელი ქართული ემიგრაციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი მოს­კო­ვი რაღაც მიზეზით მალევე დატოვა და პოლტავაში დაფუძნდა. მათ შეუერთდა დავით გურამიშვილი – ქართველ დიდპოეტთა ხუთეულში უსათუოდ დაფუძნებული კაცი, რომელიც მხოლოდ ლექსებს არ დასჯერდა და ნახაზებს ქმნიდა სამეურნეო საქმეთათვის. ამის გამო, მირგოროდში მას ერთიორად აფასებენ. იქ მისი მუზეუმი და ბიბლიოთეკაა. ასევე საფლავი შთამბეჭდავი ობელისკით. საფლავი, რომელიც სავარაუდოა, თუმცა ბევრი ცოტა გულუბრყვი­ლოდ მიიჩნევს, რომ მის ნამდვილობას წყალი არ გაუვა. დნეპროპეტ­როვსკში, სულხან-საბას ძმის შთამომავალი – თუ გვარის გაგრძელების მხრივ ვიტყვით, უკანასკნელი – გალინა ბულატნიკოვა-ორბელიანი ვნახეთ. ქართული, რაღა თქმა უნდა, არ იცის. თუმცა საოცარ საქმეს აკეთებს – საკუთარი გენეალოგიის კვლევა დაიწყო. აგროვებს ყველაფერს – მეცხრამეტე საუ­კუნის სამოსის ნარჩენები, მეოცის დასაწყისის მისალოცი ბარათები, ხელნაწერები, ნოტების სა­ხელ­მძღვანელო მინაწერებით. ინიშნავს ზეპირ გადმო­ცემებსაც. წერს სტატიებს ორბელიანებზე იქაურ გაზეთებში. მოკლედ, არ იღლება. აქამდე ერთი-ორი იქაური ქართველი თუ გამოეხმაურა, ჩვენს ყუ­რამ­დეც მათი გზით მოაღწია და “თავს დავესხით”. რო­ცა გვნახა, დიახაც, იტირა. ბევრი რამ ერთად გაუხარდა. ისე, რომ ზოგიერთ უძვირფასეს ნივთსაც შეელია და ბიბლიოთეკას აჩუქა. ეს ცალკე და სასიხარულო თემაა. მაგრამ ერთი სიხარული საქმეს წინ ვერ წასწევს – ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარ კულტურაზე ზრუნვა. თუ არ დავიზარებთ და მოვინდომებთ – გამოვა საქმე. პატარა საქმე როდია. აი, ინგლისი რომ ფინალში გავიდეს, იმას ჰგავს.

ინგლისის ჩემპიონობა ბევრისთვის მითია. ბახრამოვი და ამბავი. მე ეგენი არ მახსოვს, წიგნებში წამიკითხავს, კადრები მინახავს და “მაგათ ხო გუნდი არ ჰყოლიათ არასდროს”, ხალხისგან მსმენია. მე მახსოვს გაზა. პოლ გასქოინი. მსმელი ვითარცა ბესტი და ახირებული, ვითარცა… აქ ბევრი მახსენდება, მაგრამ მისი რანგისა არავინ. არნახული ტალანტის კაცმა სისხლის მაგივრად ვისკი გადაისხა და მარადონობა იუარა. დრამის მოყვარულთათვის დიადი საგაა, მაგრამ ფეხბურთმა იზარალა. დანარცხებულ და გაქუცულ დემონს დაემსგავსა ერთ დროს სხვა ქარებში მფრინავი კაცი. მოულოდნელი კაცი.

მახსოვს დევიდ სიმენი. ადრე რომ სამეფო კარის რაინდივით დადიოდა საფეხბურთო კარის წინ და მერე ესპანელებმა “თვალებიანი ხორცის ნაჭერი” დაარქვეს. მერე ცენტრიდან გოლების გაშვება დაიწყო. ხორცის ნაჭერი იმად, რომ ბოლო წლები, ხაშურს რომ უახლოვდები და მსხვილი ნაჭრები კიდია და მტვრიანი ქარი არხევს, ეგრე იდგა და ოდნავ თუ ტოკდებოდა. უხეში შედარებაა, არაეთიკური და არაპოლიტკორექტული. მაგრამ საფეხბურთო ეპითეტები სულ ამის ზღვარზეა. საერთოდაც, სტადიონიდან გინება მანქანის მძღოლის გინებას ჰგავს – თითქოს კონკრეტულია, მაგრამ ამავდროს იმდენად ზოგადი, რომ ადრესატს, როგორც სცენაზე დროებით შემოვარდნილს, ეგრე გულისხმობ. მერე კიდევ შეიძლება მასთან ლუდი დალიო. ყაზბეგი. აი, სტივ მაკმანამანს რომ ჰყვარებია. ასე გვამცნობდა მის ინტერვიუში ერთი ჩვენებური სპორტული გაზეთი, ტროლინგის მოყვარული და ავტორი დევიდ ბექჰემისადმი მიწერილი ფრაზისა: “იგი წავა და სხვა მოვა”.

ამ მეკარეს კისერწვრილი ტონი ადამსი ჰგავდა რაინდობის ჰაბიტუსის ამბავში, ოღონდ მუშკეტერობისკენ უფრო იხრებოდა თავისი ქცევითა და ამ ქცე­ვის წესთა კოდექსით, რომელსაც პრემიერლიგაში მარტინ კიოუნი, ერიკ კანტონა, ლი ბოიერი, პატრიკ ვიეირა, როი კინი და სხვანი განაგებდნენ. ადამსმა რამდენიმე დიდი მატჩი ჩაატარა და წავიდა. უფრო რობსონის ხელში და კლუბში, მუსიე არსენის შეფობით, ცხადია.

ალან შირერი აწეული ხელით უნდა დაგვამახსოვ­რდეს. ეს აწეული ხელი ათობით შეგდებულ ბურთს ნიშნავს, პრემიერლიგაში სულაც ასობითს. ამ რანგის სტაბილური ფორვარდი ინგლისს ძნელად ჰყოლია. თავით და ფეხით თანაბრად უმიზნებდა და ყველა ასაკში საშიში იყო.

დევიდ ჟინოლას ქალთა გულები მალევე ჩამოარ­თვა თუ გადაიბარა (რაღაც ხანი კოაბიტაციაც სუ­ფევ­და) დევიდ ბექჰემმა. ათას სკანდალში გახვეულმა კაცმა – ვიქტორიადან ბუცამდე. მაგრამ ახლა უფრო მისი პასი გვაინტერესებს და საფირმო საჯარიმოები. თუმცა პასზე ფერგიუსონი ამბობდა, ჟღალი პოლ სქო­ულზი უფრო ხედავდა მოედანსო. გრძელი გადა­ცე­მანი მისი გაცილებით ზუსტი იყოო.

გვახსოვს პოლ ინსი. მაკრატელებით და უცაბედი პასებით. თავდაჯერებული, ოდნავ ცინიკური ღი­მილით. პერიოდული სიზარმაცით და განაჩენით, ამის გამო კლუბიდან კლუბში ეხეტიალა. ნაკრებში რამდენჯერმე გაიბრწყინა და ზოგი მატჩი პირწმინდად ჩააგდო.

მაიკლ ოუენმა, ჰოდლის ბიჭების მთავარმა ბიჭმა, არგენტინასთან გოლით საკუთარი პორტრეტი მოხაზა. მერე ეს ნახატი სხვა გატანილი ბურთებითაც ფერადდებოდა, რასაც გამუდმებული ავადმყოფობები აბაცებდნენ, მაგრამ მაიკლი მაინც დიდ კაცად შემორჩა. უცნაური ბედისა და უიღბლობების მორიგ მსხვერპლად (“რეალში” გადასვლა და სათადარიგოთა სკამის ხეხვა), რომლის გაცოცხლებაც, მიუხედავად ლივერპულური მეფობის ხანისა, “მანჩესტერმა” მოინდომა. ეშმაკების ისტორიაში კი “სიტის” კარში ბოლო წამს გატანილი გოლით შევა, გიგზის გენიალურმა პასმა რომ განაპირობა.

ჯერარდი და ლამპარდი ძმები მგონია. იმაზე ნაღდი, ვიდრე გარი და ფილ ნევილებია. ერთი თაობის ხალხი, ერთი სტილისა და მდგომარეობის. კლუბებში დიდი შედეგების მქონენი სანაკრებო მაისურში ცოტა შეშინებული ჩანდნენ. ეს შიში ღუპავდა ამ თაობას.

უეინ რუნის ვუყურებ: ბურთს რომ აწვდის აუტიდან, უკმაყოფილო სახეზე ეტყობა, უფრო დიდი ფეხბურთელობა შეუძლია, მაგრამ კონტექსტი არ უწყობს ხელს. შედეგები საოცნებო აქვს, მაგრამ მას მსოფლიოს საუკეთესოობა სურდა. ერთ სეზონში ახლოს იყო ამასთან, მაგრამ მერე უკან დახიეს და ახლა ლამის მეკარედ გაამწესონ.

ხოლო სულხან-საბა და გურამიშვილი მეტაფორაა. თუ რის გამო და როგორი, ამას თქვენვე მიხვდით – ფეხბურთს და ლიტერატურას ფიქრი უყვარს. დაძალებული ფიქრიც.

“მას მორჩსა სიკვდილთ მომკვლელი ზედ
ერთი ხილი ებადა;
სიმწიფის ჟამი მოსლოდა ნაყოფის გამოღებადა:
ზოგს სასიკვდინეთ მიაჩნდათ და ზოგთა
უკვდავებადა,
შეითქვნენ ერნი, აღიძრნენ ცუდისა განძრახებადა”.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: აპეტაიზერი, გამომცემლობა არტანუჯი, გიორგი კეკელიძე, დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, ზვიად კვარაცხელია, ლიტერატურა, ნატალი ავალიანი, ფეხბურთი, ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი

ოთარ ჭილაძე –ადამიანი და მწერალი

$
0
0

სულ რამდენიმე დღის წინ იმ კაცის დაბადების დღე იყო, ერთხელ რომ თქვა: ვწერდი ბავშვობიდან და როცა პირველად გავიგე, რას ნიშნავს პოეზია, შემეშინდაო.

პროზაზე არაფერი უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგონია. არადა, წერდა ორივეს, რთულად, მტკივნეულად და გენიალურად – რა, რა და მკითხველის შეჯანჯღარება არასოდეს გასჭირვებია ოთარ ჭილაძეს.

ბევრი სხვა მწერალივით ფართოდ არ გაგიღებდა კარს – პირიქით, ძუნწად დატოვებულ ღრიჭოში შეგახედებდა ცალი თვალით და სათქმელსაც ისე გადმოგიგდებდა, უნდა მიმდგარიყავი და თავი გემტვრია… გარანდული, გაშალაშინებული და საწოლში მორთმეულ საუზმესავით მზამზარეული არასოდეს არაფერი შეუქმნია. არც საკუთარ თავზე ლაპარაკი ჰყვარებია მაინცდამაინც და, ალბათ, ამიტომ გამიხარდა ასე ძალიან მისი ჩანაწერების კრებული – “ცა მიწიდან იწყება“. გულმა მიგრძნო, რომ ეს წიგნი ცოტათი მაინც გამიხსნიდა გზას იმ სამყაროსკენ, სადაც ცხოვრობდა ოთარ ჭილაძე – ადამიანი და არა მარტო მწერალი.

იმედი არ გამცრუებია – წლების მიხედვით დალაგებულ მომცრო აბზაცებში, რუდუნებით რომ ამოუკრეფია ავტორის არქივიდან უფროს ძმას, სწორედ ის კაცი აღმოვაჩინე, ვის შესახებაც ერთხელ ბესიკ ხარანაულმა თქვა: ოთარი შორიდანაც ის იყო, რაც ახლოდან – პოეტი, ანუ კაცი, რომელსაც ოდითგან მხოლოდ ეს სახელი შეჰფერისო.

სულ ახალგაზრდას გაუკეთებია პირველი ჩანაწერი – ჯერ არც “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ იყო სადმე, არც “აველუმი“, არც “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ და არც მისი პოეზია – “აბებად გულისკენ გადასული”…

ბევრი ტკივილი და დარდია ამ წიგნში – გაცილებით მეტი, ვიდრე ერთ ადამიანს შეუძლია აიტანოს… ის კი უძლებდა, ითმენდა და მხოლოდ თავისთვის სტკიოდა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს. დედამ უთხრა თურმე ერთხელ თამაზს – ცოდოა ოთარი, სამშობლო უყვარსო და ამ სიყვარულსაც მძიმე ტვირთად დაატარებდა მხრებით, ჩუმად და უდრტვინველად, თან ნამცეც-ნამცეც აბნევდა თავის ჩანაწერებში.

ისე, ცოდვა გამხელილი ჯობია და ოდნავ დამრიგებლურ ტონს მაინც ველოდი გულის სიღრმეში, სანაცვლოდ კი სევდით და მარტოობით გაჟღენთილი ფურცლები შემრჩა ხელთ, წვეთ-წვეთად ჩაწურული ცხოვრება და მივყევი მეც, ნაბიჯ-ნაბიჯ, თვალმოუცილებლად, იქამდე, სადამდეც ავტორმა გამიყოლია, სადამდეც ჩამახედა სულში და სადაც სასოწარკვეთილი შეძახილი გამაგონა: “სადა ხარ, ადამიანო! გამოჩნდი!“

“საფლავიც კვდება, თუ დაივიწყებ და აღარ მოუვლი“ – რომელიღაც გვერდზე წავაწყდი ამ ჩანაწერს და ვიფიქრე, რომ სანამ ნამდვილი მკითხველები არსებობენ, ოთარ ჭილაძის საფლავს სიკვდილი არ ემუქრება; და თუ ოდესმე მაინც მოხდა ასე, მაშინ მწერლის კი არა, ჩვენი საქმე ყოფილა ცუდად. ძალიან ცუდად.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აველუმი, ბესიკ ხარანაული, გამომცემლობა "ინტელექტი", გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, თამაზ ჭილაძე, თეონა ჭანიშვილი, კრიტიკა, მოლის ბიბლიოთეკა, ოთარ ჭილაძე, პროზა, ყოველმან ჩემმან მპოვნელმან, ჩანაწერები, ცა მიწიდან იწყება

ფილიპ კ. დიკი. იდინე, ცრემლო, –თქვა პოლიციელმა

$
0
0

ფილიპ კონრად დიკი.

იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა

სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – ანა ჭიჭინაძე

ყდის დიზაინერი – ეკა ტაბლიაშვილი

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

1

1988 წლის 11 ოქტომბერს, სამშაბათ დღეს “ჯეისონ ტავერნერის შოუს” ბოლო, ოცდაათწამიანი კადრი მიიწურა. პულტთან მოკალათებულმა ტექნიკოსმა გამოსახულება ბოლო ტიტრზე გააჩერა და ჯეისონ ტავერნერს, რომელიც უკვე სცენას ტოვებდა, ხელით რაღაც ანიშნა – მის დასანახად მაჯაზე ხელი წაივლო და მომუშტული მტევანი პირთან მიიტანა.

ჯეისონმა სტუდიის მიკროფონში ხავერდოვანი ხმით ჩასძახა:

– მეგობრებო, კვლავ ველოდები თქვენგან წერილებსა და ღია ბარათებს. ახლა კი დარჩით ტელეეკრანებთან, თქვენ გელოდებათ ძაღლი-საოცრება-სკოტის თავგადასავალი.

ტექნიკოსს გაეღიმა. ჯეისონმაც გაუღიმა პასუხად. შემდეგ ხმა და გამოსახულება ერთდროულად გაქრა – ერთსაათიანი მუსიკალურ-გასართობი პროგრამა, რომელსაც წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუების რეიტინგში მეორე ადგილი ეკავა, დასრულდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

– სად დავკარგეთ ნახევარი წუთი? – ჰკითხა დაბნეულმა ჯეისონმა გადაცემის მთავარ სტუმარს, ჰეზერ ჰარტს.

ჯეისონს თავისი შოუ წუთი წუთზე ჰქონდა გათვლილი.

– არა უშავს, ჩიტუნა, – უპასუხა ჰეზერ ჰარტმა, გრილი ხელი ოდნავ დაცვარულ შუბლზე მიადო და ნაზად დაუზილა.

– ხვდები მაინც, რამხელა ძალას ფლობ? – უთხრა ჯეისონს ალ ბლისმა, ბიზნესაგენტმა და როგორც ყოველთვის, ისე მიუახლოვდა, რომ ლამის ზედ აეწება, – ოცდაათმა მილი­ონმა ადამიანმა ნახა, ელვა-შესაკრავი როგორ შეიკარი. ეს ერთგვარი რეკორდია!

– ელვას ყოველ კვირას ვიკრავ, – მიუგო ჯეისონმა, – ეს ჩემი სამარკო ნიშანია. თუ არ უყურებ შოუს?

– მაგრამ ოცდაათი მილიონი! – აღტაცებით გაიმეორა ბლისმა და მრგვალი, ღაჟღაჟა სახე ოფლის წვეთებით დაენამა, – დაფიქრდი, რამდენია. თანაც საავტორო ჰონორარიც არ დაგავიწყდეს.

ამაზე ჯეისონმა მოკლედ მოუჭრა:

– სანამ ამ შოუს საავტორო ჰონორარი შემოსავალს მომიტანს, ღმერთი იქნება მოწმე, ცოცხალი აღარ ვიქნები.

– მგონი შენ ამ საღამოსვე აღარ იქნები ცოცხალი ამდენი ფანის გადამკიდე, გარეთ რომ გელოდებიან, – ჩაურთო ჰეზერმა, – ერთი სული აქვთ, ნაკუწებად გაქციონ… საფოსტო მარკებისხელა ნაკუწებად.

– ზოგი მათგანი თქვენი ფანიცაა, მის ჰარტ, – მიუგო ქალს ბლისმა ჩვეული, ძაღლივით წკმუტუნა ხმით.

– ეშმაკსაც წაუღია ყველანი! – უხეშად წამოიყვირა ჰეზერმა, – რას უდგანან აქ? რატომ არ მიდიან? ნუთუ რომელიმე კანონს არ არღვევენ, უსაქმოდ ყიალის, ან რამე ამგვარის?

ჯეისონმა ხელი ჩაჰკიდა და მაგრად მოუჭირა, რომ როგორმე მისი ყურადღება მიექცია. ვერაფრით გაეგო, ასე ძლიერ რატომ სძულდა ჰეზერს ფანები. თავად ტავერნერისთვის ისინი საჯარო ცხოვრების მთავარი არტერია იყო; საჯარო ცხოვრება და მსოფლიოში ცნობილი არტისტის სახელი კი თავად ცხოვრება, არსებობა გახლდათ, და ეს განხილვას არ ექვემდებარებოდა.

– შენ ვარსკვლავი არ უნდა იყო, – უთხრა ჰეზერს, – წესით, შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შოუბიზნესს უნდა ანებებდე თავს. წადი, სოციალური მუშაკი გახდი და შრომა-გასწორების ბანაკში იმუშავე.

– ხალხი იქაც არის, – აგდებულად უპასუხა ჰეზერმა.

სპეციალური დაცვის ორმა პოლიციელმა ჯეისონ ტავერნერისა და ჰეზერისკენ გაიკვლია გზა.

– დერეფანი შეძლებისდაგვარად გავათავისუფლეთ, – ამოიქოშინა ამ ორიდან უფრო მსუქანმა, – წავიდეთ, მისტერ ტავერნერ, სანამ სტუდიის აუდიტორიას ჩაუხერგავს გვერდითა გასასვლელები.

მსუქანმა თავის სამ კოლეგას ანიშნა და ისინიც უმალ დაიძრნენ ხალხით გადავსებული გასასვლელისკენ, რომელიც ჩაბნელებულ ქუჩაში გადიოდა. იქ უკვე როლსის მფრინავი ხომალდი იდგა მთელი თავისი დიდებულებითა და რაკეტისმექანიზმიანი უკანა ნაწილით, რომელიც რიტმული გუგუნით ელოდა პატრონს. ჯეისონი თავის მექანიკურ გულს ეძახდა ამ ძრავას, გულს, რომელიც მხოლოდ მისთვის ძგერდა; მისთვის – ვარსკვლავისთვის და, პრინციპში, თუ საჭირო გახდებოდა, ჰეზერისთვისაც.

ჰეზერმა ამ საღამოს დაიმსახურა, კარგად იმღერა, ისე კარგად, როგორც… ჯეისონმა გულში ბოროტად ჩაიცინა. ჯანდაბას, მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ეს ხალხი სამგანზომილებიან ფერად ტელევიზორს გადაცემაში სტუმრად მოსული ვარსკვლავის სანახავად როდი რთავს. დედამიწაზე უამრავი ვარსკვლავია. რამდენიმე მათგანი მარსის კოლონიებშიც კია გაბნეული.

დიახაც, ხალხი ჩემ სანახავად რთავს ტელევიზორს და მეც ყოველთვის მზად ვარ! ჯეისონ ტავერნერს ფანების­თვის იმედი არასდროს გაუცრუებია და არც არასდროს გაუცრუებს. ჰეზერს კი, როგორც უნდა, ისე მოექცეს თავის თაყვანისმცემლებს.

– ეს ხალხი იმიტომ არ გიყვარს, რომ შენ თვითონ არ მოგწონს საკუთარი თავი, – უთხრა ჯეისონმა ჰეზერს და თან დახუთულ, ოფლის სუნით აქოთებულ ცოცხალ კორიდორში გზა მუჯლუგუნებით გაიკვლია. ერთი-ორჯერ თავის დახრაც მოუხდა, – გულის სიღრმეში ფიქრობ, რომ ამათ გემოვნება არ უვარგათ.

– უტვინოები! – ჩაიბურტყუნა ჰეზერმა და ჩუმად შეუკურთხა ფანებს, რომელთაც ამ ჭყლეტაში უნებურად მოსტაცეს და საბოლოოდ დაუკარგეს დიდი შლაპა.

– პრიმიტიულები არიან, – ჩასჩურჩულა ჯეისონმა და ოდნავ დაიბნა, რადგან დარწმუნებული არ იყო, რომ ჰეზერმა მისი ნათქვამი ნამდვილად გაიგონა, ვინაიდან ყური მსოფლიოში ცნობილი, მბზინავი წითელი თმის ბურდში ჰქონდა ჩამალული. ეს ვარცხნილობა ტერას სილამაზის სალონებს უკვე დიდი წარმატებითა და ოსტატობით აეტაცებინათ.

ჰეზერმა კბილებში ცივად გამოცრა:

– ეგ სიტყვა აღარ გამაგონო!

– პრიმიტიულები, – ჯიუტად გაიმეორა ჯეისონმა, – და გონებაჩლუნგები არიან, იმიტომ, რომ, – ბიბილოზე მოქაჩა ქალს, – იმიტომ, რომ… პრინციპში, ერთი და იგივეა, არა?

ჰეზერმა ამოიოხრა:

– ღმერთო, რა კარგია მფრინავი ხომალდი და სივრცეში მოგზაურობა. რამდენი ხანია, ველოდები ამას! არავითარი ადამიანური ხმა, არავითარი ადამიანური სუნი! არც პლასტმასის ფერად-ფერადი საღეჭი რეზინის ცოხნით გართული ყბები.

– გული მართლა სიძულვილით გაქვს სავსე, – ჩაილაპარაკა ჯეისონმა.

– დიახ, – დაეთანხმა ქალი ფიცხად, – სხვათა შორის, შენც!

ჰეზერი უცებ შედგა და ჯეისონისკენ მიტრიალდა.

– კარგად იცი, რომ შენი წყეული ხმა აღარ არსებობს, შენი დიდების დღეები დათვლილია და უკან ვეღარ დაიბრუნებ, – ქალმა გულთბილად გაუღიმა და წარმატებით გადაფარა ფანების შეძახილები: – ვბერდებით, არა? ერთად, როგორც ცოლ-ქმარი.

– ექვსიანები არ ბერდებიან, – უპასუხა ჯეისონმა.

– ოჰ, როგორ არა, ძალიანაც ბერდებიან, – გაიღიმა ჰეზერმა და ჯეისონს ტალღოვან, ყავისფერ თმაზე გადაუსვა ხელი, – რამდენი ხანია რაც იღებავ, ძვირფასო? ერთი წელი? სამი?

– შედი ხომალდში, – უხეშად უთხრა ჯეისონმა და ქუჩისკენ, ჰოლივუდის ბულვარში გასასვლელისკენ მიუთითა.

– შევალ, – უთხრა ჰეზერმა, – თუ მაღალ ნოტებს აიღებ და ისე მიმღერებ. გახსოვს, როცა…

ჯეისონმა ქალს საფრენი აპარატის კარისკენ უბიძგა და თვითონაც უკან მიჰყვა. მერე მოტრიალდა, რომ ალ ბლისს კარის დაკეტვაში დახმარებოდა და აპარატი წამში წვიმიან და ღრუბლიან ცაში აიჭრა. ლოს-ანჯელესის დიდებული ცა ისე კაშკაშებდა, თითქოს შუაღამე კი არა, შუადღე ყოფილიყო.

ეს ჩვენი ბედისწერაა, – გაიფიქრა ტავერნერმა, – მომავალში რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ორს არაფერი გვემუქრება, იმიტომ, რომ ორივენი ექვსიანები ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, მათ იციან ეს თუ არა.

პრინციპში არ იციან, – თავისსავე შავ იუმორზე ცივად გაეცინა. ის, რაც ორივემ კარგად უწყოდა, სინამდვილეში გაუზიარებელი ცოდნა იყო, იმიტომ, რომ იმთავითვე ასე იყო ჩაფიქრებული… და ახლაც ასეა, როცა ყველა ექვსიანს ასე ცუდად შემოგვიტრიალდა; ყოველ შემთხვევაში, ცუდად – შემქმნელების თვალში. ისინი თავიდანვე ყველაფერს მიხვდნენ, მაგრამ არასწორად. ეს მოხდა ორმოცდახუთი ლამაზი წლის წინ, როცა სამყარო ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და წვიმის წვეთები ლაღად ეცემოდა ვაშინგტონში ახლა უკვე არარსებულ იაპონური ალუბლის ხეებს და ამ კეთილშობილურ ექსპერიმენტს გაზაფხულის სურნელში ხვევდა. უბრალოდ, ძალიან ცოტა ხანს გასტანა ამ იდილიამ.

– მოდი, ციურიხში წავიდეთ, – შესთავაზა ჯეისონმა ქალს.

– ძალიან დაღლილი ვარ, – იუარა ჰეზერმა, – თანაც მომწყინდა ეგ ადგილი.

– სახლი?

ჯეისონმა ეჭვით შეხედა. ჰეზერმა ხომ თვითონ აარჩია ეს სახლი და წლების განმავლობაში იქ ატარებდნენ თავისუფალ დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საძულველი ფანებისგან დამალვა სურდათ.

ჰეზერმა ამოიოხრა.

– სახლიც. შვეიცარული საათებიც. პური. ქვაფენილები. დათოვლილი გორები.

– მთები, – შეუსწორა ჯეისონმა და იგრძნო, როგორ მოერია ბრაზი, – კარგი, ჯანდაბას. შენ გარეშე წავალ.

– და ვინმე სხვას წაიყვან?

ჯეისონი ვერ მიხვდა, ქალს რისი თქმა სურდა:

– გინდა, რომ სხვა წავიყვანო?

– შენ და შენი მომხიბვლელობა! შეგიძლია მსოფლიოში ნებისმიერი გოგო ჩაიწვინო თითბერის ვეება საწოლში. თუმცა, როცა იქამდე მიაღწევ, მერე დიდი ვერაფერი შვილი ხარ.

– ღმერთო! – ზიზღით აღმოხდა ჯეისონს, – დაიწყო ისევ! სულ ერთი და იგივე! საოცარია, რომ შენი ფანტაზიის ნაყოფისა თავად გჯერა.

ჰეზერი მისკენ შებრუნდა და მთელი სერიოზულობით ჰკითხა:

– ხომ იცი, როგორც გამოიყურები? შენს ასაკშიც კი ლამაზი ხარ. ოცდაათი მილიონი ადამიანი მთელი კვირა გელოდება, რომ ტელევიზორში ერთ საათს გიცქიროს. სხედან და თვალებით გჭამენ. მართლა შენი სიმღერა კი არ აინტერესებთ… შენი უნაკლო სილამაზის ნახვა სწყურიათ.

– იმავეს თქმა შეიძლება შენზეც, – უპასუხა გაღიზიანებულმა ჯეისონმა. ძალიან დაღლილი იყო და იქ, ციურიხის გარეუბანში დასვენებასა და განმარტოებას არაფერი ერჩია. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სახლი მოუთმენლად ელოდა მათ დაბრუნებას და უნდოდა, იქ დარჩენილიყვნენ ერთი ღამით, ერთი კვირით ან სამუდამოდ.

– ჰო, უბრალოდ ასაკი არ მეტყობა, – თქვა ჰეზერმა.

ჯეისონი ქალს ყურადღებით დააკვირდა. სქელი წითელი თმა, ოდნავ დაჭორფლილი ფერმკრთალი კანი, ძლიერი რომაული პროფილი, ღრმად ჩამჯდარი იასამნისფერი თვალები… მართალია. არ ეტყობოდა ასაკი. ბუნებრივია, ჯეისონისგან განსხვავებით, ჰეზერს არასდროს უცდია სატელეფონო ქსელური სექსი. სიმართლე ითქვას, თვითონაც უბრალოდ გემო გაუსინჯა და მასზე დამოკიდებული არასდროს გამხდარა. ამიტომ ტვინი დაუზიანდა ან დროზე ადრე დაბერდაო, ვერც ჯეისონის შემთხვევაში იტყოდით.

– საშინლად ლამაზი ხარ, – უთხრა უხალისოდ.

– და შენ? – ჰკითხა ჰეზერმა.

ჯეისონზე ეს ვერ იმოქმედებდა. იცოდა, რომ ჯერ კიდევ ჰქონდა ქარიზმა, ის ძალა, რომელიც ორმოცდაორი წლის წინ ჩადეს მის შემქმნელ ქრომოსომებში. მართალია, გაჭაღარევებულ თმას უკვე იღებავდა და აქა-იქ რამდენიმე ნაოჭიც გაუჩნდა, მაგრამ…

– სანამ ხმა მაქვს, არაფერი მიჭირს, – თქვა მან, – ყველაფერს მივაღწევ, რისი მიღწევაც მსურს. ჩემზე არასწორი წარმოდგენა გაქვს და ეს მხოლოდ შენი ამპარტავნების, შენი საამაყო ვითომდა ინდივიდუალიზმის ბრალია. კარგი, ნუ გავფრინდებით ციურიხში. თქვი, სად წავიდეთ? შენს სახლში? თუ ჩემთან?

– მინდა, რომ დავქორწინდეთ, – მშვიდად მიუგო ჰეზერმა, – და აღარ მოგვიწევს არჩევა, შენთან წავიდეთ თუ ჩემთან. საერთო სახლი გვექნება. მე სიმღერას თავს დავანებებ… გვეყოლება სამი შვილი და ყველა შენ დაგემსგავსება.

– გოგონებიც?

– არა, სამივე ბიჭი იქნება.

