Quantcast
Channel: Molly Bloom’s Day – Molly Bloom's Day™
Viewing all 205 articles
Browse latest View live

მოლი მოლში. წიგნის საახალწლო ფესტივალის კვალდაკვალ

$
0
0

my new year book festival

წინათაც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – წიგნის ფესტივალის დღეები უქმეებად უნდა ცხადდებოდეს. იმიტომ კი არა, რომ შეგულებული გამოცემების ყიდვას ვერ მოასწრებ… როგორ ვერ მოასწრებ, უბრალოდ, მოსასწრებად არ უნდა გაგიხდეს საქმე – ბუქფესტი სტელაჟებს შორის აუჩქარებელი ბოდიალისთვის გაუჩენია ღმერთს.

სწორედ ეს ზანტი დაგემოვნება დამაკლდა თბილისის წიგნის დღეებზე და წლის უკანასკნელი ბიბლიოორგიაც რომ საათზე ყურებაში გამეტარებინა, როგორ მოვითმენდი… არ მკითხოთ, რა გზით, მაგრამ საახალწლო ფესტივალის ოთხივე დღის გამოყენება მოვახერხე, არც ყავა დამიკლია, არც აჭარული ხაჭაპური და წიგნები…

წიგნებზე მოგახსენებდით.

არ ვიცი, “ექსპოს” მასშტაბებს შეჩვეულს მომეჩვენა თუ მართლა არ იყო ბევრი ხალხი, მაგრამ სიხალვათე აშკარად იგრძნობოდა. რას იზამ, წლის ბოლოს სხვა მაღაზიები და სხვა პროდუქტებია აქტუალური. “თბილისი მოლის” მეორე სართულზე გაშლილ პატარა ბიბლიოკუნძულს მხოლოდ განსაკუთრებით ერთგული მყიდველები სტუმრობდნენ და, სულო ცოდვილო, ყველაფერს რომ თავისი პლიუსი აქვს, აქაც ის ამბავია – სტენდებს შორის ბოდიალიც უფრო კომფორტული გახლდათ და არც მაინცდამაინც ცხელოდა, სხვათა შორის.

იქაურობას შესამჩნევად დააკლდა “სულაკაურის” დიდი და სტუმარმრავალი სტენდი. რამდენიმე სხვა გამომცემლობა და წიგნის მაღაზიაც მოვისაკლისე. უმიზეზოდ არ მოხდებოდა ეს ამბავი, ცხადია, – ბიზნესს თავისი წესები აქვს და ყველაფერი ისე ვერ გამოდის, როგორც მყიდველს ურჩევნია, მაგრამ აშკარად დამაკლდა და რა ვქნა…

გადასარევი დისქაუნთი ჰქონდათ “დიოგენეს” და “ოჩობუქსს” – რასაც დაგვპირდნენ, შეასრულეს კიდეც. ოღონდ გულახდილად ვიტყვი – ახალი გამოცემები უფრო გაგვახარებდა. დროა, ოჩოს ხელით სატარებელ ხუთწიგნეულს მეექვსე და მეშვიდე წიგნებიც შეემატოს, “დიოგენეს” კი იმდენი კარგი პროექტი აქვს გასაგრძელებელ-დასამთავრებელი, ყველას რა ჩამოთვლის… “დიოგენეს ბიბლიოთეკა” განახლებული დიზაინით, “ამერიკელები” – სტივენ კინგის ბუთქუნა და ფერადი ტომებითა და “ბნელი კოშკით”, გადმოქართულებული უმბერტო ეკო, თანამედროვე სამამულო პროზა და პოეზია, საბავშვო კოლექცია… მოკლედ, “ოჩო” და “დიოგენე”, ახალი წლიდან სიახლეებს ველოდებით და, აბა, თქვენ იცით.

წიგნები ბათუმში“, ტრადიციისამებრ, უცხოენოვანი ლიტერატურული სასუსნავით იყო გაძეძგილი. ჩემი პოკეტბუქების კოლექცია კი შევავსე, მაგრამ სამჯერ მეტს წამოიღებდა მონდომებული მკითხველი და ხომ ხვდებით, რატომ ვიკლავდი თავს, ერთი მაღაზია აქაც გახსნან-მეთქი. არა უშავს, გამომცემლობა დაიქოქება მალე და თებერვლისთვის ისეთ თარგმანებს ველოდებით, ნელ-ნელა უნდა შემოგაპაროთ, თორემ ვაითუ სიხარულისგან გული გაგისკდეთ.

მთლიანად ფესტივალი კი, ჩემი მოკრძალებული აზრით. “ინტელექტისა” და “არტანუჯის” უდავო წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. ყველაზე მეტი ახალი გამოცემა ჰქონდათ, ყველაზე მეტი პრეზენტაცია გამართეს, ყველაფრის ჩამოტანა მოასწრეს, ფასდაკლებაც ხელშესახები იყო, აქციებმაც გაამართლა და არც გაერთიანებულ სტენდს დაჰკლებია მკითხველი.

ჩემს საახალწლო მონაგარს რაც შეეხება, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, ფანტასტიკური “მხატვრობა”, ზურაბ ქარუმიძის “ჯაზის ყვავილობა”, ახალთახალი “ლაბირინთში მორბენალი”, ნოდარ წულეისკირის “აფთრები” (“მონანიების” ლიტერატურული პირველწყარო, სხვათა შორის), “ფიგაროს ქორწინება”, ერლომ ახვლედიანი, მარკესი და აკუნინი, სუპერკლაუსის თავგადასავალი, “დუბლინელები”, ხალედ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი”, ნუგზარ შატაიძე და ივა ფეზუაშვილი, ეზოპეს ზღაპრები, ცინცხალი “ჰობიტი”, “გურული დღიურები”, ეკა ქევანიშვილის პროფაილები, “შიზოგადოება”, ნობელიანტები, “ლენიზდატის’ კლასიკა და კიდევ რაღაცები წამოვიღე, მაგრამ ეს ფესტივალი მაინც სამი განსაკუთრებული გამოცემით დამამახსოვრდება.

პირველი ილზე ლიეპას “თეატრალური ზღაპრებია”. “სეზანის” სტენდზე გადავაწყდი. გადასარევი ხარისხი, გადასარევი ილუსტრაციები. ილზე როგორ ცეკვავს, ყველამ ვიცით და როგორ წერს, ახლა ვნახავ.

მეორე – სოფი ლორენის კულინარიული წიგნი. ულამაზესი გამოცემა, იმაზე გაცილებით ლამაზი, ვიდრე სურათზე ჩანს. ნანა ზარდიაშვილის მშვენიერი თარგმანი. შაბათს მოიტანეს, პირდაპირ საბაჟოდან.

მესამე – ნოდარ დუმბაძის საკოლექციო “HELLADOS”. მრავალნაირი გამოცემა მაქვს შინ – ძველი, ახალი, ამ კრებულში, იმ კრებულში… ეს განსაკუთრებულია – ილუსტრირებული, ფაქსიმილური. არასაკოლექციო, გასაკვირად დაბალი ფასით.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, წიგნის პირველი საახალწლო ფესტივალი ჩატარდა და, ვფიქრობ, არცთუ ურიგოდაც. წლის დამაგვირგვინებელი ბიბლიოაკორდი შედგა. ახლა ახალი წლების, შემწვარი გოჭის კრაწუნა ყურებისა და ოთხდღიანი ურცხვი უსაქმურობის დროა. ახალ წიგნებს იანვრიდან მივხედავ და მანამდე იქნებ გასაყიდი თაროები მიმასწავლოთ ვინმემ, თორემ წიგნები ჯერაც მაგიდაზე მიწყვია და წარმოდგენა არ მაქვს, რა მეშველება.


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "სეზანი", გამომცემლობა არტანუჯი, დიოგენე, თბილისი მოლი, თბილისის წიგნის ფესტივალი, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ოჩოპინტრე, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წიგნის საახალწლო ფესტივალი, ochobooks

არმანიაკი

$
0
0

armagnac poster

მობრძანდით, მობრძანდით, ძვირფასო სტუმრებო, ძალიან გამახარეთ, არ მეგონა, საახალწლო აურზაურით დაღლილ-დაქანცულებს, ჩემი მოკრძალებული იუბილე თუ გაგახსენდებოდათ :) მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევთ, მასპინძელი პირდაუბანელი და თმაგაბურძგნილი რომ გეგებებათ – სიმართლე გითხრათ, კიბეზე თქვენი ხმაური და შეძახილები რომ გავიგონე, მაშინღა გამომეღვიძა.

ისე არ გამიგოთ, თითქოს საკუთარი დაბადების დღე დამვიწყებოდეს – ოთხი წლის გავხდი გუშინ, ბოლოს და ბოლოს, ხუმრობა ხომ არ არის?! უბრალოდ, ბუხარს ვეფიცხებოდი და… ჩამძინებია. სუფრის გაშლა ვერ მოვასწარი, თორემ მაცივარი სავსეა და, აბა, დავტრიალდეთ – ძალა ერთობაშიაო, ხომ გაგიგონიათ.

თქვენი არ ვიცი და მე საახალწლო სამზადისი ოლივიეს გარეშე ვერ წარმომიდგენია, ბავშვობის ნოსტალგიაა, ალბათ. ბიბი, სად მიარბენინებ მაგ ხაჭაპურს, გაცხელებული რას ივარგებს, ცივი არ ჯობია? თაკო, ეგ საცივიანი თეფში მოაშორე აქაურობას, ახალი წლის ღამეს, მგონი, ვიღაცას ეძინა შიგნით. უსაცივოდაც არაფერი გვიჭირს, სხვაც ბევრი რამ მოგვეძევება.

ჭურჭლის ეს განწირული რახარუხი ჩემი კარადიდან ისმის?! ვინ მიუშვა იქ ვეიდერი, მთელს არ დაგვიტოვებს არაფერს! მოიცა, მე თვითონ გამოვიღებ, თქვენ დასხედით. ეს რა ჭიქებიაო? რა და სრულიად განსაკუთრებული სასმლის ჭიქები, უჩვეულო დიზაინით. სწორედ ახლა უნდა გიამბოთ ამ სასმელზე, ოღონდ ჯერ ყავას დავისხამ ჩემს საყვარელ კროსვორდიან ფინჯანში. თქვენ მიირთვით, მიირთვით, მე ნუ მიყურებთ, სამდღიანი გასტრონომიული ორგიის მერე მარტო ყავას თუ გავეკარები…

მოდი, ჯერ ეს უცნაური ფორმის ჭიქები შევათვალიეროთ, თან სასმელსაც ჩამოვასხამ და ვცდები, ამბავი მოსაწყენი არ გამომივიდეს.

არმანიაკის შესახებ გაგიგონიათ რამე? დარწმუნებული ვარ, ყური მაინც გექნებათ მოკრული. აი, თქვენმა მასპინძელმა კი ბევრი არაფერი იცოდა, სანამ მეგობარმა არ გამოუგზავნა საფრანგეთიდან Armagnac-Tenareze-ს ბოთლი.

თურმე ეს ჩვენი არმანიაკი საქვეყნოდ ცნობილ კონიაკზე, არც მეტი, არც ნაკლები, 150 წლით უფროსი ყოფილა – 1348 წელს მოუხსენიებიათ პირველად. ყოფილა ვინმე კეთილშობილი რაინდი ჰერემანი, მამული ჰქონია გასკონში. სხვაც თუ გაუკეთებია რამე სასარგებლო, ამაზე ისტორია არაფერს ამბობს. იქაური ბერები ლათინურ ყაიდაზე არმინუსს ეძახდნენ და ადგილობრივ დიალექტზე სახელი ისე ჟღერდა, როგორც არმანიაკიო. წადი და არკვიე, მართლია თუ ტყუილი.

ასე იყო თუ ისე, იმ წლებში ეს ჩვენი არმანიაკი, უბრალოდ, გამოხდილი სპირტი ყოფილა, რომელსაც განსაკუთრებული კონსტრუქციის აპარატში ამუშავებდნენ კონიაკისგან სრულიად განსხვავებულად. მეჩვიდმეტე საუკუნეში ჰოლანდიელ ნეგოციანტებს “ბორდოს დიადმა პრივილეგიამ“ გადაუკეტა ფრანგული ღვინოებისკენ მიმავალი გზა. ამათაც, არც აციეს, არც აცხელეს და სპირტის შესყიდვაზე გადავიდნენ. ასე გაეხსნა გზა არმანიაკს, თორემ იქამდე შარანტელი მეზობლები ოკეანის სიახლოვით სარგებლობდნენ და ბაზრამდეც კი არ უშვებდნენ. რაღა შორს წავიდეთ – ღრმად პატივცემულმა დიუმამ დ’არტანიანის სახე ისე შექმნა, ამ სასმელზე კრინტიც არ დაუძრავს, არადა, ახლა ყველამ იცის, რომ საფრანგეთის სამეფო კარმა არმანიაკი სწორედ გასკონელი მუშკეტერების წყალობით დააჭაშნიკა.

არ გეგონოთ, ყველა ჯიშის ყურძნისგან შეიძლებოდეს მისი დამზადება – უნი-ბლანი, ფოლ-ბლანში, კოლომბრი და ბაკო-ბლანი თუ არ გამოიყენეთ, არმანიაკი კი არა, უბრალოდ რაღაც სპირტიანი სასმელი ჩამოგისხამთ და ეგაა.

გასკონელები ამბობენ, არმანიაკი ერთსა და იმავე დროს ყველაზე ძველი და ყველაზე ახალგაზრდა ფრანგული სასმელიაო და მართლაც ასეა – დღევანდელ კონდიციამდე მის მიყვანას საუკუნეები დასჭირდა.

მცოდნე ხალხი კი შენიშნავს, ფრანგებმა კონიაკი მსოფლიოს აჩუქეს, არმანიაკი კი თავისთვის დაიტოვესო.

ეგ ცუღლუტები, ეგენი!

არაფერი გამოუვათ – მოლი ბლუმის ბლოგის სადღეგრძელოს ამ საღამოს მაინც არმანიაკით დავლევთ.

ჰოდა, გაუმარჯოს!


Filed under: მოლის ვერანდა, Molly Bloom's Day Tagged: Armagnac-Tenareze, არმანიაკი, არმინუსი, ახალი წელი, ბლოგერი, ბლოგინგი, ბორდოს დიადი პრივილეგია, გასკონი, დ'არტანიანი, დაბადების დღე, დიუმა, კონიაკი, მერი პოპინსი, მოლის ვერანდა, მოლის ზამთრის ბაღი, მუშკეტერები, საფრანგეთი, ჰერემანი, ჰოლანდია, Molly Bloom's Day, mollybloomsday.com

სუპერკლაუსი და რენდი, სათადარიგო ირემი

$
0
0
სალომე ბენიძის თარგმანი  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

სალომე ბენიძის თარგმანი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რა არის მაინც ეს ტექნიკური პროგრესი! მიიწევს და მიიწევს წინ, შეუჩერებლად, ვულკანის ლავასავით, და ისეთ კუთხე-კუნჭულებში ყოფს ცხვირს, სადაც, წესით, არაფერი ესაქმება. აი, მაგალითად, ჩრდილოეთ პოლუსზე.

კი მაგრამ, რას აშავებსო, იკითხავთ. რას და, სანტა კლაუსის ელფებს შობამდე კარგა ხნით ადრე მოუთავებიათ სათამაშოების ჯადოსნურ ქარხანაში ფუსფუსი, საჩუქრებიც ყველა ბავშვისთვის შეუფუთავთ, იქაურობაც დაუკრიალებიათ, ცხენირმებიც დაუპურებიათ და ემუდ-ზე მიიჩქარიან – ელფთა მხიარული ულვაშების დაჯილდოებაზე. და ეს – სულ ზებგერითი “სახრახნისი 33“-ის და სხვა უსწრაფესი ხელსაწყოების წყალობით.

კარგი და, ურიგო რა არის ამაშიო, დარწმუნებული ვარ, ესეც წამოგცდებათ. რა, ჩემო ბატონო, და ის, რომ ჩვენი სანტა შობამდე მთლად უსაქმოდ დარჩენილა და სხვა რა გზა აქვს, მოწყენილობისგან ცხენირმებს ითვლის შუაღამისას ხელის თითებზე:

  1. რუდოლფი;
  2. დაშერი;
  3. დონერი;
  4. კომეტი;
  5. ფრანსერი;
  6. ვიქსენი;
  7. დანსერი;
  8. კუპიდონი;
  9. ბლითზენი;
  10. რენდი.

რენდი?!

რაო? ვინ რენდი? საიდან გაჩნდა? სანტას მარხილს უხსოვარი დროიდან ცხრა ცხენირემი მიაქროლებს, ახლა კი – რენდიო!

თურმე, ნუ იტყვით და, სათადარიგო ყოფილა.

ალქაჯის ცოცხის გულისთვის, რა თადარიგზე ლაპარაკობს ეს გაკნაჭული?!

ჰო, კარგი, გასაგებია, რომ იმ საზიზღარი ძირითადი შემადგენლობიდან არასოდეს არავინ იღლება. რაკი ასეა, რენდის შეუძლია, სანტას მარჯვენა ხელი გახდეს, ასე ვთქვათ, დამქაში. ამისთანა თანაშემწის გვერდით ვინ მოიწყენს? – საკმარისია, მისი კრეატიული იდეების ჩამონათვალს გადაავლოთ თვალი: წყალქვეშა ფოტოსეანსი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, არგენტინული ტანგო, იოგა, ბონსაი, გორგოლაჭებით სეირნობა… რაო? არ მოგწონთ? ჰო, კარგი, მგონი, მთლად მოხერხებული ვერ უნდა იყოს ეს ყველაფერი ჩრდილოეთ პოლუსზე. ნუთუ საბრალო სანტას შობამდე ასე მოწყენილობაში უნდა ამოხდეს სული? მაგრამ რენდი რის რენდია, რამე არ მოიფიქროს, მით უმეტეს, რომ ერთგული ფოსტალიონი ჰერბერტიც გამოჩნდა დაგვიანებული სურვილებით.

სანტა კლაუსს რომელი ბავშვი გააკვირვებს უცნაური ნატვრით, მაგრამ რვა-ნახევარი წლის ავსტრალიელ ჯიმის ეს მაინც გამოუვიდა – თურმე, ნუ იტყვით და, ბიჭს გამბედაობა ნებავს საჩუქრად! თან ძალიან სჭირდება, ძალიან, თორემ საძაგელი კარტისი, ელვინი და ბრენდონი საკუთარ დავალებსაც აწერინებენ და საუზმესაც უსანსლავენ! ჰოდა, რენდისაც მეტი რა უნდა! ისღა დარჩენია, შორეული მოგზაურობა დაგეგმოს.

ჯერ ერთგული ელფები შეუკერავენ საგანგებო კოსტიუმს და ჩვენი სანტა უცებ სუპერკლაუსად გადაიქცევა; მერე ხელმარჯვე ოსტატი – პოლარული დათვი ბრუნა დაუმზადებს მასა და მის ყოჩაღ თანაშემწეს ჯადოსნურ მარხილს (დიდი ამბავი, სამუხრუჭე ღილაკები თუ დაავიწყდა – სიაში არ ეწერა და…).

ლაპარაკით თავი რომ არ შეგაწყინოთ, ალბათ, აჯობებს, “სუპერკლაუსის თავგადასავალი“ თავად წაიკითხოთ – ორიოდე ღიმილიანი საათი გარანტირებული გექნებათ და ეგებ წაიმღეროთ კიდეც:

“სხვა არ გვინდა არაფერი,
ყველა იყოს ბედნიერი,
ამ სიმღერას ერთად ვმღერით,
ჰეი, ჰეი, ჰო…“

ღმერთმა გისმინოთ, პაწაწინა ელფებო!


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, პროზა, რენდი, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო ლიტერატურა, სალომე ბენიძე, სუპერკლაუსი, სუპერკლაუსის თავგადასავალი, ქართული თარგმანი, che avventure super claus

“მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა –გურულები და დანარჩენი”

$
0
0

ერთი პატარა წიგნი მივაყოლე დღეს დილის ყავასა და სიგარეტს.

ფერფლი ლამბაქის კიდეზე რომ დამიცვივდა, მერეღა მივხვდი – დიდხანს ვმჯდარვარ გარინდებული, ოთხმოცდაათიანებისკენ პირმიქცეული და გურიის სუნში გახვეული, ბავშვობიდან ნაცნობ, დედულეთის სუნში.

ასე მარტო გურულები წერენ – ცალი თვალით რომ გეტირება და ცალით გეცინება. ალბათ იმიტომ, რომ მათი ყოფაც ასეთივეა და ისინიც ჟონგლიორისთვის შესაშური სიმარჯვით ბალანსირებენ სიცილ-ტირილის სახიფათო ზღვარზე; ერთი ზედმეტი მოძრაობა და ან იქით გადაიჩეხებიან, ან აქეთ. არადა, სწორედ ამ ბალანსმა მოიყვანა გურულები დღემდე, საწებლის რეცეპტიდან მოთქმა-ვაებაზე ელვისებური გადასვლის ხელოვნებამ, ავტორმა “გურული პარადოქსი“ რომ უწოდა.

პატარა წიგნი-მეთქი, ვთქვი წეღან. პატარა კი არა, პაწაწუნაა, სულ ერთი ციცქნა, გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” და მაინც მთელ გურიას იტევს. აქედან შეიტყობთ, რომ გურულად სექსს აჯიბაკური რქმევია, ლობიოს ელვა რა არის, იმასაც გაიგებთ, გურული “ხარჯი ნაქნარიას” ლოგიკასაც ჩასწვდებით და სხაპასხუპით მოყრილი “რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?” რას ნიშნავს, ამის ამოხსნაც თქვენზე იყოს.

ნათელა შეგიყვარდებათ აუცილებლად. არ შეიძლება, არ შეგიყვარდეთ ქალი, რომლისთვისაც ქვეყანა დაიქცეოდა თურმე, შვილიშვილს ძილის წინ ერთი ლექსი მაინც რომ არ ესწავლა.

ალისტრახოვიჩი ჩაგწყდებათ გულში, იმ კუნჭულში, სადაც ყველაზე სათუთი სიმებია გაბმული; ერთით ნაკლები სიმი დაგრჩებათ უეჭველად.

დათიკო ჟღენტის ამბავს მისი ბადიში გიმბერგი გიამბობთ და ამასაც დააყოლებს: “ქარიც მოტანილც ქარი წეიღეფსო, ხომაა ნათქუამი, – იგია ნაარმევი. სხვისი წანაგლეჯაი არკაც არ შიერგება!”

კიდევ რა მგონია, იცით? უთუოდ მიუბრუნდებით ერთ ეპიზოდს და გადაიკითხავთ, როგორ თოხნიდა სასიკვდილო სარეცელზე არონ ჩხარტიშვილი. ჩვენთვის, ვისაც თოხი და ბარი არასოდეს აგვიღია ხელში, არის ამაში რაღაცა მისტიკური, ბანალურად რომანტიკულ-ბუკოლიკური კი არა, ისეთი, სულს რომ შეგიგუბებს და ძლივსღა ამოგასუნთქებს.

