ერთი, ფრიად პოპულარული და ფართოდ გავრცელებული სისულელის თანახმად, ამქვეყნად მნიშვნელოვანი, ღირებული და ფასეული მხოლოდ კლასიკაა. საბავშვო ლიტერატურა გასართობი, არასერიოზული, მეორეხარისხოვანი საკითხავია.
ეს, რბილად რომ ვთქვათ, ბრიყვული მოსაზრება მომისმენია და წამიკითხავს ფეისბუქზე, ჩემი ბლოგების კომენტარებში, სხვის ბლოგებზე, წიგნის მაღაზიებში, ქუჩაში, სამარშრუტოში, წიგნის ფესტივალზე. მოკლედ, ყველგან, სადაც საქართველოა და წიგნებზე ლაპარაკობენ. წიგნებზე საუბარი კი, ამ ბოლო დროს, მოგეხსენებათ, არავის ეზარება – ორიოდე ასეული წაკითხული გვერდის შემდეგ რატომღაც ყველას ბიბლიოექსპერტობაზე აქვს პრეტენზია და ჰოი, საოცრებავ, უმრავლესობა უკვდავი კლასიკის ადეპტი აღმოჩნდება ხოლმე.
სულ ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ბუკინისტური წიგნების ფასებიც. ხშირად, ამ უკვდავი და უნივერსალური ფორმულით განისაზღვრება.
ბუკინისტურ სტენდებს რომ დააკვირდეთ, წინა პლანზე, საუკეთესო ადგილას კლასიკად მიჩნეული სქელ-სქელი ტომებია ჩამომწკრივებული. ფერად-ფერადი საბავშვო წიგნები კუთხეშია მიწყობილი, ისე, სასხვათაშორისოდ, “გვაქვს და ხომ არ გადავყრით” პრინციპით.
ფასებიც, როგორც წესი, სასხვათაშორისოა.
ამგვარი უსამართლო დაყოფა, სულო ცოდვილო, სადღაც მაწყობს კიდეც. ტანსქელი და სერიოზული კლასიკა ნაკლებად მადარდებს, ცენტრალურ თაროებზე დროს არ ვკარგავ, კუთხეში მიწყობილ ჭრელაჭრულა წიგნებში ვიქექები და ზოგჯერ სასწაულ რაღაცებს ვპოულობ სასწაულ ფასად.
კორეული ზღაპრები, მაგალითად, 50 თეთრად მაქვს ნაყიდი. ამ ბლოგს რომ ვწერდი, დიდხანს ვიხსენებდი, კიდევ რისი ყიდვა შეიძლებოდა 50 თეთრად და ავტობუსის და ზოგიერთი სამარშრუტოს ბილეთის გარდა ვერაფერი მოვიფიქრე. მე მოვკვდე, თუ ვაჭარბებდე, “საბლიტგამის” 1955 წლის გამოცემა მერგო 50 თეთრად.
“მერი პოპინსი” ულვაშა ძია ბუკინისტმა ჯერ ორ ლარად დამიფასა, მერე ხელი ჩაიქნია, ყდა არ აქვს და ლარად წაიღეო. 1974 წლის პოპინსი იყო, სულ პირველი გამოცემა, გაიშვიათებული და სანთლით საძებარი. ყდას ვინ ჩიოდა, ვტაცე ხელი და გამოვიქეცი, ემანდ, არ გადაიფიქროს-მეთქი.
“ალისა საოცარ ქვეყანაში“, პირველი გადმოქართულებული ალისა, უცნაური სათაურით, უცნაურად მოხატული ყდით, ლარად გამომატანეს. დილის ათის ნახევარზე წავაწყდი პეკინზე, სამსახურში მაგვიანდებოდა, შევაჭრების არც დრო მქონდა, არც სურვილი. ათი ლარი რომ ეთხოვათ, უხმოდ გადავიხდიდი, მაგრამ ლარიო და თავი არ გამომიდია, ჩანთაში ვუკარი თავი.
საბავშვო საკითხავის იაფობა ლინდგრენის წიგნებზე ნაკლებად ვრცელდება. გაზეპირებული აქვთ, ამათ სკოლაში ითხოვენო. ოღონდ ცეცხლი უფრო პეპი-კარლსონს უკიდია. სალტკროკელები, მაგალითად, ორ ლარად ვიყიდე ამას წინათ. შინ კი მქონდა, მაგრამ გულმა არ მომითმინა. ეტყობა, სკოლებში ჭეშმარიტ ლინდგრენულ შედევრებად მხოლოდ ჭორფლიანი გოგო და პროპელერიანი კაცუნა ითვლებიან, დანარჩენებს დიდად არ სწყალობენ და ბუკინისტებიც იმიტომ უყურებენ ალმაცერად.
“ვინი პუჰი და სხვები”, 1967 წლის საკოლექციო გამოცემა, საკოლექციო შეცდომით ყდაზე, პირველი ქართული ვინი პუჰი, ოღონდ გაცრეცილი, დახაზული, რაღაცებმიწერილი და დაჯღაბნილი, “დინამოსთან”, ბუკინისტურ ფარდულში, ორ ლარად დამიფასეს. იქვე ვიღაც გრაფომანის კარგად გამოცემული, კარგად შენახული, ლამის ხელუხლებელი და გადაუშლელი სისულელე ედოთ. ინტერესისთვის ფასი ვიკითხე და ათ ლარს ვერ დავაკლებთო, თავი მოიკლა გამყიდველმა. ღმერთმა ხელი მოუმართოს მასაც და მის მუშტარსაც.
შარშანწინ, გლდანში, ერთ დახლზე, გვერდიგვერდ, ორი კარლსონი ედოთ. ერთი, სრულიად რარიტეტული, 1971 წლის, “ნაკადულის” პირველი “ბიჭი და სახურავის ბინადარი კარლსონი“ 5 ლარი ღირდა, მეორე, კარლსონის და პეპის მეკობრული პრინტი, უხარისხო, ნაყალბევი, კაცმა არ იცის, ვისი დაბეჭდილი კონტრაფაქტი – ორჯერ ძვირი. მე კი ორივე ვიყიდე, კოლექციისთვის ერთიც მჭირდებოდა და მეორეც, მაგრამ მაინც.
სექტემბერში, კონკასთან, “დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი ტყეში”-ის გადავაწყდი, “ნაკადულის” რიგით მეორე, 1970 წლის ვესტლის. აი იმას, ავტორს, რატომღაც ანე-კატრინე რომ ჰქვია. ფასი ვიკითხე გულის კანკალით. რამდენიმე ფურცელი აკლია, ფული როგორ გამოგართვა, უფასოდ წაიღეო. წამოვიღე უსინდისოდ.
ეს ის რამდენიმე წიგნია ჩემი საგანძურიდან, უცებ რაც გამახსენდა. დანარჩენებზე სხვა დროს გიამბობთ. ვიღაცისთვის შეიძლება, სასაცილო იყოს, მაგრამ ძველი, მიხაზულ-მოხაზული, ყდაშემოფლეთილი წიგნებით სავსე რამდენიმე თარო დანარჩენ, ცინცხალი გამოცემებით სავსე და ჩაწიკწიკებულ ბიბლიოთეკაზე ნაკლებად არ მეძვირფასება. დარწმუნებული ვარ, მოლის სტუმრებს დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდებათ, რატომ.