ჯეისონმა ქალს ცხვირზე აკოცა. ჰეზერმა გაუღიმა და ხელზე ხელი ალერსიანად მოუთათუნა.

– ამ საღამოს იქ წავიდეთ, სადაც მოისურვებ, – უთხრა კაცმა დაბალი, მტკიცე, თითქმის მამობრივი ხმით (ეს იყო ერთადერთი ტონი, რომელიც გაღიზიანებულ ჰეზერთან ჭრიდა) და გაიფიქრა, ბოლოს და ბოლოს, თუ რამეა, შემიძლია დავკრა ფეხი და საერთოდ გადავიკარგოო.

იცოდა, რომ ჰეზერს ზუსტად ამის ეშინოდა. ზოგჯერ ჩხუბისას, მით უმეტეს, თუ ციურიხის სახლში იყვნენ და ირგვლივ გამშველებელი არ ჭაჭანებდა, ჯეისონს ხშირად შეუმჩნევია მის სახეზე შიში. მარტო დარჩენაზე ფიქრიც კი აფრთხობდა ქალს და ეს ორივემ კარგად იცოდა. შიში მათი თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა, მხოლოდ პირადი და არა საზოგადოებრივი ცხოვრებისა. ისინი, როგორც ჭეშმარიტი ვარსკვლავები, სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ სხვების დასანახად: რაც უნდა გაუცხოებული და გაბრაზებული ყოფილიყვნენ ერთმანეთზე, მაყურებლის, სიყვარულით სავსე წერილების ავტორებისა და ხმაურიანი თაყვანისმცემლების თვალწინ მაინც იდეალურ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. ყველაზე საშინელი სიძულვილიც კი ვერ შეცვლიდა ამ წესს.

თუმცა, მათ შორის სიძულვილი წარმოუდგენელი იყო, იმიტომ, რომ ბევრი საერთო ჰქონდათ და ძალიან ბევრს იღებდნენ ერთმანეთისგან. სულ უბრალო ფიზიკური კონტაქტიც კი, როგორიც, ვთქვათ როლსის ხომალდში გვერდიგვერდ ჯდომაა, საკმარისი იყო, თავი ბედნიერად ეგრძნოთ. ბუნებრივია, მანამ, სანამ ეს გრძნობა საერთოდ გასტანდა.

ჯეისონმა სპეციალურად მისთვის შეკერილი სუფთა აბრეშუმის პიჯაკის შიდა ჯიბეში – სხვათა შორის, ასეთი პიჯაკი მსოფლიოში სულ ათი ცალი იყო, – ხელი ჩაიყო და კუპიურების სქელი დასტა ამოიღო.

– ამდენ ფულს თან არ უნდა ატარებდე, – ყოვლისმცოდნე დედასავით შენიშვნა მისცა ჰეზერმა და ჯეისონი ძალიან გაღიზიანდა.

– ამით, – კუპიურების შეკვრა დაანახა მან ქალს, – შეგვიძლია ვიყიდოთ ნებისმიერი რამ…

– თუ მანამდე რომელიმე საერთო საცხოვრებლიდან გამოპარულმა ბოგანო სტუდენტმა მაჯა არ მოგაჭრა და შენს ფულიან-ხელიანად არ გაიქცა. ყოველთვის ასეთი მეტიჩარა იყავი. თავმომწონე და ხმაურიანი. შეხედე შენს ჰალსტუხს, უბრალოდ შეხედე! – ჰეზერმა ხმას აუწია, უკვე მართლა გაბრაზებული ჩანდა.

– ცხოვრება ხანმოკლეა, – მშვიდად მიუგო ჯეისონმა, – კარგად ცხოვრება კი, კიდევ უფრო მოკლე, – დასტა ისევ შიდა ჯიბეში ჩაიდო და გარედან, უნაკლო პიჯაკზე, ხელი ჩამოუსვა, – მინდოდა, შენთვის რამე მეყიდა.

ეს აზრი იმ წამს დაებადა. სინამდვილეში სულ სხვა რამ ჰქონდა დაგეგმილი: ამ ფულით ლას-ვეგასში, ბლექჯეკის მაგიდასთან აპირებდა დაჯდომას. როგორც ექვსიანი, ბლექჯეკს ყოველთვის იგებდა. ყველაზე მაგარი იყო, ყველა დილერზე, გაქნილ პიტბოსზე მაგარიც კი.

– ტყუი, – უთხრა ჰეზერმა, – ჩემთვის არაფრის ყიდვასაც არ აპირებდი! მსგავსი რამ თავში არასდროს მოგსვლია, იმიტომ, რომ ეგოისტი ხარ! დარწმუნებული ვარ, ეგ ფული გასართობად გინდა. აპირებ, რომელიმე დიდძუძუებიანი ქერა ქალი იყიდო და საწოლში ჩაიწვინო. სავარაუდოდ, ციურიხის სახლში, სადაც, თუ გახსოვს, უკვე ოთხი თვეა, არ ვყოფილვარ. საერთოდ, შეიძლება ორსულადაც კი ვიყო…

ბოლო ფრაზა ჯეისონს განსაკუთრებით მოხვდა გულზე. არ ელოდა, ქალის აგზნებული ტვინი მის გასამწარებლად ასეთ ამბავსაც თუ შეთხზავდა. თუმცა, ჯეისონმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცოდა ჰეზერზე, რომელიც მასაც ისევე უმალავდა ყველაფერს, როგორც თავის ფანებს.

მიუხედავად ამისა, ჯეისონმა წლების განმავლობაში მაინც ბლომად ინფორმაცია შეკრიბა მასზე. მაგალითად, გაიგო, რომ 1982 წელს ჰეზერმა აბორტი გაიკეთა და ამას საგულდაგულოდ მალავდა. ასევე იცოდა, რომ უკანონოდ იყო დაქორწინებული სტუდენტთა გაერთიანების ლიდერზე და ერთი წელი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში გაატარა სუნიან და წვერგაბურძგნილ სტუდენტებთან ერთად, რომლებიც პოლიციას მთელი ცხოვრება მიწისქვეშეთში ემალებოდნენ. ნაციონალური გვარდიისა და პოლიციის წარმომადგენლები წარამარა დაძრწოდნენ სტუდენტურ საცხოვრებლებში და ამ სტუდენტებს გარეთ გასვლის ნებას არ აძლევდნენ, რათა ისინი ჩაძირული გემიდან გაქცეული ვირთხებივით საზოგადოებას არ შესეოდნენ.

ასევე იცოდა, რომ ერთი წლის წინ ნარკოტიკების შენახვის გამო დააკავეს და რომ არა მდიდარი და გავლენიანი ოჯახი, ციხეს თავს ვერ დააღწევდა. ამ შემთხვევაში მისი ვერც ფული, ვერც მომხიბვლელობა და საყოველთაო აღიარება პოლიციასთან ვერ გაჭრიდა.

ბუნებრივია, ჰეზერზე ამ ყველაფერმა იმოქმედა, მაგრამ ახლა უკვე კარგად გრძნობდა თავს. როგორც ყველა ექვსიანს, მასაც რეგენერაციის შესაშური უნარი ჰქონდა, საგულდაგულოდ იყო ნაგები. თავად ჯეისონმაც ორმოცდაორი წლის ასაკშიც კი არ იცოდა თავისი ყველა შესაძლებლობის შესახებ. მასაც საკმაოდ ბევრი გადახდა თავს. კარიერისკენ მიმავალ გზაზე არაერთ გვამზე მოუწია გადაბიჯება და მათგან მხოლოდ ბუნდოვანი მოგონებები დარჩა.

– ეს მყვირალა ჰალსტუხები… – წამოიწყო ჯეისონმა, მაგრამ ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. იფიქრა, ალ ბლისი რეკავს, დღევანდელი შოუს რეიტინგი რომ მითხრასო, მაგრამ შეცდა.

ყურმილში ახალგაზრდა ქალის ცივი, გამჭოლი, ყურისწამღები ხმა გაისმა.

– ჯეისონ, შენ ხარ?

– ჰო, – ჯეისონმა ყურმილს ხელი დააფარა და ჰეზერს მიუბრუნდა: – მერილინ მეისონია. რა ჯანდაბად მივეცი ჩემი ხომალდის ნომერი?

– ვინ ოხერია მერილინ მეისონი? – ჰკითხა ჰეზერმა.

– მერე გეტყვი, – უთხრა ჯეისონმა და ყურმილს ხელი აუშვა, – დიახ, ძვირფასო, ნამდვილად ჯეისონი ვარ, ცოცხალ სხეულში რეინკარნირებული ჯეისონი. რა ხდება? საშინელი ხმა გაქვს. ისევ უარი გითხრეს?

ჯეისონმა ირონიულად გაიღიმა და ჰეზერს თვალი ჩაუკრა.

– მოაშორე ეგ გოგო, – გაღიზიანდა ჰეზერი.

ჯეისონმა ისევ ხელი დააფარა ყურმილს და ჰეზერს უპასუხა, მოვიშორებ, ვერ ხედავ, რომ ვცდილობო, და მერე ყურმილში ჩასძახა:

– კარგი, მერილინ, მიდი, მთელი ბოღმა ჩემზე გადმოანთხიე, აბა, მე რისთვის ვარ?

ორი წლის განმავლობაში მერილინ მეისონი მის პროტეჟედ ითვლებოდა. გოგონას მომღერლობა გადაეწყვიტა, ანუ უნდოდა, მასავით ცნობილი, მდიდარი და ხალხის რჩეული ყოფილიყო. ერთ მშვენიერ დღეს, რეპეტიციის დროს ეს გოგო შემთხვევით სტუდიაში შევიდა და ჯეისონის ყურადღება მაშინვე მიიპყრო. პატარა, გადატკეცილი და დაძა­ბული სახე, მოკლე ფეხები და ძალიან მოკლე ქვედაბოლო – ეს ყველაფერი ჯეისონმა ჩვეულებისამებრ ერთი თვალის შევლებით დააფიქსირა და ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ გოგონას “კოლუმბია რექორდსის“ მომღერლებისა და რეპერტუარის ხელმძღვანელთან დაუნიშნა მოსმენა.

ბევრი რამ გადახდათ ჯეისონსა და მერილინს ერთად იმ ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა, მუსიკასთან ამ ყველაფერს კავშირი ნაკლებად ჰქონდა.

მერილინმა გამგმირავი ხმით ჩაჰყვირა ყურში:

– აუცილებლად უნდა გნახო. თუ არადა, თავს მოვიკლავ და იცოდე, შენი ბრალი იქნება. მთელი ცხოვრება მოგიწევს ამ ცოდვის ტარება. იმ ქალს, ჰეზერ ჰარტსაც ვეტყვი ჩვენზე, ვეტყვი, რომ ერთად გვძინავს!

ჯეისონს ოხვრა აღმოხდა. ისედაც საშინლად იყო დაღლილი, მთლად გაასავათა იმ ერთსაათიანმა შოუმ, სადაც სულ უნდა იღიმო, იღიმო და იღიმო.

– შვეიცარიაში მივდივარ და მთელი ღამე იქ ვაპირებ დარჩენას, – უთხრა მტკიცედ.

თითქოს ისტერიკაში ჩავარნილ ბავშვს ელაპარაკებოდა. როგორც წესი, მერლინის წუწუნ-ბუზღუნა, ნახევრად პარანოიდულ ხასიათზე ასეთი ტონი ჭრიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ის შემთხვევა არ აღმოჩნდა.

– შენს მილიონდოლარიან როლსს მხოლოდ ხუთი წუთი დასჭირდება ჩემთან მოსაფრენად, – არ ჩერდებოდა მერილინი, – სულ ხუთი წამის საქმე მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა.

ეტყობა ორსულადაა, – გაიფიქრა ჯეისონმა, – ალბათ, რომელიმე დღეს შემთხვევით მოხდა, ან სულაც განგებ არ დაიცვა თავი…

– ხუთ წამში ისეთი რა უნდა მითხრა, რაც უკვე არ ვიცი? – ცივად უთხრა გოგონას, – ახლა მითხარი.

– მინდა, რომ აქ იყო, – ისევ გაჭირვეულდა მერილინი, – უნდა მოხვიდე. ექვსი თვეა, არ მინახიხარ და მთელი ეს დრო სულ შენზე ვფიქრობ; განსაკუთრებით – სტუდიაში ჩემს ბოლო მოსმენაზე.

– კარგი.

ჯეისონს უკვე ბრაზი ახრჩობდა. აი, რა მიიღო, ამ უნიჭოს კარიერის აწყობაში რომ დაეხმარა. ხმაურით დაკიდა ტელეფონი და ჰეზერს იუტრიალდა:

– მიხარია, რომ არასდროს შეხვედრიხარ, ქალი კი არა ნამდვილი…

– რა სისულელეა, – შეაწყვეტინა ჰეზერმა, – “არასდროს შევხვედრივარ“ იმიტომ, რომ შენ არ გინდოდა ეს! ყველანაირად უშლიდი ხელს ჩვენს შეხვედრას.

– ყოველ შემთხვევაში, – ჯეისონმა ხომალდს მიმართულება შეუცვალა, – ერთ კი არა, ორ მოსმენაზე წავიყვანე, მაგრამ ორივე ჩააფლავა. ახლა საკუთარ თავთან რომ მართალი იყოს, ბუნებრივია, ყველაფერი მე უნდა დამაბრალოს. თითქოს მე გავწირე წარუმატებლობისთვის. ხომ ხვდები, რა მდგომარეობაა?

– კარგი ძუძუები აქვს? – დაინტერესდა ჰეზერი.

– სხვათა შორის, კი, – გაიკრიჭა ჯეისონი და ჰეზერსაც გაეცინა, – ხომ იცი, ეგ ჩემი სისუსტეა. მაგრამ მე უბრალოდ დანაპირები შევასრულე: მოსმენაზე წავიყვანე, თანაც, ერთზე კი არა, ორზე. მეორე მოსმენა ექვსი თვის წინ გაიმართა. დარწმუნებული ვარ, გულში ჩაიხვია და ჯერ ისევ გაბრაზებულია ჩემზე. მაინტერესებს ერთი, რა უნდა მითხრას.
ჯეისონმა ძრავა ავტომატურ ფრენაზე დააყენა და გეზი მერილინის სახლისკენ ააღებინა, რომლის პატარა, მაგრამ მოსახერხებელ სახურავზე ხომალდს დაჯდომა თავისუფლად შეეძლო.

– ალბათ უყვარხარ, – ივარაუდა ჰეზერმა, როცა სახლის სახურავზე დაფრინდნენ და კიბე დაუშვეს.

– ისევე, როგორც დანარჩენ ორმოც მილიონს, – მხიარულად თქვა ჯეისონმა.

ჰეზერი კომფორტულად მოეწყო მფრინავის სავარძელში და უთხრა:

– ძალიან არ დააგვიანო, თორემ იცოდე, უშენოდ გავფრინდები.

– მერილინთან მტოვებ? – შიეცხადა ჯეისონმა და ორივეს გაეცინა. მერე, მალე მოვალო, დაუბარა, გაზონი გადაიარა, ლიფტთან მივიდა და ღილაკს თითი დააჭირა.

მერილინი გაცოფებული დახვდა. მთელი სახე უჩვეულოდ დაწითლებული და რაღაცნაირად მომჩვარული ჰქონდა. ტანზეც ისეთი გამხმარი და დაპატარავებული ჩანდა, თითქოს საკუთარ თავს შიგნიდან ჭამდა. ბოლოს თვალებში შეხედა. ჯეისონს ძალიან ცოტა რამ თუ აბნევდა ქალებთან ურთიერთობისას. აი, მერილინის მზერას კი ვერასდროს უძლებდა. გოგონას ზედმიწევნით მრგვალი, უზარმაზარგუგებიანი თვალები ჰქონდა. ახლაც იდგა, გულხელი დაეკრიფა და ფართოდ გახელილი თვალებით გარინდებული უყურებდა ჯეისონს. დაძაბული და რკინასავით უდრეკი ჩანდა.

– გისმენ, – უთხრა ჯეისონმა.

ცდილობდა, სიტუაციის სადავეები თავიდანვე ეგდო ხელთ. როგორ წესი, ქალებთან საუბრისას სიტუაციის მართვა არ ეშლებოდა. ეს მისი გამორჩეული თვისება იყო. მაგრამ მერილინის შემთხვევაში… თავს უხერხულად გრძნობდა. გოგონაც არაფერს ამბობდა. სრულიად უსიცოცხლო სახეს მაკიაჟის სქელი ფენაც კი ვერ უფარავდა. თითქოს ადამიანი კი არა, საფლავიდან ამოღებული გვამი იყო.

– კიდევ ერთი მოსმენა გინდა? – ჰკითხა ჯეისონმა, – სწორად მივხვდი?

მერილინმა თავი გააქნია.

– კარგი. მაშ მითხარი, რა ხდება, – სცადა, ხმაში დაღლილა და დაბნეულობა არ შესტყობოდა. ზედმეტად ჭკვიანი და გამოცდილი იყო საიმისოდ, რომ ქალს მისი უხერხულობა შეემჩნია.

ზოგადად ქალთან კამათის თითქმის ოთხმოცდაათი პროცენტი ხომ ტყუილზეა აგებული, ორივე მხრიდან, რა თქმა უნდა. ყველაფერ იდამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გააკეთე, და არა – რა გააკეთე.

– რაღაც მაქვს შენთვის.

მერილინი შებრუნდა და სამზარეულოსკენ წავიდა. ჯეისონი უკან გაჰყვა.

– ისევ მე მადანაშაულებ ორივე წარუმატებელ… – დაიწყო ჯეისონმა.

– აი, ისიც, – თქვა უცებ მერილინმა.

ქალმა საწურიდან ცელოფნის პარკი აიღო და რამდენიმე წამს შეყოვნდა. სახე ისევ ისეთი გაფითრებული და გაშეშებული ჰქონდა, გადმოკარკლულ თვალებს არ ახამხამებდა. მერე პარკი ერთი ხელის მოსმით გაგლიჯა, მოიქნია და ჯეისონს ესროლა. ეს ისე ელვის სისწრაფით მოხდა, რომ ჯეისონმა გაცლა ვერ მოასწრო – ჟელატინისმაგვარი ღრუბელივით არსება
“კალისტო” ორმოცდაათი მისაწოვრიანი საცეცით ეცა და მკერდზე მიეკრო. ჯეისონმა იგრძნო, რომ საცეცები მაშინვე ხორცში ჩაერჭო. სასწრაფოდ სამზარეულოს კარადას ეცა და ნახევრად სავსე ვისკის ბოთლი გამოიღო. მერე ხელის კანკალით მოხსნა თავსახური და ჟელატინისმაგვარ არსებას დაასხა.

ჯეისონის გონება გაუნათდა, თითქოს გაუბრწყინდა კიდეც. იდგა და მთელი მონდომებით ასხამდა უცხო სხეულს ვისკის. რამდენიმე წამში ღრუბელი აბუყბუყდა, დაიკლაკნა და მკერდიდან იატაკზე ჩამოვარდა. მოკვდა.

ქანცგაწყვეტილი ჯეისონი სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა. ახლა უკვე თავს ებრძოდა, რომ გული არ წასვლოდა. “კალისტოს” რამდენიმე, ცოცხალი საცეცი ისევ სხეულში ჰქონდა ჩარჩენილი.

– ცუდად არ გამოგივიდა, – თავს ძალა დაატანა და ხმა ამოიღო ჯეისონმა, – ლამის მომკალი, პატარა, დამპალო მაწანწალავ.

– ლამის არა, – უთხრა მერილინ მეისონმა მშრალად და უემოციოდ, – რამდენიმე საცეცი ისევ მკერდში გაქვს გარჭობილი და ამას თვითონაც კარგად გრძნობ! სახეზე გაწერია. ერთი ბოთლი ვისკი კი მაგათ ვერ მოგაშორებდა. ვერაფერი ვეღარ გიშველის.

ამის თქმა იყო და ჯეისონმა გონება დაკარგა. ბუნდოვნად დაინახა, როგორ აყირავდა მომწვანო-მონაცრისფრო იატაკი და შემდეგ ყველაფერი გაქრა. სივრცე დაცარიელდა. იქ თვითონაც აღარ არსებობდა.

ტკივილი. თვალები გაახილა და მკერდზე ხელი ინსტიქტურად წაივლო. აბრეშუმის პიჯაკი გაეხადათ. მის ნაცვლად საავადმყოფოს ბამბის ხალათი ეცვა და საავადმყოფოსავე საკაცეზე იწვა.

– ღმერთო, – ამოიხრა და მიხვდა, რომ საავადმყოფოს ორი თანამშრომელი დიდი სიჩქარით მიაქროლებდა დერეფანში. ჰეზერ ჰარტიც იქ იყო და დაფეთებული სახით გვერდით მიჰყვებოდა.

– მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, – უთხრა მან ჯეისონს სულმოუთქმელად, როცა საკაცე პალატაში შეაგორეს, – ხომალდში ვერ გავჩერდი და უკან გამოგყევი.

– ალბათ იფიქრე, რომ საწოლში წაგვასწრებდი, არა? – იხუმრა ჯეისონმა სუსტად.

– ექიმის აზრით, თხუთმეტი წამიც რომ დამეგვიანა, დაიღუპებოდი, – განაგრძო ჰეზერმა, როგორც ამიხსნა, იმ რაღაც არსების შენს სხეულში შეღწევის გამო.

– ის არსება მოვიშორე, – ჩაილაპარაკა ჯეისონმა, – მაგრამ ყველა საცეცი ვერა… ვერ მოვასწარი.

– ვიცი, – თავი დაუქნია ჰეზერმა, – რაც შეიძლება მალე გაგიკეთებენ ოპერაციას. იმედი აქვთ, გიშველიან, თუ, რა თქმა უნდა, საცეცებმა ძალიან ღრმად არ გაიდგეს ფესვი.

– კრიზისს კარგად გავუმკლავდი, – კბილებს შორის გამოცრა ჯეისონმა, მერე თვალები დახუჭა და შეეცადა, ტკივილი აეტანა, – მაგრამ მთლად კარგად ვერა, ბოლომდე ვერა.

თვალები რომ გაახილა, დაინახა, ჰეზერი ტიროდა.

– ასე ცუდადაა საქმე? – ჰკითხა და მის ხელს გაჭირვებით დასწვდა.

ჰეზერმაც მოუჭირა ხელი და ჯეისონმა იგრძნო, რა ძლიერ უყვარდა ამ ქალს. მერე ყველაფერი გაქრა; ყველაფერი, ტკივილის გარდა. აღარ იყო არც ჰეზერი, არც საავადმყოფო, არც საავამდყოფოს პერსონალი, არც სინათლე და არც ხმა. ეს იყო უსასრულობა, რომელმაც მთლიანად შთანთქა.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: ანა ჭიჭინაძე, აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ეკა ტაბლიაშვილი, იდინე ცრემლო თქვა პოლიციელმა, ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ფილიპ დიკი, ქართული თარგმანი

შვაინშტაიგერის ბუცი და ციციკორეები

$
0
0

271302A500000578-3015912-image-a-62_1427554157173

ფეხბურთზე, მოგეხსენებათ, ათასში ერთხელ ვწერ. როგორც წესი, მსოფლიო თასის ან ევროს წინ, როცა მკითხველს ჩემი ვადამდელი არდადეგების მიზეზს ვუხსნი. სხვა თემატიკა მირჩევნია და იმიტომ. დღესაც მორიგ წიგნზე ვაპირებდი მოყოლას, მაგრამ Offtopic-ის ისეთი მიზეზი მაქვს, ვერაფრით გამოვტოვებ. ეგეც არ იყოს, საუკუნეა, მოქალაქე ბლუმს გაბრაზებული პოსტი არ გამოუქვეყნებია.

სათაურიდანვე მიხვდებოდით, საქართველო-გერმანიაზე უნდა ვილაპარაკო.

უშუალოდ თამაშზე რა გითხრათ – საფეხბურთო ანალიტიკას ჩემზე უკეთაც დაწერენ. ერთს ვიტყვი მხოლოდ: “ღირსეული წაგება” მთლად გამართული ტერმინი არ მგონია. მოედანზე ყველაზე ლამაზი (და მნიშვნელოვანიც), მოგეხსენებათ, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია. ჰოდა, წავაგეთ. მშრალი ანგარიშით. შინ. გასაგებია, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან წავაგეთ, ბოლო მოდელის “მერსედესივით” აწყობილ გუნდთან, მაგრამ წავაგეთ. ჰოდა, რაც უფრო მალე დავივიწყებთ “ღირსეულ წაგებას” და “ესპანეთთან ნულით ნულს ვიგებთ”-ს, მით უფრო მალე მოვა ნამდვილი გამარჯვებაც და იქნებ ნამდვილი ფეხბურთიც ვითამაშოთ.

ახლა არასაფეხბურთო ამბებსაც გავკრათ კბილი. ეს ხომ ჩვენი თანთია – მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, სპორტულ პერიპეტიებზე მეტად, იმ ბავშვის ამბავს ვარჩევთ, შვაინშტაიგერს რომ მიეჭრა და დაუჩოქა (სინამდვილეში არ დაუჩოქია, მაგრამ ასე უფრო ბრუტალურად ჟღერს და სრულიად ჯინეტის წამოკიდებაც ადვილია).

არ მგონია, ახალაღმოჩენილ ამერიკაზე ვყვებოდე, მაგრამ თურმე საჭირო ყოფილა – ჩემო ძვირფასო აღშფოთებულებო, დარწმუნებული ვარ, ფანობის და ფანების ამბავი გაგიგიათ. ისიც გეცოდინებათ, რომ ფანები ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებენ, ინდიფერენტულად განწყობილ ადამიანს, ან სულაც განსხვავებული ტემპერამენტის გულშემატკივარს აზრადაც რომ არ მოუვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო მარტივადაა; რიტუალია ერთგვარი  – ფეხბურთელის მთავარი იარაღი ფეხებია, ის ბიჭიც გერმანელს ბუცებზე შეეხო პატივისცემის ნიშნად. ეს იყო და ეს.

სიმართლე გითხრათ, თავი ფანად არასოდეს ჩამითვლია. საყვარელი სპორტსმენებიც მყავს, გუნდებიც, მწერლებიც, მუსიკოსებიც, მომღერლებიც, მხატვრებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბლოგერებიც, მაგრამ მშვიდად მიყვარს, აჟიტირების გარეშე. სხვაგვარად არ მეხერხება და იმიტომ. თუმცა, ამ საქვეყნო ისტერიის ფონზე დავფიქრდი და, ასტრიდ ლინდგრენი რომ გაცოცხლდეს და თბილისში ჩამოვიდეს, ხელებსაც დავუკოცნიდი, ფეხებსაც, დავუჩოქებდი კიდეც და მადლობასაც გადავუხდიდი, მთელი მსოფლიოს ბავშვების სახელით თუ ვერა, საკუთარი სახელით მაინც.

იმ ბიჭმა, საქმე საქმეზე თუ მიდგა, სხვა რამ დააშავა და, თუ გინდათ, გეტყვით, რაც. სტადიონზე მედია-მოხალისედ იყო, ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებდნენ და იმასაც ეტყოდნენ, რომ მოედანზე გადასვლა და ფეხბურთელებთან კონტაქტი კატეგორიულად იკრძალება. მოკლედ, თუ მაინცდამაინც საქვეყნოდ გასარჩევია (რის აუცილებლობასაც, მომკალით და ვერ ვხედავ), პროფესიონალიზმზეა სალაპარაკო და არა ზნეობაზე, მორალზე, კაცობასა და გაგებაზე. პროფესიონალიზმის ამბები, კიდევ, თხუთმეტი წლის თინეიჯერებს კი არა, ორდიპლომიან ხალხსაც ეშლება.

ოღონდ წესების დარღვევა და კეთილსინდისიერება ფბ-ზე მხოლოდ რამდენიმე კაცმა ახსენა. სამაგიეროდ, იყო ბევრი გინება, ლანძღვა, “ქართლის ცხოვრებაში” აღწერილ არც ერთ საფეხბურთო მატჩში მსგავსი არაფერი მომხდარა” და “ფეხბურთს დავით აღმაშენებელიც უყურებდა, მაგრამ შვაინშტაიგერს მუხლებში ერთხელაც არ ჩავარდნია” ტიპის არგუმენტები, ქართველი ვაჟკაცი რომ მხოლოდ დედას უჩოქებს (და იქვე, მეტი დამაჯერებლობისთვის – მამაპაპური თოთხმეტსართულიანი), ჰიტლერის და სტალინის სურათების ფრიალი, რაიხსტაგის, ქანთარიას და ბერლინამდე ჩასული დიდი ბაბუების ხშირი ხსენება, ისევ მშობლიური, მამაპაპური თოთხმეტსართულიანები და თავში ხელის წაშენა, რომ აი, ასე დავკარგეთ ქართველობა.

ლემანის ვოლზე შევარდნა, აქაოდა, ჩვენი ქალაქის ხედი არ მოეწონაო, ცალკე ამბავია. თუ ვინმე დამარწმუნებს, რომ, ყოვლად უმნიშვნელო მიზეზის გამო, მავანი გერმანელის პირადი სივრცის ბილწზე ბილწი ქართული გინებით აჭრელება ძლიერი, კმაყოფილი, თვითკმარი, რეალიზებული ადამიანების ჩვევაა, საქვეყნოდ მოვიხდი ბოდიშს.

კვირას, იმ ბედნავსი თამაშის ბოლოს ვიღაცები კიდევ შეიჭრნენ მოედანზე, თუმცა ამათ ნაკლებად ახსენებენ აღშფოთებულები. გერმანელებისთვის არ “დაუჩოქიათ” და, ალბათ, იმიტომ.

ესეც ფანობაა და, გადასარევი საქციელიაო, ვერც ამაზე ვიტყვი. სულ სხვა მიზეზით, რა თქმა უნდა. ჩვენი სტადიონის დაცვა, ერთი ჩემი ფბ-ფრენდის არ იყოს, მგელობანას მსოფლიოში ყველაზე ცუდად თამაშობს და სტიუარტები, უშუალო მოვალეობების შესრულების ნაცვლად, ფეხბურთს უყურებენ. ჰოდა, სუპერთასს რომ ველოდებით და “ბარსელონა”-“სევილიას” ნახვა რომ გვინდა თბილისში, ევროპაში გულშემატკივართა მინდორზე სირბილს და მსგავსი რაღაცებს მაინცდამაინც არ მიესალმებიან. არ მგონია, კინკილა გულშემატკივარს გადაგვაყოლონ, მაგრამ მიზეზს თუ გამოეკიდნენ, თავში რაღაც გადაუტრიალდათ და სუპერთასი წაგვართვეს, უეფას ფეიჯზე შევარდნა და გინების კორიანტელი მერე ნახეთ.

P.S. სანამ ცალი ხელით მოზღვავებულ საქმეს ვუმკლავდებოდი, ცალით კი ამ პოსტს ვწერდი, სოციალურ ქსელებში იმ თინეიჯერი ფანის ბოდიში გავრცელებულა. ჩვენი დროის ციციკორეები, ალბათ, გულზე მჯიღს იბრაგუნებენ კმაყოფილებისგან და ამაღამაც ტკბილად დაეძინებათ, ვალმოხდილებს.