კიდევ რა… არც არაფერი, გარდა იმისა, რომ მთელი დღეა, იქაურ განწყობაზე ვარ და მომპალი მანდარინის სუნი მიღიტინებს ცხვირში… გურულების განთქმული სტუმართმოყვარეობა, გამაოგნებელი იუმორი და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ხიბლი სიცოცხლეში ერთხელ ალბათ ყველა თქვენგანს გამოუცდია საკუთარ თავზე და თუ არა, ნება მიბოძეთ, ეს უდიდესი დანაკარგი გურულად და ხმამაღლა შევიცხადო, რადგან “მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა – გურულები და დანარჩენი”.

არავინ შემომედავოთ!


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გამომცემლობა "სიესტა", გიორგი კეკელიძე, გურია, გურული დღიურები, დოკუმენტური პროზა, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, non fiction

ასე ტკბილად დამიბერდით!

$
0
0

tortsik

ეს პოსტი აქამდეც უნდა დამეწერა, მაგრამ, ხომ იცით, როგორც ხდება: აქეთ – წიგნის ფესტივალიო, იქით – დაბადების დღეოსუპერკლაუსსა და “გურულ დღიურებზე” რომ არ მომეყოლა, არაფრით გამოვიდოდა. ამას საშინაო საახალწლო აურზაურიც მიუმატეთ – უამრავი საქმე მქონდა სამზარეულოში… კარგი, ჰო, უმეტესად მაცივართან ვიყავი ატუზული და საქირქილოს აქ ვერაფერს ვხედავ! მოკლედ, როგორც იქნა, ამოვისუნთქე, მივიხედე, მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ მკითხველისთვის ახალი წელი არ მიმილოცავს.

არა უშავს. ძველით ახალი წელი, აგერ, გუშინ აღვნიშნეთ, ყურები ახლაც მტკივა წუხანდელი ბათქაბუთქისგან. ჯერ ისევ სადღესასწაულო დროით ვცხოვრობთ, აქა-იქ სადღესასწაულო სასუსნავიც მოგვეძებნება, ასე რომ, არც ეს პოსტი იქნება მეტისმეტად დაგვიანებული.

ჰოდა, მობრძანდით, ატმის ტორტის ბოლო, გაგემრიელებულ ნაჭრებზე დამეწვიეთ. თქვენ მიირთვით, მე მოლის ახალ წლებზე მოგიყვებით.

თოვლის ბაბუასთან სტუმრად პირველად ექვსი თვისა ვიყავი, ღია მწვანე ფუმფულა კომბინიზონში ჩაფუთნილი. დედას ახლაც უკვირს, რას ვფიქრობდი, სად მიმყავდა ბავშვიო… იმ პირველი საახალწლო ზეიმიდან ბევრი რამ მახსოვს-მეთქი, ვერ მოგატყუებთ, მაგრამ სანიმუშოდ კარგად რომ ვიქცეოდი, თოვლის ბაბუას გასუსული და თვალებდაჭყეტილი რომ მივჩერებოდი და მას მერე საახალწლო ღონისძიება რომ არ გამომიტოვებია, ფაქტია. ჰკითხეთ ჩემებს, დაგიდასტურებენ.

ნაძვის ხე ყოველთვის გვედგა შინ, არც ვერცხლისფერი წვიმებით და ბრჭყვიალა სათამაშოებით მორთვა გვეზარებოდა (ალაგება ჭირდა, თორემ…) ყველაზე გემრიელად მაინც ხულოდან და ქობულეთიდან საგანგებოდ, საახალწლო ნობათად გამოგზავნილი მანდარინი მახსენდება. ყვითელზე ყვითელი და ტკბილზე ტკბილი მანდარინი ჩემთვის დღესაც ახალი წლის სიმბოლოა. სწორედ მანდარინი და არა გოზინაყი, რომელიც ამ დღესასწაულზეც დიდსულოვნად დავუთმე სტუმრად მოსულ მეგობარს – აბა, მე არ მიყვარს და…

საახალწლო ზეიმები ვახსენე და არ მახსოვს, რომელიმე წელს ექვსზე ნაკლები მოსაწვევი მოეტანოთ შინ. დედას სამსახურიო, მამას სამსახურიო, მასწავლებელთა სახლიო, ცირკიო, თოჯინების თეატრიო, ესაო, ისაო… მეც, არდადეგებზე სხვა რა საქმე მქონდა, მივდიოდი ამ ზეიმებზე საგანგებოდ გამოწყობილი, ვამბობდი ლექსებს (არ ვიცოდი თუ რა), უკან კი გაბღენძილი და საჩუქრებით დატვირთული ვბრუნდებოდი.

ცუდი დროც მახსოვს, სანთლების შუქზე გატარებული ახალი წლის ღამეც, ნავთქურაზე წვალებით გამომცხვარი ერთადერთი ნამცხვარი (ნამცხვარი თუ ერქვა საერთოდ) და ოთხმოცდათორმეტი წლის პირველი იანვარიც. პატარა აღარ მეთქმოდა, თოთხმეტის გახლდით და იმდენი მესმოდა, ჩვენს თავს საშინელება რომ ხდებოდა.

ასაკთან ერთად პრიოტეტებიც იცვლება, ახლა უფრო მშვიდი ახალი წლები მაქვს (კაცმა რომ თქვას, ყირაზე არც არასოდეს გადავსულვარ) და ყველაზე მეტად გემრიელად გამოძინების პერსპექტივა მეძვირფასება. ახალი წლის ღამეს, როგორც წესი, შინ ვატარებ, ტელევიზორთან, ფინჯანი ყავისა და რომელიმე განსაკუთრებით გემრიელი სასუსნავის თანხლებით და მერე მძინავს. დიდხანს და საგულდაგულოდ.

მოკლედ, ახალი წელი ჩემთვის შინაურული, მყუდრო, ფუმფულა და მშვიდი დღესასწაულია. ძველი ფილმებისა და მულტფილმების, “მოგვების ძღვენისა” და “კუჩხი ბედინერის”, ნაღებიანი ყავისა და სამნაირი ნამცხვრის, ბევრი ძილისა და ნეტარი უსაქმურობის დრო.

უკეთესობის მოლოდინისაც.

რაც არ უნდა ცუდად იყო, რაც არ უნდა მძიმე წელი გქონდეს, ბოლო დღეს ყველაფერს ივიწყებ და იმედი გაქვს, რომ აწი მაინც კარგად იქნები.

ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, რაკი გოზინაყი სულ მთლად შემისანსლეს, ახალ წელს და შობას ატმის ტორტით და ჩემი გურული ბებიის საყვარელი სიტყვებით მოგილოცავთ:

“ასე ტკბილად დამიბერდით!”


Filed under: მე - მოლი ბლუმი Tagged: ატმის ტორტი, ახალი წელი, თოვლის ბაბუა, მანდარინები, მოგვების ძღვენი, მოლი ბლუმი, ნამცხვარი, ნაძვის ხე, საახალწლო ზეიმი, საჩუქრები, ტელევიზორი, ყავა, შობა, ძველით ახალი წელი, ძილი

“წიგნები ბათუმში”: Coming Soon

$
0
0
20150118_141701

სამამულო ლიტერატურულ პროცესებს თვალს თუ ადევნებთ, ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ შარშანდელი ამბავი – ბათუმის ყველაზე პოპულარული წიგნის მაღაზიის მეპატრონეებმა საგამომცემლო ბიზნესსაც რომ მოუსინჯეს კბილი და მკითხველს ახალი გამომცემლობის დაარსება ახარეს.

“წიგნები ბათუმში” თავიდანვე შეეცადა საფირმო ხელწერის ჩამოყალიბებას და საკუთარი ნიშის დაბევებას – მხოლოდ ხარისხიანი ლიტერატურა და ხარისხიანი თარგმანი გვექნება, წესისთვის, მოდისა და რაოდენობისთვის არაფერს გამოვცემთ, განსაკუთრებით კი ფანტასტიკას და საბავშვო-საყმაწვილო ხაზს მივხედავთო.

ჟანრულ პროზას ჩვენში მაინცდამაინც რომ არ ულხინს, “არ ახალია, ძველია“. ფენტეზის ცინცხალი თარგმანები არ გვაკლია; აი, სამეცნიერო ფანტასტიკისა კი რა მოგახსენოთ…. არა, Sci Fi-ს სხვებიც თარგმნიან, მაგრამ ასე, პრიორიტეტულ მიმართულებად, არავის გამოუცხადებია.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოდი, დღეს “წიგნები ბათუმში”-ს უახლოეს გეგმებს გადავხედოთ. პირველი ნაბიჯი, ხომ იცით, ნახევარი საქმეა – როგორც იწყებ, ისევე აგრძელებ.

სუბიექტურობაში ნუ ჩამომართმევთ (ან ჩამომართვით, როგორც გენებოთ) მაგრამ განსაკუთრებით მიხარია, ჩვენში ძმები სტრუგაცკების თარგმნას რომ მიჰყვეს ხელი. საუკეთესო რუსი ფანტასტების ტანდემი აქამდეც გადმოუქართულებიათ, ძველი “დასახლებული კუნძულიც” შემხვედრია ბუკინისტებთან, მაგრამ სათავგადასავლო ბიბლიოთეკის ქართული კლონის რიგითი ტომი ერთია და ექსკლუზიური თარგმანი – მეორე.

ძმები სტრუგაცკების ბიბლიოგრაფია საკმაოდ ვრცელია და ყველას თარგმნა, ეგებ, არც კი ღირდეს, მაგრამ ხუთ-ექვს ისეთ ტექსტს, სამეცნიერო ფანტასტიკის ნებისმიერ მსოფლიო ანთოლოგიას რომ დაამშვენებდა, თუნდაც ახლავე ჩამოგითვლით. ერთიორად სასიამოვნოა, ქართული კოლექცია ჩემი ძველი სიყვარულით რომ იწყება. “ძნელია ღმერთობა” ჟანრის ყველა კანონის დაცვით დაწერილი, საინტერესოზე საინტერესო, ვრცელი მოთხრობაა. ნამდვილი must read ადეპტებისთვის. რუმატა ესტორელის, მამა კაბანის, ბარონ პამპასა და დონ რებას ამბებში ყველაფერია, რისთვისაც ფანტასტიკა გვიყვარს. ყველაფერი და, როგორც სტრუგაცკებთან ხდება ხოლმე, ცოტა უფრო მეტიც.

მეორე სიახლეზე, ვფიქრობ, ბევრი ლაპარაკი არც ღირს: დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის” – ყველაზე ლამაზი, ყველაზე სევდიანი, ყველაზე მინორული Sci Fi. არ მეგუება ადამიანი, წაეკითხოს და გულგრილი დარჩენილიყოს. “ელჯერნონი” ორიგინალშიც ხელმისაწვდომია, რუსული თარგმანიც თავისუფლად მოიპოვება, ქართულიც კი არსებობს სადღაც, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია…

ჩარლი გორდონის ამბავი მეც და, ალბათ, ბევრ სხვასაც მოთხრობად წაგვიკითხავს. აი, ამ გადასარევ კრებულშიც მოთხრობაა. თარგმნით კი რომანი ითარგმნება. რომანსაც მოძებნიდა დაინტერესებული მკითხველი, მაგრამ ასეთი ექსკლუზიური ქართული ტექსტის დაგემოვნების სიამოვნებას ხელიდან ვერაფრით გავუშვებ და თქვენც იმავეს გირჩევთ.

ალტერნატიული ისტორიის მოყვარულებს ფავორიტი ავტორები რომ ჩამოათვლევინო, პირველს, დიდი ალბათობით, ფილიპ დიკს დაგისახელებენ და რა გასაკვირია, რომ “წიგნები ბათუმში” დიკის, ალბათ, ყველაზე ცნობილ ტექსტს თარგმნის. “კაცი მაღალ კოშკში” გურმანებისთვისაა. საზოგადოდ, თავად დიკია გურმანების საკითხავი, – როგორც ჯეიმს ბონდის მეგობარი მისტერ უაიტი იტყოდა, “ყველასთვის როდია”.

კიდევ ერთი საინტერესო პროექტი… კრებულები რომ Sci Fi-ს აპრობირებული ფორმაა, ჟანრის მოყვარულებს კარგად მოგეხსენებათ, ჰოდა, “წიგნები ბათუმში” აქაც პირველია. რუსული “Отцы-Основатели” ხომ იცით? სწორედ ამ გადასარევი სერიის სამამულო ანალოგი დაიქოქება მალე. პირველი ტომი ლავკრაფტისა და ჰაინლაინის მოთხრობებია და ცხვირი მიგრძნობს, კიდევ ბევრი ბუთქუნა ტომის შემოდება მოგვიწევს თაროზე – ოქროს ფანტასტიკა ხელუხლებელი საბადოა.

საი ფაის ამბები ხომ ვთქვით. მეორე პრიორიტეტი საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურა იქნებაო და ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი – სამი გემრიელზე გემრიელი წიგნი გველოდება.

პირველი მორის დრიუონის “მწვანეთითება ტისტუა”. დრიუონის ხსენებაზე ყველას “დაწყევლილი მეფეები” გვახსენდება, ის შვიდწიგნეული, შუა საუკუნეების ევროპის ისტორია რომ გვასწავლა თავის დროზე. “ტისტუ” ზღაპარია, ისეთი ზღაპარი, ბავშვები და უფროსები ერთნაირი სიამოვნებით რომ წაიკითხავენ…

მეორე ქეთრინ პეტერსონის “ხიდი ტერაბიტიაშია”. აი, იმ ხალხისთვის დაწერილი, ვისაც ჯერ არ დავიწყებია, ოდესღაც ბავშვები რომ იყვნენ. ჩვენში მაინცდამაინც ცნობილი ტექსტი ვერ არის და მით უფრო სასიამოვნოა თარგმნა.

და როალდ დალის არაჩვეულებრივი “არაჩვეულებრივი მისტერ ფოქსი”. დამიჯერეთ, არაფრით არის ჩარლისა და შოკოლადის ქარხნის ამბებზე ნაკლები. საიდუმლოდ გეტყვით და არ გამამხილოთ – ყველაზე მეტად მისტერ ფოქსის ამბებს ველოდები.

აი, ასეთი ამბები ხდება ბათუმში. ამ პოსტს რომ კითხულობთ, იქ გაგანია მუშაობაში არიან. ჯერ მარტო შვიდი ქავერია შესარჩევი, ისეთი, ყველაზე წუნია მკითხველსაც რომ მოეწონოს… დიზაინს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, მაქსიმალურად კომფორტული გამოცემები უნდა გვქონდეს, მკითხველს წიგნის ხელში აღება რომ ესიამოვნოს, ისეთებიო.

მუშაობა ტყუილად არ მიხსენებია. თარგმანის ამბავი თავადაც გეცოდინებათ – არა ერთხელ და ორჯერ მომხდარა, სამწუხაროდ; გადასარევი ტექსტი ისე უთარგმნია და გამოუცია მავანს, გული დაგვწყვეტია, ნეტავ სულ არ გაკარებოდა, არ გაეფუჭებინაო. აქ სხვაგვარად უნდა იყოს საქმე. ისეთი გოგოები და ბიჭები მუშაობენ, ისეთი მთარგმნელები და რედაქტორები ჰყავთ, ხარისხიანზე ხარისხიან პროდუქტთან გვექნება საქმე.

ამ ყველაფერს, წესით, შუა თებერვალში უნდა ველოდოთ – შეიძლება ითქვას, დღე-დღეზე. მაისის წიგნის ფესტივალისთვის ცალკე სიაა ჩამოწიკწიკებული და ამაზე მერე მოგიყვებით – ნუ ვიჩქარებთ, ყველაფერს მოვასწრებთ.

P.S. ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელს” ვიწყებთო, ახლა გავიგე. ეშველა ფანტასტიკას და ჩვენც გვეშველა-მეთქი, ხომ გეუბნებოდით.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: არაჩვეულებრივი მისტერ ფოქსი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დენიელ კიზი, კაცი მაღალ კოშკში, მოლის ბიბლიოთეკა, მორის დრიუონი, მწვანეთითება ტისტუ, პროზა, როალდ დალი, რობერტ ჰაინლაინი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ურსულა ლე გუინი, ფანტასტიკა, ფილიპ დიკი, ქართული თარგმანი, ქეთრინ პეტერსონი, ყვავილები ელჯერნონისთვის, ძმები სტრუგაცკები, ძნელია ღმერთობა, წიგნები ბათუმში, წყვდიადის მარცხენა ხელი, ხიდი ტერაბიტიაში, ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი, Sci Fi & Fantasy

ნოეს არტ-კიდობანი სულაკაურისაგან

$
0
0

20150119_235438

გულახდილად გეტყვით, არ მეგონა, ფერწერისადმი მიძღვნილი გამოცემა თუ გამაკვირვებდა – არც მე მაქვს ალბომების ურიგო კოლექცია, არც ჩემს მშობლებს და ვფიქრობდი, ახალი რაღა უნდა იყოს-მეთქი.

სულაკაურმა მაინც მოახერხა ჩემი გაკვირვებაც და აღფრთოვანებაც – არც აცივა, არც აცხელა და DK-ს მხატვრობის ილუსტრირებული ისტორია შემოასკუპა თაროებზე – ბუთქუნაზე ბუთქუნა, საოცარი ილუსტრაციებითა და უამრავი ინფორმაციით გაძეძგილი.

თქვენი არ ვიცი და მე ყველაზე მეტად სწორედ ამ ინფორმაციამ მომხიბლა – რეპროდუქციები არავისთვის არის უცხო ხილი, ასე ერთად თავმოყრილი, ფერწერის მოყვარული ადამიანისთვის საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაცია კი სხვაგან ჯერ არ შემხვედრია, ყოველ შემთხვევაში, ქართულ ენაზე.

მართლა ბევრი რამ არის ამ წიგნში – პრეისტორიული და ძველი ეგვიპტის ხელოვნებიდან რომ იწყება, არც ბერძნებსა და რომაელებს აუვლის გვერდს, არც ადრეულ ქრისტიანებს, არც გოთიკა და რენესანსი გამორჩება, არც ბაროკო და როკოკო, არც რომანტიზმს, რეალიზმს და პრერაფაელიტებს დატოვებს უყურადღებოდ, იმპრესიონიზმზე, სიმბოლიზმსა და აბსტრაქციონიზმზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

არ გეგონოთ, მხოლოდ ფერწერას ეხებოდეს ეს წიგნი – ალაგ-ალაგ მიმობნეული ისტორიული და კულტურული ინფორმაციაც არანაკლებ საინტერესოა: უძველეს უნივერსიტეტებზე, შავი ჭირის ეპიდემიაზე, ფლორენციის საგადასახადო სისტემაზე, ცნობილ მეცენატებზე, სიცილიის დამანგრეველ მიწისძვრაზე, საერთაშორისო გამოფენებზე, დედოფალ ვიქტორიას ფესტივალზე და კიდევ იმდენ რამეზე, აქ ნამდვილად რომ ვერ ჩამოვთვლი.

ამ წიგნიდან გაიგებთ, რა არის სფუმატო, რას ნიშნავს ჰაეროვანი პერსპექტივა, ტინტორეტოს სახელოსნოს კედელზე მიწერილ დევიზსაც წაიკითხავთ, ლეონარდოს ტრაქტატის ფრაგმენტებსაც… მოკლედ, არ მოიწყენთ.

“ილუსტრირებული ისტორია“ მოვლენათა ანალიზსაც არ დაგვზარდება – მოკლედ გვიამბობს სხვადასხვა მიმდინარეობის ჩამოყალიბების მიზეზებსა და გარემოებებზე, ეპოქის რეალიებზე, გავლენაზე, რასაც თუნდაც ყველაზე სახელმოხვეჭილი ფერმწერები განიცდიდნენ სხვა მხატვრების შემოქმედების წყალობით.

კიდევ ერთმა რამემ მომხიბლა – საქვეყნოდ განთქმული ტილოების რეპროდუქციების გვერდით ბევრი სხვა ილუსტრაციაც მოიძებნება, ნაკლებად ცნობილი, და ესეც უდავოდ დიდ სიამოვნებას მოჰგვრის მკითხველს.

მოკლედ, უსაშველოდ ინფორმაციული გამოცემაა და არ იფიქროთ, უკვე გადამებულბულებინოს – ილუსტრაციებითა და უამრავი ნაცნობ-უცნობი ფაქტით სავსე თითქმის ოთხასგვერდიანი გზამკვლევი ასე იოლად დასაძლევი არ გახლავთ; ესეც არ იყოს, ამისთანა წიგნების სულმოუთქმელად გადასანსვლა ვის გაუგონია – ნება-ნება უნდა დააგემოვნო, იშვიათი ნუგბარივით, სიამოვნება გაიხანგრძლივო და თავშიც და გულშიც, თუ ყველაფერი არა, რაც შეიძლება მეტი სიახლე დაიტიო.

ყოველ შემთხვევაში, მე სწორედ ამას ვაპირებ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ალბომები, არტი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მოლის ბიბლიოთეკა, მხატვრობა, მხატვრობა - ილუსტრირებული ისტორია, ნატიფი ხელოვნება, ქართული თარგმანი, ხელოვნება, DK, The illustrated story of art

ერკიულ პუაროსა და ლისბეთ სალანდერის ფინელი ქალიშვილი

$
0
0

“გაიღვიძე! ადექი! რა გითხარი! შენ ადგილას ჩათვლემას არც ვიფიქრებდი!“

შეფიქრიანდით? თავიდან მეც ასე დამემართა – ნეტავ, ვინაა ეს დამთხვეული, ან რ აღრიალებს, მძინარე ადამიანის ასე გაღვიძება ვის გაუგონია-მეთქი. თურმე, ნუ იტყვით და ერთ გოგოს ამგვარად მობილურზე ჩაწერილი საკუთარი ხმა აფხიზლებს.

ამისთანა განწირული ყვირილი რომ ჩაგძახებს ყურში, სხვა რა გზაა – ზღარბის ფორმის ლურჯი ფაჩუჩებით სამზარეულოში უნდა გაფრატუნდე ესპრესოს დიდი ულუფისთვის, იქნებ როგორმე გამოფხიზლდე ზამთრის ცივ და ქარიან დილას.

ეს უცნაური გოგო თავს ერკიულ პუაროს და ლიზბეთ სალანდერის გადამალულ ბავშვს უწოდებს, მართალია, ირონიულად, მაგრამ ხომ გაგიგონიათ – იმისთანა ხუმრობას რა ვუთხარი, სადაც სიმართლის მარცვალი არ ურევიაო.

ჰოდა, თუ კარგად დავაკვირდებით, ეს მარცვალი ზომაში მოზრდილ რიყის ქვას არ ჩამოუვარდება. ერთი ეგაა, ჩემზე რომ იყოს, ახალბედა დეტექტივის მამა აჩაჩულ-დაჩაჩული, მუხლებგადაყვლეფილი კალე ბლუმკვისტი უფრო მეგონებოდა, ვიდრე დინჯი და გამოწკეპილი ბელგიელი.

არადა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გოგოა – ლუმიკი ანდერსონი, შვედური წარმოშობის ფინელი, თეატრალური გიმნაზიის უფროსკლასელი, პირველი მოსწავლე ფიზიკასა და ფსიქოლოგიაში. რაღაცნაირი, უცხვირპირო ვინმეა – ცხოვრობს ციცქნა ბინაში, მშობლებისგან მოშორებით, კედელზე მუმინების კალენდარი აქვს გაკრული, ბუფეტში ყოველთვის მარტო სადილობს და არც გიმნაზიელთა გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობით იკლავს თავს.