Filed under: მოქალაქე ბლუმი Tagged: ბასტიან შვაინშტაიგერი, გერმანიის ნაკრები, გულშემატკივარი, იენს ლემანი, მორალიზმი, მოქალაქე ბლუმი, საქართველოს ნაკრები, ფეხბურთი, ციციკორე

წიგნი გარეკანით იწყება – ჩვენი ბიბლიოკრეატივი vol. 2

$
0
0

საყოველთაოდ ცნობილი ამბავია: თეატრი გასახდელით იწყება, წიგნი – გარეკანით.

ფაქტია, უვარგის წიგნს მსოფლიოში საუკეთესო ქავერიც კი ვერაფერს უშველის, მაგრამ იმას რა სჯობს, ტექსტიც და შეფუთვაც  ერთნაირად ხარისხიანი რომ არის და თვალს და გულს ერთად ახარებს.

მოლის ბიბლიოთეკის ამბავი ხომ იცით. ათასნაირი წიგნი მიდევს თაროებზე; ასეთიც, ისეთიც, კოხტაც და შეუხედავიც; საქმის ცოდნით და სიყვარულით მოხატულ-გალამაზებულიც და მიფუჩეჩებულიც.

რას ვიზამთ, კარგს ზუსტად იმიტომ ვაფასებთ, ამქვეყნად ცუდიც რომ არსებობს. მოსაწონი ყდები ადრეც იყო, ჩემი ბავშვობის დროს, ოღონდ იშვიათად – სანთლით უნდა გეძებნა. ჰოდა, იმ ძველ, უსახო, უფერულ, უსქესო, უაზროდ ერთნაირ ყალიბში ჩამოსხმულ ყდებს რომ ვიხსენებ, აშკარად უკეთ გვაქვს საქმე.

პირველი ასეთი პოსტი ორი წლის წინ დავწერე და მკითხველს ჩემი ფავორიტი ქავერები გავუზიარე.  ჰოდა, ვფიქრობ, დადგა დრო, მოლის ბლოგზე ” The Best of ბიბლიოკრეატივის” მეორე ნაწილი დაიდოს.

ახალ ხუთეულზე, სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე. საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ამორჩევა გამიძნელდა. აქეთ ოჩოს საფირმო სტილი, ერთი შეხედვით რომ იცნობა, იქეთ ნინო ჩაკვეტაძის მოხატული “პატარა ქალაქის ზღაპრები“, ფამუქის “ნივთების უმანკოება” – “დიოგენეს” ცინცხალი გამოცემა,  “პერსეპოლისი” – პირველი გადმოქართულებული გრაფიკული რომანი, თავიდან ბოლომდე ერთი დიდი უგემრიელესობა, მაგრამ ყველა რომ ჩამომემწკრივებინა აქ, პოსტი კი არა, ფერადი კატალოგი გამოვიდოდა. ჰოდა, სხვა გზა არ მქონდა, ხუთეულს დავჯერდი.

რუსუდან რუხაძის “ჩაისთან მოსაყოლ ამბების” ყდას მაკა ბატიაშვილის ნახატი ამშვენებს. გადავხედე ჩემს ბიბლიოთეკას და აშკარა იშვიათობაა. ფიროსმანიც მინახავს ძველი გამოცემის ყდაზე და ახვლედიანიც; 1983 წლის “ულისეს” გარეკანზე, მაგალითად, დავით კაკაბაძის აბსტრაქციაა, მაგრამ ახლა წიგნებს სხვანაირად აფორმებენ. არადა, ლამაზია.

სულაკაურისკინობიბლიოთეკაზე ბევრი ლაპარაკი, წესით, არ უნდა მჭირდებოდეს. პოპულარულზე პოპულარული სერიაა, გადასარევი ავტორებითა და ტექსტებით. დიზაინიც ისეთია, კინოს რომ მოუხდება – სადა, მინიმალისტური, აშკარად ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. ყველაზე მეტად კი ერთი, ძალიან საინტერესო დეტალი მომწონს. მიხვდებოდით, ალბათ, “შინდლერის სიის” გარეკანს და წითელკაბიან გოგოს ვგულისხმობ.

რა არ ვეცადე, მაგრამ ხეირიანი სურათი ვერ გადავუღე. სულ ჩემი ტელეფონის ბრალია. ისევ სიტყვაზე უნდა მენდოთ, ფრიად ორიგინალური და სიმპათიური კრეატივია.

“დიოგენეს” ორი მსხვილი ბიბლიოსერია აქვს: საფირმო “დიოგენეს ბიბლიოთეკა” და “ამერიკელები“. “დიოგენეს ბიბლიოთეკას” იერი შეუცვალეს სულ ახლახანს და, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, ძველი მირჩევნია თუ ახალი. აი, “ამერიკელები” ძალიან მომწონს – სოლიდური და ფერადი ჰარდქავერი; თორმეტი ტომიდან ერთის გამოყოფა გართულდებოდა, ჰოდა, ჩამონათვალში მთელი სერია მოვახვედრე.

წიგნები ბათუმში“-ს გამოცემებზე რა გითხრათ… ყოველი ახალი დელფინიანი გარეკანი წინაზე უკეთესია და უკვე აღარც ვიცი, რომელი უფრო მომწონს. ჯერ ფილიპ დიკის “კაცი მაღალ კოშკში” მეგონა საუკეთესო, მერე “იდინე, ცრემლო“, მერე კლარკის “ოდისეა” დააანონსეს და შეხედეთ, მარტო მონოლითი ღირს ერთ წიგნად.

ჰო, ანა გავალდას “35 კილო იმედის” ქავერი ვნახე დღეს.  ოფიციალურ რელიზს დაელოდეთ და შეაფასეთ; მე მოვკვდე, ოთხივეზე უკეთესი თუ არ იყოს.

ამ იმპროვიზებულ ტოპლისტს “სიესტას” ერთი გამოცემით დავასრულებ. აი, იმით, პოსტს რომ ახლავს გამხსნელ სურათად. პოეზიის ექსპერტი მე არ ვარ, დათო ევგენიძის ლექსებზე ვწერო, დარწმუნებული ვარ, გადასარევი იქნება, დათო და უხარისხო ვერ წარმომიდგენია და იმიტომ, მაგრამ ქავერი გადასარევზე გადასარევი რომ აქვს, ფაქტია.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ამერიკელები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბესიკ დანელია, ბიბლიოკრეატივი, ბიბლიოსერია, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "სიესტა", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დიოგენე, ეკა ტაბლიაშვილი, თამუნა თათელაძე, ია ნინოშვილი, მაკა ბატიაშვილი, მოლის ბიბლიოთეკა, ნინო გურული, რუსუდან რუხაძე, ქავერი, ყდის დიზაინი, შინდლერის სია, ჩაისთან მოსაყოლი ამბები

ანა გავალდა. 35 კილო იმედი

$
0
0

ანა გავალდა.

35 კილო იმედი

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – სოფია ბარშოვა

რედაქტორი – მარიამ კორინთელი

ილუსტრატორი – მარიამ გიგუაშვილი

დიზაინი – ეკა ტაბლიაშვილი  მარიამ გიგუაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

ვერ ვიტან სკოლას.

ამქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.

არა, უფრო მეტადაც…

გამიმწარა ცხოვრება.

 

შეიძლება ითქვას, რომ სამი წლის ასაკამდე ვიყავი ბედნიერი. კარგად აღარც მახსოვს, მაგრამ მგონი, ასე იყო… ვთამაშობდი, ჩემი საყვარელი მულტფილმის, „სამი მურა დათვის“ ვიდეოკასეტას დღეში ათჯერ ვატრიალებდი, ვხატავდი, მილიარდ თავგადასავალს ვიგონებდი ჩემი პლუშის ამუნია გროდუდუსთვის, რომელზეც დღესაც ჭკუა მეკეტება. დედა ჰყვება, რომ საათობით ვიკეტებოდი ჩემს ოთახში, დიალოგი მქონდა გამართული საკუთარ თავთან და გახარებული, ბოლო ხმაზე გავკიოდი. ამ მოგონებებიდან ვასკვნი, რომ ბედნიერი ვიყავი.

ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე ყველა და ყველაფერი მიყვარდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ ყველა და ყველაფერსაც უყვარდათ ერთმანეთი…მაგრამ შემისრულდა სამი წელი და ხუთი თვე და ბრახ! სკოლაც გამოჩნდა.

 

როგორც ახლა ვიხსენებ, იმ დილით ძალიანაც კმაყოფილი გავემართე სკოლაში. მანამდე მშობლებმა, ვინ იცის, რამდენჯერ გამიმეორეს: ,,როგორ გაგიმართლა, ძვირფასო, შენ ხომ ნამდვილ სკოლაში მიდიხარ ’’, ,,შეხედე, რა მაგარი ახალი ჩანთა გაქვს! აი, ამით წახვალ შენს ლამაზ სკოლაში“… ბლა ბლა ბლაა… მგონი, არ მიტირია. (ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და უფრო ის მაინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა იქ სათამაშოები და ლეგოები…) თურმე, სკოლიდანაც შესანიშნავ ხასიათზე დავბრუნებულვარ, აღფრთოვანებულიც კი. სადილის დრო იყო, კარგადაც გეახელით და მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე, რათა სასწრაფოდ მომეყოლა გროდუდუსთვის, რა გადასარევად გავატარე დილა.

 

მაშინ რომ მცოდნოდა, ეს ჩემი ბედნიერი ბავშვობის უკანასკნელი წუთები იყო, შევეცდებოდი, როგორმე უფრო გამეხანგრძლივებინა მისით მიღებული სიამოვნება, უფრო ნელ-ნელა დამეგემოვნებინა,რადგან სწორედ ამის შემდეგ დადგა ყველაფერი თავდაყირა…

 

– აბა, წავედით! – მითხრა დედამ.

– სად?

– როგორ თუ სად, სკოლაში.

– არა.

-რა არა?

– არ წამოვალ.

– რაო? ვითომ რატომ?!

– იმიტომ, რომ აღარ ვაპირებ სკოლაში სიარულს. ვნახე ,მანდ რაც ხდება და საერთოდ არ დამაინტერესა. ოთახში იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელ-შესაკეთებელი. გროდუდუს დიდი ხნის წინ დავპირდი, რომ მისთვის ავაგებ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც დაეხმარება ადვილად იპოვოს ჩემი საწოლის ქვეშ ჩაფლული ყველა ძვალი. მე კი ჯერ კიდევ ვერ გამოვნახე ამისთვის დრო.

 

დედა ჩაიმუხლა, მე თავი დავხარე. ის დაჟინებით მთხოვდა სკოლაში წასვლას, მე ტირილი დავიწყე.

მან წამომაყენა, მე ღრიალი მოვრთე.

ჰოდა, ალიყურმაც არ დააყოვნა. მაშინ პირველად გამარტყა დედამ.

 

ესეც ასე!

ესეც შენი სკოლა!

ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი კოშმარი.

ამ დღის შემდეგ, ალბათ, მილიარდჯერ მაინც მომიხდა ამ ისტორიის მოსმენა, როდესაც ჩემი მშობლები მას უყვებოდნენ თავიანთ მეგობრებს, აღმზრდელებს, მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, ლოგოპედებს და მიმართულების მრჩევლებს. და ყოველ ჯერზე მაგონდებოდა, რომ მაინც ვერ შევძელი გროდუდუსთვის ძვლის დეტექტორის შექმნა.

ახლა ცამეტი წლის ვარ და მეექვსე კლასში ვსწავლობ. მთლად კარგად არ არის საქმე, ხომ? ახლავე აგიხსნით ყველაფერს. თქვენ კი, თუ არ შეწუხდებით, თითებზე გადაითვალეთ. ვივაჟკაცე და ორჯერ ჩავრჩი ერთსა და იმავე კლასში: მეორესა და მეექვსეში.

 

სკოლამ ნამდვილ დრამად აქცია ჩემი ოჯახის ყოფა. წარმოიდგინეთ -დედა ტირის და მამა ილანძღება. ან პირიქით, ახლა დედა იწყებს ლანძღვას და მამა დუმს. ძალიან მაწუხებს და მაუბედურებს მათი ამ დღეში დანახვა, მაგრამ რა ვქნა? რა შემიძლია გავაკეთო? ან რა უნდა ვთქვა ამ დროს? არაფერი. არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან პირი თუ გავაღე, ეს კიდევ უარესი იქნება. მათაც თითქოს აღარაფერი აქვთ სათქმელი და თუთიყუშებივით მხოლოდ ერთი და იგივეს იმეორებენ:

– იმუშავე!

– იმუშავე!იმუშავე! იმუშავე!

– იმუშავე!

 

კარგი ბატონო, გავიგე. ასეთი იდიოტიც არ ვარ! ძალიანაც მინდა მუშაობა, მაგრამ ამ მოწყენილობას რა ვუყო? სკოლაში რაც ხდება, ჩემთვის ყველაფერი ჩინურია, ერთ ყურში შედის და მეორედან გადის. მოკლედ, რომელ ექიმთან აღარ მიმიყვანეს: ჯერ თვალისო, მერე ყურისო, ბოლოს ტვინისაც გამოძებნეს და უამრავი ტყუილად დაკარგული დროის შემდეგ, გამოიტანეს დასკვნა, რომ თურმე კონცენტრაციის პრობლემა მქონია. ახალი ამბავი! ეს ხომ მეც მშვენივრად ვიცოდი, ეკითხათ და პასუხს არ დავამადლიდი. არავითარი პრობლემა არ მაქვს და არც არაფერი მჭირს. უბრალოდ, არ მიყვარს და არ მაინტერესებს ეს სკოლა.

არ მაინტერესებს და მორჩა. სულ ეგ არის.

სკოლაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვიყავი ბედნიერი. ეს იყო პირველ კლასში, როდესაც მარი მასწავლებელი მასწავლიდა. მე მას არასოდეს დავივიწყებ.
ახლა, როდესაც მასზე ვფიქრობ, ვხვდები, რატომ აირჩია მარიმ მასწავლებლობა. მას სურდა, მუდამ ის ეკეთებინა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა ცხოვრებაში, ანუ ჩხირკედელაობა, ხელმარჯვეობა, სხვადასხვა საინტერესო რამის გამოგონება და შექმნა. მარი მაშინვე შევიყვარე, პირველივე დღის პირველივე დილიდან. ის ატარებდა საკუთარი ხელით შეკერილ ტანსაცმელს, თავის მოქსოვილ ჯემპრს და მისივე ფანტაზიით შექმნილ სამკაულს. ყოველდღე რაღაც მიგვქონდა სახლში: მაგალითად, დაჭმუჭნილი ფურცლისგან გაკეთებული ზღარბი, კატა რძის ბოთლით ხელში ,წრუწუნა კაკლის ნაჭუჭში ,მობილური ტელეფონები, ნახატები, ნაძერწები, სხვადასხვა კოლაჟები…ეს იყო მასწავლებელი, რომელიც არ ელოდა დედის დღეს, რათა რამე მოგვეფიქრებინა. ის ამბობდა, რომ წარმატებული მხოლოდ ის დღე იყო, როდესაც ჩვენ რაიმე ახალს ვქმნიდით. ახლა, ამ ყველაფრის გახსენებისას, მეჩვენება, რომ სწორედ ეს ბედნიერებით სავსე წელი გახდა ყველა ჩემი შემდგომი უბედურების საწყისი, რადგან ზუსტად მაშინ მივხვდი ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: ამქვეყნად ყველაზე მეტად მაინტერესებს ჩემი ხელები და ის, რაც მათი მეშვეობით შეიძლება შევქმნა.

ძალიან კარგად ვიცი, რომ დავალებული ვარ მარისგან. სულ მცირე, პირველი კლასის დახურვის გამო მაინც. იმის გამოც, რომ მან გამიგო და მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე. მან იცოდა, რომ თვალზე მაშინვე ცრემლი მადგებოდა, როდესაც საკუთარი სახელის დაწერას მთხოვდნენ; რომ ზეპირად ვერაფერს ვსწავლობდი და ჩემთვის საბავშვო ლექსის წარმოთქმაც ტანჯვა იყო. სასწავლო წლის მიწურულს, ბოლო დღეს, მასთან გამოსამშვიდობებლად მივედი. ყელი გამომშრალი მქონდა, გული მეკუმშებოდა და ლაპარაკი ძალიან მიჭირდა. საჩუქარი გავუწოდე. ეს იყო ძალიან მაგარი, ფანქრების ჩასაწყობი ყუთი მრავალფუნქციური უჯრებით, სადაც შეეძლო ბევრი რამ შეენახა. მაგალითად, საკალმეები, ქაღალდის სარჭები თუ საშლელები. რამდენიმე საათის განმავლობაში ვამზადებდი და ვფუთავდი ამ საჩუქარს. სამაგიეროდ, დავინახე, როგორ ესიამოვნა ის ჩემს საყვარელ მასწავლებელს და ზუსტად ჩემსავით აღელდა, შემდეგ კი მითხრა:

– გრეგუარ, მეც მაქვს შენთვის საჩუქარი…

სქელი წიგნი აიღო:

– მომავალ წელს დიდებთან ერთად იქნები მადამ დარეს კლასში და ბევრი, ძალიან ბევრი უნდა იმეცადინო… იცი, რატომ?

თავი გავაქნიე.

– იმიტომ, რომ შეძლო იმ ყველაფრის კარგად წაკითხვა, რაც ამ წიგნში წერია…

შინ დაბრუნებულმა, დედას სათაურის წაკითხვა ვთხოვე. მან სქელი წიგნი მუხლებზე დაიდო და თქვა:

– ,,ათასი იდეა პატარა ხელმარჯვეებისათვის“- ოჰ, ოჰ, წარმოდგენაც არ მინდა, აქ რა არეულობა დატრიალდება!

 

დანახვისთანავე შევიძულე მადამ დარე. მძულდა მისი ხმა, მანერები და უაზრო მისწრაფება მოსწავლეების გამორჩევისკენ. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვისწავლე კითხვა, იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა კვერცხის ნაჭუჭისგან ბეჰემოტის გაკეთება, როგორც ეს მარის ნაჩუქარი წიგნის 124-ე გვერდზე ეწერა.

პირველი კლასის ბოლოს მარის ჩემი აკადემიური მოსწრების ფურცელში ჩაუწერია:

,,ამ ბიჭს გამჭრიახი გონება და ჯადოსური თითები აქვს,მაგრამ გულჩათხრობილია.შეიძლება მასთან მუშაობა და წარმატების მიღწევა“.

ჩემს ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად,განათლების მუშაკმა წყალწაღებული არ მიწოდა.

 

სხვათა შორის, უამრავი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, რომელთაც ჩემსავით გულზე არ ეხატებოდათ სკოლა. აი, თქვენ, მაგალითად, კაცმა რომ გკითხოთ, გიყვართ თუ არა სკოლა, თავს დავდებ, რომ მაშინვე „არას“ უპასუხებთ. სუპერბეჯითი და ფრიადოსანი უნდა იყო, ამ შეკითხვას დადებითად რომ უპასუხო. ან, იქნებ, იმდენად კარგი მოსწავლეებიც მოიძებნონ, რომელთათვისაც, უბრალოდ, ჰობია ყოველ დილით თავიანთი ნიჭიერების გამოცდა. ჰოდა, რა გამოდის… სინამდვილეში უყვარს ვინმეს სკოლა? არავის. და რამდენს ეზიზღება? არც ისე ცოტას. სწორედ ასეა. ქვეყნად ჩემსავით წყალწაღებული მოსწავლეებიც არიან, მასწავლებლები მერხზე რომ დააკაკუნებენ და ეს კიდევ სჯობიაო, რომ იტყვიან. მოსწავლეები, რომლებსაც ქრონიკული მუცლის ტკივილი აწუხებთ.

მე, მაგალითად, ჩემი მაღვიძარას დარეკვამდე ერთი საათით ადრე თვალები უკვე დაჭყეტილი მაქვს და ამ ერთი საათის განმავლობაში ვგრძნობ, თანდათან როგორ იმატებს და იმატებს მუცლის ტკივილი. ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან ჩამოსვლის დროს კი გული ისე მერევა, თითქოს ჩემს ოთახში კი არა, გემზე ვიყო, გაშლილ ზღვაში. ამ დროს საუზმე ნამდვილი ტანჯვაა. მართლა არაფრის გადაყლაპვის თავი არ მაქვს, მაგრამ რადგან დედაჩემი, ტრადიციულად, თავზე მადგას, იძულებული ვარ, რამდენიმე ლუკმა ორცხობილა შევჭამო. ავტობუსში ჩემი მუცლის ტკივილი ძალიან მძიმე ბურთად გადაიქცევა ხოლმე. თუ შემთხვევით რომელიმე კლასელს დავემგზავრე და ლაპარაკი ჩვენი საყვარელი მულტფილმის გმირ ზელდაზე წამოვიწყეთ ,მაშინ არაფერი მიჭირს, ტკივილი თანდათან იკლებს, სხვა შემთხვევაში კი მგუდავს. ყველაზე უარესად მაშინ ვარ, როდესაც უკვე სკოლის ეზოში შევდივარ. სკოლის თავისებური სუნი პირდაპირ ავად მხდის. წლები გადის და ადგილები იცვლება, მაგრამ სუნი იგივე რჩება – ცარცის და სხვადასხვანაირი, ძველი ბოტასის სუნი, რომელიც ყელში ჩამდის და გულს მირევს.

ჩემს მუცელში ტკივილის ბურთი დნობას ოთხი საათიდან იწყებს და საბოლოოდ ქრება, როდესაც სახლის კარს ხელახლა შევაღებ. ჩემი მშობლების სამსახურიდან დაბრუნების დროს, ტკივილი თავიდან წამოყოფს ხოლმე თავს. მით უმეტეს, სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ თუ არა, კითხვებით მიკლებენ იმის შესახებ, თუ როგორ გავატარე დღე, რა მოხდა ახალი და დღიურში ნიშნების გადასამოწმებლად ჩანთაში მიძვრებიან. თუმცა, ამ დროს ტკივილი იმდენად მძაფრი აღარაა და მოწოლილი ბურთიც ნაკლებად მძიმეა, რაც ალბათ იმით აიხსნება, რომ, ასე თუ ისე, მივეჩვიე ჩემს ოჯახურ კრიზისს.

არა, საბოლოოდ მაინც უნდა ვაღიარო, რომ წეღან ვიცრუე. არაფერსაც არ მივეჩვიე… ეს კრიზისი მეტისმეტად გაიწელა, ერთ ამბავს მეორე მიჰყვა და ძალიან ჩაიხლართა ყველაფერი. აღარ ვიცი, რა ვიღონო. ვეღარ ვუძლებ ამ სიტუაციას. საქმე იმაშია, რომ ჩემს მშობლებს ერთმანეთი აღარ უყვართ, მაგრამ ხალხში ამას არ აღიარებენ. სამაგიეროდ, სახლში არ აკლებენ ერთმანეთს ლანძღვა-გინებას. ყოველ საღამოს ,,კონცერტები“ აქვთ გამართული. ჰოდა, რადგანაც ჩხუბის წამოსაწყებად მიზეზია საჭირო, ხშირად საბაბად მე და ჩემს დამპალ ნიშნებს გვიყენებენ. ჩემი აზრით, ეს არის ორივეს ყველაზე დიდი შეცდომა. დედა, როგორც წესი, მამას საყვედურობს, რომ მას არასოდეს აქვს დრო საკუთარი შვილის მისახედად. მამა კი, თავის მხრივ, პასუხობს, რომ დედის მოვალეობა ბავშვის აღზრდაა და არა – მისი გატუტუცება.

 

როგორ მომბეზრდა, ღმერთო, როგორ მომბეზრდა…

ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი როგორ ამომივიდა ყელში.

 

ასეთი შემთხვევებისთვის ერთი ხერხი მაქვს – ყურებს ვიხშობ და ყურადღება მთლიანად ჩემს მაშინდელ საქმიანობაზე გადამაქვს. მაგალითად, ჩემი „ლეგო სისტემით“ კოსმოსურ ხომალდს ვაგებ, ანაკინ სკაიუოკერისთვის. ან მეკანოთი ვაწყობ აპარატს, რომლითაც კბილის პასტის ტუბის დაპრესვა იქნება შესაძლებელი, ან პატარა ხის ფიცრებით გიგანტურ პირამიდას ვაგებ. ამასობაში, საშინაო დავალებების შესრულების დრო მოდის და ჩემი ტანჯვა-წამებაც თავიდან იწყება. თუ დედა დამიჯდება დასახმარებლად, ბოლოს აუცილებლად ტირილით ამთავრებს, ხოლო თუ მამა – მაშინ უეჭველად მე ვტირი.

არ მინდა, ამ მონათხრობიდან ჩემს მშობლებზე ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, ან იფიქროთ, რომ ცუდად მექცევიან. არა, არა! პირიქით, ძალიან მაგრები არიან, ჰო, მაგრები… მშობლები მართლა ნორმალურები მყავს, რას ამბობ! უბრალოდ, ყველაფერი სკოლის ბრალია, ის აფუჭებს საქმეს. სხვათა შორის, სწორედ ამ კრიზისის და დაძაბული საღამოების თავიდან ასაცილებლად, კარგი გამოსავალი ვიპოვე და ეს ბოლო წელია, ჩემს უბის წიგნაკში დავალებების მხოლოდ ნახევარს ვინიშნავ. ეს, მართლაც რომ, ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ამის თქმა ვერაფრით გავბედე კოლეჯის დირექტორისათვის, როდესაც მის კაბინეტში აღმოვჩნდი ცრემლით სავსე თვალებით. აი, ასეთი სულელი ვარ!

 

ისე, კარგი ვქენი, რომ გავჩუმდი. ეს გასიებული ინდაური გამიგებდა, თუ რა?! ვერაფერსაც ვერ გამიგებდა. ამიტომაც გამრიცხა სკოლიდან მომდევნო თვეში.

სპორტის გაკვეთილის გამო გამომაგდო.

უნდა ვაღიარო, რომ სპორტსაც თითქმის ისევე ვერ ვიტან, როგორც სკოლას. ზუსტად ვიცი, თქვენ უფრო გამიგებთ და მიხვდებით, რომ მე და სავარჯიშო ხალიჩა ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილები. მე არც მაღალი ვარ, არც მოსული და არც ძლიერი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, დაბალი ვარ, უღონო და გაწრიპული.

ზოგჯერ, წამომივლის, სარკის წინ ვდგები, დოინჯს შემოვირტყამ და კუნთებს ვძაბავ. ცოტა უცნაური სანახავი კი ვარ, კაცს ეგონება, ჭიაყელა ბოდიბილდინგში ვარჯიშობს, ან ტიპი ლეგიონერ ასტერიქსად გადაქცევას ლამობსო. ერთი შეხედვით, იქნებ მხარბეჭიანიც მოვჩვენებოდი ვინმეს, მაგრამ გამოვძვრები თუ არა სხვისი ტყავიდან, ხელში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლაჩარი და ვაიგმირი შემრჩება ხოლმე. ყოველთვის ეს აზრები მომდის თავში, როდესაც სარკეში ჩემს ანარეკლს ვხედავ.

 

დიახ, ვაღიარებ, რომ ამ ცხოვრებაში ბევრ რამეს თავს ვერ ვართმევ, კი ბატონო. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, რაღაცეებზე თვალი თუ არ დახუჭე, საერთოდ მოგეღება ბოლო და გაბანძდები. იგივე ლოგიკის მიხედვით, შარშან ყველაზე უსარგებლო საგანზე, – სპორტის გაკვეთილზე ,,დავხუჭე თვალი“. რაკი ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე, ისიც უნდა დავწერო, რომ ერთხელ მაგარი სასაცილო ამბავი გადამხდა თავს. საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში არ მიცინია ისე გულით და არ მიხარხარია ისე გიჟურად, როგორც იმ დღეს, მადამ ბერლურონის გაკვეთილზე, სპორტულ დარბაზში.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო.

– გრეგუარ დიუბოსკი, – წარმოთქვა მან, ისე რომ ცხვირი არ ამოუყვია საკლასო ჟურნალიდან.

– ვარ!

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა, კუჭი ამეშლებოდა და ყველას წინაშე თავი მომეჭრებოდა. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. წინ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ყურში მაშინვე ბავშვების ქირქილი ჩამესმა.

ამჯერად ისინი ჩემს უცოდინრობაზე კი არა, სიარულის მანერაზე იცინოდნენ. იმ დღეს სპორტული ფორმა სახლში დამრჩა, თან ამ სემესტრში მესამედ და ტანსაცმელი ბენჟამენის ძმისგან ვითხოვე, რომ არ დავსჯილიყავი და გაკვეთილების შემდეგ არ დავეტოვებინე (წელს უკვე იმდენჯერ ვარ ამ მეთოდით დასჯილი, ზოგი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ ასწრებს). სამწუხაროდ, ბენჟამენის ძმა მწვანე გიგანტის, ჰალკის კლონი აღმოჩნდა და მისი სიმაღლე ერთი მეტრი და ოთხმოცდაათი სანტიმეტრი იყო.

ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ ვცურავდი ამ XXL ზომის ტანსაცმელსა და 45 ზომის სპორტულ ფეხსაცმელში, რომელიც ნამდვილად არ მიჭერდა. აშკარად წარუმატებელი იდეა იყო…

 

– ეს რა ჯანდაბა ჩაგიცვამს?-,,დედაშვილური მზრუნველობა’’ ჩანდა მადამ ბერლურონის ღრიალში.

მე თავი მოვისულელე და ვუთხარი:

– ჰო, არც მე მესმის, მასწ, არადა, წინა კვირას კარგად მქონდა… ვერაფერი გავიგე…

ბრაზისგან ლამის გასკდა:

– ფეხები მიადგით და წინ ორჯერ გადატრიალდით.

პირველი ყირა კატასტროფულად ცუდად გამომივიდა და ცალი ფეხსაცმელიც გამძვრა. გავიგონე, როგორ დამცინეს კლასელებმა და მათი გულის გასახარად, მეორე ფეხსაცმელიც მოვიშორე. პირდაპირ ჭერში ვისროლე.

წამოდგომისას, ტრუსი თითქმის გამომიჩნდა, რადგან შარვალი ნახევრად ჩამძვრალი მქონდა. მადამ ბერლურონი გაცეცხლებული იყო, ბავშვები კი სიცილით იხოცებოდნენ. ამჯერად ეს არ იყო ბოროტი სიცილი, ეს იყო ისეთი გულიანი ხარხარი, როგორიც მხოლოდ ცირკში შეიძლება წაგსკდეს. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, რომ ამ სპორტული დარბაზის კლოუნი გავმხდარიყავი – მადამ ბერლურონის პირადი მასხარა. როდესაც სხვებს აცინებ, გული შენც გითბება და ნარკომანივით გიჩნდება მოთხოვნილება, კიდევ უფრო მეტჯერ და მეტჯერ გააცინო.

მადამ ბერლურონმა უკვე იმდენჯერ დამსაჯა, რომ ჩემს დღიურში თავისუფალი ფურცელი აღარ დარჩა. საბოლოოდ, იმდღევანდელი ამბის გამო, სკოლიდანაც გამომაგდეს, მაგრამ ამას საერთოდ არ ვნანობ. ამის წყალობით, სკოლაში ყოფნის პერიოდში პირველად ვიგრძენი თავი გამოსადეგად.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: 35 კილო იმედი, ანა გავალდა, აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ეკა ტაბლიაშვილი, ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი, მარიამ გიგუაშვილი, სოფია ბარშოვა, ქართული თარგმანი

ბერნარ ვერბერი. “ჭიანჭველები”

$
0
0

ბერნარ ვერბერი.

ჭიანჭველები

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – ეკატერინე სუმბათაშვილი

რედაქტორი – ხათუნა ნონიაშვილი

დიზაინი – ეკა ტაბლიაშვილი 

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

 

ბერნარ ვერბერი

ჭიანჭველების ტრილოგია

ჭიანჭველები

ჭიანჭველების დღე

ჭიანჭველების რევოლუცია

 

1

გამღვიძებელი

 

აი, ნახავთ, სრულებით არ იქნება ისეთი, როგორიც წარმოგიდგენიათ.

ნოტარიუსმა აუხსნა, რომ შენობა ისტორიულ ძეგლად იყო შეფასებული და იქ რენესანსის ეპოქის ბრძენი ადამიანები ცხოვრობდნენ, თუმცა მათი სახელები ვერ გაიხსენა.
კიბეზე ავიდნენ და აღმოჩნდნენ ბნელ დერეფანში, სადაც ნოტარიუსი კარგა ხანს ხელის ცეცებით ამაოდ ეძებდა ჩამრთველს, ბოლოს თქვა:

– ოჰ, ჯანდაბა! არ მუშაობს.

სიბნელეში კედლებზე ურტყამდნენ ხელებს და გზას ისე მიიკვლევდნენ. ბოლოს ნოტარიუსმა, როგორც იქნა, საჭირო კარს მიაგნო, გააღო, ამჯერად წარმატებით დააჭირა ხელი ჩამრთველს და დაინახა, რომ მის კლიენტს სახეზე ფერი აღარ ედო.

– ცუდად ხართ, მესიე უელს?

– ერთგვარი ფობიაა. არა უშავს.

– სიბნელის შიში?

– დიახ, ასეა. მაგრამ ახლა უკეთ ვარ.

ოთახები დაათვალიერეს. ეს გახლდათ ორასი კვადრატული მეტრი ფართობის ბინა მიწისქვეშა სართულზე. მართალია, გარე სამყაროს მხოლოდ რამდენიმე, ვიწრო და ლამის ჭერთან მიკრული ფანჯრებით უკავშირდებოდა, მაგრამ ჯონათანს ბინა მოეწონა. კედლებზე ერთნაირი რუხი შპალერი გაეკრათ და ყველგან მტვერი იდო. თუმცა ამის გამო წუწუნს არ აპირებდა.
მისი ამჟამინდელი ბინა ფართობით ამის მეხუთედი თუ იქნებოდა. გარდა ამისა, ქირის გადახდის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა; საზეინკლომ, სადაც ჯონათანი მუშაობდა, გადაწყვიტა, მის გარეშე გაეგრძელებინა ფუნქციონირება.

ბიძია ედმონდის დანატოვარი ეს მემკვიდრეობა მართლაც ის სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ, რაზედაც ვერც კი იოცნებებდა.

 

ორი დღის შემდეგ ჯონათანი, მისი მეუღლე ლიუსი, მათი ვაჟი ნიკოლა და ძაღლი, დაკოდილი ჯუჯა პუდელი კარზაზატი, სიბარიტების ქუჩის 3 ნომერში დასახლდნენ.

– ვერ ვიტყვი, რომ ეს რუხი კედლები არ მომწონს, – განაცხადა ლიუსიმ და თავისი სქელი, წითური თმა აიწია, – ისეთ დეკორს შევარჩევთ, როგორიც გვინდა. აქ ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი. ეს იმას ჰგავს, ციხე სასტუმროდ რომ უნდა გადააკეთო.

– ჩემი ოთახი სად არის? – იკითხა ნიკოლამ.

– ბოლოში და მარჯვნივ.

– ვაუ, ვაუ, – დაიყეფა ძაღლმა და ლიუსის ქუსლზე უკბინა, თუმცა სრულებით არ გაუთვალისწინებია, რომ ამ დროს მას ხელში ქორწილში ნაჩუქარი ჭურჭელი ეჭირა.

ძაღლი მაშინვე ტუალეტში ჩაკეტეს; გასაღებიც გადააბრუნეს, იმიტომ რომ კარის სახელურის ჩამოწევა შეეძლო.

– კარგად იცნობდი შენს მფლანგველ ბიძას? – განაგრძო ლიუსიმ.

– ბიძია ედმონდს? სიმართლე გითხრა, მარტო ის მახსოვს, ჰაერში როგორ ამიტაცებდა ხოლმე, ვითომ თვითმფრინავით მივფრინავდი. ერთხელ ისე შემეშინდა, ზემოდან დავაფსი.

ორივეს გაეცინა.

– უკვე მაშინ იყავი მხდალი, ასეა? – გამოაჯავრა ლიუსიმ.

ჯონათანმა თავი მოაჩვენა, ვითომ ვერ გაიგო.

– ჩემზე არ გაჯავრებულა. დედაჩემს მარტო ეს უთხრა: “კარგი, ის მაინც გავიგეთ, რომ მისგან მფრინავი არ გამოვა…” მერე დედა მეუბნებოდა, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალს ჩემს ცხოვრებას, თუმცა მეტად აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს.

– რას საქმიანობდა?

– მეცნიერი იყო. როგორც მახსოვს, ბიოლოგი.

ჯონათანი ჩაფიქრდა. სინამდვილეში არაფერიც არ იცოდა თავისი კეთილისმყოფლის შესახებ.

 

აქედან

6 კმ-ის დაშორებით:

ბელ-ო-კანი,

სიმაღლე 1 მ.

50 სართული მიწის ქვეშ.

50 სართული მიწის ზევით.

რეგიონის ყველაზე დიდი ქალაქი.

მობინადრეთა რაოდენობა მიახლოებით: 18 მლნ მცხოვრები.

 

წლიური წარმოება

– 50 ლ ბუგრის ბადაგი.

– 10 ლ ჭიაფერის ბადაგი.

– 4 კგ ქამა სოკო.

– გაჭრილი ხრეში: 1 ტონა.

– გასავლელად ვარგისი დერეფნების სიგრძე კილომეტრობით: 120.

– დაკავებული ფართობი ნიადაგში:L2 მ2.

 

მზის სხივი მოხვდა. თათი შეინძრა. ეს იყო პირველი ჟესტი ზამთრის ძილის დაწყებიდან, ბოლო სამი თვის განმავლობაში. წინ გაიწია ორი კლანჭით დაბოლოებულმა მეორე თათმა. კლანჭები ერთმანეთს ნელ-ნელა შორდება. მესამე თათი მოდუნდა. მერე მკერდი. მერე მთელი არსება. შემდეგ თორმეტი არსება.

ცახცახებენ, რათა სისხლს არტერიების ქსელში ცირკულაცია გაუადვილონ. ბლანტი სისხლი ლიქიორს ემსგავსება, მერე კი თხევად მდგომარეობაში გადადის. ნელ-ნელა მუშაობას იწყებს გულიც. სასიცოცხლო სითხეს კიდურებისკენ გადაქაჩავს. ბიომექანიკა თბება. ჰიპერკომპლექსური სახსრები ტრიალებს. დამცავფარებიანი მუხლის ფიალების უკიდურესად გაჭიმვას ცდილობენ.

დგებიან. სხეულები სუნთქავს. მოძრაობები ჯერ დაუხვეწავია. შენელებულ ცეკვას ჰგავს. ოდნავ მოხრილები არიან, ტანს იფერთხავენ. თათები პირის წინ შეუტყუპებიათ მლოცველებივით, მაგრამ სინამდვილეში კლანჭებს ისველებენ, რომ ანტენები გაიპრიალონ.

თორმეტიოდე გაღვიძებული ერთმანეთს რიგრიგობით ზელს. მერე მეზობლების გაღვიძებას ცდილობენ. მაგრამ საკუთარი სხეულის სამოძრაოდ ძალა ძლივს ჰყოფნით, სხვისთვის შესათავაზებელი ენერგია არ აქვთ. ამიტომ სხვების გაღვიძებას ჯერჯერობით თავს ანებებენ.

გაჭირვებით მიემართებიან თავიანთი დების სხეულებს შორის. დიადი ექსტერიერისკენ მიდიან. მათმა ცივსისხლიანმა ორგანიზმმა დღის მნათობის კალორიები უნდა შეიწოვოს.
ღონემიხდილები მიიწევენ. ყოველი ნაბიჯი ტკივილია. როგორ უნდათ ისევ დაწოლა და დანარჩენი მილიონობით მათნაირივით მშვიდად ყოფნა! მაგრამ არა. მათ პირველებმა გაიღვიძეს. ახლა მთელი ქალაქი უნდა გააღვიძონ.

ქალაქის გალავანს კვეთენ. მზის სინათლე აბრმავებს, მაგრამ ბუნებრივ ენერგიასთან კონტაქტი ძალიან სასიამოვნოა.

მზე შემოდის ჩვენს ღრუ ჩონჩხში,

მიძინებულ კუნთებს აამოძრავებს

და გაფანტულ ფიქრებს თავს უყრის.

 

ეს მეასე ათასწლეულის წითური ჭიანჭველას ძველი საგალობელია. ჯერ კიდევ მაშინ, პირველივე თბილი კონტაქტის შემდეგ, ჰქონდათ სურვილი, გონებაში ხოტბა შეესხათ მნათობისთვის.

გარეთ გასვლისთანავე მეთოდურად იწყებენ სხეულის დაბანას. გამოყოფილი თეთრი ნერწყვით ისველებენ ყბებსა და თათებს.

ივარცხნიან. ეს უცვლელი რიტუალია. ჯერ თვალები. ათას სამასი პაწაწინა ილუმინატორი, რომლისგანაც თითოეული სფერული თვალი შედგება, მტვრისგან უნდა გაიწმინდოს, დასველდეს, შემდეგ გაშრეს. იგივე ეხება ანტენებს, ქვედა, საშუალო და ზედა კიდურებს. ბოლოს თავიანთ ულამაზეს წითურ აბჯრებს აპრიალებენ იქამდე, ვიდრე ცეცხლის ნაპერწკლებივით არ აელვარდებიან.

 

გაღვიძებულ თორმეტ ჭიანჭველას შორის არის გამრავლების უნარის მქონე მამალი. ბელ-ო-კანის მოსახლეობის უმრავლესობასთან შედარებით მომცრო სხეული აქვს. ვიწრო ყბებიანია, მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლისთვისაა დაპროგრამებული, მაგრამ ისეთი თვისებებით დაჯილდოებული, თანამოძმეებს ვერც კი წარმოუდგენიათ.

მისი კასტის პირველი უპირატესობა: სქესობრივი ნიშნის მქონეს, ხუთი თვალი აქვს. ორი დიდი წრიული თვალი 1800-ით მზერის საშუალებას აძლევს. შუბლზე სამი პატარა ოცელუსი სამკუთხედადაა განლაგებული. ეს დამატებითი თვალები სინამდვილეში ინფრაწითელი დამჭერებია, რომელთა მეშვეობით შორს არსებული სითბოს ნებისმიერი წყაროს მიგნება შეუძლია, სრულ სიბნელეშიც კი.

ასეთი მახასიათებელი იმიტომ არის მეტად დასაფასებელი, რომ მეასიათასე ათასწლეულის დიდი ქალაქების ბინადრები სრულებით დაბრმავდნენ, რადგან არსებობის დიდ ნაწილს მიწის ქვეშ ატარებენ.

მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება მისი თავისებურება. მას ფრთებიც აქვს (დედალი ჭიანჭველების მსგავსად), რაც ერთ დღეს გაფრენისა და შეწყვილების საშუალებას მისცემს.
მამალი ჭიანჭველას მკერდს განსაკუთრებულად იცავს ჯავშანივით ფირფიტა: მეზოტონიუმი.

მისი ანტენები უფრო გრძელი და მგრძნობიარეა, ვიდრე ქალაქის დანარჩენი ბინადრების.

ეს ახალგაზრდა, გამრავლების უნარის მქონე მამალი ჭიანჭველა დიდხანს რჩება გარეთ, გუმბათის თავზე, მზეს ეფიცხება. კარგად გათბობის შემდეგ ქალაქში ბრუნდება. დროებით `თერმული შიკრიკების~ კასტის წევრია.

მესამე ქვედა სართულის დერეფნებში მოძრაობს. აქ ყველას ჯერ კიდევ ღრმა ძილით სძინავს. გაყინული სხეულები გაშეშებულია. ანტენები უქმადაა.

ჭიანჭველები ჯერ ისევ სიზმრებს ხედავენ.

ახალგაზრდა მამალი თათს დედალი მუშა ჭიანჭველასკენ იშვერს, რომ თავისი სხეულის სითბოთი გამოაღვიძოს. თბილი კონტაქტი სასიამოვნო ელექტროგანმუხტვას იწვევს.

 

მეორე ზარზე კართან თაგვისებური ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაისმა. ბებია ოგიუსტას მცირე ხანი დასჭირდა ჯაჭვის მოსახსნელად, მერე კარი გაიღო.

ორი შვილის გარდაცვალების შემდეგ განმარტოებულად ცხოვრობდა ამ ოცდაათი კვადრატული მეტრის ფართობის ბინაში, მოგონებების ტყვეობაში. ეს კარგი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ ბუნებისგან ბოძებული მისი გულკეთილობა ცხოვრების ამგვარი წესით სრულებით არ შემცირებულა.

– მესმის, ამის მოთხოვნა სასაცილოა, მაგრამ ფაჩუჩები აიღე. პარკეტი ახლახან გავაპრიალე.

ჯონათანი დაემორჩილა. მოხუცებული მის წინ მიჩოჩავდა და მიუძღოდა მისაღები ოთახისკენ, სადაც ავეჯის უმეტესობა შალითით იყო დაფარული. დიდი სავარძლის კიდეზე ჩამომჯდარმა, სურვილის მიუხედავად ჭრაჭუნის ხმის ჩახშობა ვერ მოახერხა.

– შენი ნახვა ძალიან მიხარია… შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ ამ დღეებში შენთან დარეკვას ვაპირებდი.

– მართლა?

– წარმოიდგინე, ედმონდმა შენთვის გადმოსაცემად რაღაც დამიტოვა. წერილია. ასე მითხრა: თუ მოვკვდი, ეს წერილი, რადაც უნდა დაგიჯდეს, ჯონათანს გადაეციო.

– წერილი?

– წერილი, ჰო, წერილი… ჰმმმ, აღარ მახსოვს სად დავდე. ერთ წამს დამაცადე… წერილს მაძლევს, ვეუბნები, რომ შევინახავ, და ყუთში ვდებ. ეს დიდი კარადის თუნუქის ყუთებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს.

მოხუცებულმა ის იყო, ფაჩუჩებით დააპირა გასვლა, მაგრამ მესამე ნაბიჯზე ფეხი გაუსრიალდა.

– რა სულელივით ვიქცევი! როგორ შეიძლება სტუმრის ასე მიღება! ცოცხანას ნაყენს დალევ?

– სიამოვნებით.

ქალი სამზარეულოში გავიდა და ქვაბები აახმაურა.

– ჯონათან, მომიყევი შენი ამბავი! _ დაუძახა სამზარეულოდან.

– რა ვიცი, არ მიმართლებს. სამსახურიდან დამითხოვეს.

გამოღებულ კარში სულ ერთი წუთით ბებიის თეთრი ზაზუნას მსგავსი პატარა თავი გამოჩნდა, მერე თავადაც ზღურბლზე დადგა, მკაცრი სახე ჰქონდა და ლურჯი წინსაფარი ეკეთა.

– სამსახურიდან გაგაგდეს?

– ჰო.

– რატომ?

– ხომ იცი, საზეინკლოს თავისი სპეციფიკა აქვს. ჩვენი საწარმო, “SOS ზეინკალი” კვირაში შვიდ დღეს, დღე-ღამეში ოცდაოთხ საათს მუშაობს პარიზის ყველა უბნისთვის. ჰოდა, მას შემდეგ, რაც ერთ საღამოს ჩვენს თანამშრომელს თავს დაესხნენ, უარი ვთქვი საშიშ უბნებში საღამოობით გასვლაზე და გამომაგდეს.

– სწორადაც მოქცეულხარ. უმჯობესია უმუშევარი და ჯანმრთელი იყო, ვიდრე პირიქით.

– გარდა ამისა, შეფსაც ვერ ვეწყობოდი.

– და შენი ექსპერიმენტები უტოპიური კომუნების ჩამოსაყალიბებლად? ჩემს ახალგაზრდობაში მაგათ ეძახდნენ “New Age კომუნებს” (ჩაეღიმა, და ისე უცნაურად წარმოთქვა, მათ გონებაში აშკარად “მავნებლების კომუნას” ეძახდა).

– მაგასაც თავი მივანებე მას შემდეგ, რაც პირენეებში ფერმის მშენებლობა ჩაფლავდა. ლიუსის მოჰბეზრდა ყველასთვის საჭმლის კეთება და ჭურჭლის რეცხვა. ჩვენ შორის პარაზიტებიც აღმოჩნდნენ. ერთმანეთს წავეჩხუბეთ. ახლა მხოლოდ ლიუსისთან და ნიკოლასთან ერთად ვცხოვრობ… ბებო, შენ როგორ ხარ?

– მე? ვარსებობ! ამას სიცოცხლის თითოეული წამი სჭირდება.

– იღბლიანი ხარ! შენ ხომ ათასწლეულის შეცვლას მოესწარი…

– ოჰ! იცი რა გითხრა, ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, რომ არაფერი შეცვლილა. ადრე, სულ ახალგაზრდა რომ ვიყავი, ამბობდნენ, ათასწლეულის შეცვლის შემდეგ არაჩვეულებრივი ამბები მოხდებაო და თავადაც ხედავ, ყველაფერი ისევ ისეა. მოხუცები მარტო ცხოვრობენ, ისევ არიან უმუშევრები, მანქანებს ისევ აქვთ გამონაბოლქვი. იდეებიც კი არ იცვლება. დააკვირდი, გასულ წელს ხელახლა აღმოაჩინეს სიურრეალიზმი, იმის წინ როკ-ენ-როლი, და გაზეთები იმასაც წერენ, რომ ამ ზაფხულს მინი ქვედაკაბები გახდება მოდური. თუ ასე გაგრძელდა, დროა, გასული საუკუნის იდეებიც ამოვქექოთ: კომუნიზმი, ფსიქოანალიზი და ფარდობითობა…

ჯონათანმა გაიღიმა.

– ჰო, მაგრამ რაღაც მაინც გაუმჯობესდა: ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ მოიმატა, ისევე როგორც განქორწინებათა რიცხვმა, ჰაერის დაბინძურებამ, დაგრძელდა მეტროს ხაზი…

– მშვენიერია, ვერაფერს იტყვი. მე კიდევ მეგონა, დრო მოვიდოდა და ჩვენი აივნიდან შევძლებდით თვითმფრინავში ჩაჯდომას… იცი, ჩემს ახალგაზრდობაში ადამიანებს ატომური ომის ეშინოდათ. და ეს არაჩვეულებრივი შიში იყო. ასი წლისა მოკვდე გიგანტური ატომური ქუდისგან დაფერფლილი, მოკვდე პლანეტასთან ერთად… ეს ხომ მართლაც რაღაცას ნიშნავს. ამის მაგივრად კი ძველი დამპალი კარტოფილივით უნდა ჩავძაღლდე. და ამას ყველა ფეხებზე დაიკიდებს.

– რას ამბობ, ბებია, რას ამბობ.

მოხუცებულმა შუბლზე ხელი გადაისვა.

– გარდა ამისა, ცხელა, უფრო და უფრო მეტად. ჩემს დროს ასეთი სიცხეები არ იდგა. ნამდვილი ზამთარი და ნამდვილი ზაფხული არსებობდა. ახლა კი პაპანაქება მარტის თვიდან იწყება.
მერე ისევ სამზარეულოში შებრუნდა და არნახული სიმკვირცხლით იყენებდა ყველაფერს, რაც ნამდვილი, კარგი ცოცხანას ნაყენის მომზადებას სჭირდება. როცა ასანთს გაჰკრა და ქურის ძველისძველ მილში გაზის შიშინი გაისმა, ქალი ცოტათი დამშვიდებული დაბრუნდა მისაღებ ოთახში.

– მაგრამ რაღაც კონკრეტული მიზნით უნდა იყო მოსული. ისეთი დროა, მოხუცების სანახავად ტყუილუბრალოდ არ მიდიან.

– ნუ ხარ ასეთი ცინიკოსი, ბებია.

– არ ვარ ცინიკოსი, კარგად ვიცი როგორ სამყაროში ვცხოვრობ, ეს არის და ეს. მიდი, მიკიბ-მოკიბვის გარეშე მითხარი, რამ მოგიყვანა.

– მინდა, რომ “მასზე” მომიყვე. ბინა დამიტოვა მემკვიდრეობით, მე კი ის სრულებით აღარ მახსოვს.

– ედმონდი? ედმონდი აღარ გახსოვს? არადა, პატარა როცა იყავი, ჰაერში აგახტუნებდა ხოლმე, ეს თამაში ძალიან უყვარდა. მახსოვს, ერთხელ…

– ჰო, ეგ მეც მახსოვს, მაგრამ ამ სასაცილო შემთხვევის გარდა, სხვა არაფერი ვიცი.

მოხუცებული დიდ სავარძელში ფრთხილად ჩაჯდა, რომ შალითა ძალიან არ დაჭმუჭნილიყო.

– ედმონდი, ეს… ჰმმმ… ნამდვილი პიროვნება იყო. ბიძაშენი პატარაობიდანვე ჩემი თავის ტკივილი გახდა. მისი დედობა სრულებით არ იყო ადვილი. მაგალითად, სისტემატურად შლიდა ყველა სათამაშოს, რომ ენახა, შიგნით როგორ იყო მოწყობილი, მაგრამ თავიდან აწყობა იშვიათად თუ მოაფიქრდებოდა. და მარტო სათამაშოები რომ დაეშალა, ვინ ჩივის. შლიდა ყველაფერს: საათს, ფირსაკრავს, ელექტრონულ კბილის ჯაგრისს. ერთხელ მაცივარიც კი დაშალა.

თითქოს მისი ნათქვამის დადასტურება სურსო, მისაღები ოთახის კედლის საათმა პირქუშად დაიგუგუნა. მასაც არაერთხელ უწვნევია თავის თავზე პატარა ედმონდის ხელი.

– გარდა ამისა, სხვა გატაცებაც ჰქონდა: ბუნაგები. მთელ სახლს გადააქოთებდა ხოლმე, ოღონდ კი თავშესაფარი მოეწყო. ერთი საბნებისა და ქოლგებისგან ააგო სხვენზე, მეორე თავის საძინებელ ოთახში სკამებისა და ქურქებისგან. უყვარდა შიგნით შეძვრომა და საათობით იჯდა, იმ საგანძურთან ერთად, რასაც დააგროვებდა. ერთხელ ვუყურებდი და იქაურობა გაავსო ბალიშებით, ასევე სხვადასხვა მექანიზმიდან ამოცლილი დეტალებით. თუმცა, ყველაფერი ძალიან ფაფუკი და რბილი ჩანდა.

– ყველა ბავშვი ასე იქცევა.

– შეიძლება, მაგრამ მის შემთხვევაში ამ ყველაფერს რაღაც განსაცვიფრებელი მასშტაბები ჰქონდა. საწოლში ჩაწოლაზე უარს ამბობდა, მხოლოდ ასეთ ბუნაგებში იძინებდა. ზოგჯერ დღეების განმავლობაში გაუნძრევლად იწვა. თითქოს ზამთრის ძილს მისცემიაო. დედაშენი ამბობდა, წინა ცხოვრებაში ციყვი უნდა ყოფილიყოო.

ჯონათანმა გაიღიმა, რომ ბებიას ლაპარაკი გაეგრძელებინა.

– ერთ დღესაც მისაღებ ოთახში მაგიდის ფეხებს შორის მოინდომა ქოხის აშენება. ეს იყო ბოლო წვეთი, რომელმაც ბაბუაშენი წყობიდან გამოიყვანა. საერთოდ, ძალიან იშვიათად ბრაზდებოდა, მაგრამ იმ დღეს გატყიპა, ყველა ბუნაგი მოუშალა და საწოლში დაძინება აიძულა.

ქალმა ამოიოხრა.

– იმ დღის შემდეგ საერთოდ წავიდა ხელიდან. თითქოს ჭიპლარი გადაჭრეს. ჩვენ აღარ ვიყავით მისი სამყაროს ნაწილი. მაგრამ, ჩემი აზრით, ასე მოქცევა აუცილებელი იყო, უნდა მიმხვდარიყო, რომ მუდმივად მისი კაპრიზები ვერ შესრულდებოდა. მერე, ასაკის მატებასთან ერთად, ახალი პრობლემები გაჩნდა. სკოლას ვერ იტანდა. ახლა მეტყვი, რომ “ყველა ბავშვი ასეა”, მაგრამ რამდენი იცი, ვინც ტუალეტში ქამრით თავს იხრჩობს, იმიტომ რომ გაკვეთილზე მასწავლებელმა შენიშვნა მისცა? შვიდი წლის იყო, თავის ჩამოხრჩობა რომ სცადა. დამლაგებელმა ჩამოხსნა.

– ალბათ, ძალიან მგრძნობიარე იყო…

– მგრძნობიარე? რას ამბობ! ერთი წლის შემდეგ მაკრატლით მასწავლებლის დაჭრა სცადა. იმ საგნებში, რომლებიც აინტერესებდა, ოცი ქულა ჰქონდა, მაგრამ – ნული ყველა დანარჩენში. მუდამ ასე იყო – ნული და ოცი.

– დედა ამბობდა, გენიალური იყოო.

– დედაშენი მონუსხული ჰყავდა, იმიტომ რომ ეუბნებოდა, თითქოს “აბსოლუტური ცოდნის” მიღებას ცდილობდა. დედაშენი, რომელსაც ათი წლის ასაკიდან სჯეროდა წინა ცხოვრების არსებობის, მას აინშტაინის თუ ლეონარდო და ვინჩის ინკარნაციად მიიჩნევდა.

– და ციყვის აღარ?

– რატომაც არა? “სულისთვის მრავალი ცხოვრებაა საჭირო”, როგორც ბუდა ამბობს.

– ინტელექტის შესამოწმებელი ტესტები თუ ჰქონდა გავლილი?

– კი. მაგრამ ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდა. ას ოთხმოციდან ოცდასამი ქულა მიიღო, რაც “ცოტათი დებილს” შეესაბამება. მასწავლებლები გიჟად მიიჩნევდნენ და სპეციალიზებულ ცენტრში მოთავსების საჭიროებაზე ალაპარაკდნენ. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, გიჟი რომ არ იყო. ის “გვერდით” გახლდათ, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. მახსოვს ერთხელ, ოჰ, მაშინ თერთმეტი წლის იქნებოდა, გამოსაცდელად ასანთის ექვსი ღერით ოთხი ტოლგვერდა სამკუთხედის აგება შემომთავაზა. ნახავ, სრულებით არ არის ადვილი საქმე…

მოხუცებული სამზარეულოში გავიდა, ჩაიდანს თვალი შეავლო და ასანთის ექვსი ღერით ხელში მისაღებ ოთახში დაბრუნდა. ჯონათანი ერთხანს ყოყმანობდა. თითქოს ძნელი არ იყო. ექვსი ღერი სხვადასხვანაირად დაალაგა, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია და ბოლოს დანებდა.

– როგორ უნდა დააწყო?

ბებია ოგიუსტა ჩაფიქრდა.

– მე მგონი, არც არასოდეს გაუმხელია ჩემთვის. მხოლოდ ის მახსოვს, როცა ამის გაკეთებას ვცდილობდი, ასეთი რამ მითხრა: “განსხვავებულად უნდა იფიქრო. თუ მხოლოდ ისე იფიქრე, როგორც ეს საყოველთაოდაა მიღებული, ვერასოდეს მიაღწევ შედეგს”. წარმოგიდგენია, თერთმეტი წლის ღლაპმა ასეთი რამ მითხრა! ოჰ! მე მგონი, ჩაიდანი უსტვენს. წყალი უკვე ცხელი იქნება.

რამდენიმე წუთის შემდეგ ორი ჭიქით ხელში დაბრუნდა, რომლებშიც ცხელი, სურნელოვანი, მოყვითალო სითხე ესხა.

– იცი, მიხარია ბიძაშენის ამბავი რომ გაინტერესებს. დღეს ადამიანები კვდებიან და ისიც კი ავიწყდებათ, რომ საერთოდ არსებობდნენ.

ჯონათანმა ასანთის ღერებს თავი ანება და ფრთხილად მოსვა რამდენიმე ყლუპი ცოცხანას ნაყენი.

– მერე რა მოხდა?

– არ ვიცი. უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლა დაიწყო თუ არა, მასთან კავშირი აღარ გვქონია. დედაშენისგან ყურმოკვრით გავიგე, რომ სადოქტორო დისერტაცია ბრწყინვალედ დაიცვა, მერე საკვების მწარმოებელი კომპანიისთვის მუშაობდა, რომელიც მიატოვა და აფრიკაში სამოგზაუროდ წავიდა. მერე დასახლდა სიბარიტების ქუჩაზე, სადაც მის შესახებ არავის არაფერი სმენია გარდაცვალებამდე.

– რა ვითარებაში მოკვდა?

– ოჰ! არ იცი? ამაზე ყველა გაზეთი და ჟურნალი წერდა! დაუჯერებელი ამბავია. წარმოიდგინე, კრაზანებმა მოკლეს.

– კრაზანებმა? როგორ?

– ტყეში სასეირნოდ იყო წასული. ეტყობა მოულოდნელად კრაზანების გუნდს გადააწყდა. ყველა მას მიესია. ექსპერტიზის ექიმმა თქვა: “ერთი ადამიანის სხეულზე ამდენი ნაკბენი არასოდეს მინახავს!”, სისხლის ყოველ ლიტრზე 0,3 გრამი შხამი მოდიოდა. ასეთი რამ არავის სმენია.

– მისი საფლავი თუ არსებობს?

– არა. ანდერძით ტყეში, ფიჭვის ძირას დაკრძალვა ითხოვა.

– ფოტო თუ გაქვს?

– აი იქ, კედელზე, კამოდის თავზე ნახე. მარჯვნივ სიუზია, დედაშენი (ასეთი ახალგაზრდა თუ გინახავს?). მარცხნივ – ედმონდი.

გამელოტებული შუბლი ჰქონდა, პატარა წვეტიანი ულვაშები, ყურები, ბიბილოების გარეშე, კაფკასავით წარბებს ზემოთ ადიოდა. ეშმაკურად იცინოდა და თავადაც ნამდვილ ეშმაკუნას ჰგავდა.

მის გვერდით სიუზი თეთრ კაბაში თვალსისმომჭრელი ჩანდა. რამდენიმე წლის შემდეგ გათხოვდა, მაგრამ შეინარჩუნა ქალიშვილობის გვარი, უელსი. თითქოს არ სურდა, რომ მეუღლეს თავისი კვალი დაეტოვებინა მის შთამომავლობაზე.