მოკალათებულა ეს ჩვენი ლუმიკი გაცრეცილ სავარძელში, ცხელი ყავის ჭიქით ხელში და ახალ დღესთან შესახვედრად იკრეფს ძალებს. მართალია, ჯერ აზრზეც არ არის, მაგრამ ძალა და გამბედაობა ცოტა ხანში ზუსტადაც რომ ძალიან დასჭირდება. აბა, რას იფიქრებს, რომ სკოლის ფოტოლაბორატორიაში სისხლში ამოსვრილი ევროს კუპიურები ყრია, Coffee house-ში კი განუყრელი სამეული შემოსხდომია მაგიდას და აფორიაქებულები თათბირობენ: გიმნაზიის ულამაზესი გოგო ელისა, რექტორის ვაჟიშვილი ტუუკა და ბრიოლინით თმაგადაპრიალებული კასპერი.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის ლუმიკიმ: არც ის, რომ მოკლე ხანში, ელისას წითელი ქუდის წყალობით, საშინელ ხიფათში გაეხვევა და მხოლოდ საკუთარი სიმარჯვის წყალობით გადაურჩება სიკვდილს; არც ის, რომ საიდუმლო აგენტის ტყავში შეძვრომა მოუწევს, მანქანის საბარგულით მგზავრობა და იდუმალებით მოცული “თეთრი დათვის“ ბუნაგში შეღწევა, რჩეულთათვის განკუთვნილ წვეულებაზე.

არა, ლუმიკი ანდერსონი არც ისე ცუდაა აღზრდილი, რომ უცნობ ადამიანს დაუპატიჟებლად მიადგეს კარზე, მაგრამ რა ქნას, თუ კვალი პირდაპირ ამ დიდებული სასახლისკენ მიდის, სადაც ერთ დარბაზში უღრანი ტყეა, მეორეში – ზღვისქვეშა სამყარო, მესამეში კი – კოშმარების სამფლობელო?!

მოკლედ, ლაბირინთია ნამდვილი. იპოვის ნეტავ ლუმიკი უკან დასაბრუნებელ გზას, გამოაღწევს იქამდე, სადაც შეშინებული ელისა, ტუუკა და კასპერი ელოდებიან? ამას სალა სიმუკას “სისხლივით წითელი“ გვეტყვის და იმასაც დავადგენთ, რამდენად იმსახურებს ავტორი ჯილდოს “საუკეთესო ახალგაზრდული რომანებისა და ხელოვნების დარგში პერსპექტიული გარღვევისათვის“.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დეტექტივი, დიმიტრი გოგოლაშვილი, ერკიულ პუარო, თანამედროვე ევროპული ლიტერატურა, კალე ბლუმკვისტი, ლიზბეთ სალანდერი, ლუმიკი ანდერსონი, მაკა სესკურია, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, სალა სიმუკა, სისხლივით წითელი, ფინეთი, ქართული თარგმანი, შვედეთი

დენიელ კიზი. ყვავილები ელჯერნონისთვის

$
0
0

დენიელ კიზი

ყვავილები ელჯერნონისთვის

სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – თინათინ ხომერიკი.

რედაქტორი – თეა ქიტოშვილი.

ყდის დიზაინი – ია ნინოშვილი.

სერიის დიზაინი – ეკა ტაბლიაშვილი.

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

 

“ჭკვიანი კაცი გაიხსენებდა, რომ მზერას ორი სხვადასხვა მიზე­ზი ამღვრევს: როცა სინათლიდან სიბნელეში გადავდივართ, ანდა, პირიქით, სიბნელიდანსინათლეში. იგივე ითქმის სულზედაც: და­ვუკვირდეთ შემცბარსა და დაბნეულ სულს, საგანთა გარჩევის უნა­რი რომ დაჰკარგვია, მაგრამ ბრიყვულად ნუკი დავუწყებთ დაცინ­ვას, არამედ დავუფიქრდეთუფრო ნათელი ყოფიდან მოვიდა და მისთვის უჩვევმა სიბნელემ დაუვსო თვალი, თუ, პირიქით, სრული უმეცრებიდან ამაღლებულს თვალი მოსჭრა სინათლის ასევე უჩ­ვევმა ბრწყინვალებამ? ამ შემთხვევაში შეიძლება ნეტარებად დავ­სახოთ მისი ყოფა, პირველ შემთხვევაში კი მისდამი თანაგრძნობა გვმართებს. მაგრამ თუ ვინმე მაინც ვერ იკავებს სიცილს, ეს დაცინვა ნაკლებად ბრიყვული იქნება, თუკი მისი საგანია სული, რომელმაც სინათლის საუფლოდან სიბნელეში ამოყო თავი”.

  • პლატონი, „სახელმწიფო“[1]

 

ვუძღვნი დედაჩემს

და მამაჩემის ხსოვნას

 

 

მიხშეული წედეგების ანგარიწი #1

3 მრტი

ექიმმა სტრაუსმა ესე მითხრა დღეიდან ყველაფერი დაშერე რასაც ფიქროფ და გახსოვს და რაც გემართებაო. აზზე არ ვარ რატო მარა იმან თქვა ეგ ძაან მნიწნელოვანიაო რო გავიგოთ გამოდგები თუ არაო. იმედია გამოვდგები იმიტორო მის კინიანმა თქვა რო შეილება ჭკვიანი გავხდე. მინდა რო ჭკვიანი ვიყო. მე ჩარლი გორდონი მქვია დონერის საცხობში ვმუწაობ იქ მისტერ დონერი 11 დოლერს მაძლევს კვირაში და კიდე პურს და ნამცხვარს თუ მინდა. 32 შლის ვარ და იმ თვეში ჩემი დაბადებისდღეა. ექიმ სტრაუს და პერფესორ ნიმურს უთხარი კარგათ ვერ ვშერმეთქი მარა იმან თქვა არაუწავსო ისე დაშერე როგორც ლაპარაკობ და კომპუზიციებს როგორც შერ მის კინიანის გაკვეთილებზეო ბეკმენის ჩამორჩენილ მოზდილთა სასშავლო ცენტრში. იქ კვირაში სამჯერ დავდივარ რო ვისშავლო როცა მცალია. ექიმა სტრაუსმა ბევრი დაშერე ყველაფერი რასაც ფიქროფ და ხდებაო მარა მეტი ვეღარ ვფიქროფ იმიტორო აღარ ვიცი რა დავშერო ასერო დღეს მოვჩი… გულითადათ თქვენი ჩარლი გორდონი.

 

მიხშეული წედეგების ანგარიწი #2

4 მრტი

დღეს გამოცდა მქონდა. მემგონი ჩავიჭერი და ეხლა წეილება აღარ გამომიყენონ. რა მოხდა და პერფესორ ნიმურის კაბინეტში მივედი სადილის დროს როგორც იმათ მითხრეს და იმისმა დივანმა სადღაც მიმიყვანა კარზე ფსიქ გაყოფილება ეწერა დიდი დერეფანი და ბევრი პატარა ოთახი და მარტო მაგიდა და სკამები იყო. ერთ ოთახში კარგი კაცი იყო და თეთრი ფურცლები ქონდა და მელანი ქონდა გადასხმული. იმან მითხრა დაჯექი ჩარლიო და მოდუნდი და კონფორტულათ მოეწყეო. თეთრი რაღაცა ეცვა ექიმივით მარა მემგონი ექიმი არ იყო იმიტორო არ მითხრა პირი გააღე და ა თქვიო. მარტო ის თეთრი ფურცლები ქონდა და ეგ იყო. ბერტი ერქვა. გვარი დამავიწყდა ცუდათ მახსოვს ხოლმე რაღაცეები და იმიტო. არ ვიცოდი რა უნა ექნა და სკამს მაგრა ჩავაფრინდი სტუმატოლოგთან რო ვარ ხოლმე ხანდახან ეგრე ბერტი არც სტუმატოლოგი არარი მარა მეუბნებოდა მოდუნდი მოდუნდიო და მაგრა შემეშინდა იმიტორო ეგრე რო მეუბნებიან მერე მტკენენ ხოლმე.

ბერტმა მითხრა ჩარლი აბა რას ხედავ ამ ქაღალდზეო. ზედ მელანი იყო დაღვრილი და ჩემი კურდღლის ფეხი კი ჯიბეში მქონდა მარა მაინც მაგრა წემეწინდა იმიტორო პატარა რო ვიყავი სკოლაში გამოცდებში სუ ვიჭრებოდი და მელანსაც ვღვრიდი ხოლმე.

ბერტს უთხარი თეთრ ქაღალდზე მელანი ასხია მეთქი. ბერტმა თქვა ჰო და გაიღიმა და კარგათ გავხდი. დანარჩენი ქაღალდების ამოტრიალება გააგრძელა და მე უთხარი რო ვიღაცამ შითელი და წავი მელანი გადაასხა ფურცლებზე მეთქი. მე ვიფიქრე რა ადვილი გამოცდა იყო მეთქი და ავდექი წასასვლელათ მარა ბერტმა გამაჩერა მითხრა დაჯექი ეხლავე ჩარლი ჯერ არ დაგვიმთავრებიაო. კიდე რაღაცეები უნა გავაკეთოთ ამ ქაღალდებითო. ეგ ვერ გავიგე მარა მახსოვდა რო ექიმმა სტრაუსმა მითხრა ყველაფერი გააკეთე რასაც გამომცდელი გეტყვის უაზროც რო იყოს იმიტორო გამოცდააო.

კარგათ არ მახსოვს ბერტმა რა თქვა მარა მახსოვს რო უნდოდა რო მეთქვა მელანწი რა იყო. მელანში ვერაფერს ვერ ვხედავდი მარა ბერტმა თქვა მანდ ნახატიაო. ნახატს ვერ ვხედავდი. ძაან ვცადე დანახვა. ჯერ ახლოს დავიჭირე ქაღალდი მერე შორს. მერე ვთქვი სათვალე რო მქონდეს დავინახავ მეთქი სათვალე კინოწი მიკეთია და ტელევიზორს რო უყურეფ ხოლმე მაშინ მარა მე ვთქვი იქნებ ნახატი ესე უფრო დავინახო მეთქი. გავიკეთე და აბა კიდე მანახეთ ფურცელი ეხლა კი ნაღდათ დავინახავ მეთქი.

მაგრა ვეცადე მარა ნახატებს ისევ ვერ ვხედავდი მარტო მელანს. ბერტს უთხარი იქნებ ახალი სათვალე მჭირდება მეთქი. ქაღალდზე რაღაცა დაშერა და წემეწინდა გამოცდაწი ჩავიჭერი მეთქი. ჰოდა უთხარი ძაან ლამაზი მელნის ნახატია და გარშემო მაგარი შინშკლები აქვ მეთქი მარა თავი გაიქნია და ესეიგი არც ეგ არ იყო სშორი. მე ვკითხე სხვები ხედავენ რამეს მელანწიმეთქი იმან კიო მელნის ლაქაში ნახატებს შარმოიდგენენო. ქაღალდზე რო მელანია მაგას მელნის ლაქა ქვიაო.

ბერტი ძაან კეთილია და ნელა ლაპარაკოფს როგორც მის კინიანი თავის კითხვის გაკვეთილებზე წენელებული განვითარების ზდასრულებისთვის სადაც კითხვის სასწავლად დავდივარ. ამიხსნა, ეს რორ შაჰის ტესტიაო. ხალხი მელანში რაღაცეებს ხედავსო. მე უთხარი აბა სადამეთქი. არ მანახა მეუბნებოდა იფიქრე წარმოიდგინე რო რაღაცაა ფურცელზეო. მე უთხარი მელნის ლაქა შარმოვიდგინე მეთქი. იმან თავი გაიქნია ესეიგი არც ეგ არ იყო სშორი. მითხრა რას გაგონებსო შარმოიდგინე ვითომ რაღაცააო. თვალები დავხუჭე დიდიხანი რო შარმომედგინა და მერე უთხარი რო შარმოვიდგინე მელნიანი ბოთლი თეთრქაღალდზე მოაპირქვავეს მეთქი. ეს რო უთხარი იმას ფანქრის წვერი მოუტყდა და ავდექით და გამოვედით.

მემგონი იმ ვიღაც შაჰის ტესტი ვერ ჩავაბარე.

 

მე3ე მიხწეული წედეგების ანგარიში

5 მრატი – ექიმა სტრაუსმა და პეროფესორმა ნიმურმა თქვეს არაუშავს მელნიან ქახალდებზე რო ეგრე გამოვიდა. მე უთხარი მე არ დამიღვრია ზეთ მელანი და ვერაფერს ვერ ვხედავ მელანწი. იმათ თქვეს რო ჩარლი წეილება მაინც გამოგვადგე. ექიმსტრაუს უთხარი მის კინიანი ეგეთ ტესტებს არ მაძლევს ეგ მარტო შერაკითხვას მასშავლის. იმან თქვა მის კინიანმა თქვა რო მაგისი ყველაზე საუკეთესო მოსშავლე ვიყავი ბიკმანის ჩამორჩენილ მოზდილთა სკოლაწი და ყველაზე ბეჯითათ ვმუწაობდი იმიტორო ძალიან მინდოდა სშავლა ჩემზე უფრო ჭკვიან ხალხზეც კი უფრო ძალიან.

ექიმა სტრაუსმა მითხრა შენით როგორ მიხვედი ბიკმინის სკოლაში ჩარლი როგორ მიაგენი. მე უთხარი არ მახსოვს.

პეროფესორმა ნიმურმა თქვა საერთოთ რათ გინდოდა შერაკითხვა რო გესშავლა. მე უთხარი იმიტორო მთელი ცხოვრება სუ მინდოდა რო ჭკვიანი ვიყო სულელი არ ვიყო და დედა სუ მეუბნებოდა რო ეცადე სშავლასო როგორც მის კინიანი მეუბნება მარა ძაან ძნელია რო ჭკვიანი იყო და მის კინიანის გაკვეთილებზეც რო ვსწავლობ რაღაცეებს სკოლაში მერე სუ მავიშყდება.

ექიმა სტრაუსმა რაღაცეები დაშერა ფურცელზე და პეროფესორი ნიმური ძაან სერიოზულათ დამელაპარაკა. იმან თქვა იცირა ჩარლი ჩვენ არვიცით ეს ექსპედიმენტი ადამიანებზე როგორ იმოქმედებს იმიტორო აქამდე მარტო ცხოველებზე გვაქ ჩატარებული. მე უთხარი მის კინიანმაც ეგრე თქვა მარა არაუშავს თუ მეტკინება ან რაღაცა იმიტორო ძლიერი ვარ და მაგრათ ვიმუწავებ.

მინდა რო ჭკვიანი გავხდე თუ ნებას დამთავენ. იმათ თქვეს ოჯახის ნებადართვა გვჭირდება მარა ძია ჰერმანი ვინც მე მივლიდა მოკვტა და ჩემი ოჯახის ამბავი არვიცი. დედაჩემი და მამაჩემი და ჩემი პატარა და ნორმა დიდი დიდი ხანია არ მინახია. შეიძლება ეგენიც მოკვტენ. ექიმა სტრაუსმა თქვა არ იცი სად ცხოვრობენო. მემგონი ბრუკლინში. იმან მითხრა ვნახოთ ვცედებით და იქნებ ვიპოვოთ.

ნეტა ბევრი არიყოს ხოლმე დასაშერი ეს მიხწეული წედეგების ანგარიწები იმიტორო ბევრი დრო უნდა და ძაან გვიან ვწვები და დილით სამსახურწი სუ დაღლილი ვარ. გიმპიმ დამიყვირა იმიტორო ღუმელში შესაცხობათ რო ფუნთუწებიანი ლანგარი მიმქონდა ხელიდან გამივარდა და ფუნთუშები დაისვარა და გიმპის გასაშმენდი გაუხდა რო მერე ღუმელში შეედო. გიმპი სუ მიყვირის ხოლმე რამეს რო ვაშავებ მარა ძაან მოვშონვარ იმიტორო ჩემი მეგობარია. აუ როგორ გაუკვირდება მე თუ ჭკვიანი გავხდები.

 

მიხწეული წედეგების ანგარიწი #4

6 მრტი – დღეს კიდე ჩამიტარეს უცნაური ტესტები რო გაიგონ გამოვადგები თუარა. ისევ იმ ადგილას ოღონთ სხვა გამოსაცდელი ოთახი იყო. კეთილმა ქალმა ჩამიტარა და იმან მითხრა რა ქვია. მე უთხარი როგორ იწერება რო მიხწეული წედეგების ანგარიწწი ჩავშერო. თემატური აპერცეპციის ტესტი. პირველი ორი სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს მარა ტესტი ვიცი რა არი. ტესტი უნა ჩააბარო თორე ცუდი ნიშნები გექნება.

ტესტი ადვილი ჩანდა იმიტორო სურათებს ვხედავდი. ოღონთ ეხლა არ უნდოდა რო მეთქვა რა ჩანდა. მე უთხარი გუშინ ბერტს უნდოდა რო მეთქვა მელანწი რა არი. იმან მითხრა ეგ არაფერი ეს ტესტი სხვა რამეზეა. ეხა ამბები უნა მოიგონო სურათებზე რო ხალხია იმათზე.

მე უთხარი იმათი ამბები როგორ უნა მოვყვე ვისაც არ ვიცნობ. იმან თქვა შარმოიდგინე მარა მე უთხარი ეგ ხო ტყუილის თქმა გამოვა. ტყუილებს აღარასოდეს აღარ ვიტყვი იმიტორო პატარა რო ვიყავი ვიტყუებოდი ხოლმე და მერე სუ მცემდენ. საფულეში ჩემი და ნორმას და ძია ჰერმანის სურათი მაქ იმან სამსახური მიშოვა დონერის საცხობში დამლაგებლათ სანამ მოკვტებოდა.

მე უთხარი თუგინდა მაგათზე მოგიყვები ამბებს იმიტორო ძია ჰერმანთან ერთად დითხან ვცხოვრობდი მარა იმ ქალს მაგათი ამბები არ უნდოდა. იმან თქვა რო ეს ტესტი და ის მეორე შაჰის ტესტი პიროვნების გასაგებათ არი. მე გავიცინე. უთხარი ეგ როგორ უნა გაიგო ქაღალდებზე დაღვრილი მელანით და იმ ხალხის ფოტოებით ვისაც არ იცნობ. ის კიდე გაბრაზდა და სურათები წაიღო. არ მენაღვლება.

მემგონი ეგ ტესტიც ვერ ჩავაბარე.

მერე ნახატები დაუხატე მარა ხატვა დიდათ არ მეხერხება. მერე მეორე გამომცდელი ბერტი მოვიდა. თეთრები ეცვა. მაგას ბერტ სელდენი ქვია და ბიკმანის უნივერსტეტის მეოთხე სართულზე სხვა ოთახში წამიყვანა კარზე რო ფსიქოლოგიის ლაბორატორია აშერია. ბერტმა თქვა ფსიქოლოგია გონებას ნიწნავს და ლაბორატორია ის ადგილია სადაც ექსპეარმინტებს აკეთებენ. მემეგონა იქ საღეჭ რეზინებს აკეთებდენ[2] მარა მემგონი თავსატეხებს და თამაწებს აკეთებენ იმიტორო ეგენი გავაკეთეთ.

თავსატეხი კარქათ არ გამომივიდა იმიტორო სუ დამტვრეული იყო და ნატეხები ერთმანეთწი ვერ ჯდებოდა. ერთი თამაში იყო ქაღალდი ზედ იყო ბევრი ხაზი და უჯრები და ერთ მხარეს „წესასვლელი“ ეწერა მეორე მხარეს „გასასვლელი“. იმან თქვა ეს ლაბრინთია და ფანქარი უნდა აიღო და წესასვლელი რო შერია გასასვლელი რო შერია იქამდე ისე უნდა იარო რო ხაზები არ გადაკვეთო.

ლაბრინთი ვერ გავიგე და ბევრი ქაღალდი გავაფუჭეთ. მერე ბერტმა თქვა მოიცა ახლა რაღაცას გაჩვენებ წამო ექსპეარმინტულ ლაბორატორიაში იქნებ გაიგო. მე5ე სართულზე ავედით სხვა ოთახი იყო შიგნით იყო ბევრი გალიები და ბევრი ცხოველები მაიმუნები და თაგვები. ძველი ნაგვის სუნი ქონდა. სხვა ხალხიც იყო თეთრები ეცვათ ცხოველებს ეთამაშებოდენ და ვიფიქრე ცხოველების მაღაზიაათქო მარა მყიდველები არ ყავდათ. ბერტმა თეთრითაგვი გალიიდან ამოიყვანა და მაჩვენა. იმან თქვა ეს არი ელჯერნონი და ამას ლაბრინთი ძაან კარქათ გამოსდის. მე უთხარი აბა მანახე როგორ შვება.

იმან ელჯერნონი დიდი მაგიდასავით ყუთში ჩასვა სუ წესახვევები და გამოსახვევები და კედლები ქონდა და იმ ქაღალდივით „შესასვლელი“ და „გასასვლელი“ ეშერა. მარა მაგიდას წუწა ეხურა და ბერტმა საათი ამოიღო და გასაშევი კარი გაშია და თქვა ელჯერნონ წავიდა და თაგვმა ორსამჯერ მიყნოსმოყნოსა და გაიქცა. ჯერ პირ და პირ მირბოდა მერე წინ რო ვეღარ მიდიოდა იქ დაბრუნდა საიდანაც დაიშყო და ერთიწუთი ეგრე იდგა და ულვაშებს აცმაცუნებდა მერე სხვაგან გაუხვია და გაიქცა.

იმას გავდა რაც ბერტს უნდოდა მე რო გამეკეთებინა ოღონდ ქაღალდზე დამეხაზა. მე ვიცინოდი იმიტორო მეგონა რო თაგვისთვის ეგ ძნელი რაღაცა იყო. მარა ელჯერნონმა გააგრძელა სირბილი და სუ სწორ ადგილებში უხვევდა მერე იქ გამოვიდა სადაც გასასვლელი ეშერა და დაიშრიპინა. ბერტმა თქვა რო ესეიგი უხაროდა რო სწორათ გააკეთა.

მე ვთქვი ბიჭოს ეს რა ჭკვიანი თაგვია. ბერტმა მითხრა შეეჯიბრები ელჯერნონს. მე უთხარი კი და იმან თქვა სხვანაირი ლაბრინთიც მაქ დაფაზე დახაზული და ელეკტრო ჯოხი ფანქრის მაგივრათ. იმან თქვა ელჯერნონის ლაბრინთს გადავაკეთებ ისე რო ერთნაერი იყოს ერთიდაიგივე რო აკეთოთ.

ფიცრები სუ გაწიგამოწია ელჯერნონის მაგიდაწი იმიტორო მოძრაობენ და სუ სხვანაირად შეგიძლია გადააკეთო. მერე შუშა დაახურა რო ელჯერნონი ვერ გადაახტებოდა კედლებს რო გამოსასვლელთან მისულიყო. მერე მე მომცა ელეკტრო ჯოხი და მანახა როგორ უნა დამედო და გამეყოლებინა ხაზებისთვის და არშეილებოდა რო ხაზისთვის მომეწორებინა უნა მივყოლოდი ხაზებს თორე დენი დამარტყავდა.