როდესაც ახლოს მივიდა, ჯონათანმა შეამჩნია, რომ ედმონდს დის თავზე ორი თითი აღემართა.

– ალბათ, ძალიან ეშმაკი იყო, ასეა?

ოგიუსტას ხმა არ ამოუღია. ქალიშვილის გაცისკროვნებული სახის დანახვაზე სევდა მოერია. სიუზი ექვსი წლის წინ გარდაიცვალა. თხუთმეტტონიანი სატვირთო მანქანის ნასვამმა მძღოლმა მისი პატარა მანქანა ხევში გადააგდო. აგონია ორ დღეს გაგრძელდა. ლიუსი ედმონდს ეძახდა, მაგრამ ის არ გამოჩენილა. როგორც ყოველთვის, სადღაც იყო წასული.

– ვინმეს თუ იცნობ, ვისაც შეუძლია ედმონდზე რამე მომიყვეს?

– ჰმმმ… ბავშვობის მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ხშირად ნახულობდა. უნივერსიტეტშიც ერთად სწავლობდნენ. იაზონ ბრაგელი ჰქვია. მისი ტელეფონიც უნდა მქონდეს.

ოგიუსტამ სწრაფად მოძებნა ინფორმაცია თავის კომპიუტერში და ჯონათანს ედმონდის მეგობრის მისამართი მისცა. შვილიშვილს ალერსით უმზერდა. ის იყო უელსების ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენელი. ყოჩაღი ბიჭი.

– მიდი, ბოლომდე დალიე, თორემ გაცივდება. თუ გინდა, ბისკვიტსაც მოგიტან. მე თვითონ ვაცხობ მწყრის კვერცხით.

– არა, გმადლობ, ჩემი წასვლის დროა. ერთ დღეს შემოგვიარე ჩვენს ახალ ბინაში, გადასვლა უკვე დავამთავრეთ.

– კარგი. მაგრამ მოიცა, წერილის გარეშე არ წახვიდე.

ბებიამ დიდ კარადას და იქ ჩამწკრივებულ თუნუქის ყუთებს შეუტია და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა თეთრი კონვერტი, რომელზედაც ციებიანის ხელწერით ეწერა `ჯონათან უელსისთვის~. კონვერტი რომ არ გაეხსნათ, ზემოდან წებოვანი ლენტის რამდენიმე ფენაც იყო დაკრული. ჯონათანმა ფრთხილად გახსნა კონვერტი. იქიდან სკოლის მოსწავლის რვეულიდან ამოხეული ფურცელი გადმოვარდა. ერთადერთი წინადადება ეწერა:

რაც მთავარია, არასოდეს ჩახვიდე სარდაფში!


Filed under: აპეტაიზერი Tagged: აპეტაიზერი, ბერნარ ვერბერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ეკა ტაბლიაშვილი, ეკატერინე სუმბათაშვილი, ირაკლი ბაკურიძე, მალხაზ ფაღავა, მარი კორინთელი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკა, ჭიანჭველები, ჭიანჭველების ტრილოგია, ხათუნა ნონიაშვილი, Sci Fi & Fantasy

განსხვავებული პოსტი

$
0
0

თავიდანვე გეტყვით, რომ ამ წიგნს ლიტერატურულ გადატრიალებას ვერ დავარქმევ და, ალბათ, არც ავტორს ჰქონია ამაზე პრეტენზია – არ მგონია, როცა ვერონიკა როთი “განსხვავებულს“ წერდა, ეფიქრა, ანტიუტოპიის ჟანრში ახალ სიტყვას ვიტყვიო. უბრალოდ, ადგა და დაწერა ტრილოგია დისტოპიურ ჩიკაგოზე, სადაც საზოგადოება ხუთ ფრაქციად დაყოფილა: ხმაურიანი შეუპოვრები  სახიფათო თამაშებს არ ერიდებიან, მეგობრულები – მშვიდობასა და წონასწორობას ქადაგებენ, გულწრფელებს ტყუილს ვერ დააცდენინებ, თუნდაც საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდეს, ასკეტებს ყველაზე დიდ ღირსებად თავშეკავება მიაჩნიათ, სიახლეების მაძიებელ ერუდიტებს კი მუდმივად წიგნებში აქვთ ცხვირი ჩარგული.

ამ სამყაროს სიყალბისა და ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავს – თითქოს არ შეიძლება, ადამიანი ერთდროულად უშიშარიც იყოს და მეგობრულიც, ან თითქოს ასკეტი გულწრფელი და უშიშარი ვერ იქნება… რა გასაკვირია, რომ ნაძალადევად დახლეჩილ საზოგადოებას მკაცრი წესები და კანონები სჭირდება – სხვაგვარად ბალანსის შენარჩუნება რთულია.

აქ ცხოვრობს ბეატრის პრაირი, ასკეტი გოგონა, რომელსაც ძალიან არ უნდა, რომ მთელი ცხოვრება აკრძალვებსა და შეზღუდვებში გაატაროს, ამიტომაც, როცა შესაძლებლობა ეძლევა, თავის ფრაქციაზე უარს ამბობს და თავზეხელაღებული შეუპოვრების რიგებს უერთდება.

ყველაფერი, ალბათ, გაცილებით მარტივი იქნებოდა, რომ არა სასტიკი წესები – ფრაქციიდან წასულებს ოჯახებთან ურთიერთობა ეკრძალებათ, შეუპოვრებში ადგილის დასამკვიდრებლად კი ერთიმეორეზე უფრო საშიში გამოცდების ჩაბარებაა საჭირო. ვინც ამას ვერ მოახერხებს, საერთოდ უფრაქციოდ დარჩება, ეს კი სიღატაკეს, შიმშილს, უსახლკარობას და უბედურებას ნიშნავს.

პატარა და სიფრიფანა ტრისს წარმოდგენაც არ აქვს, რამდენი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს რეიტინგის სათავეში მოსახვედრად, რამდენჯერ ჩახედავს სიკვდილს თვალებში და როგორი მტკივნეული იქნება მეგობრის ღალატი; არც ის იცის, რომ შეუპოვრებს შორის ნამდვილ სიყვარულს შეხვდება და ერთხელაც მისთვის იარაღის დამიზნება მოუწევს…

ამდენ ხათაბალასთან ერთად, ბეატრისი ერთ საიდუმლოსაც ინახავს გულში – ტესტირების შედეგების მიხედვით, ის ჩვეულებრივი გოგო არ არის – განსხვავებულია… ამ ამბავს კი ვერავის გაუმხელს – განსხვავებულებს, რომლებმაც თავის შენიღბვა ვერ შეძლეს, როგორც წესი, მკვდრებს პოულობენ ხოლმე…

ერუდიტებსა და ასკეტებს შორის დაძაბულობა მწიფდება, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს და კაცმა არ იცის, რა განსაცდელს უმზადებს ნეტარ უმეცრებაში მყოფ ხალხს. ბარიერის რომელ მხარეს დადგებიან ტრისი და მისი მეგობრები, ვინ როგორი მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდება და რით დასრულდება ფრაქციების სისხლიანი დაპირისპირება, ამას ვერონიკა როთის ბესტსელერის ცინცხალი თარგმანი გვიამბობს; მე კი, ჩემის მხრივ, პირობას გაძლევთ, რომ ტრილოგიის დანარჩენი წიგნების წაკითხვა აუცილებლად მოგინდებათ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბეატრის პრაირი, გამომცემლობა "სიესტა", განსხვავებული, დისტოპია, ვერონიკა როთი, მოლის ბიბლიოთეკა, ნინო შეყილაძე, პროზა, ტრილოგია, ფანტასტიკა, ქართული თარგმანი, ქეთევან კიღურაძე, ქეთი ქანთარია, ჩიკაგო, ჯოელ ტიპი

წიგნის საერთაშორისო დღე საქართველოში. ვაკის პარკის რუქა

$
0
0

წლევანდელი წიგნის საერთაშორისო დღე – 23 აპრილი –  ხუთშაბათს უწევს, სამუშაო დღეს.

მაინცდამაინც ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ვერ მოგატყუებთ. წიგნის დღეებს, ფესტივალებს, კინოპრემიერებს და ამგვარ სიამოვნებებს, მოგეხსენებათ, აჩქარება და გადარბენები არ უხდება. ჯერ კარგად უნდა გამოიძინო, ნება-ნება აიზლაზნო, მშვიდად ისაუზმო, კომფორტულად გამოეწყო, განუყრელი ზურგჩანთა საგულდაგულოდ დააცარიელო და პავილიონებს მიაშურო…  იქაც მშვიდად და აუჩქარებლად უნდა ათვალიერო. ერთი წრე, მეორე, მესამე… ისიც უნდა გაითვალისწინო, რამდენი ნაცნობი შეგხვდება და ისე როგორ ჩაუვლი გვერდს, შენაძენი არ შეუთვალიერო :) მერე სადმე წახემსებაც უნდა მოასწრო – ახალნაყიდ წიგნებს ცხელი პიცა აკვდება ზედ. მოკლედ, წამდაუწუმ საათზე საყურებლად არ უნდა გქონდეს საქმე.

საათზე ყურებას და პიცა-ბრეიკს ვინ ჩივის, ხუთშაბათს დილიდან ღრმა საღამომდე ვმუშაობ, თან ისეთი მძიმე კვირა მაქვს, პრეზენტაციებისთვის კი არა, მგონი, ყავის მოსახარშად არ მეცლება.

არა უშავს. აქ მოვიოხებ გულს და წიგნის საერთაშორისო დღეს ბლოგზე მაინც აღვნიშნავ. თან თქვენც იხეირებთ – მოგიყვებით, რას უნდა ველოდოთ, სხვა თუ არაფერი, წინასწარი სიის შედგენასა და მიახლოებით ხარჯთაღრიცხვაში მაინც წაგეშველებით.

ჰო, არ დამავიწყდეს: წიგნის დღე წელს ვაკის პარკში ტარდება. სტენდებს და კარვებს სუფთა ჰაერზე გაშლიან, პრეზენტაციებს კი ვაკის მედიათეკა უმასპინძლებს.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ორი ცინცხალი გამოცემა აქვს: რიკ რიორდანის “ურჩხულების ზღვა” – პერსი ჯექსონის ამბების მეორე ნაწილი და ფრიად აქტუალური “ჯანსაღი კვება”. სხვა წიგნების ჩათვალიერებაც ღირს. “სულაკაურს” ასეთ დღეებში გემრიელი ფასდაკლების გამოცხობა ნაღდად არ ეშლება.

ფასდაკლება ვახსენე და “დიოგენემ” ისეთი დისქაუნთი დააანონსა, ლამისაა, გული დამწყდეს, ჩემთვის საინტერესო ყველა წიგნი უკვე თაროზე რომ მიდევს.  თან, საჩუქრებიც იქნებაო…

სიესტა” ორ ბესტსელერს წარადგენს  – გიორგი კეკელიძის ‘გურულ დღიურებს” და ვერონიკა როთის “განსხვავებულს”. ჰოდა, თუ დარჩა ვინმე ისეთი, ვისაც ჯერ არ უყიდია, ან სულაც მეჩვიდმეტე ეგზემპლარი გჭირდებათ საჩუქრად, უკეთეს დროს ვერ შეარჩევთ.  პოეზიაზე 60%-იანი ფასდაკლებაა და ესეც გასათვალისწინებელია.

ლოგოს პრესი” საფირმო სერიას – “ქართული საუნჯე ბავშვებს” აგრძელებს და ვაკის პარკში მე-3 ტომს გამოიტანს  – ყველაზე პატარებისთვის მოყოლილ სულხან-საბას არაკებს. სხვა ფერად-ფერად გამოცემებსაც 20-60%-იანი ფასდაკლებით გაყიდიან, არაა სახუმარო საქმე.

პალიტრა L“-ს, ტრადიციულ ფასდაკლებებთან ერთად, ერთი ძალიან საინტერესო აქციაც აქვს ჩაფიქრებული: მედიათეკაში, ორიდან სამ საათამდე, ტორესა მოსი ნაწყვეტებს წაიკითხავს საკუთარი წიგნებიდან. “სიბრძნე სიცრუისა” ხომ გახსოვთ, საბა რომ აიღო საუკეთესო დებიუტისთვის. მეორე –  “მე/შენ ქრისტე ხარ” – არანაკლებ საინტერესოა. ტორესაც გადასარევი ბიჭია და ნამდვილად ღირს მოსმენა. ჰო, ტორესას წიგნებზეც 20%-იანი დისქაუნთი გავრცელდება.

ინტელექტს” და “არტანუჯს“, ტრადიციულად, იმდენი რამ აქვთ დაგეგმილი, ძალიან უნდა იყოჩაღო, ყველაფერს გასწვდე და ცხვირის შეყოფა ყველგან მოასწრო. თავისუფალი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ხუთის ნახევრიდან გელა ჩარკვიანის ახალი, ჯერ დაუბეჭდავი წიგნის საჯარო კითხვა გაიმართება. წიგნს “არტანუჯი” გამოსცემს, “ნაცნობ ქიმერათა ფერხული” ჰქვია. ნაწყვეტებს, ცხადია, ავტორი წაგვიკითხავს.  საქართველოს უნივერსიტეტში ორშაბათიდან ლიტერატურის კვირეული ტარდება და ხვალ ზვიად კვარაცხელიას ლექცია უწევს თემაზე “თანამედროვე რომანის ხასიათი”. ხუთ საათზეა, რომ რამე.

მედიათეკაში, შვიდის ნახევარზე, ბესიკ ხარანაულთანაა შეხვედრა. “ინტელექტი”, სულ მალე, ახალ წიგნს დაბეჭდავს – “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს” – ჰოდა, სანამ მაღაზიებში გამოჩენილა, ნაწყვეტებს თავად ავტორი გაგვაცნობს. ყველაზე საინტერესო, ჩემი მოკრძალებული აზრით,  მარიო ვარგას ლიოსას “ცუდი გოგოს ოინების” პრეზენტაციაა. ახლა, “ინტელექტს” გემრიელი თარგმანები (და არა მხოლოდ) ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავია: ერთი, რომ სათაურია ფრიად დამაინტრიგებელი, მეორე – ნაწყვეტები წავიკითხე და რაღაც ისეთი ჩანს, მე რომ მიყვარს, თანამედროვე და მასშტაბური. ავტორსაც არაფერი დაეწუნება.

გარდა ამისა, მედიათეკაში პირველ საათზე “ლიბრა” აღნიშნავს იუბილეს და პატარა მკითხველს პოეტ ვასო გულეურს შეახვედრებს (კონკურსებიც იქნებაო, გავიგე), ორ საათზე “ელფს” ოთხ ახალ გამოცემის პრეზენტაცია ექნება (+ განახევრებული ფასები), შვიდზე “წიგნი + ერი” გიმასპინძლებთ, ტორესას, ბესიკ ხარანაულის და ცუდი გოგოს ამბები უკვე გითხარით.

მოკლედ, შარშანდელზე მასშტაბური გამოდის ეს წლევანდელი წიგნის დღე და, იმედია, არც არაფერი დამვიწყებია.  ამინდმაც თუ გვაცალა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბესიკ ხარანაული, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "სიესტა", გამომცემლობა არტანუჯი, გელა ჩარკვიანი, დიოგენე, ვაკის მედიათეკა, ვაკის პარკი, ვასო გულეური, ლოგოს პრესი, მოლის წისქვილი, პალიტრა L, ტორესა მოსი, წიგნის საერთაშორისო დღე

ჩემი კოსმოსური ოდისეა

$
0
0
ართურ კლარკი "კოსმოსური ოდისეა 2001" "წიგნები ბათუმში"

ართურ კლარკი
“კოსმოსური ოდისეა 2001″
“წიგნები ბათუმში”

ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, ბლოგზეც, ფეისბუქზეც და ისეც, ფინჯან ყავასთან ქაქანის დროს: რაზეც წერ, ყველაფერი როგორ მოგწონსო.

კაცმა რომ თქვას, მაინცდამაინც გასაკვირი არც უნდა იყოს. ზუსტად იმაზე ვწერ, რაც მიყვარს და მომწონს, აბა, ოქროსავით მკითხველს უხარისხო და უხეირო წიგნებზე დროს ხომ არ დავაკარგვინებ.

ოღონდ, მოწონებასაც ხომ გააჩნია. კარგი, თუნდაც ძალიან კარგი წიგნი ერთია და დიდი ხნის სიყვარული, საკულტო ტექსტი – სულ სხვა.

ართურ კლარკის “კოსმოსური ოდისეა 2001″, მაგალითად.

სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს, როდის წავიკითხე. ალბათ, სტუდენტობისას. საჯაროში გამოვიწერდი, ან აბონემენტით წამოვიღებდი. ჩემ დროს ნაირნაირი წიგნის მაღაზიები არ იყო, არც გამომცემლობები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მსუყე ექსკლუზივის ხელში ჩაგდებაში, წიგნებს ქუჩის ბუკინისტები ყიდნენ, ვერის პარკში სახელდახელო ბაზრობაც იმართებოდა შაბათ-კვირას და ისეთი კბენია ფასები ედო იქაურ საკითხავს, სტუდენტი რას გაწვდებოდა.

მოკლედ, საჯაროში გადავაწყდებოდი. ეს პირველად, თორემ მერე იმდენჯერ გადავიკითხე, ვინ მოთვლის. “ქინდლშიც” თავიდანვე გადმოვწერე. ოღონდ, რუსული თარგმანი.

ქართულად წაკითხული მაქვს-მეთქი, ვერ დავიბრალებ. სიმართლე რომ გითხრათ, ძველი, ათას ცხრაას არეულობას გადმოქართულებულ-გამოცემული “ოდისეა” თვალითაც არ მინახავს. ჩემი ამბავი ხომ იცით, სადაც ორი წიგნი მაინც დევს, ყველგან ვყოფ ცხვირს და ვათვალიერებ, შაბათ-კვირას ქუჩის ბუკინისტებთან დავსუნსულებ ვაკეში, აღმაშენებელზე და პუშკინის სკვერში, რა არ შემხვედრია, ძველი კლარკი ვერსად მოვიხელთე.

ისე, მცოდნე ხალხი ამტკიცებს, ის პირველი ვერსია მაინცდამაინც სრული ვერ იყო და ვერც ხარისხიანი ქართულით დაიტრაბახებდაო. პრინციპში, არც მიკვირს. არ ის გამიკვირდება, რუსული პირიდან რომ ეთარგმნათ. ცენზურაც გვარიანად დაჭრიდა.. ახლა რარიტეტად და არტეფაქტად თუ შემოდებს ვინმე თაროზე, უკვე ახალი “ოდისეა” გვაქვს. კარგად გაშალაშინებული და, რაც მთავარია, სრული.

შაბათს მოვიტანე შინ. უფრო სწორად, ირაკლიმ მომიტანა საჩუქრად. საფირმო ბათუმური ჩანთით, სხვა დელფინიან წიგნებთან ერთად. პრეზენტაციაზე ვერ მივედი წყეული სამსახურის გადამკიდე და იმიტომ.

ჰოდა, მთელი კვირადღე ვიწექი, ნება-ნება ვფურცლავდი და განსაკუთრებით საყვარელ ადგილებს ვკითხულობდი. მერე კუბრიკის ფილმი გადმოვწერე და ვუყურე. უიქენდი ზუსტად ასეთი გემრიელობებისთვის არსებობს.

მე, რა თქმა უნდა, შემიძლია დიდხანს ვილაპარაკო და სულ დაწვრილებით მოვყვე მთვარის შემყურის, უცნაური მონოლითის, დოქტორ ჰეივუდ ფლოიდის, მმა-1-ის, დეივისა და Hal-ის ამბები, მაგრამ, მომკალით და მეზედმეტება: კლარკი მესამეხარისხოვანი გრაფომანი და ლოკალური მნიშვნელობის მთხზველი არ არის, ზედმეტი წარდგენა სჭირდებოდეს, კუბრიკის შედევრიც ლამის ზეპირად გეცოდინებათ და ისედაც დამეთანხმებით, რომ იშვიათი სილამაზის, ნატიფად ჩამოქნილი, ნამდვილი ოსტატის მოყოლილი ამბავია. ფილმიც და ლიტერატურული პირველწყაროც.

ქინდლი ვახსენე და თავის დროზე  “Мир”-ის ლეგენდარული ‘Зарубежная фантастика”-ს ტომიც კი ნაკლული გამოუციათ, ბოლო სამი თავის გარეშე. ქართულში, ცხადია, ყველაფერი ადგილზეა.

ნატო დავითაშვილმა თქვა ამას წინათ, დელფინიან წიგნებზე ახალი თაობები გაიზრდებიანო. ბაჟაღლო ჭეშმარიტებაა. ჩვენ, თავის დროზე, რუსულ თარგმანს დავდევდით. ახლა სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ოქროს საბადო ქართულად გვიდევს თაროებზე.

და, საერთოდ, ცოტაა და ხელში ჩაგვადნებაო, ნუ გედარდებათ. სანამ ყველას დააგემოვნებთ, რამეს აუცილებლად მოიფიქრებენ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ართურ კლარკი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ეკა ტაბლიაშვილი, ია ნინოშვილი, ირაკლი ბაკურიძე, ირაკლი სულაძე, კოსმოსური ოდისეა 2001, მალხაზ ფაღავა, მევლუდ საბაშვილი, მთვარის შემყურე, მმა - 1, მოლის ბიბლიოთეკა, მონოლითი, ნატა ჩახვაძე, ნოდარ კუპრავა, პროზა, ჟანრული პროზა, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ქართული თარგმანი, წიგნები ბათუმში, ხათუნა ნონიაშვილი, Hal

“თბილისელი”“მაჭანკალი”

$
0
0

lucas cranach the elder painting

საოცრად პრაგმატული კაცი გახლდათ უფროსი ლუკას კრანახი. ზემო ფრანკონიაში, ხელმოკლე მხატვრის ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა, ჯერ იყო და, ძალიან ჭკვიანურად აირჩია მფარველი – საქსონიის კურფიურსტი ფრიდრიხ ბრძენი; აზნაურის წოდების მიღების შემდეგ კი ჯერ სამხატვრო სახელოსნოს ჩაუდგა სათავეში, მერე წიგნებით ვაჭრობას მიჰყო ხელი, ჰოდა, გახდა კიდეც ვიტენბერგის ყველაზე მდიდარი ბიურგერი; ეგ კიდევ არაფერი – ბურგომისტრადაც აირჩიეს რამდენჯერმე.

ამ პროზაულ საქმიანობაში ჩაფლული კრანახი რელიგიური ამბებისთვისაც იცლიდა – რეფორმაციის თავგამოდებული მომხრე და მარტინ ლუთერის მეგობარი გახლდათ, მის პორტრეტებსაც ხშირად წერდა და გერმანულად მისივე თარგმნილი ბიბლიის გამოცემაც ითავა თავის დროზე.

შესაძლოა, ასეთმა დატვირთულმა ცხოვრებამ ოდნავ გაანელა მასში შემოქმედებითი აღმაფრენა – კრიტიკოსები საყვედურობენ, თავისი პერსონაჟების სულიერ სამყაროში შეღწევაზე დიდად არ იჭყლეტდა ტვინსო; იქნებ ასეც იყოს და კრანახი არ არის ის ფერმწერი, მსოფლიო ხელოვნებისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი რომ იქნებოდა, მაგრამ დღეს მაინც ვაპირებ, მის ერთ ნახატზე გიამბოთ, საქართველოში რომ ინახება და “მაჭანკალი“ ჰქვია.

სამი დაფისგან შეკრულ ტილოზე რენესანსისათვის დამახასიათებელი მსუყე, დამჯდარი ფერების კორიანტელია; წინა პლანზე გამოსახული მაჭანკლის სახე ცბიერებითა და სიხარბითაა აღსავსე, შეუძლებელია, მის დანახვაზე შვიდივე სასიკვდილო ცოდვა ერთად არ გაგახსენდეთ. ახალგაზრდა დიდგვაროვანი, რომელიც ფულით სავსე ქისას აწვდის, მის ფონზე ფრიად ბრიყვულად და მიამიტურად გამოიყურება; ერთადერთი, რასაც მის სახეზე ამოვიკითხავთ, მოუთმენლობაა. ნორჩი გოგონა კომპოზიციის ქვედა ნაწილში – ამ ორის ბინძური გარიგების მომავალი მსხვერპლია, სწორედ ისეთი უმანკო გამომეტყველებით, როგორც სასაკლაოზე მიმავალ კრავს ექნებოდა.

კრანახის შემოქმედებაზე საუბრისას, ალბათ, უფრო ცნობილი ტილოს შერჩევაც შეიძლებოდა, მაგრამ “მაჭანკალი“ იმითაც არის საინტერესო, რომ ორმოც მილიონად შეფასებული ორიგინალი დღეს თბილისში, ხელოვნების მუზეუმში ინახება. როგორც ამბობენ, დიდ მთავარს, გიორგი რომანოვს ჩამოუტანია საქართველოში, მერე კერძო კოლექციონერის – ვინმე ყორღანოვის ხელში მოხვედრილა, აქედან დიმიტრი შევარდნაძის ცისფერ გალერეაში დაუდია ბინა, ხოლო 1921 წელს მენშევიკებს გაუტანიათ ქვეყნიდან; საქართველოში სურათი 1946 წელს დაბრუნებულა, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ნაფერებ და ნალოლიავებ ეროვნულ საგანძურთან ერთად. იმასაც კი ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები გაფაციცებულნი დაეძებდნენ “მაჭანკალს“ ჰიტლერის დავალებით, რომელსაც თურმე ლუკას კრანახი ჭეშმარიტ არიელად და გერმანული სულის მხატვრად მიაჩნდა (ისტორია არაფერს ამბობს იმაზე, რა აზრის ბრძანდებოდა ფიურერი ფერმწერის არაარიულ გარეგნობაზე).

„მაჭანკლის“ თავგასავლები ამით არ დასრულებულა – 1994 წელს ხელოვნების მუზეუმს ყაჩაღები დაესხნენ თავს და იაკობ ვან რეისდალის და ჟან შარდენის ტილოებთან ერთად, კრანახის სურათიც გაიტაცეს. მისი უკან დაბრუნება მხოლოდ ათი წლის შემდეგ მოხერხდა და როგორც ამბობენ, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის გარეშე ამ ამბავს არ ჩაუვლია.

შარლ ბოდლერი „მაჭანკალს“ უბედურების მომტან ნახატს უწოდებდა; უბედურების რა მოგახსენოთ, მაგრამ ფათერაკებით აღსავსე გზა რომ განვლო, ფაქტია; ავტორის – ლუკას კრანახისაგან განსხვავებით, რომელიც უზრუნველ ბიურგერულ ცხოვრებას ეწეოდა და 81 წლის ასაკში მშვიდად გარდაიცვალა ვეიმარში.


Filed under: არტი, ნატიფი ხელოვნება Tagged: ადოლფ ჰიტლერი, არტი, დიმიტრი შევარდნაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ვერნისაჟი, თბილისის ხელოვნების მუზეუმი, იაკობ ვან რეისდალი, ლუკას კრანახი უფროსი, მაჭანკალი, მაჭანკლის დაბრუნება, ნატიფი ხელოვნება, ჟან შარდენი, რენესანსი, ცისფერი გალერეა

არასოდეს დანებდე, ტოტო!

$
0
0

გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, სკოლა გიყვარდათ? მე – ძალიან და, რატომღაც მგონია, მაინცდამაინც დიდ უმცირესობაში არ უნდა ვიყო. აი, ანა გავალდას მოცუცქნულ წიგნში რომ გაწრიპული ბიჭი – გრეგუარ დიუბოსკი ცხოვრობს, ის აშკარად მეორე ბანაკშია მოხვედრილი – სკოლის გახსენებაზეც კი მუცელში ტკივილის ბურთი უწრიალებს და ვერ გაუგია, სად ახერხებენ კოლეჯები სარეკლამო ბროშურებისთვის ამდენი გაღიმებული ბავშვის გამოჭერას. უეჭველი, ფული გადაუხადეს ან შეატყობინეს, თქვენი ფრანგულის მასწავლებელი ხრამში გადაიჩეხაო, ფიქრობს.

ზარმაცი და უსაქმური არ გეგონოთ ტოტო – ბევრ თანატოლზე ყოჩაღი და ხელმარჯვეა, თუ საქმე ზმნებს და ზედსართავ სახელებს არ ეხება ან იმ საშინელ სპორტის გაკვეთილებს. რა ქნას, არც დიდი ჭკუით დაუსაჩუქრებია ღმერთს და არც მსხვილი კუნთებით – სულ რაღაცა 35 კილოს იწონის და როგორც თვითონ ამბობს, ბოდიბილდინგში მოვარჯიშე ჭიაყელას წააგავს.

ეს მშობლებიც ისე უცნაურად იქცევიან, თითქოს გრეგუარს სკოლაში ორჯერ ჩარჩენა უხარია და ცამეტი წლის ასაკში მეექვსე კლასში ჯდომა მოსწონს; მოკლედ, ბაბუა ლეონი და მისი ჯადოსნური ფარდული რომ არა, მთლად ჯოჯოხეთად ექცეოდა ცხოვრება. კიდევ კარგი, აქ მაინც შეიძლება, დედ-მამის გაუთავებელ ჩხუბს, ბებიის ბუზღუნს და მეტყველების ნაწილების დაემალოს კაცი, თუნდაც ხანდახან.

არა, იმას კი არავინ უყურებს, ოქროს ხელები რომ აქვს და სულ რაღაც შვიდიოდე წლისამ ბანანის გასაფცქვნელი ხელსაწყო გამოიგონა; ბოლოს და ბოლოს, ეს ოხერი უღლება ხომ არ არის მთავარი ცხოვრებაში?! თუ არის?

ეს ძალიან თბილი და იმედიანი წიგნია პატარა ბიჭზე, რომელიც უცებ ხვდება, რომ ფარ-ხმლის დაყრა ჯერ ძალიან ადრეა, რომ უნდა იბრძოლოს, არ უნდა დანებდეს, უნდა ისუნთქოს არა მარტო თავისთვის, არამედ ბაბუა ლეონის ნაცვლადაც, საავადმყოფოს პალატაში სიკვდილს რომ ებრძვის; ხვდება და მომუშტული პატარა ხელებით ემზადება სირთულეებთან შესაჭიდებლად, იმ გზაზე ფეხის შესადგმელად, ცხოვრება რომ ჰქვია.

კაცმა არ იცის, რა გამოვა აქედან – მოულოდნელობებსა და უსიამოვნო სიურპრიზებს რა გამოლევს, თანაც ისეთებს, მართლა ძლიერ ადამიანსაც რომ გაუჭირდება გადალახვა, მაგრამ მთავარი მონდომებაა და ტოტოც თავგანწირვით მიცოცავს იმ წყეულ თოკზე, ქვემოდან კი თანაკლასელების გამამხნევებელი შეძახილები ესმის. ჰოდა, ადის კიდეც ბოლომდე. იქნება და ეს მხოლოდ დასაწყისია?

წარმატებები, ტოტო!

არასოდეს დანებდე!