საათი ამოიღო და დამალვას ცთილობდა ამიტო ვეცადე რო არ შემეხედა იმისთვის და ვნერვიულობდი.

რო თქვა შავიდა ვეცადე წავსულიყავი მარა არ ვიცოდი საით უნა წავსულიყავი. გზა არვიცოდი. მერე მაგიდის ყუთიდან ელჯერნონის შრიპინი და ფხაკუნი გავიგე ალბად უკვე დარბოდა. დავიწყე მოძრაობა მარა არასშორად მივდიოდი გავიჭედე და ცოტა დენმა დამარტყა თითებზე და წესასვლელთან დავბრუნდი მარა სხვა მხარეს რო მივდიოდი სუ ვიჭედებოდი და დენი მარტყავდა. არ მტკენია და არაფერი უბრალოთ ცოტა შევხტი და ბერტმა თქვა ეს იმისთვის რო ნახო რო არასწორეთ მიდიხარ. დაფის შუაში ვიყავი რო გავიგე რო ელჯერნონმა ისევ ბედნიერათ დაიწრიპინა და ესეიგი იმან მოიგო შეჯიბრი.

მერე კიდე ათ ჯერ რო შევეჯიბრეთ სუ ელჯერნონი იგებდა იმიტორო მე არ ვიცოდი სწორი ხაზები რო სადაც გასასვლელი ეწერა მივსულიყავი. არ მწყენია იმიტორო ელჯერნონს უყურე და ვისწავლე როგორ უნა გამოვიდე ლაბრინთიდან დიდი ხანიც რო დამჭირდეს.

მერავიცოდი თაგვები რო ეგეთი ჭკვიანები არიან.

 

მიღშეული შედეგების ანგარიწი #5 6 მარტი

ჩემიდა ნორმა იპოვეს დედაჩემთან ერთად ცხოვრობს ბრუკლინში და იმან მიცა ოპერაცის ნებადართვა. ასერო გამომიყენებენ. ისეთი გახარებული ვარ რო ძლივს ვშერ. მარა პეროფესორმა ნიმურმა და ექიმა სტრაუსმა ჯერ იჩხუბეს. პეროფესორ ნიმურის კაბინეტში ვიჯექი ექიმი სტრაუსი და ბერტ სელდენი წემოვიდენ. პეროფესორი ნიმური ნერვიულობდა ჩემ გამოყენებაზე მარა ექიმა სტრაუსმა უთხრა რო აქამდე ვინც გამოუცდიათ ჯერ ჯერობით საუკეთესო ვარ. ბერტმა უთხრა რო მის კინიანმა ყველაზე მეტი რეკუმენდაცია გამიშია მათშორის ვისაც ჩამორჩენილი მოზდილების ცენტში ასშავლიდა. მე რო დავდივარ იქ.

ექიმა სტრაუსმა თქვა რო ჩემწი არი რაღაც ძალიან კარგი. ძალიან მოდი ვირებულიაო. არც ვიცოდი რო ეგეთი რამე მჭირს. კარგათ გავხდი რო თქვა სამოზდარვიანი აიქუს მქონე ყველა პაციენტს კი არააქ ეგო. არვიცი ეგ რაარი და საიდან მაქ მარა ელჯერნონსაც ქონია. ელჯერნონი ყველის ნაჭრით არი მოდი ვირებული ყუთწი რო უდებენ ხოლმე. მარა მარტო ეგ არუნა იყოს იმიტორო ამკვირაში ყველი საერთოთ არ მიჭამია.

პეროფესორი ნიმური ღელავდა რო ჩემი აიქუ ძაან მაღლა აიშევდა იმ ძაან დაბლიდან ეხა რო მაქ და ცუდათ გავხდებოდი. მერე ექიმა სტრაუსმა პეროფესორ ნიმურს რაღაცა ისეთი უთხრა რო ვერ გავიგე ამიტო ავდექი და სანამ ლაპარაკობდენ რვეულში რაღაცეები ჩავიშერე ჩემი მიხწეული შედეგების ანგარიწისთვის.

იმან თქვა ჰაროლდ პეროფესორ ნიმურს ჰაროლდი ქვია ვიცი რომ შენი პირველი ახალი ყაიდის ინტელექ***სიტყვა ვერგავიგე*** სუპერმენის როლში ჩარლი არწამოგედგინა მაგრამ ასეთი დაბალი მენტ*** მქონე პაციენტები უმეტესად კონფლ*** და არაკოლაბორ*** არიან როგორცწესი უხალისოები და აპათიუ*** და მათთან კავშირის დამყარება ძნელია. ჩარლის კარგი ხასიათი აქ ინტერესიანი და ხათრიანია.

მერე პეროფესორმა ნიმურმა თქვა გახსოვდეთ ესიქნება პირველი ადამიანი რომლის ინტელ*** მაჩვენებელი ქირურგირული ჩარევის შედეგათ გაუმჯობესდება. ექიმა სტრაუსმა თქვა მეც მაგას ვამბოფ. სად ვიპოვით მეორე ესეთ ჩამორჩენილ მოზდილს ასეთი მოდი ვირებული რო იქნება რო ისწავლოს. ხანეთ რა კარგათ ისწავლა წერაკითხვა თავისი დაბალი გონებრივი ასაკის კვალობაზე. ეს გრანდიოზ*** მიხწევაა.

ყველა სიტყვა ვეგავიგე თან ძაან ჩქარა ლაპარაკობდენ მარა მემგონი ექიმი სტრაუსი და ბერტი ჩემ მხარეზე იყვნენ და პეროფესორი ნიმური არა.

ბერტი იმეორებდა ალის კინიანი თვლის რომ მას სწავლის უკიდეგ*** წყურვილი აქვს. პირდაპირ იხვეშებოდა გამომიყენეთო. მართლა ეგრე იყო იმიტორო მინდოდა რო ჭკვიანი გამვხთარიყავი. ექიმი სტრაუსი ადგა გაიარგამოიარა დათქვა ჩემიაზრით ჩარლი უნა გამოვიყენოთ. ბერტმა თავიდაუქნია. პეროფესორმა ნიმურმა თავი მოიფხანა და ცერათითი ცხვირზე მოისვა და თქვა ალბათ მართალიხარ. კარგი გამოვიყენოთ ჩარლი. მაგრამ უნა აუხსნათ რომ ექსპეარმინტს შეილება უამრავი გაუთვალისშინებელი რამე მოყვეს.

ესრო თქვა ისე გამიხარდადა ისეთი ბედნიერი ვიყავი რო წამოვხტი და ხელი ჩამოვართვი იმიტორო ესე კარგათ მექცეოდა. მემგონი შეეშინდა.

იმან თქვა ჩარლი ამას დიდიხანია ვცდით მაგრამ მხოლოთ ელჯერნონის ნაირ ცხოველებზე. დარწმუნებული ვართ არავითარი ფისიკური საფთხე არ გემურქება მაგრამ სხვა საკიხთებია რომლებზეც ექსპეარმინტამდე ვერაფერს გეტყვით. მინდა რო გესმოდეს ექსპეარმინტი შეილება ჩავარდეს და არცარაფერი წეიცვალოს. ან შეილება დროებით გამართლოს და მერე უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩდე ვიდრე ახლახარ. გესმის ეს რასნიწნავს. ასერო მოხდეს შენი უკან გაგზავნა მოგვიშევს უორენის სახემწიფო თავშესაფარში.

მე უთხარი ეგ არ მანაღვლებს იმიტორო არაფრისაც არმეშინია. ღონიერი ვარ და სუ კარქათ ვიქცევი კიდე კურდღლის ფეხი თილისმა მაქ და სარკე არასოდეს არ გამიტეხია. ერთხელ თეფშები დამივარდა მარა ეგ არითვლება. ეგ ცუდის ნიწანი არარი.

მერე ექიმა სტრაუსმა თქვა ჩარლი ეს ექსპეარმინტი რო ჩაფლავდეს მეცენიერებაში მაინც უდიდეს შვლილს წეიტან. ამ ექსპეარმინტმა ცხოველებზე გამართლა მაგრამ ადამიანებზე ჯერარავის გამოუცდია. პირველი შენიქნები.

მე უთხარი მადლობა ექიმო როგორც მის კინიანი ამბოფს არ ინანებთ რო მეორე ჩანსი მომეცით. მართლა ეგრე ვფიქროფ. ოპერაცის მერე ვეცდები რო ჭკვიანი გავხდე. ძაან მაგრათ ვეცდები.

 

[1] პლატონი, “სახელმწიფო“; მთარგმნელი – ბაჩანა ბრეგვაძე; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013.

[2] სიტყვების თამაშია – ‘’Spearmint’’ – საღეჭი რეზინი, რომელსაც ამერიკული კომპანია „რიგლი“ 1893 წლიდან დღემდე აწარმოებს.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დენიელ კიზი, ეკა ტაბლიაშვილი, თეა ქიტოშვილი, თინათინ ხომერიკი, ია ნინოშვილი, ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ქართული თარგმანი, ყვავილები ელჯერნონისთვის, Science fiction

“ბიბლუსი გალერეა”–წიგნის მაღაზია და არა მხოლოდ

$
0
0

biblusi gallery 1კითხვაზე, როგორი უნდა იყოს თანამედროვე წიგნის მაღაზია, შემიძლია, ორი საათი ვიქაქანო, მაგრამ აუცილებლად ასე დავიწყებ: როგორი და სადღეღამისო.

ისე ნუ გამიგებთ, თითქოს წიგნების გარდა არაფერი მაინტერესებდეს და, ბიბლიოფილიის ნიადაგზე შერყეულს, ყველაფერს ღამის სამ საათზე ბუქსთორში ბოდიალი მერჩივნოს – ღამით, წესისამებრ, მძინავს. სხვათა შორის, ტკბილად და გულიანად :)

უბრალოდ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ამ ოხერი სამსახურის გადამკიდე, ცხრამდე ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ, ცხრის მერე კი ყველა ნაცნობი წიგნის მაღაზია დახურულია. მეც უქმეებისთვის ვდებ შოპინგს ან ვინმე მადლიანი მეგზავნება… მეგზავნება რა, უმეტესად ნუკის ან ოჯახის წევრებს ვუწევ ექსპლუატაციას. აბა, რა ვქნა?!

მოკლედ, ასე ვწვალობ. უფრო სწორად, ვწვალობდი, სანამ ჭავჭავაძეზე “ბიბლუსი გალერეა” გაიხსნებოდა.

არა, სადღეღამისო არც ის არის, იქაც ადამიანები მუშაობენ და ძილი მათაც სჭირდებათ. თერთმეტ საათამდეა. ჰოდა, ჩემი ხუთდღიანი შეზღუდვაც მოიხსნა. რაც უნდა ჰიჩკოკური სამუშაო დღე მქონდეს, თერთმეტამდე თავის დაღწევას როგორღაც ვახერხებ.

მოლის ამბავი ხომ იცით – გალერეა კი არა, სადმე ორი წიგნი თუა ერთმანეთზე მიწყობილი, აუცილებლად შესუნსულდება, მიყნოს-მოყნოსავს იქაურობას, თუ რამე საინტერესო იპოვა, დაიმახსოვრებს და მერე ან ბლოგზე მოჰყვება, ან ფეისბუქზე გაუზიარებს მეგობრებს. ჰოდა, ახალ “ბიბლუსშიც” უკვე რამდენჯერმე მოვასწარი შესეირნება, საფუძვლიანად დავათვალიერე და დავაგემოვნე (ყველა გაგებით) და ახლა თქვენ გექაქანებით.

biblusi gallery 3

პირველი იმპრესიები მასშტაბს უკავშირდება – დიდი სივრცე და აუარება წიგნი. ჩვეულებრივი ბუქსთორი კი არა, წიგნების ჰიპერმარკეტია. მოხერხებული, კომფორტული. მუსიკა უკრავს, თანაც ისე, რომ წიგნების თვალიერებაში ხელს არ გიშლის, პირიქით… სტენდები, სტენდები, წიგნები, სტენდები. თემატური, კონკრეტული გამოცემების, ასეთი, ისეთი… უამრავი უცხოენოვანი ლიტერატურა, უამრავი ალბომი (რაც განსაკუთრებით მახარებს) და გადასარევი საბავშვო სექცია, ბათუმში, “ბავშვთა სამყაროში” რომ მინახავს, ისეთი.

ბავშვებზე კიდევ მაქვს სათქმელი და არ დამავიწყოთ.

კაფე… კაფე უგემრიელესობაა. წავიდა ის დრო, უფერულ “სახელგამში” რომ შეხვიდოდი, წიგნს იყიდდი და გამოხვიდოდი. ახლა წიგნის მაღაზია სხვა რაღაცებითაც ფასობს და იმაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მეგობარს შეხვედრას რომელიმე ბუქსთორში რომ დაუთქვამ, ჩამოსხდებით, ყავას დალევთ, სასუსნავს მიაყოლებთ, იჭორავებთ, მერე სტელაჟებს დაუვლით, რაღაცებს დაათვალიერებთ, რაღაცებს იყიდით და თუ არსად გეჩქარებათ, ისევ ყავას დაუბრუნდებით, სულს მოითქვამთ, თან შენაძენს გადაალაგებთ კოხტად – ხელისთვის კიდევ რამე ხომ არ წამოგვეყოლებინაო.

მოკლედ, წიგნის მაღაზიაში ახალდაფქული ყავის სურნელიც რომ ტრიალებს, ერთიორად მომწონს. გალერეაში იტალიური  Ci gusta-ს გასტრონომიული კუთხეა. გადასარევი ყავა აქვთ, სხვათა შორის.

ჰო, შესასვლელის მახლობლად ერთგვარი სამკითხველოა. რამდენიმე სავარძელი დგას, იქვე წიგნებიც აწყვია. მოკალათდი და იკითხე, თუ არსად გაგვიანდება – უბატონოდ ხმას არავინ გაგცემს.

biblusi gallery 2

ამხელა სივრცის მარტო წიგნებისთვის მოცდენა, ცოტა არ იყოს, არაპრაქტიკულიაო, იფიქრებს ვინმე და მართალიც იქნება. წიგნის მაღაზიაში წიგნი რომ მთავარი პროდუქტია, ვინ დავობს, მაგრამ თუ ფართობი საშუალებას იძლევა, ათასი კრეატიული იდეის განხორციელება შეიძლება. მაგალითად, საბავშვო ცენტრის… ოღონდ დაბადების დღის ამბებში არა. აი, რომ მიხვალ, ბავშვებს დატოვებ და თავად სტელაჟებს შორის საბოდიალოდ წახვალ. დასეირნობ არხეინად, ქვევით კი ბავშვებს წიგნებს უკითხავენ, სათამაშოების გაკეთებას და სხვა სასარგებლო რაღაცებს ასწავლიან… მინუს ერთ სართულზე ზუსტად იმხელა სივრცეა, რაც მეორეზე და იდეის განხორციელებას არაფერი უშლის ხელს.

სწორედ ამას აპირებენ “გალერეაში” და ათას სხვა რამესაც: აქციებიო, ფასდაკლებებიო, რომელიმე მწერალი თუ დაგხვდათ მასპინძლად და წიგნი შეგარჩევინათ, ნურც ეს გაგიკვირდებათ. კაფეში ლიტერატურული მენიუს გაჩენაც შეიძლება – ბოზბაშს და ჩიხირთმას იქ, ცხადია, არავინ მოგართმევთ, მაგრამ მაჭკატებითა და კაკლის მურაბით ყელის ჩაკოკლოზინებას რა უდგას წინ?!

კიდევ – შეხვედრები, პრეზენტაციები, ივენთები, მუსიკალური საღამოები… გუშინწინ დათო ევგენიძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია იყო, ხუთში კი გიორგი კეკელიძის შემოქმედებითი საღამოა.

ერთი სიტყვით, ცხვირი მიგრძნობს, აქაურობის ხშირი სტუმარი ვიქნები (განსაკუთრებით – საღამოობით). ვცადე და მომეწონა – მაგიდასთან რომ ზიხარ, ყავას სვამ, ნელ-ნელა იფერთხავ დამქანცველ დღეს, თან უყურებ, როგორ ფუსფუსებენ – ალაგებენ, სახვალიოდ ამზადებენ მაღაზიას, წიგნებით სავსე ყუთებს ხსნიან… აი, მუდმივი სტუმრებისთვის სპეციალურ დაგროვების ბარათსაც თუ შემოიღებენ, სულ მთლად გადასარევი იქნება.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ბიბლუსი, ბიბლუსი გალერეა, ბუქსთორი, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გიორგი კეკელიძე, დათო ევგენიძე, მოლის წისქვილი, სამკითხველო, წიგნის მაღაზია, ჭავჭავაძის ქუჩა, Ci gusta

ჰარპერ ლი –სიკეთის დესპანი

$
0
0

კარგად მახსოვს, როდის წავიკითხე ეს წიგნი პირველად – გაგანია ზამთარი იყო, ისეთი კი არა, ახლა რომ იცის თბილისში – უფერული და უთოვლო – ნამდვილი ზამთარი, მსხვილი ფანტელებით, ნაცრისფრად შებურული ცით, გადათეთრებული ნაძვებით და მოყინული ცხვირებით.

მაშინ ძალიან მიყვარდა ავად გახდომა – კითხვაში ხელს არაფერი მიშლიდა და იმიტომ. ვიწექი სიცხით გათანგული და მაინც კმაყოფილი, გარშემო ნაირ-ნაირი წიგნები მქონდა შემოწყობილი, ხან რომელს დავავლებდი ხელს, ხან – რომელს, ვაყოლებდი ცხელ, მურაბიან ჩაის და ვკითხულობდი და ვკითხულობდი დაუსრულებლად…

ჰოდა, ერთ მშვენიერ საღამოს, კბენია შარფით ყელშეფუთნილი და ცხვირგაწითლებული რომ ვიჯექი საწოლში, დედამ ახალი წიგნი მომიტანა. სიცხისგან აწითლებულ ლოყაზე მაკოცა, თმა მომიჩეჩა და მოგეწონებაო, მითხრა.

არ ვიცი, სადმე არსებობს თუ არა სია, სახელწოდებით – ყველაზე კეთილი წიგნები. აი, მოვჩხრეკ და თუ აქამდე არავის მოსვლია თავში აზრად, აუცილებლად დავწერ ასეთ პოსტს. დამერწმუნეთ, “ნუ მოკლავ ჯაფარას“ იქ პირველ ადგილზე იქნება. არა მგონია, ვინმე შემომედავოს – წიგნი, სადაც ჭყიტა, ჯემი, დილი, ატიკუსი და რედლი-ბუა ცხოვრობენ, ამას ნამდვილად იმსახურებს.

სიუჟეტის გარჩევას აქ არ მოვყვები; ან რა აზრი აქვს – ვერ წარმომიდგენია ადამიანი, მოლის ბლოგს რომ სტუმრობს და ჰარპერ ლი არ წაუკითხავს. მარტო იმის თქმა მინდა, როგორი მადლობელი ვარ ამ ქალის, ერთ მშვენიერ დილას თუ საღამოს მაგიდას რომ მიუჯდა და წერა დაიწყო. ალბათ, დიდხანს წერდა, შუბლშეჭმუხნილი ფიქრობდა, კალმის ბოლოსაც ღრღნიდა, შლიდა, ხევდა, ასწორებდა და ბოლოს ყველაზე თბილი, ყველაზე ნათელი წიგნი დაწერა, რაც კი აქამდე კაცობრიობას ღირსებია. ბოროტებასა და ძალადობაზეც ბევრი რამ გვიამბო, იმ სამარცხვინო რამეზეც, რასიზმი რომ ჰქვია და, რაც არ უნდა უცნაურად გვეჩვენოს, სიმძაფრე დღემდე არ დაუკარგავს… სამაგიეროდ, გაგვაცნო პრინციპული და სამართლიანი ატიკუსი, “ნაცადი ჩუბინი“; ისიც ძალიან მარტივად აგვიხსნა, რატომ არ უნდა მოვკლათ ჯაფარა – “ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს… ცუდს არაფერს სჩადის და ადამიანს არაფერს უშავებს.“

ჰო, კიდევ ჯემი და დილი დაგვიმეგობრა, ბრაზიანი, მაგრამ კეთილი კელპურნია, ყასიდად რომ იმუქრება ხოლმე – “თუ მისტერ ფინჩმა არ გაგალახათ, მე მაინც ვერ გადამირჩებით“-ო; და, რაც მთავარია, მწერალმა ჩაასახლა ამ წიგნში პატარა და სასაცილო ჭყიტა, დაგვანახა სამყარო მისი თვალით და გადო ხიდი, რომლის წყალობითაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია, დავბრუნდეთ ბავშვობაში და სულში ძალიან ბევრი სინათლე და სითბო შემოვუშვათ.

ბევრი როდია ამქვეყნად ასეთი წიგნი და ყველას სათითაოდ უნდა გავუფრთხილდეთ, მარცვალ-მარცვალ უნდა ვაგროვოთ მათში დაბუდებული სიკეთე, გული ავივსოთ და სხვებსაც გავუნაწილოთ.

დამიჯერეთ, ჩვენც უკეთესები გავხდებით და სამყაროც.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ატიკუს ფინჩი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დილი, ლელა დუმბაძე, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, ნუ მოკლავ ჯაფარას, პროზა, რასიზმი, რედლი-ბუა, რუსუდან გორგაძე, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო კლასიკა, საბავშვო ლიტერატურა, ქართული თარგმანი, ჭყიტა, ჯემი, ჰარპერ ლი

ლიტერატურის ყველა ფერი

$
0
0

literaturuli palitra covers

ძველ ბიბლიოთეკებში, თუ გახსოვთ, წიგნების გვერდით საგანგებო სტენდები იყო, ჟურნალებით სავსე.

საბავშვო, ფერადნახატებიანი კი არა, სერიოზული, სქელ-სქელი, ლიტერატურული ჟურნალებით.

“ცისკარი”, ‘მნათობი”, “საუნჯე”, “ლიტერატურული საქართველო”, “ჭოროხი” – აჭარის მწერალთა კავშირის გამოცემა; რუსულებიც მოიძებნებოდა აქა-იქ.

მაშინ მე საბავშვოებსა და ფერადნახატებიანებს უფრო ვეტანებოდი და ამათ მაინცდამაინც არც ვაქცევდი ყურადღებას. გემო მერე გავუგე, დიდობაში, საჯაროს საცავებსა და პერიოდიკის დარბაზში ქექვისას.

ჟურნალები ერქვა, თორემ ბარე ორ წიგნს აჯობებდა და, რაც მთავარია, ისეთი რაღაცები იბეჭდებოდა, იმ დროს წიგნად გამოცემას ვინ აღირსებდა. ჟურნალში იოლი იყო შეპარება. ჰოდა, ბეჭდავდნენ.

ახლა სხვა დროა, არც წიგნები გვაკლია, არც ახალი თარგმანები, გამომცემლობებიც გადასარევად მუშაობენ, მაგრამ ლიტერატურულ პერიოდიკას აქტუალობა არ დაუკარგავს. მეც ერთი დიდი თარო მუდამ ახალ-ახალი ჟურნალებით მაქვს სავსე.

დღეს სწორედ ერთ მათგანზე მოყოლას ვაპირებ.

“ლიტერატურულ პალიტრას” კარგა ხანია ვკითხულობ. ჯერ ჩემს ჯიხურში ვყიდულობდი, ნინო დეიდა მინახავდა სხვა რაღაცებთან ერთად; მერე, ერთ დილას, გოგონამ დამირეკა, გამოწერაზე ხომ არ იფიქრებთ, ადვილზე ადვილია, თქვენ მხოლოდ დაგვთანხმდით, ბლანკების შევსებით არ შეგაწუხებთო.

რატომაც არა, დიდი სიამოვნებით-მეთქი. მართლაც, ისე გამოვიწერე, არც გამიგია :) მოვიდნენ, დედას ქვითარი დაუტოვეს და მას შემდეგ თვეში ერთხელ, დილაუთენია, ახალი ნომერი მოაქვს მოპედიან ბიჭს. თუ ბედმა გამიღიმა და შინ დავხვდი, ჩავიგდებ ხოლმე ჩანთაში და სამსახურში მიმაქვს. მთელი დღე მიმყვება მშვენიერი განწყობა.

ან რა გასაკვირია, როცა ჩანთაში ასეთი უგემრიელესობა მეგულება. ჯერ მარტო გარეკანს დახედეთ… ის ძველი ჟურნალები, ზემოთ რომ ვახსენე, რაღაცნაირად ერთ ყალიბში მოჭრილი მახსოვს, თვალს მაინცდამაინც ვერ ახარებდა და ამათ ყდაზე ვის სურათს აღარ ნახავ. მთავარი კონტენტია, ვიცი, მაგრამ ხელში აღებაც ხომ უნდა გესიამოვნოს…

ესთეტიკა იქით იყოს და კონტენტსაც არაფერი დაეწუნება. შორს რომ არ წავიდე, შარშანდელ სარჩევს გადავხედოთ:

ბორხესის მოთხრობები, ტომას ელიოტის “უნაყოფო მიწა”, ფრანსუაზ საგანის “დაკარგული პროფილი”, ხულიო კორტასარის “მშვიდობით, რობინზონ”, რობერტ ლუის სტივენსონის “ერთი ღამის თავშესაფარი”, ჯეკ კერუაკი, გურამ რჩეულიშვილი, კაცუო იშიგურო, დორის ლესინგის “ზაფხული მწუხრის წინ”, რეი ბრედბერის საკულტო “A Sound of Thunder”-ის ახალი თარგმანი, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი… წლევანდელი იანვრის ნომერში ანატოლ ფრანსი იყო, თებერვლისაში – ბოლო ნობელიანტის, პატრიკ მოდიანოს “დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში”.

კიდევ – მიშა ბახსოლიანი, გელა ჩქვანავა, კატო ჯავახიშვილი, ანა მატისი, გაგა ნახუცრიშვილი, ლია სტურუა, მარიამ ხუცურაული, თამრი ფხაკაძე, გურამ მეგრელიშვილი, ვაჟა ხორნაული, მარიამ წიკლაური, რუსუდან რუხაძის თითებჩასაკვნეტი “ჰაშთაგ რძისფერი ჰოია”, ბესო ხვედელიძის “ზღვის სუპი”, მაკა ლდოკონენის “ქრთილის ას რვა მარცვალი”… კიპლინგი, მოპასანი, ანდრეი ბელი, სერგეი დოვლატოვი, ქეთრინ მენსფილდი, აკი შიმაზაკი, მანანა დუმბაძე და მარინა პიკასო, ანა ახმატოვა, ამერიკული პოეზია, ქენეთ გრემის “ქარი ტირიფებში”, ვრცელი ინტერვიუ მარიო ვარგას ლიოსასთან და კიდევ იმდენი გემრიელობა, ერთი პოსტი მარტო ჩამოთვლას არ ეყოფა.

ჩარლზ ბუკოვსის “მაკულატურა” და ლუკა ბაქანიძის “მესამე ნაპირი“, სანამ წიგნად გამოსცემდნენ, აქ იბეჭდებოდა გაგრძელებებით. და ამ “გაგრძელება იქნება”-საც თავისი ეშხი აქვს.

ზაალ ჩხეიძეა “ლიტერატურული პალიტრის” მთავარი რედაქტორი და ესეც ერთი დიდი ამბავია. ზაალისა არც ბლოგი გამომიტოვებია სადმე, არც თარგმანი, არც ტელეინტერვიუ და მის ჟურნალს როგორ დავიკლებდი.

ერთი სიტყვით, თავადაც ხედავთ: არც აქტუალური თარგმანის ნაკლებობაა, არც სამამულო პროზისა და პოეზიისა, არც კლასიკა ავიწყდებათ და თანამედროვე ავტორებსაც სიამოვნებით ბეჭდავენ. მუდმივი რუბრიკებიც აქვთ, კონკურსებსაც მართავენ და მთავარი რედაქტორის სვეტის კითხვა ხომ ცალკე სიამოვნებაა. მოგებული, ცხადია, მკითხველი რჩება.

ჰოდა, სანამ ასე გააგრძელებენ, მოლი მათი ერთგული ხელმომწერი იქნება.

ეჭვი მაქვს, არა მხოლოდ მოლი.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ზაალ ჩხეიძე, ლიტერატურული დამატება, ლიტერატურული პალიტრა, ლიტერატურული პერიოდიკა, მედია, მოლის ბიბლიოთეკა, პერიოდიკა, პოეზია, პრესა, პროზა, პუბლიცისტიკა, ჟურნალები, ქართული თარგმანი, ქართული ჟურნალები, non fiction, Palitra Media

არკადი და ბორის სტრუგაცკები. ძნელია ღმერთობა

$
0
0

Hard to be a God cover

არკადი და ბორის სტრუგაცკები

ძნელია ღმერთობა

სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – ქეთი ნიკოლეიშვილი

რედაქტორი – რუსუდან გორგაძე

ყდის დიზაინერი – ეკა ტაბლიაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

I თავი

რუმატა წმინდა მიკას რიგით მეშვიდე, ამ გზაზე კი უკანასკნელ საფლავს რომ გასცდა, უკვე სულ მთლად ბნელოდა. ნაქები ხამახარული ულაყი, დონ ტამეოსგან ბანქოს ვალის სანაცვლოდ მიღებული, დიდი უხეირო რამე გამოდგა – ოფლში ცურავდა და, ფეხარეული, საძაგლად მიბარბაცებდა. რუმატა ფერდებზე მუხლებს უჭერდა, თხემზე ხელთათმანს უწკაპუნებდა, მაგრამ ცხენი ფეხის აჩქარებას არც აპირებდა, მხოლოდ უხალისოდ იქნევდა თავს.

გზისპირას გაბურდული ბუჩქნარი სიბნელეში კვამლის გაქვავებულ ბოლქვებს ჰგავდა. გულისგამაწვრილებლად ზუოდნენ კოღოები. ამღვრეულ ცაზე აქა-იქ ცახცახებდნენ და ბჟუტავდნენ ვარსკვლავები. დროდადრო წამოუბერავდა სუსტი ქარი, თან თბილი, თან ცივი – ასე იცოდა შემოდგომაზე ამ ზღვისპირა მხარეში, სადაც ჩახუთულ, მტვრიან დღეებს სუსხიანი ღამეები ენაცვლებოდა.

რუმატამ უფრო მაგრად შემოიხვია მოსასხამი და სადავე მიუშვა. გინდ ეჩქარა, გინდ არა – ერთ საათში შუაღამეც მოატანდა, ცისკიდურზე კი უკვე წამომართულიყო სლოკინა ტყის შავი, დაკბილული ქობა. გზას აქეთ-იქიდან დახნული მინდვრები მიუყვებოდა, ვარსკვლავების შუქზე ციალებდა ჟანგის სუნად აქოთებული ჭაობები, შავად აზიდულიყო ყორღანები და დამპალი, დიდი შემოსევის დროინდელი ხის ზღუდეები. შორს, მხარმარცხნივ, დროდადრო აბრიალდებოდა და ჩაინავლებოდა პირქუში დაისი – რომელიმე სოფელი თუ იწვოდა, უთვალავთაგან ერთი ლეშნაყორავი, ყელთოკიანი ან ნაყაჩაღარი, ახლახან უავგუსტოესის ბრძანებით სანუკველა, მადლიანა ან ანგელოზეული რომ დაერქმიათ. სრუტის ნაპირიდან უსიერ ტყემდე, ასეულობით მილზე გაწოლილიყო ეს ქვეყანა, კოღოების საბანში გახვეული, ხრამებით დაფლეთილი, ჭაობში ჩამხრჩვალი, ციებ-ცხელებით, ჭირითა და ავსუნიანი სურდოთი სნეული.

მოსახვევთან ბუჩქებს ჩრდილი გამოეყო. ულაყმა თავი აიქნია და განზე გახტა. რუმატამ აღვირი აიტაცა, მაჯაზე ჩვეულებისამებრ შეისწორა არშია, ხელი ხმლის ვადაზე ჩამოიდო და დაჟინებით დააცქერდა უცნობს.

გზის პირას მდგომმა ქუდი მოიხადა.

– საღამო მშვიდობისა, კეთილშობილო დონო, – ხმადაბლა თქვა მან, – შემინდეთ…

– რა გაგჭირვებია? – ჰკითხა რუმატამ და სიბნელეს მიაყურადა.

უხმაუროდ ვერავინ ჩასაფრდება. ყაჩაღებს ლარის ჭრიალი გასცემს, უვარგისი ლუდით გაჭყეპილ რუხებს – თავშეუკავებელი ბოყინი, ბარონის რაზმელებს – ხარბი ქშენა და რკინის ჩხარაჩხური, მონებზე მონადირე ბერებს – ხმაურიანი ფხანა. მაგრამ ბუჩქებიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. არა, ეს კაცი მზირი არ უნდა ყოფილიყო. არც ჰგავდა, კაცმა რომ თქვას – ჩია, ჩასკვნილი ქალაქელი იყო, ღარიბულ მოსასახამში გახვეული.

– ნება მიბოძეთ, თქვენ გვერდით ვირბინო, – თავმოდრეკით სთხოვა მან.

– მიბოძებია, – უთხრა რუმატამ და სადავე შეარხია, – შეგიძლია, უზანგს ჩაეჭიდო.

ქალაქელი ცხენს აედევნა. ქუდი ხელში ეჭირა და გვარიანად თმაშეთხელებული კინკრიხო უპრიალებდა. ვისიმე ნოქარი იქნება, გაიფიქრა რუმატამ, ერთი მათგანი, ბარონებსა და ბითუმად მოვაჭრეებთან რომ მიდი-მოდიან, სელსა და კანაფს ყიდულობენ… გულადი ნოქარი კია, ვერაფერს იტყვი… ან იქნებ არც არის ნოქარი? იქნებ წიგნისჭიაა? დევნილი. გარიყული. ახლა ღამღამობით სავსეა გზები ასეთი ხალხით. ნოქრებზე მეტადაც კი მომრავლდნენ… ან ეგებ ჯაშუშია?

– ვინა ხარ და სადაური? – ჰკითხა რუმატამ.

– კიუნს მეძახიან, – ნაღვლიანად მიუგო ქალაქელმა, – არკანარიდან მოვდივარ.

– არკანარიდან გ ა რ ბ ი ხ ა რ, – უთხრა მისკენ დახრილმა რუმატამ.

– გავრბივარ, – დაეთანხმა ქალაქელი.

შერეკილია ვიღაცაა, გაიფიქრა რუმატამ, თუ ჯაშუშია მაინც? უნდა შევამოწმო… ან, კაცმა რომ თქვას, რატომ „უნდა“? რა საჭიროა? ვის სჭირდება? თავი ვინ მიგდია, ეს კაცი ვამოწმო? არ მინდა და არ შევამოწმებ! რა იქნება, რომ ავიღო და უბრალოდ დავუჯერო? მიდის თავისთვის ქალაქელი, ერთი შეხედვითაც ეტყობა, წიგნისჭიაა. გარბის, რომ თავს უშველოს. მარტოა. ეშინია. სუსტია. მფარველს ეძებს. გზად დიდგვაროვანს გადაეყარა. არისტოკრატები, ეს კუდაბზიკა ბრიყვები, პოლიტიკის ბაიბურში არ არიან. სამაგიეროდ, ხმლები აქვთ გრძელი და არც რუხები ეხატებათ გულზე. ჰოდა, რა დაშავდება, ქალაქელმა კიუნმა უანგარო მფარველად იგულოს ეს ყეყეჩი და თავმომწონე გვარიშვილი? მორჩა და გათავდა. არაფერსაც არ შევამოწმებ. ან რაში მჭირდება მისი შემოწმება? ვიბაასებთ, დროს მოვკლავთ, მეგობრებად გავიყრებით…

– კიუნი… – ჩაილაპარაკა რუმატამ, – ერთ კიუნს ვიცნობდი. თუნუქისქუჩელს, შინაური წამლებით მოვაჭრეს და ალქიმიკოსს. ნათესავად ხომ არ გერგება?

– ვაი, რომ მერგება, – უთხრა კიუნმა, – მართალია, შორეულ ნათესავად, მაგრამ ამათთვის შორეული და მახლობელი ერთია… მეთორმეტე თაობამდე.

– და საით გარბიხარ, კიუნ?

– სადმე… შორს. ბევრი ირუკანს აფარებს თავს. ეგებ მეც ირუკანში გადავიდე…

– ასე, ასე, – თქვა რუმატამ, – და იმედი გაქვს, კეთილშობილი დონი საგუშაგოზე გადაგიყვანს?

კიუნი დუმდა.

– ან იქნებ გგონია, კეთილშობილმა დონმა არ იცის, ვინ არის თუნუქისქუჩელი ალქიმიკოსი კიუნი?..

კიუნი დუმდა. რა ჯანდაბას ვროშავ, გაიფიქრა რუმატამ. უზანგებზე წამოიმართა და ხელმწიფის მოედანზე მდგომ მაცნესავით დასჭექა:

– ბრალდებულია და სამართალში ეძლევა საზარელი, მიუტევებელი დანაშაულისთვის უფლის, ტახტისა და სიმშვიდის წინაშე!

კიუნი დუმდა.

– ვაითუ კეთილშობილი დონი აღმერთებს დონ რებას, ვაითუ მთელი არსებით ერთგულია რუხი სიტყვისა და რუხი საქმის? თუ გგონია, ასე არ ხდება?!

კიუნი დუმდა.

ხელმარჯვნივ სიბნელიდან სახრჩობელის ტეხილი ლანდი ამოიზარდა. თეთრად გამოანათა ხარიხაზე თავდაყირა დაკიდებულმა შიშველმა სხეულმა. ჯანდაბას, მაინც არაფერი გამოდის, გაიფიქრა რუმატამ. სადავე მოსწია, კიუნს მხარში სწვდა და შემოაბრუნა:

– ვაითუ კეთილშობილმა დონმა ახლავე ამ მაწანწალას გვერდით ჩამოგკიდოს?- უთხრა და გაფითრებულ სახეზე დააშტერდა, საიდანაც ორი შავი ორმო შემოჰყურებდა, – საკუთარი ხელით. სწრაფად და მარჯვედ. მტკიცე არკანარული თოკით. იდეალების სადიდებლად. რატომ არაფერს ამბობ, მწიგნობარო კიუნ?

კიუნი დუმდა. კბილს კბილზე აცემინებდა და საცოდავად, მიწას მიჭყლეტილი ხვლიკივით იკლაკნებოდა რუმატას ხელქვეშ. უცაბედად გზისპირა არხში რაღაც ჩატყაპუნდა და იმწამსვე მანაც, თითქოს ამ ხმის ჩასახშობად, სასოწარკვეთით შესძახა:

– მიდი, ჩამომკიდე! ჩამომკიდე, შე მოღალატევ!

რუმატამ სული მოითქვა და კიუნს ხელი უშვა.

– ნუ გეშინია, – უთხრა მშვიდად, – ვიხუმრე.

– ტყუილი, ტყუილი, – ასლუკუნდა კიუნი, – საითაც გაიხედავ, ტყუილი!

– კარგი, ნუღარ ბრაზობ, – უთხრა რუმატამ, – ჯობია აიღო, რაც გადააგდე, დასველდება.

კიუნი ერთხანს კიდევ სლუკუნებდა და ადგილზე ირწეოდა. მერე ხელისგულები ანგარიშმიუცემლად მიიტყაპუნა მოსასხამზე და არხში ჩაფორთხდა. რუმატა უნაგირზე ქანცგაწყვეტილივით წელში მოხრილი იჯდა და ელოდა. ესე იგი, ასეა საჭირო, ფიქრობდა, ესე იგი, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია.

კიუნი არხიდან ამობობღდა და ფუთა უბეში ჩაიდო.

– წიგნებია, ხომ? – ივარაუდა რუმატამ.

კიუნმა თავი გაიქნია.

– არა, – თქვა ხმაგაბზარულმა, – ერთი წიგნია. ჩემი წიგნი.

– და რაზე წერ?

– არა მგონია, შიგ თქვენთვის საინტერესო ერიოს რამე, კეთილშობილო დონო.

რუმატამ ამოიოხრა.

– მოჰკიდე უზანგს ხელი, – უთხრა კიუნს, – წავიდეთ.

კარგა ხანს არც ერთს აღარ დაუძრავს სიტყვა.

– ყური მიგდე, კიუნ, – დაიწყო ისევ რუმატამ, – ვიხუმრე, ნუ გეშინია ჩემი.

– რა მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ, – ჩაილაპარაკა კიუნმა, – რა მხიარულ ქვეყანაში. ყველა ხუმრობს და ყველა ერთნაირად, კეთილშობილი რუმატაც კი.

რუმატა გაოცდა.

– იცი ჩემი სახელი?

– ვიცი, – უთხრა კიუნმა, – შუბლზე შემორტყმული სალტით გიცანით. ისე გამიხარდა შარაგზაზე თქვენი დანახვა…

აი, თურმე რატომ მიწოდა მოღალატე, გაიფიქრა რუმატამ და თქვა:

– საქმე ის არის, რომ ჯაშუში მეგონე, მათ კი არასოდეს ვტოვებ ცოცხალს.

– ჯაშუში, – გაიმეორა კიუნმა, – აბა, რა! ჩვენს დროში იოლი და სარფიანი საქმეა ჯაშუშობა. კეთილშობილ დონ რებას, არწივს ჩვენსას, დიდად სწადია, ხელმწიფის ყველა ქვეშევრდომის ნათქვამ-ნაფიქრალი იცოდეს. ნეტავი მართლა ჯაშუში ვიყო, ტავერნა „რუხი სიხარულის“ რიგითი მაბეზღარა. სადღა ნახავ ამაზე მშვენიერ, ამაზე საპატიო ხელობას! გახდება საღამოს ექვსი, შეხვალ სამიკიტნოში და მიუჯდები შენს მაგიდას. მეპატრონე პირველ ტოლჩას მოგირბენინებს. თუ გინდა, ლუდში ჩაიხრჩე – საფასურს ხომ დონ რება იხდის. უფრო სწორად, არავინაც არ იხდის. ზიხარ, წრუპავ ლუდს და უსმენ. ხანდახან თავს ისე მოაჩვენებ, თითქოს ნაუბარს იწერ… და დამფრთხალი კაცუნები შენკენ მოიწევენ, რომ მეგობრობა და ქისა შემოგთავაზონ. მათ თვალებში მხოლოდ იმას ხედავ, რისი დანახვაც ასე გინდა: ძაღლურ ერთგულებას, შიშნარევ მოწიწებასა და გულისამაჩუყებელ უმწეო სიძულვილს. შეგიძლია, თამამად უფათურო ხელები ქალიშვილებს და ქმრების თვალწინ ჯიჯგნო ცოლები – ამ ჯან-ღონით სავსე ტეტიებმა, დიდი-დიდი, პირმოთნედ იხითხითონ… შეხეთ, რამოდენა სიბრძნეა, კეთილშობილო დონო! თხუთმეტიოდე წლის ყმაწვილი მსჯელობდა ასე, პატრიოტთა სკოლის მოწაფე…

– შენ რაღა უთხარი? – ცნობისმოყვარედ ჰკითხა რუმატამ.

– რა უნდა მეთქვა? ვერაფერს გაიგებდა. მეც ავდექი და ვუამბე, ვაგა ბორბალას ხალხს დამსმენი თუ ჩაუვარდა ხელში, ფატრავს და გულ-მუცელში პილპილს აყრის, შეზარხოშებული ჯარისკაცები კი მაბეზღარებს ტომარაში სვამენ და ფეხსალაგში აგდებენ-მეთქი. სრული სიმართლეა, მაგრამ არ დამიჯერა – სკოლაში ეს არ გაგვივლიაო. მაშინ ფურცელი ამოვიღე და ჩვენი საუბარი ჩავიწერე – წიგნისთვის მინდოდა, იმ საცოდავს კი ეგონა, დასმენას მიპირებსო და შიშისგან ჩაისველა.

წინ, ბუჩქებში, ძვალტყავა ბაკოს ფუნდუკიდა ნგამომავალი შუქი გაკრთა. კიუნმა წაიბორძიკა და დადუმდა.

– რა მოხდა? – ჰკითხა რუმატამ.

– იქ რუხი დარაჯები დგანან, – ჩაიბუტბუტა კიუნმა.

– მერე რა? – მხრები აიჩეჩა რუმატამ. – აი, კიდევ ერთი სიბრძნე, დარბაისელო კიუნ: ჩვენ გვიყვარს ეს უბრალო, გაუთლელი ბიჭები, ჩვენი რუხი საბრძოლო ნახირი. ვაფასებთ მათ. გვჭირდება ისინი. მდაბიომ კი ამიერიდან ენას კბილი უნდა დააჭიროს, თუ მისი სახრჩობელაზე გადმოგდება არ უნდა! – და გადაიხარხარა – ფრიად მოსწრებული ნათქვამი გამოუვიდა, მთლად რუხი ყაზარმების საკადრისი.

კიუნი მოიბუზა და თავი მხრებში ჩარგო.

– მდაბიოს ენამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ღმერთს მდაბიოსთვის იმად კი არ მიუცია ენა, რომ იყბედოს, არამედ ღვთისგანვე დადგენილი ბატონის ჩექმის სალოკად მისცა…

ფუნდუკის წინ, ცხენსაბმელთან, ფეხს ინაცვლებდნენ რუხი დარაჯების შეკაზმული ცხენები. ღია ფანჯრიდან ხრინწიანი, თავაშვებული ლანძღვა-გინება ისმოდა. ჩხრიალებდა კამათელი. კარის ღიობში იდგა თავად ძვალტყავა ბაკო, დაგლეჯილ ტყავის ჯუბაში გახვეული და მკლავებაკაპიწებული, და უზარმაზარი ღიპით ქოლავდა შესასვლელს. ბანჯგვლიან თათში სახეჩი ჩაებღუჯა – ეტყობოდა, ეს-ესაა, ძაღლის ხორცი ეკეპა შეჭამანდისთვის, გაოფლიანებულიყო და გასანიავებლად გამოსულიყო. კიბეზე ჩამომჯდარ მოიერიშეს ფეხებშუა ჩაეყუდებინა საბრძოლო ცული და ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა. ცულის ტარზე დაყრდნობილი სახე გვერდზე მოჰქცეოდა. აშკარა იყო, სასმელს მოეთენთა. ცხენოსნის დანახვაზე გამოფხიზლდა და ჩახლეჩილი ხმით დაიღრიალა:

– სდექ! რა ჯანდაბა გქვია… შენა, კე-ეილშობილო!..