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: 35 კილო იმედი, ანა გავალდა, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გრეგუარ დიუბოსკი, ეკა ტაბლიაშვილი, თამთა ჯინჭარაძე, მალხაზ ფაღავა, მარიამ გიგუაშვილი, მარიამ კორინთელი, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, სოფია ბარშოვა, ტოტო, ქართული თარგმანი

“შექსპირი და კომპანია”თბილისში

$
0
0

თბილისში ახალი წიგნის მაღაზია გაიხსნა.

საგამომცემლო საქმეს კარგი დღეები რომ ვერ უდგას, ცნობილი ამბავია; ვერც წიგნის მაღაზიები ცხოვრობენ დალხინებულად; ლესელიძეზე “პარნასი” დაიხურა, ვაკეში – “ბუქსითი”,  “დიოგენე” კუსკუსა საფირმო მაღაზიას ყიდის. ერთი სიტყვით, დღეს ამ ბიზნესის წამოსაწყებად გულიც რკინის უნდა გქონდეს, აბჯარიც და მკითხველიც გეიმედებოდეს.

შექსპირი და კომპანია” ლეგენდარული პარიზული ბუქსთორის სეხნია კია, მაგრამ პრიმიტიული პლაგიატი არ გეგონოთ, ყველა უფლება დაცულია. თანხმობაც მიღებულია ლათინური კვარტლიდან და რეკომენდაციებიც.

ჩემი ამბავი ხომ იცით, ორშაბათიდან პარასკევამდე სამსახურში ვარ გამოკეტილი და საკუთარი თავისთვის უიქენდებზე თუ ვიცლი, მაგრამ ფერადი სურათებით რომ აივსო ჩემი ნიუსფიდი, ვეღარ გავძელი, შაბათ-კვირას არ დაველოდე, მოვახერხე და შესვენებაზე “შექსპირში“ გავსხლტი.

მიგნება არ გამჭირვებია – მარჯანიშვილის ხუთშია, ინგლისური ჩაის სახლის გვერდით, მარჯანიშვილის თეატრის პირდაპირ.

აი, იცით, როგორი მაღაზიაა? კონსულტანტებს რომ უნდა დაუმეგობრდე, დროდადრო შეუარო, ყავა დალიოთ ერთად, ახალი გამოცემები გაარჩიოთ,  ლიტერატურულ ამბებზე წაიჭორაოთ – მე რომ მიყვარს, ზუსტად ისეთი.

ერთი ციცქნაა სულ. ყველა მკითხველ-მყიდველი რომ ესტუმროს ერთდროულად, ყველა მეგობარი და მოკეთე, შეიძლება, ვერც დაიტიოს, მაგრამ არა უშავს, იმუშავოს და რას დავეძებთ, რიგრიგობით შევალთ :)

სამაგიეროდ, მყუდროა და შინაურული. სიყვარულით მოწყობილი. ნამდვილი წიგნის სახლი. ცულის ტარზე დაეტიაო, მარტო ცოლ-ქმარზე კი არ უთქვამთ. პუფებიც კი აქვთ სტუმრებისთვის. ჩამოჯდები გემრიელად, მოიმარჯვებ რომელიმე სქელ ტომს და იკითხე, რამდენიც გინდა. არა მგონია, ვინმემ შეგაწუხოს.

დეკორს ნუ იკითხავთ. ჯერ რეტრო პოსტერებია ყველგან (არაფერი უხდება წიგნის მაღაზიას ისე, როგორც ძველი პოსტერები) და მოხატულია ისე, თავს საყვარელ წიგნში იგრძნობ. პატარა პრინცი და მერი პოპინსი, აურელიანო ბუენდია, დიუმას მუშკეტერები, ანა კარენინა და ოთარ ჭილაძის ხელნაწერი, ჰოლდენ კოლფილდი და ტომ სოიერი… აშკარაა, მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ობიექტად არ არის ჩაფიქრებული. რა გითხრათ, სადმე თუ ორი წიგნი იყიდება, ყველგან ვარ, მგონი, ნამყოფი და ასეთი კრეატიული ინტერიერი ერთგან მინახავს მხოლოდ – ბათუმში.

სულ ახალი გახსნილები არიან, მაგრამ ხელცარიელს მაინც არ გამოგიშვებენ. ცინცხალი ქართული თარგმანებიც აქვთ, რუსულენოვანი ბესტსელერებიც, ალბომებიც. Moleskine-ს ბლოკნოტებს გვპირდებიან და მერე ნახეთ რიგები და ამბავი :) თვეში ერთს მაინც ვიყიდი ჩემთვის და დანარჩენს საჩუქრად დავარიგებ :) უბის წიგნაკების რამდენიმე თავგამოდებული მოყვარული მეგულება სამეგობროში და…

პრეზენტაცია აქვთ პარასკევს. ალბათ ვერ წავალ, შვიდზეა და ვმუშაობ მაგ დროს, მაგრამ უიქენდზე აუცილებლად შევივლი, ან რა გული მომითმენს – “აგორას” ერთი გადასარევი თარგმანი მაქვს შეგულებული.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: აგორა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, თბილისი, მარჯანიშვილის 5, მოლის წისქვილი, შექსპირი და კომპანია, წიგნები ბათუმში, Moleskine

“წიგნები ბათუმში”ბლოგერების კონკურსს მართავს

$
0
0

დარწმუნებული ვარ, ყველას გახსოვთ, რომ მაისის ბოლოს თბილისის წიგნის ფესტივალი გველოდება.

მართალია, თარიღი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, მაგრამ “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებში მოწანწალე ძველი და ერთგული მრევლისთვის ძნელი გამოსათვლელი არ უნდა იყოს. თვის ბოლოს მოუწევს, ალბათ.

მინდა გითხრათ, მაინცდამაინც დიდი დრო არ არის დარჩენილი. ჰოდა, მოლის ბლოგიც წინასაფესტივალო რეჟიმზე გადადის.

დაწყებით კი ყოვლად გადასარევი ამბით დავიწყებ.

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” ბლოგერების კონკურს იწყებს.

ოფიციალურ რელიზს უკვე ნახავდით. მე ცოტა უფრო ვრცლად მოგიყვებით. ეშმაკი, გეცოდინებათ, დეტალებშია.

მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც პერსონალური ბლოგი აქვს და დღემდე ერთი პოსტი მაინც გამოუქვეყნებია. არ აქვს მნიშვნელობა, რაზე წერთ ან რამდენად ხშირად, ერთხელ ბლოგერი მუდამ ბლოგერიაო, ძველებს უთქვამთ.

მსხვილ პორტალებზე გამოქვეყნებაც მოსულა – მადათოვზე, ნეტგაზეთში, wis.ge-ზე, ინტერნეტგაზეთ “მასწავლებელში”, “ბათუმელებში”… მოკლედ, ყველგან, სადაც შეძლებთ.

თემა –  ბათუმური გამომცემლობის წიგნებია. ყველა არა. დღეისათვის თორმეტი დელფინიანი წიგნია გამოცემული და ამ თორმეტიდან რვა შეირჩა: ართურ კლარკის “კოსმოსური ოდისეა 2001″, ართურ კლარკისა და რობერტ ჰაინლაინის მოთხრობების კრებული, ფილიპ დიკის “იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა” და “კაცი მაღალ კოშკში”,  ბერნარ ვერბერის “ჭიანჭველები”, რეი ბრედბერის “ტანმოხატული კაცი”, როალდ დალის “მატილდა”და “სასწაულთმოქმედი მისტერ ფოქსი” და ანა გავალდას ყოვლად გადასარევი “35 კილო იმედი“.

ფორმატი თავისუფალია. როგორც გაგიხარდებათ, ისე დაწერეთ. მოკლედ, ვრცლად, ასე, ისე, თუ გინდათ, გალექსეთ :) არავინ არაფერს დაგიშლით.

დაწერთ ლიტ. რევიუს, გამოაქვეყნებთ, ბმულს გამომცემლობის გვერდს გაუგზავნით პიემით და მორჩა, შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ შედეგებს. კონკურსი 7 მაისს დაიწყო და პოსტებს 25 მაისის ჩათვლით მივიღებთ. გამარჯვებულს ფესტივალზე დავაჯილდოვებთ, ანუ, მალე. არადა, ისეთი კონკურსებიც მახსოვს, ლამის სამი თვე რომ გრძელდებოდა და კონკურსანტებს დაავიწყდათ, რა დაწერეს, სად გააგზავნეს და რისთვის.

ახლა – შეფასების ამბავი. გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, არავითარი ლაიქები. არ ვიცი, გამარჯვებულის მოწონებათა რაოდენობით გამოვლენას იქნებ აქვს კიდეც რაღაც აზრი და გამართლება, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლო მგონია. უშუალო დემოკრატია არჩევნებზეა კარგი. ლაიქების თვლა რომ დავიწყოთ, ლიტ. რევიუების კონკურსი კი არა, ნაცნობ-მეგობრების მობილიზებაში შეჯიბრება გამოგვივა.

ჟიური ისეთია, უკეთესს ვერ ინატრებ. ალექსანდრე ლორთქიფანიძეს და სალომე ბენიძეს ლიტერატურაც გადასარევად ესმით და თავადაც მოქმედი ბლოგერები არიან. კარგისა და საუკეთესოს გარჩევა ნამდვილად არ გაგვიჭირდება.

და, ყველაზე მთავარი – პრიზები. სამი გამარჯვებული გამომცემლობის 100, 70 და 50 ლარიან ვაუჩერს დაისაკუთრებს. დამეთანხმეთ, გადასარევად შერჩეული საჩუქარია. ირაკლი და მარი ფესტივალზე ახალი გამოცემებით დატვირთული ჩამოდიან: “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” მარგალიტი – ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი, დიმიტრი გლუხოვსკის გახმაურებული “მეტრო 2033“, რეი ბრედბერის “ბედნიერების მექანიზმები (მარტო ქავერი აქვს ერთი წიგნის ფასი), ჯუდი ბლუმის “აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“, მარგარეტ ეტვუდის საოცარი “მხევლის წიგნი”, ჯონ ბოინის “ბიჭი ზოლიან პიჟამაში“…. მოკლედ, ვაუჩერი ძალიან გამოგადგებათ.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო ძვირფასებო. დეტალები კი მოგიყევით წვრილად. ახლა, როგორც ძველ გაზეთებში წერდნენ, ჯერი თქვენზეა :) საკონკურსო პოსტებს ხელების ფშვნეტით ველოდებით.


Filed under: ლიტერატურული კონკურსები Tagged: ალექსანდრე ჩე ლორთქიფანიძე, ბლოგერების კონკურსი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დელფინიანი წიგნები, ექსპო ჯორჯია, თბილისის წიგნის ფესტივალი, ირაკლი ბაკურიძე, კონკურსი, ლიტ. რევიუ, მარი კორინთელი, ჟიური, სალომე ბენიძე

მარგარეტ ეტვუდი. “მხევლის წიგნი”

$
0
0

 

მარგარეტ ეტვუდი.

მხევლის წიგნი

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – ანი კოპალიანი

რედაქტორი – ლალი ჭინჭარაული

ყდის დიზაინერი – ია ნინოშვილი 

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

კორექტორი – თამთა ჯინჭარაძე

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

 

“და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე.

განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა.

ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.”

დაბადება (30: 1-3)

 

“ხოლო, რაც შემეხება მე, ისე დამქანცა რამდენიმე წლის განმავლობაში ფუჭი, სულელური, რეალობას მოწყვეტილი აზრების მოსმენამ, რასაც სასოწარკვეთილებამდე მისული წარუმატებლობა სდევდა თან, რომ სიხარულით ჩავეჭიდე ამ წინადადებას.”

ჯონათან სვიფტი, “მოკრძალებული წინადადება”

 

“უდაბნოში ვერსად შეხვდებით აბრას წარწერით – ქვების ჭამა აკრძალულია.”

სუფიური სიბრძნე

 

 

 

I

1

ღამე

ყოფილ სპორტდარბაზში გვეძინა. ხის გალაქულ იატაკზე დახაზული წრეები და ზოლები იმ დროიდან იყო შემორჩენილი, თამაშები რომ იმართებოდა ხოლმე. კალათბურთის ძელები ჯერაც იდგა, თუმცა _ ბადეების გარეშე. დარბაზს ოთხივე მხრიდან მაყურებლებისათვის განკუთვნილი იარუსები შემორტყმოდა და ჩემს ყნოსვას ჯერ ისევ, თუმცა ზმანებასავით მკრთალად, სწვდებოდა მატჩებზე დამსწრე გოგონების საღეჭი რეზინებისა და სუნამოების ჩამტკბარ სურნელთა შორის გამომსხლტარი ოფლის მკვეთრი სუნი. სურათებიდან ისინი ჯერ ფუშფუშა ქვედაბოლოებში გამოწყობილი მახსოვს, მერე – მინიკაბებში, მერე – შარვლებში, მერე კი – ცალი საყურითა და მწვანედ აჭრელებული “იროკეზის” ვარცხნილობით. აქ, ალბათ, ცეკვებსაც მართავდნენ ხოლმე; მუსიკა – გამაყრუებელი ხმაურის პალიმფსესტი – გულს აწყალებდა, მოტივი მოტივს ცვლიდა, დაფდაფების წყალქვეშა დინება, საბრალობელი მოთქმა, ხელსახოცებისაგან გაკეთებული ყვავილების გირლიანდები, მუყაოს ეშმაკები, სარკეებიანი ბზრიალა ბურთი, სინათლის თოვლს რომ აყრიდა მოცეკვავეებს.

ამ ოთახში სექსის ხსოვნა ბუდობდა და სიმარტოვე; და კიდევ რაღაც უფორმოსა და უსახელოს მოლოდინი. მახსოვს კაეშანი იმის გამო, რაც თითქოს ყოველ წუთს შეიძლებოდა მომხდარიყო, რაც აღარასოდეს განმეორდებოდა, როგორც ხელები, რომლებიც გვეხვეოდნენ მომცრო უკანა ეზოში თუ ეზოს გადაღმა, მანქანების სადგომზე თუ ტელევიზორიან ოთახში, სადაც ხმისთვის ბოლომდე ჩაეწიათ და მხოლოდ კადრები დასციმციმებდა ზეაზიდულ სხეულებს.

ჩვენ საკუთარ მომავალს ვგლოვობდით. საიდან დაგვყვა, ნეტავ, გაუმაძღრობის ამგვარი ნიჭი? ალბათ, აქაური ჰაერიდან შევისრუტეთ; და იგი ისევ ჰაერში ტრიალებდა მერეც, დაძინებას რომ ვცდილობდით რიგზე ჩამწკრივებულ არმიულ შეზლონგებზე წამოწოლილნი. საწოლები ისე დაეშორიშორებინათ, რომ ერთმანეთს ვერ გამოვლაპარაკებოდით. ბავშვებივით ფლანელის საღამური პერანგები გვეცვა, ჯარისკაცების საბნები გვეფარა, ძველი, ჯერაც “შეერთებული შტატები”რომ ეწერა ზედ. ჩვენ-ჩვენს ტანსაცმელს ფაქიზად ვკეცავდით და საწოლის ბოლოში მდგარ ტაბურეტებზე ვალაგებდით. განათებას უწევდნენ, მაგრამ სულ არ აქრობდნენ. თვალყურს დეიდა სარა და დეიდა ელიზაბეთი გვადევნებდნენ; ტყავის ქამრებზე ელექტროსახრეები ეკიდათ.

ეგ არის მხოლოდ, იარაღი არ ჰქონიათ, მათაც კი არ ანდობდნენ იარაღს. იარაღით მხოლოდ გუშაგები დადიოდნენ, რომლებსაც ანგელოზთა რიგებიდან არჩევდნენ გულმოდგინედ. თუკი არ მოუხმობდნენ, გუშაგებს შენობაში შემოსვლა ეკრძალებოდათ, ჩვენ კი გარეთ გასვლის ნება არ გვქონდა, სასიერნოდ თუ გაგვლალავდნენ ხოლმე, დღეში ორჯერ წყვილ-წყვილად დამწკრივებულს შემოგვატარებდნენ ფეხბურთის მოედანს, რომლის გარშემოც ეკლიანი მავთულხლართის წვრილად დაწნული ღობე იყო აღმართული. ანგელოზები ღობის გადაღმა, ჩვენგან ზურგშექცევით იდგნენ. ჩვენ მათი გვეშინოდა და კიდევ რაღაცას ვგრძნობდით. ჩვენთვის რომ შემოეხედათ… მათთან დალაპარაკება რომ შეგვძლებოდა… რაღაც გარიგებას დავდებდით, ასე გვეგონა, შევთანხმდებოდით, ვივაჭრებდით, ბოლოს და ბოლოს, სხეულები ხომ მაინც გვებადა. ასე ვფანტაზიორობდით.

თანდათან მივეჩვიეთ თითქმის უხმოდ ჩურჩულს. ბინდბუნდში შეგვეძლო ხელები გადაგვეწვდინა და როცა დეიდები არ გვიყურებდნენ, ერთმანეთს თითისწვერებით შევხებოდით, ბალიშებზე მიწოლილებმა ერთმანეთის ტუჩებზე კითხვაც ვისწავლეთ; თავებს მოვატრიალებდით და გვერდით მწოლს ბაგეზე ვაკვირდებოდით. ასე საწოლიდან საწოლამდე მივაწვდინეთ ერთმანეთს ჩვენი სახელები:

ალმა. ჯენინი. დოლორესი. მოირა. ჯუნი.

II

მაღაზიებში

2

სკამი, მაგიდა, ნათურა. მაღლა, თეთრ ჭერზე ფოთლების გვირგვინის მსგავსი რელიეფური ორნამენტია გამოსახული, ჭერის შუაგული შებათქაშებულია, თითქოს თვალამოთხრილ კაცს სახვევი აუფარებიაო. აქ ჭაღი იქნებოდა, ოდესღაც. ახლა კი ყველაფერი, რაზეც თოკი შეიძლება ჩამოკიდო, გამქრალია.

ფანჯარა, ორი თეთრი ფარდა. ფანჯრის ქვეშ ტახტი პატარა ბალიშით. როდესაც ფანჯარა შემოღებულია – მისი ოდნავ შემოღება თუ შეიძლება – ეგებ ნიავმა შემოაღწიოს და ფარდები შეარხიოს კიდეც. ეგებ მეც ჩამოვჯდე სკამზე ანდა ტახტზე, ხელები ჩამოვუშვა და ფარდების შრიალს ვუყურო. მზის სხივიც ამ ფანჯრიდან აღწევს და იატაკზე ეცემა. იატაკი ხისაა, წვრილად დაზოლილი, საგულდაგულოდ მოწმენდილი. საპრიალებლის სუნი ჩემამდე აღწევს. იატაკზე ფარდაგია, ოვალური, მოსირმული ფოჩებით. იმგვარი ნახელავია, ამათ რომ მოსწონთ: ფოლკ-არტი, ძველებური, ქალის მოქსოვილი მოცალეობის ჟამს, ძველი, გამოუსადეგარი სვიტერებისაგან. ტრადიციულ ღირებულებებს ვუბრუნდებით. წყალს ნუ დაღვრი და არ მოგწყურდებაო. მე არაფერი დამიღვრია, მაშ, რატომ ვკვდები წყურვილით?

სკამის ზემოთ, კედელზე, სურათია, უმინო ჩარჩოში ჩასმული: ყვავილები, ლურჯი ზამბახები, აკვარელი. ყვავილები ჯერ ნებადართულია. ნუთუ ყველას ერთნაირი სურათი გვიკიდია, ერთნაირი სკამები, ერთნაირი თეთრი ფარდები გვაქვს? ეს რა, სახელმწიფო სტრატეგიაა? წარმოიდგინეთ, რომ ჯარში ხართ, გვითხრა დეიდა ლიდიამ.

საწოლი. ვიწრო, საკმაოდ მაგარი ლეიბი, შალის თეთრი გადასაფარებელი. ეს საწოლი მხოლოდ ძილისთვის გამოდგება; თუ უძილობისთვის. ვცდილობ, ძალიან ბევრი არ ვიფიქრო. როგორც სხვა ყველაფერი, აქ ფიქრიც უნდა გამოიზოგო. თანაც ბევრ რამეზე ფიქრი აუტანელია. ფიქრმა შეიძლება ბედნიერი შემთხვევაც გაგაშვებინოს ხელიდან, მე კი მას ველოდები. ვიცი, რატომაც არ არის მინა ლურჯი ზამბახების წინ, რატომ არ შეიძლება ფანჯრის ბოლომდე გაღება ან რატომ არის მისი შუშა ტყვიაგაუმტარი. მათ არ ეშინიათ, რომ გავიქცევით. შორს მაინც ვერ გავაღწევთ. არსებობს თავდახსნის სხვა გზებიც, რომლებსაც მაშინ აღმოაჩენ, როცა ბასრ ანდა წვეტიან საგანს მოიხელთებ.

ერთი სიტყვით, თუ ამ წვრილმანებს არაფრად ჩავაგდებთ, აქაურობა არც ისე წარჩინებული სტუმრებისათვის განკუთვნილ კოლეჯის მისაღებს მოგვაგონებს; ანდა განსაცდელში მყოფი ქალბატონებისთვის განკუთვნილ, ავეჯით გაწყობილ გასაქირავებელ ოთახს, ოღონდ – ძველმოდურს. აი, ვინ ვართ ახლა ჩვენ – განსაცდელში მყოფნი; და უარესისკენ მივექანებით.

მაგრამ ამ სკამს, მზის სხივს, ყვავილებს თვალს ვერ ავარიდებ. მე ცოცხალი ვარ, ვსუნთქავ, გაშლილ ხელისგულს გარეთ ვყოფ და მზის სხივს ვიჭერ. ციხეში კი არა, სამოთხეში ვარ, როგორც დეიდა ლიდია ამბობდა ხოლმე, რომელმაც ამ ორივე ადგილის ფასი იცოდა.

დროის ამთვლელი ზარი რეკავს. დროის მსვლელობას ჩვენც, როგორც ძველი დედათა მონასტრების ბინადრები, ზარის რეკვით ვიგებთ. და დედათა მონასტრის მსგავსადვე, აქაც იშვიათად თუ სადმე გადააწყდები სარკეს.

სკამიდან ვდგები და მზის სხივს წითელფეხსაცმლიან ფეხს ვუშვერ. უძიროები მაცვია. ხერხემალს ვუფრთხილდები. ცეკვას არ ვაპირებ. მაგიდაზე წითელი ხელთათმანები აწყვია. მე მათ წამოვკრეფ და ხელებზე ვირგებ, ნელ-ნელა, სათითაოდ ყველა თითზე. ირგვლივ ყველაფერი, ჩემი ჩამოფხატული თავსაბურავის გარდა, წითელია: სისხლისფერი ჩვენი ნიშანია. კოჭამდე სიგრძის კაბა მაცვია, სრული, მკერდამდე ბრტყლად ნაოჭაყრილი, ფართხუნასახელოებიანი. თეთრი თავსაბურავით სიარულიც სავალდებულოა; ის არა მხოლოდ ჩვენ გვიშლის ხედვას, არამედ უცხო თვალისგან გვიფარავს. წითელი არასოდეს მიხდებოდა, არ არის ჩემი ფერი. საყიდლების კალათას ვიღებ და მკლავზე ვიკიდებ.

ოთახის კარი – ჩემი ოთახის არა, საგანგებოდ არ ვამბობ სიტყვა “ჩემს” – დაკეტილი არ არის. კაცმა რომ თქვას, ბოლომდე არც იკეტება. მე მოკრიალებულ დერეფანში გავდივარ, რომლის შუაგულშიც ფარდაგი აფენია, ჭუჭყიანი ვარდისფერი. როგორც ბილიკი უღრან ტყეში, როგორც ხალიჩა სამეფო სასახლეში, იგი გზას მიკვალავს.

ხალიჩა უხვევს, მთავარი კიბის საფეხურებზე ეშვება და მეც მივყვები. ცალი ხელი კიბის მოაჯირზე მიდევს, ოდესღაც ხე იყო, სხვა საუკუნეში მოჭრეს, შალაშინით ლამაზად ააპრიალეს. ეს საგვარეულო სახლია, გვიანი ვიქტორიანული პერიოდისა, მრავალრიცხოვანი, მდიდარი ოჯახისთვის აშენებული. შემოსასვლელში დგამსაათია[1], რომელიც გულმოწყალედ გვიჩვენებს დროს; იქით დედობრივი მზრუნველობით მოწყობილი მოსასვენებელი ოთახის კარი ჩანს, თავისი მსუყე ფერებით. არ მახსოვს საკუთარი თავი ამ ოთახში მოსვენებული – ან სარგადაყლაპულივით ვდგავარ, ანდა მუხლი მაქვს მოყრილი. შემოსასვლელის ბოლოში, წინკარის ზემოთ, სარკმელია: ფერადი შუშა, წითელი და ლურჯი ყვავილებით მორთული.

სარკეც არის შემორჩენილი, კიბის მოსაბრუნთან, კედელზე. თუკი თავს ისე მივატრიალებ, რომ მთელ სახეზე ჩამოფხატული თავსაბურავიდან მას მზერა მივაწვდინო, კიბეზე ჩასვლისას დავინახავ მრგვალ, თევზის თვალივით ამობურცულ შუშას და მის შიგნით ჩემს დამახინჯებულ ანარეკლს, ერთგვარ პაროდიას, წითელმოსასხამიან ზღაპრულ არსებას, დაუდევრობის იმ ფაზას რომ უახლოვდება, რომელსაც საფრთხე მოჰყვება ხოლმე. ჩემი დაა, სისხლში ჩამბალი.

კიბის ძირში ქუდებისა და ქოლგების ჩუქურთმებიანი საკიდია, მერქნისაგან გამოთლილი. ხის გრძელ, მომრგვალებულ ძელებზე ნარნარად ამოზრდილან გვიმრის კვირტების მსგავსი კაუჭები. ზედ რამდენიმე ქოლგა კიდია: შავი მეთაურისაა, ლურჯი – მეთაურის ცოლის, მესამე კი, რომელიც მე მომაკუთვნეს, წითელი. წითელ ქოლგას თავის ადგილზე ვტოვებ – ფანჯრიდან მზიან ამინდს მოვკარი თვალი. ვფიქრობ, ნეტავ მეთაურის ცოლი თუ ზის მოსასვენებელ ოთახში-მეთქი. ყოველთვის არ ზის. ხანდახან მესმის, როგორ სცემს ბოლთას, მძიმე ნაბიჯის ხმას უფრო მსუბუქი ცვლის, ჭუჭყიანვარდისფერ ხალიჩაზე კი მისი ხელჯოხის ძლივსგასაგონი კაკუნი ისმის.

შემოსასვლელი გადავჭერი, ჩავუარე მოსასვენებელი ოთახის კარს, სასადილო ოთახში გამავალსაც, ბოლო კარი შევაღე და სამზარეულოში აღმოვჩნდი. აქ აღარ დგას ავეჯის საპრიალებლის სუნი. აქ, სამზარეულოს მაგიდასთან, რომელსაც თეთრი მინანქარი ალაგ-ალაგ ამომტვრევია, რიტა დგას. მას, როგორც ყოველთვის, მართას[2] კაბა აცვია, ჭაობისფერი, რომლის მსგავსსაც ძველად ქირურგები იცვამდნენ ხოლმე. ჩემსას ჰგავს – გრძელია და ფართხუნა, ოღონდ წინ ბავშვის წინსაფრის მსგავსი არდაგით და თეთრი თავსაბურავისა და ვუალის გარეშე. გარეთ გასვლის წინ ისიც იკეთებს ვუალს, თუმცა, არავის ენაღვლება, მართას ვინ დაინახავს. იდაყვებამდე აკაპიწებული სახელოებიდან ყავისფერი მკლავები მოუჩანს. რიტა პურს აცხობს, ცომს კიდევ ერთხელ მიზელ-მოზელს და მერე ამოაგუნდავებს.

რიტა მხედავს და თავს მიკრავს, ვერ ვიტყვი, მესალმება თუ უბრალოდ, აღნიშნავს, რომ შემამჩნია, ფქვილში ამოსვრილ ხელებს წინსაფარზე იწმენდს და კუპონების წიგნის ძებნაში სამზარეულოს უჯრას აქოთებს. პირგამეხებული იღებს იქიდან სამ კუპონს და მაწვდის. ხანდახან მაინც რომ იღიმებოდეს, სასიამოვნო სახე ექნებოდა. თუმცა, წარბებს ჩემ გამო არ კრავს: წითელი კაბაა მისი უკმაყოფილების მიზეზი, მას უბღვერს. მისი აზრით, მე შეიძლება გადამდები აღმოვჩნდე, როგორც ავადმყოფობა ანდა უიღბლობა.

ხანდახან დაკეტილ კარს ყურს მივადებ და სმენად ვიქცევი ხოლმე, ამას ადრე არასოდეს ვიზამდი. თუმცა, დიდხანს არც ახლა ვაყურადებ, მეშინია, არ წამასწრონ. ეგ კია, ერთხელ გავიგონე, როგორ ეუბნებოდა რიტა კორას, რომ ჩემსავით არასოდეს დაეცემოდა.

– არც არავინ გთხოვს, – თქვა კორამ, – მაგრამ მაინც, რას იზამდი?

– კოლონიებში წავიდოდი! – მიუგო რიტამ, – მათ აქვთ არჩევანი.

– არქალებთან, არა? იქ ან შიმშილით მოკვდებოდი, ან კიდევ, ღმერთმა იცის, რით! – მიუგო კორამ. გამოიჭირა.

ისინი ბარდას არჩევდნენ; თითქმის ბოლომდე მიხურული კარიდანაც კი მესმოდა, როგორი წკრიალით ცვიოდა ბარდის მკვახე მარცვლები ლითონის ქვაბში. გავიგონე რიტას მწარე ოხვრა, უკმაყოფილებისა თუ დასტურის ნიშანი.

– ისინი ამას ყველა ჩვენგანისთვის აკეთებენ, – თქვა კორამ, – ანდა ჩვენ გვეუბნებიან ასე. საშვილოსნოს მილები რომ არ გადამეკეტა და ათი წლით ახალგაზრდა ვყოფილიყავი, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიქნებოდი. ეს არც ისე ცუდია. მძიმე სამუშაო ნამდვილად არ ეთქმის.

– მისთვის ზედგამოჭრილია, ჩემთვის – რა მოგახსენო, – თქვა რიტამ და მეც კარი შევაღე. სახეებზე იმ ქალების შესაფერისი გამომეტყველება დაედოთ, რომლებიც ეს-ესაა, ზურგს უკან გჭორავდნენ და მიხვდნენ, რომ გაიგონე: უხერხულობისაგან ალეწილი, მაგრამ ცოტათი უტიფარიც, თითქოს შენზე ლაყბობა მათი ხელშეუხებელი უფლება ყოფილიყოს. კორას ჩვეულებრივზე უფრო ესიამოვნა ჩემი დანახვა, რიტა – კიდევ უფრო მოიღუშა.