თავაწეულმა რუმატამ ისე ჩაუარა, ზედაც არ შეუხედავს და ხმამაღლა განაგრძო:

– …ხოლო თუ მდაბიოს ენა მხოლოდ ბატონის ჩექმას არ ლოკავს, ეს ენა ძირფესვიანად ამოსაგლეჯია, რამეთუ თქმულა: „ენა შენი – მტერი ჩემი“…

ფართო ნაბიჯით მიმავალი კიუნი ცხენის გავას ეფარებოდა. რუმატა ცალი თვალით ხედავდა, ოფლისაგან როგორ უპრიალებდა მელოტი თხემი.

– სდექ-მეთქი, გეუბნები! – აბღავლდა მოიერიშე.

ისმოდა, როგორ ჩამორბოდა კიბეზე ცულის ჟღარუნით და ღმერთიან-ეშმაკიან-ათასიჯურისკეთილშობილარამზადიანა, ყველას დედ-მამის სულს უტრიალებდა.

ხუთნი იქნებიან, გაიფიქრა რუმატამ და არშია ჩამოიქაჩა. გალეშილი ყასბები! რა სისულელეა, ლუკმად არ მეყოფიან.

ფუნდუკს გასცდნენ და ტყისკენ გადაუხვიეს.

– უფრო სწრაფადაც ვივლი, თუ საჭიროა, – უთხრა კიუნმა არაბუნებრივად მტკიცე ხმით.

– რა სისულელეა, – რუმატამ ულაყი შეაყენა, – ამსიგრძე გზაზე ერთხელ მაინც თუ არ იჩხუბე, ხომ მოწყენილობისგან გაგძვრა სული?! არ გინდა, მკლავი გაიქნიო, კიუნ? არ მოგბეზრდა ეს ენის ფხანა?

– არა, – მიუგო კიუნმა, – არ მინდა. არც არასოდეს მნდომებია.

– უბედურებაც ეგ არის, – ჩაილაპარაკა რუმატამ, ულაყი შემოაბრუნა და ხელთათმანები დინჯად ჩაიცვა.

მოსახვევიდან ორი მხედარი გამოვარდა და მისი დანახვისთანავე ადგილზე გაქვავდა.

– ეი, შენ, კეთილშობილო დონო, – დაიყვირა ერთმა, – აბა, ერთი სამგზავრო მოწმობა მოიტა!

– თავგასულებო, – ყინულივით ცივი ხმით წარმოთქვა რუმატამ, – რა ჯანდაბად გინდათ საგზაო მოწმობა, წერა-კითხვის ბაიბურშიც არა ხართ!

ულაყს დეზი ჰკრა და მოიერიშეებისკენ ჩორთით დაიძრა. დაფრთხნენ, გაიფიქრა, ყოყმანობენ. ორიოდე, სულ ორიოდე ალიყური! არა… არ გამოვა. ო, რა სიამოვნებით ამოვანთხევდი მთელი დღე-ღამის ნაგროვებ ბოღმას! მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამოვა. ჰუმანურობა შევინარჩუნოთ, ყველას ვაპატიოთ და ღმერთებივით მშვიდად ვიყოთ. დაე, მათ ჟლიტონ და ბილწონ – ჩვენ ღმერთებივით მშვიდად ვიყოთ. ღმერთებს არსად ეჩქარებათ – მათ მარადისობა უდევთ წინ…

მიუახლოვდა და პირისპირ დაუდგა. მოიერიშეებმა გაუბედავად მოიმარჯვეს ცულები და უკან დაიხიეს.

– აბა?- მიმართა რუმატამ.

– ეს… რა გამოდის… – დაბნეული კილოთი თქვა პირველმა მოიერიშემ, – ეს… თურმე… კეთილშობილი დონ რუმატა არ ყოფილა?

მეორე მოიერიშემ უმალვე იბრუნა პირი და გაქუსლა. პირველი ჯერ კიდევ უკან-უკან მიდიოდა. მერე ცული დაუშვა და სხაპასხუპით თქვა:

– პატიებას გთხოვთ, კეთილშობილო დონო, შეცდომა მოგვივიდა, სხვაში შეგვეშალეთ. ხელმწიფეს ვემსახურებით, ათასში ერთხელ შევცდებით კიდეც… ბიჭებმა თითო ჭიქა დალიეს, თავის გამოჩენა მოუნდათ… – ეუბნებოდა და თან ნელ-ნელა მიიძურწებოდა, – თავადაც იცით, მძიმე დროა… ლტოლვილ მწიგნობრებს დავდევთ. არ ვისურვებდით, ჩვენზე სამდურავი გეთქვათ, კეთილშობილო დონო…

რუმატამ ზურგი შეაქცია.

– მშვიდობით ევლოს კეთილშობილ დონს, – შვებით დაადევნა მოიერიშემ.

როცა მოიერიშე გაშორდა, რუმატამ ხმადაბლა დაიძახა:

– კიუნ!

არავინ გამოეხმაურა.

– ჰეი, კიუნ!

ამჯერადაც არავინ გამოეხმაურა. რუმატამ მიაყურადა და კოღოების ზუილში ბუჩქების შრიალი გაარჩია. კიუნი გამალებული მიიწევდა დასავლეთისკენ, სადაც მინდვრების გადაღმა, ოციოდე მილზე, ირუკანის საზღვარი გადიოდა. ესეც ასე, გაიფიქრა რუმატამ. ეს ამბავიც მორჩა. მუდამ ერთი და იგივე. შემოწმება, ორაზროვანი იგავების დაძაბული გაცვლა-გამოცვლა… კვირიდან კვირამდე ათასი ჯურის ვიგინდარასთან უხამსი ყბედობით იცვეთ ენას, შეხვდები ნამდვილ ადამიანს და ორი სიტყვის თქმასაც ვერ ასწრებ – მფარველობა უნდა გაუწიო, გადაარჩინო, სამშვიდობოს გაიყვანო. და ისიც მიდის. ისე მიდის, ვერ გაუგია, მოყვასს გადაეყარა თუ ახირებულ ნაბიჭვარს. ვეღარც შენ გაიგებ მის ავანჩავანს – რა უნდა, რისი მაქნისია, რით უდგას სული…

არკანარის საღამოები მოაგონდა. მკვიდრად ნაგები ქვის სახლები მთავარ ქუჩებზე, ფარანი, სტუმართმოყვარედ რომ ანათებდა სამიკიტნოს კარს. გულღია, ფერხორციანი მედუქნეები, სუფთა მაგიდებთან ლუდს რომ შეექცეოდნენ და იმაზე ბჭობდნენ, ცხოვრება არც ისე ცუდიაო. ხორბლის ფასი ეცემა, საჭურვლისა – იწევს, შეთქმულებს არ აჭაჭანებენ, გრძნეულებსა და საეჭვო წიგნისჭიებს სარზე სვამენ, ხელმწიფე, ჩვეულებისამებრ, მაღალია და სხივმოსილი, უკიდეგანოდ გამჭრიახი დონ რება კი მუდამ ფხიზლობსო. „რას არ იტყვიან! ქვეყნიერება მრგვალიაო. ისემც უქნია, კვადრატული ყოფილა, ტვინს ნუ მირევ!“ „სულ წერა-კითხვის, სულ წერა-კითხვის ბრალია, ძმებო! ბედნიერებას ფულით ვერ იყიდიო, ტეტიაც ადამიანიაო… გაუტიეს და გაუტიეს, ჯერ იყო და დამცინავი შაირების გამოთქმას მიჰყვეს ხელი, გავიხედოთ და – ბუნტი არ მომინდომეს?!“ „სარზე, ძმებო, სუყველა სარზეა გასასმელი! ჩემი ნება რომ იყოს, აი, რას ვიზამდი – ეგრევე ვკითხავდი: წერა-კითხვა იცი? – სარზე! ლექსების წერა გემარჯვება? – სარზე! ანგარიში იცი? – სარზე! მეტისმეტად ბევრი გცოდნია!“ „ბინა, თითებჩასაკვნეტო, კიდევ სამი ტოლჩა და ერთიც – კურდღლის ჩაშუშული!“ გარეთ კი, ქვაფენილზე – ჟღრრრუმ, ჟღრრრუმ, ჟღრრრუმ – მიაჟღარუნებდნენ დაჭედილ წაღებს ძვალმსხვილი, ცხვირპირაწითლებული, მარჯვენა მხარზე მძიმეცულგადებული რუხპერანგა ბიჭები. „აგერ, ძმებო! აგერ, ჩვენი დარაჯები! განა დაუშვებენ ამას? თავის დღეში არ დაუშვებენ! ჩემსას დახეთ, ჩემსას… მარჯვენა ფლანგზეა! გუშინ არ იყო, წკეპლით რომ დავდევდი?! არა, ძმებო, არა, ის არეული დრო არ გეგონოთ! აღარც ტახტს ემუქრება რამე, აღარც კეთილდღეობას, აღარც სიმშვიდესა და სამართლიანობას! ვაშა რუხ ასეულებს! ვაშა დონ რებას! ჰეჰეი, რა ცხოვრებას ვეღირსეთ, ძმებო!“

ხოლო არკანარის სამეფოს ბნელ, ხანძრისა და კვარის შუქით განათებულ ველებზე, გზებსა და ბილიკებზე მიდიოდა, მირბოდა, მილასლასებდა, საგუშაგოებს გვერდს უვლიდა კოღოებისგან დაჭმული, ფეხებგადაყვლეფილი, მტვრიანი და ოფლიანი, გაწამებული, დამფრთხალი, სასოწარკვეთილებისგან ღონემიხდილი, მაგრამ ფოლადივით მტკიცე რწმენით მოსულდგმულე ასეულობით ბედკრული. დევნილი იმისთვის, რომ შეეძლოთ და უნდოდათ, მოერჩინათ და გაენათლებინათ თავიანთი სნეული და უბირი ხალხი; იმისთვის, რომ, ღმერთების დარად, ქვისა და თიხისგან ქმნიდნენ მეორე ბუნებას, რათა ეშხით აევსოთ მშვენიერების არმცოდნეთა წუთისოფელი; იმისთვის, რომ ჩხრეკდნენ ბუნების საიდუმლოს, რათა თავიანთი ბედნავსი, ათაბაბის დროინდელ ნაბოდვარს დამონებული მოდგმის სამსახურში ჩაეყენებინათ… უმწეო, გულუბრყვილო, კეთილი ადამიანები, დროს რომ გაუსწრეს…

რუმატამ ხელთათმანი გაიხადა, მოიქნია და ულაყს ყურებს შორის დაჰკრა.

– გადაადგი ფეხი, შე მძორო! – უთხრა რუსულად.

შუაღამე გადასული იყო, ტყეში რომ შევიდა.

 

ახლა დანამდვილებით ვეღარავინ იტყოდა, როგორ გაჩნდა ეს უცნაური სახელწოდება – სლოკინა ტყე. არსებობდა ოფიციალური გადმოცემა, რომ სამასი წლის წინათ იმპერიის მარშალ ტოცის, შემდგომში- არკანარის პირველი მეფის რკინის ასეულებს, სპილენძისფერკანიან ბარბაროსთა გაქცეული ურდოს მადევარნი საივას რომ მიიკაფავდნენ, შესვენებისას თეთრი ხეების ქერქისაგან დაუოკებელი სლოკინის ამტეხი ლუდი უხარშავთ. გადმოცემის თანახმად, ერთ დილით, ბანაკის შემოვლისას, მარშალ ტოცს უთქვამს: „ჭეშმარიტად აუტანელია! მთელი ტყე ლუდის სუნად ყარს და სლოკინებს!“ მას მერე დაერქვა თურმე ტყეს ეს უცნაური სახელი.

ასე იყო თუ ისე, ტყე მთლად ჩვეულებრივი როდი გახლდათ. აქ ხარობდა ვეება, მაგარზროიანი თეთრი ხეები, რომელთა მსგავსსაც მთელ იმპერიაში ვეღარსად ნახავდით – ვერც ირუკანის საჰერცოგოში და ვერც, მით უმეტეს, სავაჭრო რესპუბლიკა სოანში, სადაც ტყეები კარგა ხნის წინ გაეკაფათ ხომალდების ასაშენებლად. ამბობდნენ, ჩრდილოეთის წითელი ქედის გადაღმა ბარბაროსების მხარე ასეთი ტყეებით არისო სავსე, თუმცა, იმ მხარეზე სხვა ათას რამეს ამბობდნენ…

ტყეზე იდო ორი საუკუნის წინ გაჭრილი გზა, რომელიც ვერცხლის საბადოსკენ მიდიოდა და მარშალ ტოცის ერთ-ერთი თანამებრძოლის შთამომავლებს, პამპას გვარის ბარონებს ეკუთვნოდათ ლენის უფლებით. პამპას საგვარეულოს ლენის უფლება არკანარის მეფეებს ყოველწლიურად თორმეტ ფუთ სუფთა ვერცხლად უჯდებოდათ, ამიტომ ყოველი ახალი მეფე ტახტზე ასვლისთანავე ლაშქარს კრებდა და ბარონების საბუდრის, ბაუს ციხესიმაგრის ასაღებად მიდიოდა. ციხესიმაგრეს მტკიცე გალავანი ერტყა, არც პამპას ბარონებს აკლდათ სიმამაცე. თითოეულ ლაშქრობაზე ოცდაათი ფუთი ვერცხლი იხარჯებოდა და განადგურებული ლაშქრის დაბრუნების შემდეგ არკანარის მეფეები იძულებულნი ხდებოდნენ, პამპას საგვარეულოსთვის სამეფო სუფრასთან ცხვირის ჩიჩქნის, არკანარის დასავლეთით ნადირობისა და უფლისწულისთვის სახელით – წოდებისა და ტიტულის გარეშე მიმართვის პრივილეგიებთან ერთად ისევ და ისევ მიენიჭებინათ ლენის უფლება.

საიდუმლოებით იყო მოცული სლოკინა ტყე. დღისით სამხრეთისაკენ გზას მიუყვებოდა მადნით დატვირთული ურმების ქარავანი, ღამით კი აქ ძეხორციელი არ ჭაჭანებდა – ცოტას თუ ეყოფოდა გამბედაობა, მთვარის შუქზე ამ გზაზე ესეირნა. ამბობდნენ, რომ ღამღამობით მამახეზე ყიოდა ფრინველი სიუ, რომელიც არავის ენახა და რომელსაც ვერც ვერავინ ნახავდა, რადგან უბრალო ფრინველი არ იყო. ამბობდნენ, რომ ხის ტოტებიდან ცხენებს კისრებზე ახტებოდნენ ვეება ბანჯგვლიანი ობობები, თვალის დახამხამებაში აღადრავდნენ ყელს და მათ სისხლს ეწაფებოდნენ. ამბობდნენ, რომ ტყეში დაძრწოდა საუკუნეთამიღმიერი ცხოველი პეხი, რომელსაც ვეება ტანი ქერცლით ჰქონდა დაფარული, თორმეტ წელიწადში ერთხელ მშობიარობდა და უკან მისთრევდა შხამიანი ოფლით სველი თორმეტი კუდი. ვიღაცას კი დაენახა, დღისით-მზისით როგორ გადაჭრა გზა წმინდა მიკას მიერ დაწყევლილმა უბეწვო გარეულმა ტახმა ღღ-მ – მძვინვარე მხეცმა, რომელსაც რკინა ვერაფერს აკლებდა, ძვალი კი ისე იოლად ჭრიდა, როგორც დანა – კარაქს.

აქ გაქცეულ მონასაც შეხვდებოდით, ბეჭებშორის ფისით დადაღულს, სიტყვაძუნწსა და ბანჯგვლიან, სისხლისმსმელ ობობასავით სასტიკს; ოთხად მოკეცილ გრძნეულსაც, იდუმალ სოკოებს რომ აგროვებდა ჯადოსნური ნაყენებისთვის, რომლებსაც ადამიანის გაუჩინარება, ცხოველად ქცევა ან მისთვის მეორე ჩრდილის გაჩენა შეეძლო; გზაზე აივლ-ჩაივლიდნენ ვაგა ბორბალას ღამეული მოყმეებიც და ვერცხლის საბადოდან გაქცეული ძებნილებიც, შავი ხელისგულები და თეთრი, გამჭვირვალე სახეები რომ ჰქონდათ. აქვე იკრიბებოდნენ ექიმბაშები ღამისსათევად, ხოლო მეჩხერ ველობებზე ბარონ პამპას დარდიმანდი ეგერები შამფურზე წამოგებულ ნაქურდალ ხარებს აშიშხინებდნენ.

ტევრის სიღრმეში, გზიდან ერთ მილზე, უზარმაზარი ბებერი ხის ქვეშ მიწაში ჩამჯდარიყო ვეებერთელა მორებისგან ნაგები წაფერდებული ქოხი, რომელსაც გაშავებული მესერი ერტყა გარს. ეს ქოხი უხსოვარი დროიდან იდგა აქ. მისი კარი მუდამ ჩარაზული იყო, ხოლო პარმაღთან მიწიდან ცერად ამოჩრილიყო მთლიანი მორებისგან თლილი კერპები. ამაზე საშიში ადგილი მეორე არ მოიძებნებოდა სლოკინა ტყეში. ამბობდნენ, საუკუნეთამიღმიერი პეხი თორმეტ წელიწადში ერთხელ სწორედ აქ მოდის ლეკვების დასაყრელად, მერე კი ქოხის საძირკველში ძვრება და კვდება, ამიტომ სარდაფი შავი გესლით არის სავსე, ხოლო როცა გესლი გარეთ გადმოვა, ქვეყანაც დაიქცევაო. ამბობდნენ, რომ ავდრიან ღამეებში კერპები თავისით ამოდიოდნენ მიწიდან, გზაზე გადიოდნენ და იდუმალ ნიშანს იძლეოდნენ. და კიდევ – ჟამიდანჟამს უსიცოცხლო ფანჯრებში უჩვეულო შუქი ინთებოდა, ხმები ისმოდა და ცას სწვდებოდა საკვამურიდან ამომავალი კვამლი.

ამ ცოტა ხნის წინ, საღამო ჟამს, სოფლელი ყეყეჩი, ხუტორ ნელსურნელების (უბრალო ენით კი მყრალების) მკვიდრი ირმა ბრანწიანი, რომელიც სასმელს სათოფეზე არ ეკარებოდა, ქოხთან მიბოდიალდა და ფანჯარაში შეიხედა. შინ სულ მთლად გამოთაყვანებული დაბრუნდა, ხოლო როცა სული მოიბრუნა, ხალხს უამბო, რომ ქოხში კაშკაშა სინათლე ენთო, ხისგან გამოჩორკნილ მაგიდას კაცი მისჯდომოდა, ფეხები მერხზე შემოეწყო და ცალ ხელში მოქცეულ კასრს ნება-ნება ეწაფებოდა. ლაქებით აჭრელებული სახე ლამის საქამრემდე ეკიდა. ეს, რა თქმა უნდა, თვით წმინდა მიკა იყო რწმენასთან ზიარებამდე – შემზარავი გარეგნობის პატრონი, მექალთანე, ლოთი და ყიამყრალი. ფანჯრიდან ტკბილი, სევდისმომგვრელი სურნელი გამოდიოდა, ხოლო ირგვლივ, ხეებზე, ლანდები დაძრწოდნენ. საიდან აღარ მოდიოდა ხალხი ყეყეჩის მოსასმენად… ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ სოფელს მოიერიშეები დაეცნენ, ყეყეჩს მკლავები გადაუგრიხეს და არკანარის გზას გაუყენეს. ქოხის შესახებ მითქმა-მოთქმა არც ამის შემდეგ შეწყვეტილა, ოღონდ ამიერიდან მას ლოთის ბუნაგს ეძახდნენ.

რუმატა გიგანტურ გვიმრიანში გაძვრა, ლოთის ბუნაგთან ჩამოქვეითდა და ცხენი ერთ-ერთ კერპზე მიაბა. ქოხში შუქი ენთო, ღია კარი ცალ ანჯამაზე ეკიდა. სასოწარკვეთილი მამა კაბანი მაგიდასთან იჯდა. ოთახი ალკოჰოლის მძაფრ სუნს აევსო. მაგიდაზე, დახრულ ძვლებსა და მოხარშული თალგამის ნაჭრებს შორის, უშველებელი თიხის ტოლჩა იდგა.

– საღამო მშვიდობისა, მამაო კაბანი, – მიესალმა რუმატა და ზღურბლს გადააბიჯა.

– სალამი მომიხსენებია, – უპასუხა მამა კაბანიმ ბუკივით ხრინწიანი ხმით.

რუმატა დეზების ჟღარუნით მიუახლოვდა მაგიდას, ხელთათმანები მერხზე მიყარა და ისევ მამა კაბანის შეხედა. ის უძრავად იჯდა და ფამფალა სახით ხელისგულებს დაყრდნობოდა. გაჯაგრული, ნახევრად გათეთრებული წარბები ფლატეს პირას ამოსული ბალახივით გადმოჰკიდებოდა ლოყებზე. ფართოფორებიანი ნესტოებიდან ყოველ ამოსუნთქვაზე სტვენით გამოდიოდა მოუნელებელი ალკოჰოლით გაჟღენთილი ჰაერი.

– მე თვითონ გამოვიგონე! – წარმოთქვა უცებ, ძლივძლივობით ასწია მარჯვენა წარბი და გასივებულ ქუთუთოებში ჩაკარგული თვალი რუმატას შეავლო, – მე თვითონ! რისთვის?.. – მარჯვენა ხელი ლოყის ქვეშიდან გამოიძრო და ბალნიანი თითი გააქნ-გამოაქნია, – მაგრამ მაინც არ არის ჩემი ბრალი. მე გამოვიგონე… მაგრამ ხომ არ არის ჩემი ბრალი? ნამდვილად არ არის. და საერთოდ, ჩვენ კი არ ვიგონებთ, ეშმაკმა უწყის, რა ხდება…

რუმატამ სარტყელი შეიხსნა, თასმა, რომელზეც ქარქაშები იყო დამაგრებული,თავზე გადაიძრო და ჩაილაპარაკა:

– კარგი ახლა, კარგი.

– ყუთი! – დაიღრიალა მამა კაბანიმ და დადუმდა. კარგა ხანს იჯდა ასე და ლოყები უცნაურად უთრთოდა.

რუმატამ მტვრითდაფარულჩექმიანი ფეხით გადააბოტა მერხს, დაჯდა და ხმალი გვერდით მოიდო. მამა კაბანისთვის თვალი არ მოუშორებია.

– ყუთი… – გაიმეორა მამა კაბანიმ ჩამწყდარი ხმით, – ეს ჩვენ გვგონია, რომ რამეს ვიგონებთ. სინამდვილეში ყველაფერი დიდი ხანია, მოგონილია. დიახ, ვიღაცამ დიდი ხნის წინ მოიგონა ყველაფერი, ყუთში ჩააწყო, თავსახური გაუხვრიტა და დასაძინებლად წავიდა… მერე რა მოხდა? მოვიდა მამა კაბანი, თვალები დახუჭა, ხელი ხვრელში ჩაყო, – მამა კაბანიმ ხელზე დაიხედა, – და ჰოპ! გამოიგონა! აი, ესო, თქვა, მე გამოვიგონეო. ვისაც არ სჯერა, თავის ბრიყვ თავს დააბრალოსო. ჩავყავი ხელი და – ერთი! აბა, რა არის? ეკლიანი მავთული. რა საჭიროა? ბაკის ნადირისგან… ყოჩაღ! ჩავყავი ხელი და – ორი! ეს რაღაა? დიდად ჭკვიანური რამ, ხორცსაკეპად წოდებული. რისთვის? ნაზი ფარშისთვის. ყოჩაღ! ჩავყავი ხელი და – სამი! ეს რაღაა? ც-ცეცხლოვანი წყალი. რისთვის? ნ-ნედლი შეშისგან ცეცხლის გასაჩაღებლად… აბა, როგორია?

მამა კაბანი გაჩუმდა და ისე წაიხარა წინ, თითქოს კისერზე ვიღაც უხილავი აწვებოდა. რუმატა ტოლჩას დასწვდა, შიგ ჩაიხედა, მერე რამდენიმე წვეთი ხელის ზურგზე დაისხა. წვეთები იასამნისფერი იყო და რახის ზეთის სუნი ასდიოდა. რუმატამ გულდასმით გაიწმინდა ხელი მაქმანიანი ცხვირსახოცით. ცხვირსახოცს ცხიმიანი ლაქები დააჩნდა.
მამა კაბანის გაბურძგნილი თავი მაგიდას შეეხო და იმწამსვე მაღლა ავარდა.

– ვინც ესენი ყუთში ჩააწყო, იცოდა კიდეც, რა რისთვის არის მოგონილი. ბაკის დასაცავადო?! რა ბაკი, შე სულელო ჩემო თავო, რის ბაკი?! მადანს, მადანს უნდა შემოავლო ეს ეკლები, რომ სახელმწიფო დამნაშავეები არსად გაიქცნენ. მე კი ასე არ მინდა! მე თვითონ გახლავარ სახელმწიფო დამნაშავე! გგონია, ვინმემ რამე მკითხა? მკითხეს, როგორ არა! მაშ, მავთულიო? მავთული-მეთქი. მაშ, ბაკის დასაცავადო? ბაკის დასაცავად-მეთქი. კარგიო, ყოჩაღო! მადნის შემოსაღობად გამოგვადგებაო. დაავლო კიდეც ხელი დონ რებამ და შემოღობა. ხორცსაკეპიც წამართვა. ყოჩაღო, მითხრა. ნამდვილი ჭკუის კოლოფი ხარო. ჰოდა, ახლა თავის მხიარულ კოშკში აკეთებს ფარშს. ძალიან უხდებაო, ამბობენ…

ვიცი, ფიქრობდა რუმატა. ყველაფერი ვიცი. ვიცი, როგორ ყვიროდი დონ რებას კაბინეტში, როგორ ჩაუვარდი ფეხებში, როგორ ემუდარებოდი, დამიბრუნე, ნუ იზამ ამასო. დაგაგვიანდა, დატრიალდა შენი ხორცსაკეპი…

მამა კაბანიმ ტოლჩას ხელი დასტაცა და ბანჯგვლიან ხახაზე მოიყუდა. ყლაპავდა შხამიან სითხეს და ღღ ტახივით ღმუოდა. მერე ტოლჩა მაგიდაზე დაახეთქა და თალგამი მოკბიჩა. ლოყებზე ღაპაღუპით სდიოდა ცრემლი.

– ცეცხლოვანი წყალი, – წამოიძახა ბოლოს მოგუდული ხმით, – კოცონის გასაჩაღებლად და მხიარული ფოკუსების ჩასატარებლად! რა ცეცხლოვანი ეს არის – სმაც კი შეიძლება! ლუდში რომ გაურიო, ლუდს ბადალი არ ეყოლება! არ გაგატანთ! მე თვითონ დავლევ! და ვსვამ კიდეც! დღედაღამ ვსვამ. ცომივით გავფუვდი. წამდაუწუმ ვეცემი. აგერ, ამ ცოტა ხნის წინ სარკეში ჩავიხედე, – არ დაიჯერებ, დონ რუმატა, – შემეშინდა… ვიყურები და – ღმერთო, შენ მიშველე! – სადღაა მამა კაბანი?! ზღვის ურჩხული შემომყურებს, ერთიანად აჭრელებული: ალაგ – წითლად, ალაგ – ლურჯად. ფოკუსებისთვის გამოვიგონე, როგორ არა…

მამა კაბანიმ მაგიდაზე დააფურთხა და მერხქვეშ ფეხი გააფხაკუნა. უცებ იკითხა:

– რა დღეა დღეს?

– მართალი კატას კვირაძალი, – მიუგო რუმატამ.

– მზე რატომ არ ჩანს?

– იმიტომ, რომ ღამეა.

– ისევ ღამეა, – სევდიანად ჩაილაპარაკა მამა კაბანიმ და თავი ნასუფრალში ჩარგო.

რუმატა ერთხანს სტვენა-სტვენით დაჰყურებდა. მერე წამოდგა, მაგიდას მოსცილდა და საკუჭნაოში შევიდა. იქ, თალგამისა და ნახერხის გროვებს შორის, შუშის მილებს აელვარებდა მამა კაბანის სპირტის სახდელი აპარატი – თვითნაბადი ინჟინრის, სულით ხორცამდე ქიმიკოსისა და დახელოვნებული მინამბერის საოცარი ქმნილება. რუმატამ ორჯერ შემოუარა „ჯოჯოხეთის მანქანას“, მერე სიბნელეში ხელი მოაფათურა, ძალაყინი იპოვა და რამდენიმეჯერ ღონივრად დასცხო, სადაც მოუხვდა. გაისმა ზრიალი, ჟღარუნი, ბუყბუყი და რუმატას ცხვირში ეცა გადამჟავებული მთხლის საძაგელი სუნი.

რუმატამ ხრაშახრუშით გაიარა დამსხვრეულ მინაზე, საკუჭნაოს შორეულ კუთხეს მიადგა და ელექტროფარანი აანთო. დაზვინული ხარახურის ქვეშ, გამძლე სეიფში, მცირეგაბარიტიანი საველე სინთეზატორი „მიდასი“ იდგა. რუმატამ ხარახურა მიყარ-მოყარა, დისკოზე ციფრების კომბინაცია აკრიფა და სეიფს სახურავი ახადა. მიმოფანტულ ნაგავში სინთეზატორი ელექტრონის თეთრ შუქზეც კი უჩვეულოდ გამოიყურებოდა. რუმატამ მიმღების ძაბრში რამდენიმე ნიჩაბი ნახერხი ჩაყარა. სინთეზატორმა ინდიკატორის პანელი ჩართო და ხმადაბლა ამღერდა. რუმატამ გამომტან ღართან ჩექმის წვერით მისწია ჟანგიანი სათლი და თუნუქის დაჭყლეტილ ფსკერზე მაშინვე წკრიალით დაცვივდა არკანარის მეფის პიც მეექვსის არისტოკრატული პროფილით დამშვენებული ოქროს მონეტები.

 

რუმატამ მამა კაბანი ჭრიალა ტახტზე გადაათრია, წაღები გახადა, მარჯვენა გვერდზე გადააბრუნა და რომელიღაც დიდი ხნის წინ გადაშენებული ცხოველის გაქუცული ტყავი დაახურა. მამა კაბანის წუთით გაეღვიძა, მაგრამ არც გატოკების თავი ჰქონდა და არც ფიქრის. ისღა მოახერხა, რომ აკრძალული რომანსი – „ვარ ალისფერი ყვავილი, შენს ხელისგულზე გაშლილი“ წაიღიღინა, მერე კი ხმამაღალი ხვრინვა ამოუშვა.

რუმატამ მაგიდა აალაგა, ქოხი გამოგავა და ერთადერთი ფანჯრის მინას ჭუჭყი და მამა კაბანის რაფაზე ჩატარებული ქიმიური ცდების ნაკვალევი მოაშორა. გაწებილი ღუმლის უკან სპირტით სავსე კასრს წააწყდა და ვირთხის სოროში ჩააპირქვავა. მერე ხამახარული ულაყი დაარწყულა, უნაგირზე გადაკიდებული ჩანთიდან შვრია დაუყარა, ხელები დაიბანა, დაჯდა და ზეთის სანათურის მხრჩოლავ ალს მიაჩერდა.

მეექვსე წელი იყო, ამ უცნაური, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა და თითქოს მისჩვეოდა კიდეც, მაგრამ დროდადრო, როგორც, მაგალითად, ახლა, აზრად მოუვიდოდა, რომ სინამდვილეში არც ორგანიზებული სისასტიკე არსებობდა ამქვეყნად და არც დამთრგუნველი უღიმღამობა – მხოლოდ უცნაური თეატრალური წარმოდგენა თამაშდებოდა, რომელშიც თავად რუმატა ასრულებდა მთავარ როლს; რომ ცოტაც და მისი მოხდენილი რეპლიკის შემდეგ იქუხებდა აპლოდისმენტები და ლოჟაში მსხდომი ხელოვნების დამფასებლები, ექსპერიმენტული ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, აღტაცებით შესძახებდნენ: „ადეკვატურია, ანტონ! ადეკვატურია! ყოჩაღ, ტოშკა!“ იქაურობას თვალიც კი მოავლო, მაგრამ არსად ჩანდა სავსე დარბაზი. მხოლოდ მორებისგან ნაგები შიშველი კედლები დაინახა, ჩაშავებული, ხავსმოდებული და ფენა-ფენა ჭვარტლით მოსვრილი.

ეზოში წყნარად დაიჭიხვინა ხამახარულმა ულაყმა და ფლოქვი მოინაცვლა. მოისმა ხმადაბალი, თანაბარი გუგუნი, ცრემლებამდე ნაცნობი და აქ, ამ ადგილას, სრულიად დაუჯერებელი. ოდნავ პირდაღებული რუმატა გაფაციცებით უგდებდა ყურს. გუგუნი შეწყდა. ჭრაქის ალი შეტოკდა და ერთბაშად აკაშკაშდა. რუმატამ წამოიწია და იმწამსვე ღამის სიბნელიდან ოთახში შემოაბიჯა დონ კონდორმა – სავაჭრო რესპუბლიკა სოანის გენერალურმა მოსამართლემ და დიდი სახელმწიფო ბეჭდების მცველმა, თორმეტი ნეგოციანტის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტმა და მოწყალე მარჯვენის საიმპერიო ორდენის კავალერმა.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: აპეტაიზერი, არკადი სტრუგაცკი, ბორის სტრუგაცკი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ეკა ტაბლიაშვილი, ირაკლი ბაკურიძე, მალხაზ ფაღავა, მარი კორინთელი, რუსუდან გორგაძე, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ქართული თარგმანი, ქეთი ნიკოლეიშვილი, ძნელია ღმერთობა, Science fiction

ყველაზე კეთილი წიგნები

$
0
0

kvelaze ketili tsignebi image

ამას წინათ ერთგან ვთქვი, ყველაზე კეთილი წიგნების სიის სათავეში აუცილებლად ეს რომანი უნდა იყოს-მეთქი.

ჩემთვის, რასაკვირველია, თორემ ამქვეყნად თუ რამე მძულს, სავალდებულო საკითხავი და მენტორული ტონით ჩამოწიკწიკებული სიებია – ყველაზე კარგი, ყველაზე ცუდი, ყველაზე რომანტიკული, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… ამიტომ ეს ჩამონათვალიც მხოლოდ რიგითი მკითხველის მოლი ბლუმის იმპრესიაა და მეტი არაფერი – წიგნები, რომლებმაც სულში სინათლე შემომიტანეს და დამიტოვეს. მე სიკეთის ჩემი საბადო მაქვს, სხვას თავისი ექნება და ასეც უნდა იყოს.

ჰოდა, დავიწყებ. დავიწყებ წიგნით, რომელმაც სულ პატარას საოცარი რაღაცები მასწავლა – ჰარპერ ლის შედევრით „ნუ მოკლავ ჯაფარას“. ატიკუსზე, ჯემსა და ჭყიტაზე სულ ახლახან მოგიყევით, ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თუ ოდესმე ერთგულების, წესიერებისა და სიმამაცის არსებობაში ეჭვი შეგეპარებათ, ეს წიგნი გადაიკითხეთ – შველის.

სიკეთეზე საუბრისას ასტრიდ ლინდგრენი რომ არ დამავიწყდებოდა, ცხადია, მაგრამ მთელი მისი შემოქმედებიდან უპირობო ფავორიტი მაინც ერთი მყავს – “ჩვენც სალტკროკელები ვართ“. რამდენჯერაც უნდა გადაიკითხო, არ მოგწყინდება და რაც უნდა კარგი ოჯახი გყავდეს, მელკერივით დაბნეულ მამას, მალინივით მზრუნველ დას და ჩაკუპატებული ჩორვენივით ერთგულ მეგობარს მაინც ინატრებ გულის სიღრმეში.

ანე კატერინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ ადრეც გავიხსენე ბლოგზე და აქ როგორ გამომრჩებოდა – წიგნი, რომელიც მიგახვედრებს, როგორ უნდა უნდა იყოს ბედნიერი ერთოთახიან ციცქნა ბინაში შეყუჟული დიდი ოჯახი, სადაც ბავშვებს იატაკზე სძინავთ და ერთმანეთის გამონაცვალი ტანისამოსი აცვიათ.

ჯინ უებსტერის “გრძელფეხება მამილო“, მეოცე ასწლეულის დასაწყისის კონკიას ამბავი, დაგასევდიანებთ, გულს აგიჩუყებთ და ბოლოს სამყაროსთვის გაცილებით უკეთესი თვალით შეგახედებთ – არც ისე ცოტაა ერთი პატარა წიგნისთვის.

საკუთარ თავს ყურს ავუწევდი, გურამ პეტრიაშვილის “ატარა ქალაქის ზღაპრები“ რომ გამომრჩენოდა – სითბოსა და სიკეთის ულევი წყარო, წყარო კი არა, შადრევანი, დაუღლავად რომ ფანტავს აქეთ-იქით ნათელი სევდის შხეფებს.

დარწმუნებული ვარ, მრავალი თქვენგანი სულგანაბული ელოდება “პატარა პრინცის“ ხსენებას, იმიტომ რომ სადაც სიკეთეზე ჩამოვარდება სიტყვა, ეგზიუპერის ეს სევდიანი, მაგრამ საოცარი შუქით სავსე წიგნიც იქ უნდა იყოს…

დარდი და სიკეთე ვახსენე და იანუშ კორჩაკის დილოგია მეფე მათიუშზე თავისთავად ამოტივტივდა გონებაში; სხვისი რა გითხრათ, მაგრამ თუ ჩემს გულში რამემ კვალი დატოვა და ოდნავ, სულ ოდნავ უკეთეს ადამიანად მაქცია, ამაში პატარა მონარქსაც უდევს წილი.

ისეთ საგაზეც უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა, ცოტა მეშინია კიდეც, არავინ შემაჩვენოს, მაგრამ მომკალით და პოტერიადა, “ფილოსოფიური ქვით“ დაწყებული, “სიკვდილის საჩუქრებით“ დამთავრებული, სიკეთის, სიმამაცისა და ერთგულების ერთი გრძელი ამბავი მგონია; ჩემი მოკრძალებული აზრით, ასეა და ვინც არ დამიჯერებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

არ გაგეღიმოთ და ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის თუ გიყურებიათ? რევაზ ინანიშვილის მოთხრობებია ასეთი – სათითაოდ ციმციმებენ, კიაფობენ და კვალსაც ასეთს ტოვებენ – ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით ნათელს და სევდიანს…

თუ შეიძლება, „სინათლე გვირაბის ბოლოს“ წიგნს ეწოდოს, ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონია“ ასეთი. წაკითხული ყველას გექნებათ და არა მგონია, მე ავტორზე უკეთ მოვახერხო თქმა: “ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული; თქვენ – ჩემი, მე – სხვისი, სხვამ – სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…“

მარკ ტვენს უთქვამს ოდესღაც – სიკეთე ისეთი რამეა, ბრმაც რომ ხედავს და ყრუსაც რომ ესმისო.

ამ წიგნებს რომ წაიკითხავ, მოდი და ნუ დაეთანხმები.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ანე კატარინე ვესტლი, გრძელფეხება მამილო, მარადისობის კანონი, მეფე მათიუში, მოლის ბიბლიოთეკა, ნუ მოკლავ ჯაფარას, პატარა პრინცი, პატარა ქალაქის ზღაპრები, პოტერიადა, პროზა, რევაზ ინანიშვილი, საბავშვო ლიტერატურა, ქართული თარგმანი, ყველაზე კეთილი წიგნები, ჩვენც სალტკროკელები ვართ

ირაკლი ჩარკვიანი. პირადი წერილები

$
0
0

irakli charkviani cover

ირაკლი ჩარკვიანი. პირადი წერილები

გამომცემლობა “ინტელექტი”

თბილისი

2015

 

მთარგმნელი – გვანცა ჯობავა

რედაქტორი – ზვიად კვარაცხელია

დიზაინი – თეონა ჭანიშვილი

ფოტო გარეკანზე – გურამ წიბახაშვილი

© ქეთათო © გამომცემლობა ინტელექტი 2015 ყველა უფლება დაცულია

 

 

ძვირფასო „სვან“,               7.5.93

 

 

 

ბოდიშს გიხდი ჩემი დეპრესიული პერიოდისთვის.

ჩემი გრძნობები ხან უფსკრულისკენ მიექანება, ხანაც ისევ ძალას იკრებს. ეს მდგომარეობა უცხო არაა ჩემთვის.

საყვარელო სვან, კიოლნში, სტუდიაში გატარებული დღეები საუკეთესო იყო. იმ დროზე ვფიქრობ – „ქაღალდის ნავის“ დროზე.

ახლა შინაგანი ბრძოლების პერიოდი მაქვს. და როდესაც ომი დასრულდება, ჩემი ტვირთი აღარ იქნება ისეთი მძიმე. იმედი მაქვს, გამიგებ. ამ წერილის დაწერაც ძალიან მიჭირს.

სვან, მჯერა, რომ შეძლებ გაიკვალო გზა შენთვის და შენი მშვენიერი მუსიკისთვისაც.

ეს სიყვარულის ისტორიის დასასრულია და ჩემი გზა ახალ სამყაროში.

შენ შენს სამყაროში გაფრინდი – ცოლთან – შვილებთან – მეგობრებთან – ოჯახთან – ომის ეპოქაში.

ვფიქრობ, ამ ცხოვრებაში მეტად ვეღარასდროს გნახავ. ეს დასასრულია.

შენთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია

იმისთვის, რომ საქართველოში

შენს ცოლთან ურთიერთობა გაარკვიო.

 

11005936_10205392715354666_1317171493_n

 

 

OOO.K.

მივდივარ სხვა სამყაროში,

ომის სამყაროში.

მთელი სამყარო ისედაც ომია,

შენს წარმოდგენაშიც ხომ ასე იყო.

ამით ვასრულებ ამ წერილს,

ვიფიქრებ შენზე, როდესაც `შვან შონგს~-ს მოვუსმენ.

 

 

ასია


Filed under: აპეტაიზერი Tagged: აპეტაიზერი, გამომცემლობა "ინტელექტი", გვანცა ჯობავა, გურამ წიბახაშვილი, დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, ზვიად კვარაცხელია, თეონა ჭანიშვილი, ირაკლი ჩარკვიანი, კრიტიკა, პირადი წერილები, ქეთათო

ბათუმში დელფინიანი წიგნებისათვის

$
0
0

უამრავჯერ მითქვამს აქაც, იქაც, სხვაგანაც, მეგობრებთანაც, ფეისბუქზეც და კიდევ გავიმეორებ – ჩემი ნება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით გადავსახლდებოდი ბათუმში და თბილისში მარტო განსაკუთრებით საინტერესო წიგნების პრეზენტაციებზე ვივლიდი-მეთქი.

სამწუხაროდ, ეს მთლად ჩემს ნებაზე არ არის დამოკიდებული და ჯერჯერობით ყველაფერი პირიქით ხდება – ცხოვრებით თბილისში ვცხოვრობ და ბათუმში პრეზენტაციებზე დავდივარ. დავდივარ რა – პირველად ვიყავი და ძალიანაც მომეწონა, მაგრამ, მგონი, ყველაფრის დალაგებით მოყოლა აჯობებს.

“წიგნები ბათუმში“ გამომცემლობისა და ახალი თარგმანების პრეზენტაციას რომ გეგმავდა, მგონი, ნახევარმა საქართველომ იცოდა და მე როგორ გამომრჩებოდა. ამიტომაც იყო, რომ ოცდაერთში, შაბათ დილით, გემრიელად გამოძინების ნაცვლად, ზურგჩანთამოკიდებული ვიდექი ბაქანზე და პირსინგიანი გამცილებელი (გადასარევი გოგო, სხვათა შორის) ბილეთს  მიმოწმებდა.

თბილისიდან ბათუმამდე, მოგეხსენებათ, ხუთი საათის სავალია და მთელი გზა ხან ვკითხულობდი, ხან მეძინა, ხან ყავას ვსვამდი ჩემი განუყრელი თერმოსიდან და ამაოდ ვცდილობდი, გამომეცნო, რომელ სადგურზე გაჩერდებოდა მატარებელი ისე, სიგარეტის მოწევა რომ მომესწრო; ის დალოცვილი ისეთი თავქუდმოგლეჯილი მიქროდა, იმაშიც კი შეგვეპარა ეჭვი, მახინჯაურში მაინც თუ ჩაგვიშვებდნენ ქვემოთ.

ასე იყო თუ ისე, ბათუმში დროულად და შეუფერხებლად ჩავაღწიე, ბავშვობის მეგობარს გავუარე და ხუთისთვის უკვე “Привет из Батума“-ში ვაგემოვნებდით ცეზარსა და კიევურ კატლეტს.

გასტრონომიული ღონისძიების შემდეგ მონატრებულ ბათუმს შემოვუარე – ერას მოედანზე გავედი, ბულვარში გავისეირნე, ზღვას გამოველაპარაკე და რვა იყო დაწყებული, ხალხითა და წიგნებით სავსე მაღაზიის შესასვლელთან რომ ვიდექი შეფიქრიანებული – მე კი არა, ნემსი არ ჩავარდებოდა შიგნით.

პრეზენტაცია ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც უნდა ყოფილიყო – შინაურული, ხმაურიანი, საინტერესო და ინფორმატიული; თბილისელი სტუმრები, ბათუმელი მკითხველი, მთარგმნელები, ბევრი წიგნი და ფრიად სასიამოვნო 25%-იანი დისქაუნთი. ჩემი ეგზემპლარები, რახანია, თაროზე მიწყვია, ამჯერად მეგობრისთვის გავავსე საფირმო ჩანთა და სადღესასწაულო ტორტის გაჭრას აღარ დავლოდებივარ – ორი დღით ვიყავი ჩასული და საღამოსთვის სხვა გეგმები მქონდა.