დღეს, მიუხედავად რიტას ჩამოშვებული ცხვირისა და მაგრად მოკუმული ტუჩებისა, სამზარეულოში დარჩენა მინდა. სახლის რომელიმე კუნჭულიდან უცებ შეიძლება კორაც შემოვიდეს, ხელში ლიმონისზეთიანი ბოთლითა და მტვრის საწმენდი ჩვრით. რიტა მოადუღებს ყავას – მეთაურების სახლში ჯერაც მოიძებნება ნამდვილი ყავა – და ჩვენ მივუსხდებით სამზარეულოს მაგიდას, რომელიც ზუსტად ისევეა რიტასი, როგორც ჩემი მაგიდაა ჩემი და ვისაუბრებთ ტკივილსა და ტანჯვაზე, ავადმყოფობაზე, ჩვენს ფეხებზე, ჩვენს ზურგებზე, ყველა იმ ხათაბალაზე, რომელთაც ჩვენი სხეულები ფათერაკიანი ბავშვებივით გადაეყრებიან ხოლმე. თავებს ძახილის ნიშნებად დავუქნევთ ერთმანეთს, მივანიშნებთ, რომ ჩვენც ზუსტად იგივე გვჭირს. ერთმანეთს წამლების სახელებს ვასწავლით და ვეცდებით, ერთურთს ჩვენი ფიზიკური უძლურების დასურათხატებაში ვაჯობოთ; ჩუმად ვიწუწუნებთ, მინორული ტონალობა იჟღერებს ჩვენს ხმაში, ლავგარდანის ჩრდილში მობუზული ჩიტებივით ვიღუღუნებთ. “ვიცი, ეს რაც არის,” – ვეტყვით ერთმანეთს. ანდა იმ უცნაურ გამოთქმას გავიხსენებთ, რომელსაც ახლა უკვე მოხუცებისაგან თუღა გაიგონებ: “ხედავ, საით მივექანებით?!” – თითქოს ხმა მოგზაური იყოს, რომელსაც რომელიღაც ერთი ადგილისკენ უჭირავს გეზი. როგორც უნდა იყოს. როგორც არის კიდეც.

როგორ მძულდა ასეთი ლაყბობა. ახლა კი მენატრება. საუბარი მაინც იყო. აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

ანდა ვიჭორავებდით. მართებმა რაღაცები იციან, რაზეც მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკებიან, გაფუჭებული ტელეფონის მსგავსად ავრცელებენ ამბებს სახლიდან სახლში. უეჭველია, ჩემი არ იყოს, ისინიც უსმენენ სხვებს კარზე ყურმიდებულნი და თვალდახრილებიც კი ყველაფერს ხედავენ. ყურიც მომიკრავს მათი ამგვარი საუბრისათვის, ჰაერში დამიჭერია მათი იდუმალი მითქმა-მოთქმის ნაწყვეტები: “მკვდრადშობილი დაბადა;” ანდა: “პირდაპირ მუცელში გაუყარა საქსოვი ჩხირი, ალბათ, ეჭვიანობამ გააგიჟა;” ან მტანჯველი: “უნიტაზის საწმენდი დაულევინებია. დედის რძესავით შეერგო, ისიც კი ვიფიქრეთ, ალბათ, პირიც არ დაუკარებიაო. მაშინვე მიხვდნენ, ვინც იყო დამნაშავე.”

ანდა რიტას დავეხმარებოდი პურის ცხობაში, ჩავყოფდი ხელებს რბილ, წელვად სითბოში, რაღაცით სხეულს რომ ჰგავს. ერთი სული მაქვს, ტანსაცმლისა და ხის გარდა, რამეს შევეხო. კბილები მიკაწკაწებს, ისე მინდა შეხებით შევცოდო.

მაგრამ რომ ვთხოვო კიდეც, თავი რომც დავიმცირო, რიტა მაინც არ შემიამხანაგებს. ძალიანაც შეეშინდება. მართებს ფიქრადაც არ მოსდით ჩვენთან ფრატერნიზება.

ფრატერნიზება ლათინურად დაძმობილებას ნიშნავს. ლუკმა მითხრა. მანვე თქვა, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დადობილებას ნიშნავს. სორორიზება იქნებოდაო, თქვა. ლათინურის მიხედვით. მას უყვარდა ფიქრი ამგვარ რამეებზე – სიტყვების წარმოშობაზე, მათ თავშესაქცევ მნიშვნელობებზე. დავცინოდი, პედანტი ხარ-მეთქი.

რიტას გამოწვდილი ტალონები ჩამოვართვი. მათ ის პროდუქტები ახატია, რომლებზეც უნდა გადავცვალო: თორმეტი კვერცხი, ყველის ნაჭერი, რაღაც ყავისფერი, სავარაუდოდ, სტეიკი. მე მათ სახელოს ელვაშესაკრავიან ჯიბეში ვიწყობ, იქ, სადაც საშვს ვინახავ.

– უთხარი, ახალი კვერცხი მოგცენ, – მომმართავს რიტა, – წინანდელივით არ მოგივიდეს. და წიწილაც. ეცადე, ქათამი არ შემოგატყუონ. უთხარი, ვისთვის გინდა და აღარაფერს აურევენ.

– კარგი, – ვპასუხობ. არ ვიღიმები. რატომ უნდა ეგონოს, რომ მასთან დამეგობრებას ვცდილობ?

3

უკანა კარით დიდსა და მოვლილ ბაღში გავდივარ. შუაგულში – მინდორი, ტირიფი, ვერხვი; განაპირას – ყვავილების კვლები, სადაც ახლა ენძელები ჭკნება და ტიტები იკვირტება, ფერებად იღვრება. ტიტები წითელია, ყუნწთან მეწამული, თითქოს ადრე გადაჭრეს და ახლახან დაიწყეს შეხორცებაო.

ეს ბაღი მეთაურის ცოლის საუფლოა. ჩემი ფანჯრიდან ხშირად დამინახავს იგი აქ, ბალიშზე ჩამუხლული, ფართოფარფლებიან ქუდზე ცისფერ ვუალგადაგდებული. გვერდით მუდამ კალათა უდგას, რომელშიც ბაღის მაკრატელი ჩანს და კიდევ – ბაწრის ნაკუწები, ყვავილების მისაბმელად. მეთაურის პირადი მცველი მიწას თხრის, ქალი კი მითითებებს აძლევს, ჯოხით ანიშნებს. ბევრ ცოლს აქვს ასეთი ბაღი – საქმე რომ არ შემოელიოთ. ჰოდა, ისინიც უვლიან და უფრთხილდებიან.

ერთ დროს მეც მქონდა ბაღი. ახლაც მახსოვს ამოტრიალებული ბელტის სუნი, ამოთხრილი ჩათქვირული ბოლქვების სისავსე, თითებს შორის ჩაჩხრიალებული თესლის სიმშრალე. ალბათ, დრო ასე უფრო სწრაფად გადის. ხანდახან მეთაურის ცოლი სკამს გამოიტანს ხოლმე გარეთ და ჩამოჯდება, თავის ბაღში. შორიდან მშვიდი ჩანს.

ახლა აქ არ არის და ვფიქრობ, სად შეიძლება იყოს: არ მინდა, მოულოდნელად გადავაწყდე. შეიძლება, სასტუმრო ოთახში კერავდეს პატარა სკამზე მარცხენა ფეხშემოდებული – ართრიტი აწუხებს. ანდა ყელსახვევს ქსოვდეს ფრონტის წინა ხაზის ანგელოზებისთვის. მეეჭვება, რომ ანგელოზებს ასეთი ყელსახვევები გამოადგეთ, მაგრამ მეთაურის ცოლი მაინც დიდი გულმოდგინებით ქსოვს მათ. სხვა ცოლების მსგავსად, ჯვრისა და ვარსკვლავის ნაყშებს არ სჯერდება – ეგ ხომ მეტისმეტად იოლია. მისი მოქსოვილი ყელსახვევის ბოლოებში ნაძვის ხეებია ჩამწკრივებული, ანდა არწივები, ანდა – გახევებული ჰუმანოიდები: ბიჭი-გოგო, ბიჭი-გოგო. ზრდასრულ მამაკაცზე მეტად პატარა ბავშვს მოუხდებოდა ასეთი ყელსახვევი.

ხანდახან მგონია, რომ ამ ყელსახვევებს სულაც არ უგზავნის ანგელოზებს, არღვევს და კვლავ ძაფის გორგლად აქცევს, რომ მერე ხელახლა მოქსოვოს რამე. შეიძლება ცოლები ასე თავს იქცევენ, იჯერებენ, რომ ისინიც ვინმეს სჭირდება. მაგრამ მე მეთაურის ცოლის მშურს – მას ქსოვა შეუძლია. კარგია, პატარ-პატარა და იოლად მისაღწევი მიზნების დასახვა.

მას რატომ შურს ჩემი?

თუ აუცილებლობა არ აიძულებს, არ მელაპარაკება. მე მისი სირცხვილი ვარ; და საჭიროება.

პირველად ერთმანეთის პირისპირ ხუთი კვირის წინ აღმოვჩნდით, როდესაც მე ამ ოჯახში გამამწესეს. წინა ოჯახის გუშაგმა წინკარამდე მომაცილა. პირველ ხანებში წინკარიდან შესვლის უფლება გვაქვს, მერე უკანა კარით სიარულს გვიბრძანებენ ხოლმე. ჯერ ყველაფერი თავის ადგილას არ დალაგებულა, ჯერ ძალიან ადრეა, არავინ იცის დანამდვილებით ჩვენი ზუსტი სტატუსი. ცოტა ხნის შემდეგ ან სულ წინკარით ვივლით, ან – სულ უკანა კარით.

დეიდა ლიდია გვპირდებოდა, რომ ყველაფერს იღონებდა, რათა წინკარით გვევლო. ეს უფრო საპატიოაო, გვეუბნებოდა.

გუშაგმა ჩემ ნაცვლად მიაჭირა ზარს თითი, ზარის წკრიალი რომ ვინმემ გაიგონოს და გასაღებად გამოემართოს, დროა საჭირო, ეს კარი კი იმწამსვე გაიღო, ალბათ, იქვე იდგა დადარაჯებული. თავდაპირველად მართას დანახვას ველოდი, მაგრამ ხელთ ის შემრჩა – თავისი გრძელი, იისფერი მოსასხამით არავისში შეგეშლებოდათ.

– ესე იგი, შენ ახალი ხარ! – თქვა მან. უკან არ დაუხევია, რომ ჩემთვის გზა დაეთმო, პარმაღზე იდგა და შესასვლელს მიღობავდა. უნდოდა, მეგრძნო, რომ მისი ნებართვის გარეშე ამ სახლში ვერასოდეს შევიდოდი. ამ დროში ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა სწორედ პარმაღებთან იმართება ხოლმე.

– დიახ, – ვუთხარი მე.

– პარმაღზე დადე! – მიუბრუნდა გუშაგს, რომელსაც ჩემი ჩანთა ეჭირა. წითელი ვინილის მომცრო ჩანთა. მქონდა მეორეც, შიგ ზამთრის პალტო და უფრო მძიმე კაბები მეწყო, მაგრამ იმას მერე მომიტანდნენ.

გუშაგმა ჩანთა ძირს დადო და მხედრული სალამი მისცა. ზურგს უკან მისი ფეხის ხმა გავიგონე და ჩემს ყურს ჭიშკრის ჯახუნიც მოსწვდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მკლავი, რომელსაც ვეყრდნობოდი, გამომეცალა. ახალი სახლის ზღურბლი მუდამ დამთრგუნველია.

მან მოიცადა, ვიდრე მანქანა დაიქოქებოდა და დაიძვრებოდა. სახეში არ ვუყურებდი, თავდახრილი მხოლოდ მის ჩასუქებულ, ლურჯ წელს ვხედავდი, ხელჯოხის სპილოსძვლის ბუნიკზე ჩამოყრდნობილ მარცხენა ხელს, მსხვილ-მსხვილ ბრილიანტებიან ბეჭედს, ერთ დროს ლამაზსა და ახლაც კარგად შემონახულ არათითზე წამოცმულს და ოვალურად მოქლიბულ წამახვილებულ ფრჩხილს. თითი თითქოს ირონიულად იღიმებოდა; თითქოს მას დასცინოდა.

– შეგიძლია შემოხვიდე, – მითხრა მან. ზურგი შემაქცია და დერეფანს კოჭლობით გაუყვა, – კარი მიხურე.

წითელი ჩანთა ოთახში შემოვიყოლე, რასაც უეჭველად მიბრძანებდა, რომ გახსენებოდა, მერე კარი მივხურე. არაფერი მითქვამს. დეიდა ლიდიამ გვირჩია, თუ რამეს არ გკითხავენ, აჯობებს, ხმა არ ამოიღოთო.

– ეცადეთ, მათი თვალით შეხედოთ ყველაფერს, – გვითხრა მან, ხელები ერთმანეთს შემოაჭდო და მაგრად მოუჭირა, თან სახეზე ჩვეული მავედრებელი ღიმილი აღებეჭდა, – ეს მათთვის იოლი სულაც არ არის.

– აქეთ, – მითხრა მეთაურის ცოლმა. მის მოსასვენებელ ოთახში რომ შევედი, ის უკვე თავის სავარძელში იჯდა. მარცხენა ფეხი დაბალ სკამზე შემოედო, პატარა ბალიშზე, რომელზეც ვარდებიანი კალათა ამოექარგათ. გვერდით, იატაკზე დაგდებული საქსოვიდან ჩხირები გამოშვერილიყო.

მე მის წინ ვიდექი, მხრებჩამოყრილი.

– ასე, – თქვა მან. სიგარეტი ამოიღო, კბილებს შორის მოიქცია და მოუკიდა. თხელი ტუჩები ჰქონდა, იმგვარად მოწკურული, რომ პატარა ვერტიკალური ხაზები უჩნდებოდა, პომადის რეკლამის ქალებივით. სპილოსძვლისფერი სანთებელა ეჭირა. “სიგარეტები შავი ბაზრისას ჰგავს,” – გავიფიქრე და იმედით ავივსე. ახლაც კი, როდესაც აღარ არსებობს ნამდვილი ფული, ისევ არის შავი ბაზარი. ის მუდამ იარსებებს, ვიდრე ადამიანებს რამე გასაცვლელი ექნებათ. ამ ქალს შეეძლო, შავი ბაზრის წესებისთვის ფეხი აეწყო. მე კი ვისთვის რა შემეთავაზებინა?

სიგარეტს ნატვრით სავსე მზერა მივაპყარი. ის ისევე მეკრძალებოდა, როგორც ალკოჰოლი და ყავა.

– ანუ ის ბებერი მაჩვი ჩაფლავდა, – თქვა მან.

– დიახ, მემ.

მან რაღაც სიცილის მაგვარი ამოუშვა, მერე დაახველა:

– ბედი არ ჰქონია საწყალს, ეს შენი მეორეა, არა?

– მესამე, მემ, – მე მივუგე.

– შენც ვერაფერიშვილი გამოდიხარ, – მითხრა მან. ისევ მომესმა ხველაშერეული სიცილი, – შეგიძლია დაჯდე. ოღონდ მხოლოდ ახლა, არ ვაპირებ, თავზე დაგისვა.

ხეშეშზურგიანი სკამის კიდეზე ჩამოვჯექი. არ მინდოდა, ოთახი მეთვალიერებინა; არ მინდოდა, მას ჰგონებოდა, თითქოს არ ვუსმენდი, ამიტომ მხოლოდ თვალის კუთხით, ჩრდილივით აღვიქვი ჩემ მარჯვნივ მარმარილოს ბუხარი, მის გასწვრივ ჩამოკიდებული სარკე და ყვავილების თაიგული. მომავალში მათი გულმოდგინედ შესწავლისათვის მეტი დრო მექნებოდა.

ახლა უკვე პირისპირ ვუყურებდი. მომეჩვენა, რომ ნაცნობი სახე ჰქონდა, ან ვიღაცას მაგონებდა. ჯერ კიდევ ქერა თმა ვუალის ქვეშ ოდნავ მოუჩანდა. მაშინ გავიფიქრე, რომ ალბათ, თმას იღებავდა, რომ მისი საღებავიც შავ ბაზარზე შეძენილი სიკეთე იყო, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ნამდვილად ქერაა. წარბები წვრილ თაღებად ამოექნა და სახეზე ერთთავად გაოცებულ-აღშფოთებული თუ ცნობისმოყვარე გამომეტყველება ედო, შეშინებული ბავშვივით, თუმცა, თვალის უპეები დაღლილობისგან ჩაშავებოდა. უპეები, ოღონდ არა – თვალები, შუაგული ზაფხულის კამკამა ცასავით ლურჯი და მტრულად მომზირალი. ასეთი სილურჯე თითქოს გისხლეტს, ხელს გკრავს. მის ცხვირს ოდესღაც, ალბათ, ჩამოთლილი ეთქმოდა, მაგრამ ახლა სახესთან შედარებით მეტისმეტად პატარა ჩანდა. სახე გასივებული კი არ ჰქონდა, თითქოს გაფართოებოდა. ტუჩის კუთხეებთან ორი ღრმა ნაოჭი გაწოლილიყო, მათ შორის კი მუშტივით შეკრული თხელი ნიკაპი მოჩანდა.

– მინდა, რაც შეიძლება იშვიათად გნახო, – თქვა მან, – დარწმუნებული ვარ, შენც ეს გსურს.

არაფერი ვუპასუხე: თანხმობას თავხედობად ჩამითვლიდა, უარს – ურჩობად.

– ვიცი, სულელი არ ხარ, – განაგრძობდა იგი და კვამლის ბოლქვებს უშვებდა, – წავიკითხე შენი დოსიე. ჩემთვის ეს რაღაც ბიზნესგარიგებაა. მაგრამ თუ რამეს მიშავებენ, ვალში არც მე ვრჩები. გასაგებია?

– დიახ, მემ, – ვუპასუხე.

– ნუ მეძახი ასე, – გაღიზიანდა იგი, – მართა ხომ არა ხარ!

არ მიკითხავს, როგორ უნდა მიმემართა, რადგან მივხვდი: იმედი ჰქონდა, აღარასოდეს აღარანაირად მიმართვა აღარ მომიწევდა. გული დამწყდა. მაშინ მინდოდა, ის ჩემს უფროს დად ქცეულიყო, დედასავით მზრუნველად, რომელიც გამიგებდა და დამიცავდა. ჩემს წინა სამსახურში ცოლი თითქმის ყოველთვის საძინებელში იყო შეკეტილი, მართები ამბობდნენ, სვამსო. მინდოდა, ეს მაინც ყოფილიყო სხვანაირი. მინდოდა, მეფიქრა, რომ სხვა დროსა და ადგილას, სხვა ცხოვრებაში უთუოდ მომეწონებოდა, მაგრამ უკვე აშკარა იყო: ის არასოდეს მომეწონებოდა, ისევე, როგორც მას არ მოვეწონებოდი.

ნამწვი სპირალისებურ საფერფლეში ჩაადგო – მტკიცედ, ერთი წამოწევითა და ხელის ერთი მოქნევით. სხვა ცოლების მსგავსად არისტოკრატულ ფახიფუხს არ მოჰყოლია.

– რაც შეეხება ჩემს ქმარს, – თქვა მან, – მინდა, ყველაფერი ახლავე კარგად გაიგო. ის ჩემი ქმარია და მე და მას მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს. მორჩა!

– დიახ, მემ, – ვუპასუხე. რა ვქნა, დამავიწყდა. მინახავს პატარა გოგონების თოჯინები, რომლებსაც თუკი ზურგზე მავთულს ჩამოქაჩავდი, ლაპარაკობდნენ. მგონი, ჩემი ხმაც ამ თოჯინების ხმასავით ჟღერდა, მონოტონურად. ალბათ, ერთი სული ჰქონდა, ჩემთვის სახეში გაელაწუნებინა. მათ უფლება აქვთ, გვცემონ, ეს მათი საღვთო წესია,[3] მაგრამ მხოლოდ შიშველი ხელით.[4]

– სხვა რაღაცებთან ერთად, ამისთვისაც ვიბრძოდით, – მითხრა მეთაურის ცოლმა, მერე უეცრად თვალი ამარიდა, თავის მსხვილფალანგებიან, ბრილიანტებით შემკულ ხელებს დააცქერდა და მე გამახსენდა, სად მენახა იგი.

პირველად ტელევიზორში ვნახე, რვა-ცხრა წლის ვიქნებოდი. ის დრო იყო, დედაჩემს კვირადილაობით გვიანობამდე რომ ეძინა, მე კი ადრე ვდგებოდი, დედაჩემის ბიბლიოთეკაში ტელევიზორს მივუჯდებოდი და მულტფილმის ძებნაში ყველა არხს გადავჩხრეკდი. ხანდახან, თუკი მულტფილმს არ უჩვენებდნენ, “ნორჩ სულთათვის ქადაგების საათს” ვუყურებდი. აქ ბავშვებს ბიბლიურ ისტორიებს უყვებოდნენ და ჰიმნებს გალობდნენ. მგალობელთაგან ერთ სოლისტს სერენა ჯოი ერქვა. სოპრანო იყო. ფერფლისფერთმიანი, ტანმორჩილი, პაჭუა ცხვირითა და დიდრონი ლურჯი თვალებით, რომელთაც გალობისას ზე აღაპყრობდა ხოლმე. მას შეეძლო, ერთდროულად ეტირა და გაეღიმა. თითქოს როლში შეჭრილს, ერთი-ორი ცრემლი გრაციოზულად ჩამოუგორდებოდა ხოლმე ღაწვებზე და მისი ხმა, ათრთოლებული და უმწეო, უმაღლეს ნოტებს იოლად სწვდებოდა. ეს მანამდე, სანამ ახალ ასპარეზს აირჩევდა.

ახლა ჩემ წინ სწორედ სერენა ჯოი იჯდა, ანუ ყველაფერი უფრო უარესად იყო, ვიდრე წარმომედგინა.

 

 

[1] იატაკზე დასადგმელი დიდი საათი.

[2] ლუკა (10:38-42).

[3] “და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მÃევალი შენი ჴელთა შინა შენთა. იÃუმიე იგი, ვითარ-რაÁმეცა სათნო არს შენდა. და ძÂრი შეაჩუენა მას სარრა” (დაბ., 16,6)

[4] “ხოლო უკუეთუ ვინმე სცეს მონასა თÂსსა, ანუ მÃევალსა კუერთხითა და მოკუდეს Ãელთა მიერ მისთა, პატიჟი მიეÃადოს” (გამ., 21,20).


Filed under: აპეტაიზერი Tagged: ანი კოპალიანი, აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", თამთა ჯინჭარაძე, ია ნინოშვილი, ირაკლი ბაკურიძე, ლალი ჭინჭარაული, მალხაზ ფაღავა, მარგარეტ ეტვუდი, მარი კორინთელი, მხევლის წიგნი

ნატო დავითაშვილი. “აიას გზა”

$
0
0

 

ორი გადასარევი ამბავი მაქვს თქვენთვის: ნატო დავითაშვილის ახალი, რიგით მეექვსე წიგნი გვექნება სულ მალე და მას, ამჯერად, “წიგნები ბათუმში” გამოსცემს. “აიას გზა”, ჯერჯერობით, თხელი გარეკანით დაიბეჭდება, მაგრამ ჩიტმა ამბავი მომიტანა: სქელყდიან, საკოლექციო ვარიანტსაც არ დააგვიანდებაო.

 

ნატო დავითაშვილი.

აიას გზა

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

რედაქტორი – ლია ლიქოკელი

ყდის დიზაინი – მაია აბაშიძე

დიზაინი და დაკაბადონება  ნინო აფრიამაშვილი

© ნატო დავითაშვილი 2015

© გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

 

მხოლოდ სულიერი ბრძოლის უკიდურეს მიჯნაზე მისულები ხედავენ სხვა სამყაროებს და მათ შორის იმდენად გაცრეცილ ზღვარს, რომ ერთი ნაბიჯი კმარა გადასასვლელად,

ნახევარი კი – ორივეში სასიარულოდ.

 

კაისა

 

თავი პირველი

მზისფერთმიანი სტუმარი

აიას მხრებზე მოლივლივე თმაზე ჩამავალი მზისგან ნასესხები მეწამული დაჰკრავდა. ჟღალი არ ეთქმოდა. დედოფალმა თეკლამ ურჩია წაბლისფერი თმა წითელი თიხით დაებანა. მანაც დაუჯერა, ან დალების დედოფლისთვის როგორ არ დაეჯერებინა. თეკლა მართალი აღმოჩნდა. სულ ოდნავმა ფერისცვალებამ დიდრონი, მუქი ყავისფერი თვალები კიდევ უფრო აუკიაფა, ხორბლისფერი პირისახე, აქამდეც რომ რბილი მზისსხივისფერი ჰქონდა, მეტად გაუნათა, ტუჩებიც უფრო გამოეკვეთა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აიას განსაკუთრებით ახარებდა, – მისი ბავშვური იერსახე თვალში საცემი აღარ იყო. კოლხეთის დედოფალმა თუთამაც შენიშნა, მეომარ ქალს ემსგავსებიო.

დალების ხმალშემართული დედოფალი თეკლა და იარაღმომარჯვებული აია სავარჯიშო დარბაზში პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს თვალით ზომავდნენ. აიამ შუბლზე ჩამოყრილი თმა თავის გაქნევით გადაიყარა, მარცხენა ფეხი უკან გადადგა, მთლიანად მას დაეყრდნო და მოწინააღმდეგეს შეუტია. ხმალს ისე მსუბუქად იქნევდა, თითქოს მანდილს აფრიალებსო. ოსტატობაში დედოფალი აიაზე ბევრად დახელოვნებული და გამოცდილი გახლდათ, ღონეც მეტად ერჩოდა, მაგრამ იარაღს ასე მოხდენილად მაინც ვერ ათამაშებდა. ამის მიზეზს აია თავიდანვე მიხვდა. თითისტოლა გოგომ დალების დედოფალს ცეკვის შესწავლა ურჩია, – სულ პატარაობიდან რომ არ მეცეკვა, ახლა ასე ნიავივით ვერ ვიმოძრავებდიო. მე – არა, მაგრამ თანატოლებს ასწავლე, უფლებას გაძლევო, – მიუგო თეკლამ.

– აი, ასე! კარგია, კარგია! – შეჰყვირა აიას შეტევით კმაყოფილმა დედოფალმა, – კიდევ უფრო მძლავრად! მოდი! მოდი!

აიას შეძახილი და გახელება არ სჭირდებოდა, ისედაც დაუნდობლად მიიწევდა წინ. თეკლას ხმალს ხმალი გადააჭდო და დალების დედოფლის მოხერხებულობა რომ არა, მოწინააღმდეგე იარაღს გააგდებინებდა.

– კარგი, საკმარისია! – შეაჩერა თეკლამ, – ძალიან შევყევით, სხვა საქმეებიც მაქვს!

– როგორც იტყვი! – მყისვე დაეთანხმა აია და იარაღი დაუშვა.

– ძველებურად ყოჩაღი ხარ, კამარას გაკვეთილები არ დაგვიწყებია, – შეაქო აია დედოფალმა თეკლამ.

თეკლას ემჩნეოდა, აიას ოსტატობით კმაყოფილი იყო. თუ სხვათა თვალში დედოფალს მუდამ შეუვალი იერი და მკაცრი მზერა ჰქონდა, აიასთან გრძნობების გამოხატვას არასოდეს ერიდებოდა.

– აქაც ვვარჯიშობ, დედოფალმა თუთამ ჩემი გაწვრთნა საუკეთესო მეომრებს დაავალა.

– შენი გაწვრთნა? – შეცბუნდა თეკლა, – კოლხეთში ნასწავლი და გაწვრთნილი გამოგიშვი. ძალიან მაინტერესებს, აქ ახალი რა გაიგე და შეითვისე.

– დედოფალმა თუთამ ეკლებჩაწნული ნაწნავით ბრძოლის წესები მასწავლა. თმა მათრახის მაგივრობას მიწევს. კიდევ ხელფეხშეკრულ ცურვასაც დავეუფლე. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მერე წარმოვიდგინე, რომ წყალში ვცეკვავდი და ტანს ისე ვარხევდი, ყველაფერი გამომივიდა.

– რა გეშველებოდა, ეს ცეკვა რომ არ გცოდნოდა? – გაეცინა თეკლას.

– წყალქვეშა ორთაბრძოლებში დალების ტბაშიც მავარჯიშებდი, მაგრამ გაშლილ ზღვაში სულ სხვაა. თავს ბევრად მსუბუქად და ლაღად გრძნობ. აქ წყალიც თითქოს უფრო მსუბუქია.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, როგორც ვხედავ, ჯერ კიდევ ფასისში ხარ, ოკშში კი ერთხელაც არ ყოფილხარ.

– მართალი ხარ, – მოიღუშა აია, – ოკშში ჯერ არ ავუყვანივართ. თუმცა, აქაც შესანიშნავი ბიბლიოთეკაა. დედოფალმა თუთამ სწავლულებიც მომიჩინა.

– კაისამ ყველა მნიშვნელოვანი წიგნი ოკშში წაიღო. სანამ იქაურ ბიბლიოთეკას არ გადაიკითხავ, ლილეს შენს გაშვებაზე თანხმობას ვერ მივცემ. ხომ გახსოვს, მამაშენმა რა პირობით მოგიყვანა ჩვენთან?!

– მომცემს კი ოკშის ბიბლიოთეკა ყველაფრის ცოდნას?

– რა თქმა უნდა არა, მაგრამ იმას კი გასწავლის, საქმეს ხელი უცოდინარმა რომ არ უნდა მოჰკიდო, – ღიმილით უპასუხა თეკლამ და შუბლზე ჩამოშლილი თმა თავად გაუსწორა.

– ამასობაში კი დავბერდები, – წაიწუწუნა აიამ.

– ჰა… ჰა… – გულიანად გაეცინა დალების დედოფალს, – დაბერდები კი არა, უკვე დაბერებულხარ და ეგაა, რადგან ასე წუწუნებ!

– ნუ მაბრაზებ! – შეუბღვირა აიამ.

– კარგი, კარგი! – ჩაიხუტა თეკლამ აია, – არ გაბრაზდე. თუთასიც კარგად მესმის. შენი მოშორება ყველას გვიჭირს: შენებს –  ხომ გახსოვს, სახლიდან როგორ გამოგიშვეს; მე – გული თან გამოგაყოლე; არც თუთას უნდა შენი გადახვეწა. კარგად იცის, ოკშში თუ ჩაიკეტები, იმ ქვაბულებიდან დიდხანს არ გამოხვალ. ყველას საჩვენოდ გვინდიხარ. როგორც გავიგე, ტახტის მემკვიდრე გერგეც ყურადღებას არ გაკლებს… – გამომცდელად შეხედა თეკლამ აიას.

– მაგრამ მე რომ აუცილებლად უნდა წავიდე? – ქალიშვილმა დედოფლის ბოლოს ნათქვამი სიტყვები თითქოს ვერც გაიგო, საუბარი ისე გააგრძელა და მტკიცედ წარმოთქვა: – უნდა წავიდე! შენ არ იცი, რა ძნელია, როცა გიხმობენ და არ იცი – საიდან და ვინ.

– სამაგიეროდ ლილემ იცის ძალიან კარგად.

– ჰოდა, მეც მამასავით მოვივლი უცხო მხარეებს და მასავით აუცილებლად შინ დავბრუნდები. მამამაც რამდენი იარა, სად არ იყო, ბოლოს კი ისევ სახლში დაბრუნდა.