კვირადღე ფეხით ბოდიალით დავიწყე – ზურგჩანთააკიდებულმა ლამის მთელი ცენტრი ჩავიარე და სახელგანთქმულ “რეტროს“ საკუთარი თავით კმაყოფილი მივადექი – მეგობრები უკვე მელოდნენ.

Must Have… უფრო სწორად, Must Eat ცომგამოცლილი აჭარულის შემდეგ რამდენიმე თავისუფალი საათი დამრჩა და უკეთესი რა უნდა მომეფიქრებინა – ისევ ბულვარი, ზღვა, კოლონადები, ერა და პიაცა… ლიტკაფეში კაპუჩინო და ფორთოხლის წვენი გეახელით, Привет-ში, უკვე ტრადიციულად, კიევური და ხუთის ნახევრისთვის ტაქსის ქალბატონმა მძღოლმა მახინჯაურში ჩამაგრიალა.

ვზივარ ახლა სავარძელში ნებიერად მოკალათებული, მატარებელი ისევ თავქუდმოგლეჯილი გარბის (ახლა უკვე თბილისისაკენ) ვწერ ამ პოსტს და ვფიქრობ, რომ ბათუმისთვის უიქენდი უსინდისოდ ცოტაა – ბათუმში, სულ მცირე, ერთი კვირით უნდა ჩახვიდე, ყველგან გაიარო, ყველაფერი ნახო, ყველაფერი დააგემოვნო, სანაპიროზე ნამდვილი ბათუმური წესით მოდუღებული ყავაც შეირგო, ქუჩებში უმისამართო ბოდიალიც, მეგობრებიც და ის ყოვლად ფანტასტიკური, ფერადი წიგნებით გაძეძგილი მაღაზიაც, ლეა რომ დაგხვდებათ პრინცესული ვარცხნილობით და კაბის საყელოთი.

ახალმა გამოცემებმა “წიგნები ბათუმში“ ხალხით უკვე გაავსო; თბილისში ათჯერ მეტ მკითხველს ელოდებიან და ასეთი ანშლაგი ძალიან მიხარია, თორემ გაკვირვებით ნამდვილად არ მიკვირს. ჟანრი პოპულარულია, თარგმანები – გადასარევი, დიზაინი თვალს და გულს ერთად ახარებს, რედაქტორებს პროფესიონალიზმს ვერ დაუწუნებს კაცი; ირაკლის და მარის კი ისეთი გეგმები აქვთ, ისეთი გემრიელობები მზადდება, ანშლაგები აწი ნახეთ თქვენ.

ჰო, არ გამოგრჩეთ – თბილისური წარდგინება ორშაბათს კი არა, ხუთშაბათს იქნება, შვიდზე, “ლიგამუსში“.

სწრაფი მატარებელი მახინჯაური-თბილისი

2015 წლის 22 თებერვალი


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ახალი თარგმანები, ბათუმი, ბულვარი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ირაკლი ბაკურიძე, ლეა ბაკურიძე, ლიგამუსი, მანანა ქველიაშვილი, მარი კორინთელი, მატარებელი, მახინჯაური, მოლის წისქვილი, პრეზენტაცია, წიგნები ბათუმში, Привет из Батума

მწვანეთითება ტისტუ –ზღაპარი დიდებისათვის

$
0
0

არიან მწერლები, მკითხველის მეხსიერებაში ერთი ნაწარმოებით რომ ტოვებენ კვალს. დაწერენ რამეს, უცებ საქვეყნოდ რომ გაუვარდება სახელი, თვალის დახამხამებაში რომ მოიხვეჭს დიდებას, ავტორის დანარჩენი ქმნილებები კი რჩებიან მის ჩრდილში საცოდავად მიყუჟულები და ელიან, იქნებ ვინმე ღვთისნიერს მათი არსებობაც გაახსენდეს და მზის სინათლეზე გამოიტანოს, სული შეუბეროს და მტვერი გადაფერთხოს. ასე დაემართა იმ წიგნსაც, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ.

მორის დრიუონი, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობისთვის კარგად ცნობილი ფრანგი მწერალია. საქმეში უფრო ჩახედულები, ალბათ, საფრანგეთის აკადემიის წევრობასაც გაიხსენებენ, კულტურის მინისტრის პოსტზე მოღვაწეობასაც და საპატიო ლეგიონის ორდენსაც, თუმცა უპირველესად ისტორიული საგა “დაწყევლილი მეფეები“ მოაგონდებათ.

მაგრამ სიტყვაც არავის დასცდება წიგნზე, რომელსაც “მწვანეთითება ტისტუ“ ჰქვია. არც იმ ოქროსთმიან ბიჭზე იტყვიან რამეს, ქვემეხთქალაქში რომ ცხოვრობს, ელვარე სასახლეში, დედა-ბატონსა და მამა-ბატონთან ერთად, სპილენძის გაპრიალებულ სახურავებზე რომ დასრიალებს და ცხენებზე გიჟდება, განსაკუთრებით კი -პონი მოვარჯიშეზე.

უბრალო ვინმე არ გეგონოთ ჩვენი ტისტუ – იმპერიის ერთადერთი მემკვიდრეა, იმ იმპერიისა, ჯერ კიდევ ბაბუამისმა რომ ჩაუყარა საფუძველი. თუმცა სკოლის მასწავლებლებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა – აქაოდა, სხვებს არ ჰგავხარო, უბოდიშოდ გამოისტუმრეს შინ.

ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე დაემართა ტისტუს – სკოლაში რომ დაეტოვებინათ, ვინ მიაბარებდა შეგირდად ულვაშა მებაღეს? არავინ და ვერც ვერასდროს გაიგებდნენ, რომ ბიჭს ჩვეულებრივი კი არა, მწვანე თითები ჰქონდა.

ეგ რაღააო, იკითხავთ. ჰოდა, ამ კითხვაზეც დრიუონის პატარა წიგნი გიპასუხებთ. ქვემეხების ლულაში ამოსული ყვავილების საიდუმლოსაც შეიტყობთ იმ წიგნიდან, წალკოტად ქცეული დილეგის ამბავსაც და ბოროტების დამარცხების უჩვეულო რეცეპტსაც.

ზღაპარი ყოფილაო, მხრებს აიჩეჩავს მავანი. ვერც შეედავები – მართლა ზღაპარია, მაგრამ ისეთი, ბავშვებისთვის წაკითხვა რომ გაგიჭირდებათ და ახსნა – კიდევ უფრო მეტად. ამიტომ ჯერ უფროსები უნდა ჩაუსხდეთ და თუ რამდენჯერმე მაინც არ მოგადგათ ცრემლი, ცუდად ყოფილა თქვენი საქმე.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დაწყევლილი მეფეები, ეკა ტაბლიაშვილი, მარიამ კორინთელი, მოლის ბიბლიოთეკა, მორის დრიუონი, მწვანეთითება ტისტუ, პროზა, ქართული თარგმანი, ცისანა ბიბილეიშვილი, Tistou les pouces verts

მალალა: გადავწყვიტე, მელაპარაკა

$
0
0

ამ წიგნის ასაკობრივი აუდიტორია, რა თქმა უნდა, არანაირად შეზღუდული არ არის, მაგრამ ძალიან მინდა, იმ მოზარდებმა წაიკითხონ, დილაობით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში წასვლის წინ, ბებიები ცალი ხელით კვერცხს რომ უთქვეფენ შებრაწული ომლეტისათვის, მეორე ხელით კი ფორთოხალს უფცქვნიან; ამასობაში დედები გაუთოვებულ ტანსაცმელს ულაგებენ საწოლზე, მამები კი გზისა და ლანჩისთვის განკუთვნილ ფულს უჩურთავენ ჯიბეში; ნამძინარევი თვალების ფშვნეტით რომ მიიზლაზნებიან სასწავლებლებისაკენ და გულში ფიქრობენ, რა უსამართლოა ცხოვრება, რომელიც გაიძულებს, საუკეთესო წლები მერხზე ჯდომასა და პედაგოგების ჩიჩინის მოსმენაში გაატარო.

არ გეგონოთ, ვინმეს ჭკუას ვასწავლიდე – თავის დროზე მოსწავლეც გახლდით, სტუდენტიც, სათვალიანი ბებიაც ფუსფუსებდა სამზარეულოში, მზრუნველი მშობლები კი, ღვთის წყალობით, ახლაც მყავს. ჰოდა, ხშირად ზუსტად სხვებივით მეზარებოდა თბილი ლოგინის დატოვება; ან რა დროს მენდელეევის ტაბულა და გეომეტრია იყო, როცა მეზობლის კარადაში რამდენიმე წაუკითხავი წიგნი მეგულებოდა.

ისლამურ ქვეყნებში ქალების ყოფისა და სწავლა-განათლების შესახებ მაშინაც მსმენოდა, ახლა, თავისთავად, მეტი ვიცი, მაგრამ იმაზე, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ალბათ, მაინცდამაინც არ დავფიქრდებოდი, “მე ვარ მალალა“ რომ არა.

არ მინდა, აჟიტირებული და პათეტიკური ვეჩვენო ვინმეს, ზედმეტ პათოსს ყოველთვის სიყალბის იერი დაჰკრავს ხოლმე, მაგრამ ისიც არ ვიცი, სხვანაირად, ნაკლებ ემოციურად როგორ დავწერო ამ პატარა გოგოზე, რომელმაც სწავლის წყურვილის გამო სიკვდილს ჩახედა თვალებში და მაინც არ შეეშინდა; არა, ალბათ, შეეშინდა კიდეც, აბა, რა იქნებოდა, პისტოლეტმომარჯვებულმა კაცმა რომ იკითხა, მალალა რომელიაო.

ვინ იცის, რა იფიქრა მალალამ იმ რამდენიმე წამში, სანამ კოლტის ტყვია მარცხენა თვალში გაუვლიდა, გონებას დაკარგავდა და საუკეთესო მეგობარს – მონიბას დაეცემოდა. შეიძლება, მამა გაახსენდა, ვისი წყალობითაც სხვა პუშტუნ გოგონებზე გაცილებით განათლებულიც იყო, მამაციც და უშიშარიც; ან დედა, ლამაზი ქალი შროშანისფერი სახის კანითა და მწვანე თვალებით… იქნებ, იმ ბლოგზე გაფიქრებაც მოასწრო, სადაც, “ბიბისის” რადიოკორესპონ­დენტის – აბდულ ჰაი კაკარის წყალობით, ადამიანებს ესაუბრებოდა; უყვებოდა პატარა გულში ჩაბუდებულ შიშზე, აკრძალულ უნიფორმაზე, ბურკაზე, რომლის ტარებაც არ უნდოდა, სკოლაზე, რომელიც მამამისმა დააარსა, გოგონებზე, რომლებსაც სურდათ, ესწავლათ, უფრო მეტი სცოდნოდათ, უფრო ჭკვიანები ყოფილიყვნენ და ბავშვების მოვლასა და სამზარეულოს ცოტათი მაინც გასცდენოდნენ… ახლა თავად მალალაც ვეღარ გვეტყვის, რა ფიქრებმა გაუელვა მაშინ, რადგან, როცა სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ, ბირმინგემის საავადმყოფოში გონს მოვიდა, თავს გადახდენილი ამბავი მხოლოდ ბუნდოვნად, ნაწილ-ნაწილ ახსოვდა; თუმცა, ეს არც არის მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი ის არჩევანია, რომელიც ამ გაბედულმა გოგომ გააკეთა:

“ორი შესაძლებლობა მქონდა: ჩუმად ვყოფილიყავი და დავლოდებოდი, როდის მომკლავდნენ ან მეთქვა სათქმელი და ისე მოვმკვდარიყავი. მე მეორე ვარიანტი ამოვირჩიე – გადავწყვიტე – მელაპარაკა.“

მალალას ძვირად დაუჯდა ეს არჩევანი – თავში მოხვედრილმა ტყვიამ, სასწაულის წყალობით, მისი მოკვლა ვერ მოახერხა, მაგრამ კინაღამ სამუდამოდ დაამახინჯა და როცა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მამამისს სთხოვა, შენმა ქალიშვილმა ხალხს გაუღიმოსო, ვერც იფიქრებდა, რომ გოგონას ეს აღარ შეეძლო. ღიმილის დაბრუნებას დრო და რამდენიმე ოპერაცია სჭირდებოდა…

კოლტის ის ტყვია კი, რომელიც იმ სახეშებურულმა კაცმა გაისროლა, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ მასაც და იმათაც, ვინც ამ ყველაფრის უკან იდგა; ვინც თხუთმეტი წლის გოგოს ანგარიშის გასასწორებლად შეიარაღებული მკვლელი მიუგზავნა – ბუმერანგს წიგნის ფორმა აქვს და “მე ვარ მალალა“ აწერია; სიმტკიცისა და შეუდრეკელობის ამ უბრალო და მაინც უჩვეულო ამბავს ახლა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში კითხულობენ, მისი ავტორი კი ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტია მშვიდობის დარგში, მშვიდობისა, რომელიც დღემდე ვერ ეღირსა მის სამშობლოს.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დოკუმენტური პროზა, ლიკა ჩაფიძე, მაკა სესკურია, მალალა იუსაფზაი, მე ვარ მალალა, მოლის ბიბლიოთეკა, ნიკა სამუშია, პროზა, ქართული თარგმანი, non fiction

ძველი თარო, მურმან ლებანიძე და ჩუბჩიკა

$
0
0

likhs iqet da likhs aqet pages

ჩემს ბიბლიოთეკაში, ახალთახალი გამოცემებით სავსე თაროებს შორის, ერთი გამორჩეულია, გახუნებული, გაცრეცილი წიგნებით სავსე.

რაღა თქმა უნდა, რომ ყველაზე მეტად ის ძველი თარო მიყვარს.

ბავშვობის განუმეორებელ მოგონებებს ინახავს და იმიტომ. რომელ წიგნსაც გინდა, წაატანე ხელი, – გადაშლი და ფერდაკარგული ფურცლებიდან ათასი ტკბილი წუთი ამოფრინდება.

დღეს ერთი წიგნის ამბავს მოგიყვებით.

თავის დროზე საბავშვო ლექსების დიდი მკითხველი და ქომაგი გახლდით. ქართულის, რუსულის, ალაგ-ალაგ ინგლისურისაც. მშობლებს ჩამოტანა არ ეზარებოდათ და მე – კითხვა. ჰოდა, იმ ფერად-ფერადი საკითხავებიდან რამდენიმე დღემდე შემომრჩა. მათ შორის – ბათუმში, შაუმიანის ქუჩაზე, ციცქნა წიგნის მაღაზიაში ნაყიდი მურმან ლებანიძის “ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ”.

არ ვიცი, გახსოვთ თუ არა. მეგობრებს ვკითხე და – რას ჰქვია, არ გვახსოვს, ახლაც თაროზე გვიდევსო. ალბათ, არ იყო ბიბლიოგრაფიული იშვიათობა; რაკი კარგი წიგნების ტოტალური დეფიციტის ჟამს ბათუმამდე ჩამოაღწია, თბილისშიც იოლად მოიძიებდა დაინტერესებული მკითხველი.

ლექსები იყო გადასარევი, თან ენამოჩლექილი კი არა, – აი, ისეთი, ავტორი თანატოლივით რომ გელაპარაკება პატარა მკითხველს. და ოთხიც – გალექსილი ზღაპარი: “ნახევარქათამა”, “ნაცარქექია”, “დედაბრის ქისა” და “წიქარა”. რაც მე “წიქარამ” მაზლუქუნა…

ის ლექსები და ზღაპრები ახლაც ზეპირად მახსოვს.

არ გეგონოთ, მხოლოდ ლექსების გამო. კიდევ ერთი საცდური და ხიბლი მოსდევდა – მოხატული იყო საოცრად. საბავშვო წიგნის კოხტა ილუსტრაცია, წესით, არ უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. ფერადი გრაფიკა. მეტყველი, ცოცხალი ნახატები. სულ რომ არ გცოდნოდა კითხვა, ესეც კი შეგაყვარებდა ამ წიგნს.

შრიფტიც კი ისეთი ჰქონდა, ხელნაწერი გეგონებოდა. ისიც ფერადი იყო, რაღაცნაირად თბილი და გემრიელი.

ვკითხულობდი და ვათვალიერებდი. ვათვალიერებდი და ვკითხულობდი. არც ერთი მომწყენია და არც მეორე.

მხატვარს, ცხადია, არ დავკვირვებივარ. იმ დროს მხატვრის, მთარგმნელის, რედაქტორის ვინაობას ყურადღებას არ ვაქცევდი; ერთადერთი, “ნაკადულის” ლოგოს ვცნობდი, პაწაწინა ბიჭს და წიქარას და ვიცოდი – რასაც “ნაკადული” ეწერა, საჩემო იყო და აუცილებლად მომეწონებოდა.

მერე, დიდი ხნის მერე დავხედე გარეკანს. თენგიზ მირზაშვილის მოხატული ყოფილა. ჩუბჩიკასი.

არადა, ვიღაც მიმტკიცებდა ამას წინათ, გაფორმებას რა ჭკუა აქვს, მთავარია, შიგ რა წერიაო.

აი, თუ არ აქვს.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბათუმი, გრაფიკა, დიზაინი, თენგიზ მირზაშვილი, ილუსტრაცია, მოლის ბიბლიოთეკა, მურმან ლებანიძე, პოეზია, საბავშვო ლექსები, ქართული პოეზია, ჩუბჩიკა, ძველი თარო, წიგნის დიზაინი

გადაფრენა “ოლდ ტრეფორდზე”და უკან

$
0
0

სამამულო გამომცემლობები, შემჩნეული გექნებათ, დროდადრო რომელიმე პოპულარული ჟურნალის არქივებს მიადგებიან, ბლოგებს გადაათვალიერებენ, საუკეთესოებს ამოარჩევენ და წიგნებად კრავენ.

საინტერესო ის არის, რომ ერთიმეორეზე უკეთესი კრებულები გამოსდით.

ჯერ მარტო ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი” რად ღირს (“ცხელ შოკოლადში” იბეჭდებოდა, თუ არ გახსოვთ; მთლად ბლოგიც არ ეთქმოდა, მაგრამ ასეც ნუ დავწვრილმანდებით). ზაზა ბურჭულაძის “კონფორმისტის ჩანაწერები” და “ნორმა” “ტაბულას” და “ანაბეჭდის” სვეტებია, დიანა ანფიმიადის ყოველგვარი გაგებით უგემრიელესი “პირადი კულინარიაც” “შოკოლადის” სამზარეულოდანაა.

მოკლედ, ამართლებს და არ მითხრათ ახლა, ერთხელ დაბეჭდილის ხელმეორედ გამოცემა რა წესიაო. კარადის სულ ზედა თაროზე შემოწყობილი ჟურნალების ხვნეშა-ხვნეშით ჩამოთრევა და ნომრებში ქექვა, რა თქმა უნდა, დიდად სასიამოვნო პროცესია, მაგრამ წიგნად აკინძულს სულ სხვა გემო აქვს.

ახლა – რატომ მოვუარე ასე შორიდან: ახალი კრებული გვაქვს, “ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს”.

გამომცემლობა ამჯერად “არტანუჯია“, ჟურნალი კი – ბლოგებითა და ბლოგერებით ცნობილი “ლიბერალი. წიგნში აკა მორჩილაძის (ან გიო ახვლედიანის, როგორც გენებოთ) 2010, 2011 და 2014 წლების საავტორო სვეტებია თავმოყრილი. თემა, ცხადია, ფეხბურთია, ხოლო აკას საფეხბურთო ტექსტებს, ცნობილი ამბავია, ისინიც კი სიამოვნებით კითხულობენ, ვისაც ფეხბურთი მაინცდამაინც არც უყვარს.

სულ ცინცხალი გამოცემაა. პარასკევს გამოჩნდა, მგონი, მაღაზიებში. შაბათს მივაკვლიე ერთგან და კვირას უკვე შემომადნა ხელში.

საუიქენდო საკითხავია. დილიდან რომ ჩაუჯდები და თან პრემიერლიგის მორიგ ტურს ელოდები.

ორმოცდაათამდე სვეტია (ზედმიწევნით ზუსტი თუ ვიქნები – ორმოცდაშვიდი), მზესუმზირასავით კნაწუნა. მიჰყვები, მიჰყვები და ისე გახვალ ბოლოში, ვერც გაიგებ.

არადა, ოთხი საფეხბურთო წელია ჩატეული და ორიც – მსოფლიო ჩემპიონატი.

ვინ თქვა, მოძველებული იქნება, აქტუალობადაკარგულიო? სამხრეთ აფრიკაში თასი ვინ მოიგო, ცხადია, გვახსოვს, მაგრამ ამ სვეტებს სტატისტიკისთვის არავინ კითხულობს. სტატისტიკისთვის ფიფას ოფიციალური ბიულეტენი არსებობს. აკას ბლოგები სხვა რამისთვის იწერება.

თემა ფეხბურთია-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ პირველი სვეტი რაგბიზეა. მოდი, ასე ვთქვათ – რაგბიზეც. “სალამი ქართველ მორაგბეებსო”,  – ჰქვია და ისეთ ამბავს მოგვითხრობს, მხრებს რომ გაგაშლევინებს. მერე მიდის და მიჰყვება… მოუ და სოკრატესი, რუნი და კაპელო, ვუვუზელა და გარინჩას წესი, ქინქი და მესი, პრემიერლიგა და პრიმერა, ჩელსი და ბარსა, ბოქსინგ დეი და ლიგის ფინალი… რა უნდოდა რუუდ გულიტს გროზნოს “ტერეკში”, როგორ აჯობა ქორნერშოპის პატრონმა თურქმა აჰმეთამ ფაბიო კაპელოს, როგორ დააყენა მარადონამ ძირითადში სიზმარში ნანახი კაცი და მესი, რომელსაც “ჯერჯერობით მეტისმეტად მშვიდი სახე აქვს საიმისოდ, რომ მარადონაზე მაგარი იყოს”.

თან ფეხბურთზე ჰყვება, თან – არამხოლოდ.

ერთიც არის: ეს სვეტები, – ტექსტიდან ასე ჩანს, – ლონდონში იწერებოდა. იქაურ პაბებში, კლუბებში და სტადიონებზე. აკას რამდენიმე რომანი ვიცი იქ დაწერილი და ის რომანები განსაკუთრებით მეგემრიელება და საფეხბურთო ამბები რომ მთლად გადასარევი იქნება, თქმა რად უნდა.

თავი რომ არ შეგაწყინოთ, ნამდვილად არ არის ხელიდან გასაშვები წიგნი. ერთი ციცქნაა, ბევრ დროს არ წაგართმევთ, სიამოვნებით კი ნამდვილად გასიამოვნებთ. აკას თუნდაც ოთხი წლის წინანდელი ტექსტები გემრიელად დაწერილი ისტორიაა. ისტორია კი, მოგეხსენებათ, არ ძველდება.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აკა მორჩილაძე, ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს, ბლოგი, გამომცემლობა არტანუჯი, გიო ახვლედიანი, დოკუმენტური პროზა, ზვიად კვარაცხელია, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თეონა ჭანიშვილი, ლიბერალი, ლონდონი, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, რაგბი, საავტორო სვეტი, სპორტი, ფეხბურთი, non fiction
Viewing all 205 articles
Browse latest View live