– რა თქმა უნდა, აუცილებლად დაბრუნდები, როგორც ლილე იროელი, მაგრამ სად? ამაზე თუ გიფიქრია?!

– სად? – დაიბნა აია.

– თუმცა, მამაშენიც საბოლოოდ დაბრუნდა თუ არა, ეს კიდევ საკითხავია, იროელებმა მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება იცით.

თეკლამ იარაღი საჭურველმტვირთველს გადასცა და ხალიბ მჭედლებთან შესახვედრად გასწია. ჩვეულებისამებრ მამაკაცურად იყო გამოწყობილი, – მეომარი ქალები მხოლოდ ასეთ სამოსს ცნობდნენ. მოკლე ტყავის კაბაჩა ტანზე კოხტად მოერგო. წელი ვერცხლის ძაფებისგან დაწნული განიერი ქამრით გამოეკვეთა. ორივე მაჯაზე მსგავსი წნულის სამაჯურები დედოფლის ერთადერთი სამკაული იყო. ძალიან ახალგაზრდაც აღარ ეთქმოდა, მომავალ წელს ორმოცის ხდებოდა, მაგრამ შესანიშნავად გამოიყურებოდა, – ნამზეურ სახეზე ერთი ნაოჭიც არ ემჩნეოდა, თმები ძველებურად უბზინავდა, მხოლოდ ოდნავ ჩამუქებოდა – ახლა ხორბლისფერი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ოქროსფერი. მხრებშიც ნორჩი ქალწულივით იყო გაშლილი.

თეკლა აიას ათი წლიდან ზრდიდა. ლილემ დალების დედოფალს კამარაში შვილი თავად ჩაუყვანა, თუმცა პირობა დაადებინა, რომ გოგონას დალად არ დაიტოვებდა. შვილის კამარაში წაყვანა ლილე იროელმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აიამ აიკვიატა, უცხო მხარეები მიხმობენ და მათ მოსაძებნად უნდა წავიდეო. იროელს კი, თუ უცხო მხარე უხმობდა, ვერაფერი გააჩერებდა, ვერც დედის ცრემლი და ვერც მამის აწეული წარბი, ადრე თუ გვიან აუცილებლად წავიდოდა. ლილეს შვილის კარგად ესმოდა, ეს გრძნობა მისთვისაც არ იყო უცხო. ამიტომაც აიას ყოველმხრივი განსწავლა გადაწყვიტა. დალების დედოფალზე უკეთ მის ქალიშვილს მომავალი ფათერაკებისთვის ვერავინ მოამზადებდა. ერთადერთ შვილთან განშორებას დედა ძალიან განიცდიდა, თუმცა ნაისაც შესანიშნავად ესმოდა, მისი გოგონასთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ უცხო მხარეებში წასასვლელ გზას ყოველმხრივ გამოცდილი დაადგებოდა. აია მშობლებს ყოველ წელს აკითხავდა, რამდენიმე კვირით როშკაშში რჩებოდა. აახმაურებდა ოჯახს, გამოაცოცხლებდა და ისევ მიდიოდა. ყოველი სტუმრობის შემდეგ ნაი გადაწყვეტილების სისწორეში სულ უფრო რწმუნდებოდა. ეს ანუგეშებდა და შვილის მონატრებას აძლებინებდა. კიდევ ერთი, – აიას სამუდამო დაბრუნებამდე ლილე არსად წასვლას არ აპირებდა.

ხუთი წელი ცხოვრობდა აია კამარაში – მებრძოლი ქალების მთავარ ქალაქში. დედოფალი თეკლა ბავშვს არ ზოგავდა. ისე ზრდიდა და წვრთნიდა, თითქოს სადედოფლოდ ამზადებდა. ერთხელ გაეხუმრა, საბრძოლო ხელოვნებას გულს თუ ვერ დაუდებ და ისე არ მოგამზადებ, შენი იმედი რომ მქონდეს, არსადაც არ გაგიშვებ, დაეთხოვე უცხო მხარეების მონახულებაზე ოცნებასო. აქ, დალებთან, კამარაში დაგტოვებ, საკუთარი შვილი არა მყავს, ძმისშვილად კი მერგები და ტახტს შენ გადმოგილოცავო. ამის გაგონებაზე აიამ გულიანად გადაიკისკისა, მამაჩემმა და დედაჩემმა როშკაშში ათი წლისა ვერ გამაჩერეს და აქეთ გამომიშვეს, წასვლას როცა გადავწყვეტ, დალების მთელი არმია ვერ შემაჩერებსო.

კამარაში, სხვა გოგონების მსგავსად, აიაც უმკაცრეს წესებს ემორჩილებოდა. გართობისთვის და სათამაშოდ ძალიან მცირე დრო რჩებოდა – ვარჯიში, ჯირითი, სამკურნალო ბალახების გამოცნობა, წამლებისა და ნაყენების მოხარშვის წესების დაზეპირება, კლდეზე ცოცვა, ნადირობა და ხაფანგების დაგება და კიდევ ათასი რამ უნდა ესწავლა და შეეთვისებინა. ამას გარდა, აიას ფასისიდან გამოყოლილი მწიგნობარიც ახლდა, რომელიც, დალი გოგონებისგან განსხვავებით, მის სულ სხვაგვარ განსწავლაზე ზრუნავდა.

აიამ დედოფლის ბრძანებით თოვლიანი მყინვარებიც მოიარა და კინაღამ თითებიც კი მოიყინა. თეკლამ იმდენი მოახერხა, აია ქაჯავეთის კედლის მიღმა გადაიყვანა და რამდენჯერმე ქაჯებსაც კი შეახვედრა პირისპირ, რათა აღსაზრდელს ნამდვილი მტრის რისხვა და მისი დაუზოგავად მოქნეული მახვილის სიმძიმე ეგრძნო. ქაჯთან პირველივე ორთაბრძოლის შემდეგ აია მიხვდა, ავსულის შეტევის მოგერიებით მიღებული გამოცდილება კამარაში მოყვარესთან ვარჯიშში გატარებულ რამდენიმე თვეს გადაწონიდა. სულ სხვა გრძნობა დაეუფლა, როცა ქაჯს თვალი თვალში გაუყარა. ასეთი სიძულვილი არასდროს ეგრძნო. თითქოს თავად სიკვდილი მისჩერებოდა სახეში, რომელსაც მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა – მეტოქე რაც შეიძლება სწრაფად გამოესალმებინა სიცოცხლეს. ქაჯი აიას არჩევანს არ უტოვებდა, ან ის უნდა გადარჩენილიყო, ან თავად. ორთაბრძოლების დროს აქამდე აიას მხოლოდ ერთი საზრუნავი ჰქონდა, – არ დამარცხებულიყო, ახლა საფიქრალი სულ სხვა იყო – არ დაღუპულიყო.

საოცარი სანახაობის მომსწრე გახდა თეკლა. თავდაპირველად აიას ქაჯთან გამკლავება უჭირდა, დედოფალი ბოლო წამამდე თავს იკავებდა და არ ეხმარებოდა. როცა მიხვდა, აია მახვილს ძველებური გაშმაგებით ვეღარ იქნევდა, ორთაბრძოლაში ჩარევა გადაწყვიტა. მათგან სამ ნაბიჯში იყო და ყველაფერს კარგად ხედავდა. ქაჯის მოქნეული ცულისგან აიამ თავს ახტომით უშველა. ეს ჩვეულებრივი ილეთი იყო, მაგრამ თეკლას მოეჩვენა, იგი ჰაერში რამდენიმე წამით დაყოვნდა. ეგ კიდევ არაფერი – აია ძირს არ დამხტარა, მოულოდნელად ისე მოექცა ქაჯის ზურგს უკან და ერთი დაკვრით მტერი ძირს დასცა. ეს ისე სწრაფად მოხდა, თეკლამ მის გადაადგილებას თვალი ვერ მიაყოლა. დედოფალს არც ძალიან გაკვირვებია: აია იროელი იყო. თუმცა აიას ილეთი იროელთათვისაც უცხო უნდა ყოფილიყო.

გოგონას გამოწრთობაში თუთას დალების სამფლობელოც უწყობდა ხელს: ღვარცოფიანი მდინარეები, გაუვალი უღრანი ტყეები და ზვიადი სალი კლდეები დალებისთვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი გარემო იყო. გადაკეტილი მდინარის სათავეში გაშენებული მებრძოლი ქალების ქალაქი – კამარა ადამიანებს მთლიანად მოწყვეტილი იყო. აია მუდმივად მეომართა შორის ტრიალებდა და მათ შორის მეგობრებიც ბევრი ჰყავდა. გოგონას ძალიან მოსწონდა დალებთან ცხოვრება და იქაური წესები, მაგრამ დროს იხელთებდა თუ არა, მდინარის ჩამკეტ კედელს მიაშურებდა და იქიდან გადასცქეროდა დალების ლაჟვარდოვან ტბას – მყინვარის ცრემლს.

აიას წყალი განსაკუთრებულად იზიდავდა. სიზმრადაც მუდამ ზღვის სიღრმეებში დაცურავდა. ქალიშვილი სულ წყალში ან წყლადყოფნას ნატრობდა. ამ დროს იროელების ნიშანთან ერთად ჯაჭვზე შებმულ სტიქიონების ოთხფურცელა გულსაკიდს დახედავდა და მწარედ ამოიოხრებდა.

წვრთნაში აიას გულმოდგინება შესაშური იყო. მისი თანატოლები თუ საათს ვარჯიშობდნენ, აია ორჯერ მეტ დროს ხარჯავდა, მაგრამ, დალი გოგონებისგან განსხვავებით, იარაღი და მისი გამოყენება დიდად არ უყვარდა. ბავშვობიდანვე იცოდა, წინ რომ დიდი მოგზაურობა ელოდა და კამარაში გატარებული ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის სამზადისი იყო. ერთადერთი გზა, რომელიც უცხო მხარეში მიიყვანდა, იმ კარზე გადიოდა, რომელთანაც მარტო ვერასდროს მივიდოდა. მხოლოდ მამამისმა – ლილე იროელმა, მისმა მეგობარმა ყვავმა – ყოფილმა ავსულმა რუფიამ და დალების დედოფალმა თეკლამ იცოდნენ ქვესკნელში დამალული საიდუმლო კარის ადგილსამყოფელი და თუ მზადყოფნაში სამივეს არ დაარწმუნებდა, ვერასდროს შეაღებდა მას.

ხუთწლიანი მომზადების შემდეგ თეკლამ აია კოლხეთში გაგზავნა. ორი წელი სრულდებოდა, რაც აია დედოფალ თუთას სტუმრობდა. თუთა ბაკურის სიკვდილის შემდეგ მეათე წელი იყო ზღვისპირეთს მართავდა. დედოფალს მამის მსგავსად დიდი ჯაფა არ ედგა. მტერი შედარებით მიჩუმათებული იყო. სამშვილდის დიდი ბრძოლის შემდეგ კოლხეთში, განსაკუთრებით კი მთავარ ქალაქ ფასისში, სიმშვიდე სუფევდა. თუთას გადედოფლების პირველ წლებში კოლხებმა მხოლოდ სამჯერ მოიგერიეს წყლის ქაჯების თავდასხმის უნიათო მცდელობა. მებადურთა ნავები და ვაჭართა ხომალდები ზღვაშიც თავისუფლად გადიოდნენ. ქაჯების წყლისქვეშა სამეფო ხელუხლებელი კი იყო, ან ავსულთა გარდა იქ ვინ შეაღწევდა, მაგრამ უჯაროდ დარჩენილი უწინდელ საშიშროებას აღარ წარმოადგენდა. თუმცა, ბოლო დროს ავსულებმა ბრძოლის ახალ ხერხებს მიმართეს, დასახლებებზე შეტევის ნაცვლად მგზავრებს გზებზე უსაფრდებოდნენ და მშვიდი სვლის საშუალებას არ აძლევდნენ. რაც დრო გადიოდა, თავდასხმები სულ უფრო და უფრო ხშირდებოდა. არც იყო გასაკვირი, სამშვილდის ბრძოლის შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი იყო გასული და ქვესკნელიც თანდათან იკრებდა ძალებს.

კამარაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ აიას კოლხეთში ცხოვრება თავდაპირველად ცოტა მოსაწყენი ეჩვენა, თუმცა არანაკლებ საინტერესო. რას არ სწავლობდა – ცაზე ვარსკვლავების მოძრაობას, ამინდის გამოცნობას, ხიდებისა და სასახლეების აგებას, სიტყვათა ლამაზ წყობასაც კი აჩვევდნენ. ბეჯითსა და გონიერ გოგონას ძალიან ხშირად აქებდნენ და ლამის კაისას – დედოფალ თუთას ტყუპისცალ დას – ადარებდნენ. აიას ბავშვობიდან გასაოცარი ამბები ესმოდა კაისას შესახებ, შეიძლება ვიღაცას გამოგონილი და ზღაპარი სჩვენებოდა, მაგრამ გოგონას მათ სიმართლეში იოტისოდენადაც არ ეპარებოდა ეჭვი. ულამაზესი, ღვთისშვილებისგან დაფასებული, უსაზღვროდ განსწავლული, სხვათა გონების მჭვრეტელი, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ავსულთა მეუფის მართვა შეძლო, თუმცა ამას თავადაც შეეწირა და სამშვილდის ბრძოლის შემდეგ გაუღვიძებლად ეძინა, – აი, რა იცოდა კოლხეთის დედოფლის ტყუპისცალის შესახებ. რუფიაცა და მამაც ყოველთვის დიდი სიყვარულითა და მონატრებით იხსენებდნენ კაისას. მოვა დრო და დანარჩენ ამბავს კაისა თავად მოგიყვებაო, – რუფია მონათხრობს ყოველთვის ასე ამთავრებდა. პატარა აიას სულ უკვირდა, ყველა ამბობს, სამარადჟამოდ დაიძინაო და თავად როგორღა მომითხრობსო.

ბნელთმეუფე სამსალას მიერ სამარადჟამოდ მიძინებულ კაისას ბაკურმა ფასისში კოშკი აუშენა, რომელიც ფასისის მთავარ კარიბჭესთან, ტახტ-სავარძელზე დაბრძანებული ქალაქის მფარველის – დიდი დედის წინწილებიანი ქანდაკების აღმოსავლეთით იდგა. ამ პაწაწინა ზარების შიშით გალავანს ავსული ვერ ეკარებოდა, მტრის მოახლოებას ზანზალაკები კოლხებს მაშინვე ამცნობდა, ისე აჟღარუნდებოდნენ, მათ წკრიალს მთელი კოლხეთი გაიგებდა. რაც უფრო მრავალრიცხოვანი იყო მომხდური, წინწილები მეტი გაშმაგებით რეკდნენ. კაისა ყველაზე მაღლა, კოშკის ზედა სართულზე მოთავსებულ ოთახში დაასვენეს, რომელიც მთლიანად იალღუნისა და ბზის ფირფიტებით, ულამაზესი ნაყშებით იყო მოხატული. წლები გადიოდა, მაგრამ კაისა არ იცვლებოდა. ზღვისფერი კაბა ეცვა, მოლივლივე. ცალი ხელი მკერდზე ედო, მეორე – ოდნავ დაბლა. განიერი, ბოლოებში მოქარგული სახელოები იატაკამდე ეფინა. ოქროსფერი, ოდნავ ტალღოვანი თმა მხარს დაბლა ჰქონდა ჩამოშლილი. თავი კაბისფერ დაბალ ბალიშზე ედო. საოცრად ლამაზი იყო და ნატიფი ნაკვთები ჰქონდა. ღაწვებზე ვარდისფერი დაჰკრავდა. მშვიდი იერი ჰქონდა, მაგრამ მნახველი მის სახეზე მაშინვე შეამჩნევდა მიმალულ ღიმილს. სულ ახლახანს ჩაძინებულს ჰგავდა. არადა, ოცდაორი წელი სრულდებოდა, კოლხეთის მთავრის ასულს გამოუღვიძებლად ეძინა – ისეთივე ახალგაზრდასა და ნორჩს, როგორიც ორი ათეული წლის წინ იყო. კაისა და დრო ერთმანეთს ვერ ამჩნევდნენ, იქნებ უბრალოდ თვალს არიდებდნენ. დროც კი ზოგავდა ქვესკნელის მთავარ სამსალასთან მებრძოლ და ბოლომდე დაუმარცხებელ ქალიშვილს.

კაისას სანახავად ჩამოსულ სტუმრებს დედოფალი თუთა დიდი სიხარულით არ ხვდებოდა. მძინარე დის სანახაობად გადაქცევა გულს სტკენდა და ისედაც მძიმე დარდს გაუსაძლისად უხდიდა. ამ განწყობას არ მალავდა, ამიტომაც თანდათან მნახველმა იკლო და მარტოობაში დარჩენილ კაისას ორადორი სტუმარი დარჩა – ტყუპისცალი და და საღამოსპირის ზღვაური.

დის სანახავად წასულმა დედოფალმა თუთამ აია მხოლოდ ერთხელ იახლა, სულ რამდენიმე დღის წინ, როცა ახალგაზრდა სტუმარმა კაისას ბიბლიოთეკაში წასვლა კიდევ ერთხელ სთხოვა. თუთამ პირობა მისცა ლილე იროელს, რომ აიას ოკშის კარს აუცილებლად გაუღებდა. იმ ავბედითი დღის შემდეგ, როცა ბებერმა როკაპმა კაისა ოკშიდან გამოიყვანა და უკანდასაბრუნებელი გზა ჩაუხერგა, ციხე გამოკეტილი იყო. კაისას მიძინების შემდეგ მხოლოდ ერთხელ ავიდა თუთა, რათა საკუთარი ხელით ჩაეკეტა ციხე-ქალაქის წიგნსაცავი და კარიბჭე. მას შემდეგ ოკშის ქვაბულებში არც მტერსა და არც მოყვარეს ფეხი არ დაედგა. პირობის მიუხედავად დედოფალი აიას ოკშში აყვანას არ ჩქარობდა. პირიქით, ათას რამეს იმიზეზებდა, რომ სტუმარი, რაც შეიძლება დიდხანს, ფასისში დაეტოვებინა.

– ვფიქრობ შენს ოკშში გამგზავრებაზე, – უპასუხა თუთამ აიას მორიგ თხოვნაზე, – სწავლულები ძალიან გაქებენ, კაისასაც კი გადარებენ, მაგრამ შენ კაისა არ ხარ და იქ მარტო ცხოვრება გაგიჭირდება.

ეს ის სიტყვები არ იყო, რასაც აია დედოფლისგან ელოდა, მაგრამ ქალიშვილმა საუბრის დასაწყისად ჩათვალა და ამითაც კმაყოფილი დარჩა.

– ვინც გინდა, ის გამაყოლე, მთავარია, კაისას ბიბლიოთეკამდე მივაღწიო. იქ ისეთი წიგნები ყოფილა, რომელთა წაუკითხავადაც მამაჩემი ქვესკნელის კარს არ გამაღებინებს, – მუდარანარევი ხმით წარმოთქვა აიამ.

– იქ ძალიან დიდი ბიბლიოთეკაა, მრავალი ასეული წიგნია, ყველას წაკითხვა კაისამაც ვერ მოასწრო. ოკშში დიდხანს დარჩენას არ აპირებ, რამდენიმე თვემ რა ცოდნა უნდა მოგცეს?

– ამაზე მეც მიფიქრია დედოფალო, მაგრამ მამა ოკშში ცხოვრებას დაჟინებით მთხოვს და თუ ნებას დამრთავ, ხვალვე გავემგზავრები.

– გთხოვს… – გაიმეორა თუთამ, – იქნებ ლილემ რამე იცის, – ჩაილაპარაკა თავისთვის.

– რა უნდა იცოდეს? – ჩაეძია აია.

– რამე განსაკუთრებული, – თქვა თუთამ და აიას მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.

– ასე რატომ მიყურებ, დედოფალო?! – შეცბუნდა ქალიშვილი.

– მამაშენს კაისა განსაკუთრებულად უყვარდა. ერთად მრავალი რამ გადახდათ, დიდი მეგობრები იყვნენ. ერთმანეთს უსიტყვოდ ესაუბრებოდნენ. იქნებ ახლაც აქვთ კავშირი?

ამ საუბრის შემდეგ თუთამ აია კაისას სავანეში აიყვანა. დედოფლის შემხედვარეს აიას ყოველთვის ავიწყდებოდა, თუთა რომ მასზე ბევრად უფროსი იყო, თან მხოლოდ მასზე კი არა, მის მშობლებზეც. დედოფლის ასაკს მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა მძინარე კაისას დახედა. კაისა ქერა იყო, თუთას შავი სწორი თმა წელამდე სწვდებოდა. მათ შორის მხოლოდ ეს იყო განსხვავება. ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ, – თვალის ჭრილი, ლამაზი, სწორი ცხვირი, ტუჩების მოყვანილობა – ყველაფერი ერთნაირი ჰქონდათ, მაგრამ ეს არ იყო დების მსგავსება, ეს უფრო ქალიშვილთან დედის ნაკვთების გამეორებას ჰგავდა.

– წარმოუდგენელია! – აღმოხდა აიას.

– შენ კი არა, ხანდახან მეც არ მჯერა, ოც წელზე მეტია სძინავს. ასე დასაჯა წყეულმა ბნელთმეუფემ სიკვდილის წინ, სამსალას წყევლა, ჯადო… არ ვიცი, რა ადევს და საშველი არსაიდან ჩანს. ღვთისშვილი კოპალა და მამაშენი კაისას გონში ჩახედვას ცდილობდნენ, იქნებ იოტისოდენა სიცოცხლის ნიშანწყალი ენახათ, – ყველაფერი ამაო გამოდგა, იქ მხოლოდ უკუნი და სრული სიჩუმე დახვდათ.

– ისე გამოიყურება, თითქოს ეს-ესაა ჩაიძინაო, სახეზე ღიმიც კი დასთამაშებს… – გაოცებას ვერ მალავდა აია.

– მისი გულისფეთქვა და ღაწვების ვარდისფერი იმედს საბოლოოდ არ მიკარგავს, – გაუღიმა დას თუთამ, – შეუძლებელია, ის ძალა და ნიჭი, რომელსაც კაისა ფლობდა, საბოლოოდ განადგურებულიყო. კაისას ჩემსავით არც იარაღი სჭირდებოდა და არც სწრაფმავალი რაში. გონებით ყველაფერს სწვდებოდა. ამ ძალის გამო სამსალამ ჩემი დის დასაუფლებლად მთელი თავისი ჯარი გამოგზავნა.

– მამამ მითხრა, კაისამ ადგილსამყოფელი თავად გაანდო სამსალასო.

– მართალია. ეს კაისამ აიძულა სამსალა, რომ დედაბუდიანად აეყარა ავსულები და სამშვილდეში გამოეშვა. იმ ვერაგს კაისას ნიჭის გამოყენება სურდა. დიდ ბრძოლაში გადაეშვა ჩემი და, მაგრამ მებრძოლი არასდროს ყოფილა, ოკშში ყოფნას არაფერი ერჩია. ყველაზე ბედნიერი თავის ბიბლიოთეკაში იყო, – მიუბრუნდა დედოფალი აიას, – ასე მგონია, აქ მისი სხეულია მხოლოდ, სული კი საყვარელ წიგნებს შორის ოკშში დანავარდობს.

– ამიტომაც გიჭირს ჩემი იქ გაშვება, – დაუფარავად თქვა ნაფიქრი აიამ.

– იქნებ მართალიც ხარ, არ ვიცი. მაგრამ ეს წუთია მივხვდი, სწორად არ ვიქცეოდი, რომ გაყოვნებდი. თუ კაისას სული ახლაც ოკშში ტრიალებს, ყველაზე მეტად შენი იქ დანახვა გაუხარდება. არ დაგიმალავ, ოკშის წიგნსაცავებში გამოკეტილი ცოდნაც მენანება. ერთი პირობა ვიფიქრე, წიგნები ფასისში ხომ არ ჩამომეტანა, მაგრამ მაშინვე საკუთარ თავზე გავბრაზდი, თითქოს ამით ჩემს დას სამუდამო განაჩენი გამოვუტანე, ვირწმუნე, რომ აღარასდროს გამოიღვიძებდა, და ეს აზრი სამუდამოდ უკუვაგდე. არ დაგიმალავ, ერთადერთი შენ ხარ, ვისაც ოკშის გასაღებს ვანდობ. კაისას წიგნებს სხვას ვერავის ჩავუგდებ ხელში. ძალიან განსხვავებული კი ხარ კაისასგან, ძალიან… მაგრამ ერთადერთი შენში ვხედავ იმ ნათელს, რომელსაც ჩემი დაც ასხივებდა.

– დიდი მადლობა, დედოფალო, ამ ნდობისთვის, – გული აუჩუყდა აიას.

– სამადლობელი არც არაფერია, შენ ამას იმსახურებ!

– როდისთვის მოვემზადო? – აიამ თუთას სიტყვები თანხმობად ჩათვალა.

– როცა დრო მოვა, თავად აგიყვან, – დედოფალმა აიას ეს უთხრა მხოლოდ. ზუსტი პასუხი ამჯერადაც არ გასცა. – შეიძლება, ორიოდ დღეშიც კი, – დააყოლა ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ.

ორიოდ დღეში ოკშში ასვლა ვერ მოხერხდა. დედოფალი მგლებშემოსეული სოფლების მოსანახულებლად წავიდა. თუთა საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა, მოსახლეობას ჩვეულებრივი რუხი მგლები აწუხებდნენ. ავსულთა ეშვკბილა თეთრი მგლისთვის თვალი ერთხელაც არ მოეკრათ. აიასაც სურდა გაყოლა, მაგრამ დედოფალმა ფასისში დატოვა. თუთას შვილობილი გერგეც – ბაკურის მედროშე ამირას უმცროსი ვაჟი, კოლხეთში არ იყო და აიას სამშობლოს – აღმოსავლეთ მთიანეთს სტუმრობდა. დედოფალმა მხოლოდ მცირე რაზმი იახლა და იქაურებს იარაღი და წამლები წაუღო.

თუთას გამგზავრებიდან მესამე დღეს ფასისს კამარადან დალების დედოფალი თეკლა ეწვია. დედოფლის ამალაში ათი ქალი იყო, ზოგი მათგანი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალაქში დარჩენას აპირებდა. ამიტომაც სტუმრებს მასპინძლობას აია უწევდა.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: აიას გზა, აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ირაკლი ბაკურიძე, ლია ლიქოკელი, მაია აბაშიძე, მარი კორინთელი, ნატო დავითაშვილი, ნინო აფრიამაშვილი, ფენტეზი, ქართული პროზა

“წიგნის ქურდი”: წიგნებსა და ადამიანებზე

$
0
0

პოსტი დაწერილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის

 

არაერთხელ მითქვამს – თუ რამეს ვერ ვიტან, აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაა, ვიღაცის ან ვიღაცების მიერ გულმოდგინედ ჩამოწერილ-ჩამოწიკწიკებული. რა ვქნა, არ მიყვარს დირექტივები და მომკალით. არც იმაზე ვგიჟდები, ვინმე საკუთარ გემოვნებას რომ მახვევს თავს. არადა, მგონი სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ ახლა – ერთი რომანის წაკითხვა დაჟინებით უნდა გირჩიოთ და საკუთარი პრინციპებისგან ასეთ გადახვევას მხოლოდ იმით თუ გავამართლებ, რომ მარკუს ზუზაკის “წიგნის ქურდი“ მარტო წიგნი არ არის – დაუნდობელი დარტყმაა მზის წნულში.

კაცმა რომ თქვას, რა უნდა დაწერო დღეს ახალი ომის შესახებ? მაგრამ როცა 1939 წლის იანვრის სუსხიან დილას ლიზელ მემინგერთან ერთად დაადგებით გზას, მიხვდებით, რომ მარკუს ზუზაკმა ეს მოახერხა, თანაც ისე, რომ სანამ ბოლო გვერდებსაც ჩაიკითხავთ, ბევრჯერ სუნთქვაც გაგიჭირდებათ და ფანჯრის გასაღებადაც წამოდგებით, რომ დახშულ ფილტვებს ორიოდე ყლუპი ჰაერი მიაშველოთ.

მიაბიჯებთ ლიზელთან ერთად, უსმენთ სიკვდილის მონათხრობს (არ მოგეჩვენათ, ნამდვილად სიკვდილისას) და ვის აღარ ხვდებით. რუდი შტაინერიც აქაა – ლიზელის ერთგული მეგობარი, ჰანს ჰუბერმანიც, მამის მაგივრობას რომ უწევს გოგონას. აი, როზას, მის ცოლს, დედობა მაინცდამაინც არ გამოსდის, არადა, ურიგო ადამიანი როდია… ჰო, კიდევ მაქს ვანდენბურგია ამ წიგნში, ლტოლვილი ებრაელი, “ზეციურ ქუჩაზე“ ჰუბერმანებმა რომ შეიფარეს. მისი და ლიზელის ურთიერთობა ღირს მარტო ერთ წიგნად.

ნუ შეგაშინებთ ზუზაკის უჩვეულო სტილი, მისეული, ყველასაგან განსხვავებული მხატვრული სამყარო, ერთი შეხედვით არეულ-დარეული თხრობა – ეს მხოლოდ ჩარჩოა იმისთვის, რაც მთავარია ამ წიგნში – სიტყვებისთვის, რომლებსაც ადამიანების ხსნაც შეუძლიათ და განადგურებაც. სიტყვებია აქ ყველაზე მნიშვნელოვანი.

ეს წიგნი გულს ნაფლეთებად გიქცევთ, მაგრამ თვითონვე შეგიკოწიწებთ და გაგიმთელებთ, იმიტომ რომ უამრავ სისასტიკესთან, სიმახინჯესთან, ბოროტებასთან ერთად სიკეთეც აქვეა, სიყვარულიც, სიბრალულიც და ადამიანობაც. აქ ბევრი სიკვდილია, მაგრამ სიცოცხლის მარადიულობის იმედიც ციმციმებს, მიუხედავად იმისა, რომ ფინალი სევდიანია – წიგნი უკვე მოხუცებული ლიზელისა და სიკვდილის შეხვედრით მთავრდება, უფრო სწორად, ამ ფრიად უჩვეულო მთხრობელის სიტყვებით:

“მოსვენება დამიკარგეს ადამიანებმა“.

ახალ თარგმანებზე წერისას მთავარი სირთულე ისაა, რომ სათქმელიც თქვა და არც ზედმეტი წამოგცდეს რამე, ამიტომ ძალიან ვფრთხილობ, მაგრამ, ხომ გითხარით, წიგნი კი არა, მზის წნულში დარტყმაა-მეთქი. ჰოდა, ძალიან მინდა, ეს დარტყმა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.

უკეთესები გავხდებით და იმიტომ.


Filed under: ლიტერატურული კონკურსები Tagged: ბლოგერების კონკურსი, თამარ ჟურული, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ლიზელ მემინგერი, ლიტერატურული კონკურსი, მარკუს ზუზაკი, ნათია ჩუბინიძე, პალიტრა L, პროზა, ქართული თარგმანი, შენი თაობის არჩევანი, წიგნის ქურდი, LIberteens
Viewing all 205 articles
Browse latest View live