ყოველ ზაფხულს, ჰაერში არდადეგების სურნელი რომ დატრიალდება და დიდსა და პატარას ნეტარი უსაქმურობის განწყობა მოეძალება, შრეკისკატისთვალებიან ბლოგს ვწერ და მკითხველებს (ნაადრევი) შვებულების მიზეზს ვუხსნი.
წელს, თითქოს, განსაკუთრებული არაფერი ხდება. არც ოლიმპიადაა, არც რომელიმე მსოფლიო ჩემპიონატი. სამსახურში ჩვეულებრივ დავიარები და დასვენებას არ ვფიქრობ. არც ზღვაზე ვაპირებ გასხლტომას. საკურორტო რიარიას გაზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის ბათუმი მირჩევნია, დაცარიელებული ბულვარით, მიყუჩებული კაფეებით, დამსვენებელთათვის უჩვეულოდ გარინდებული.
ერთი შეხედვით, ხელმოსაჭიდი საშვებულებო მიზეზი არ მაქვს. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით.
გულწრფელად გეტყვით, ასეთი მძიმე სეზონი ჯერ არ მქონია.
მართლა, მართლა. არ ვაზვიადებ. მეშვიდე წელია, ბლოგერი მქვია, ჩემს თავს რა არ დატრიალებულა, ახალი წიგნის რევიუ სიცხიანს მიწერია და მატარებლიდან გამომიქვეყნებია, არიქა, ათი ხდებაო და დაბადების დღიდან გამოვქცეულვარ, ვორდპრესს უწესიერესი სათაური არ მოსწონებია, ბლოგი დაუმალავს და სასწრაფოდ შეცვლა დამჭირვებია, დაბლოკილ ვორდპრესზეც შემიღწევია – არ ვიცოდი, რა სჭირდა, მეგონა, ჩემი ნეტი ჭირვეულობდა, ვიწვალე, ვიჯახირე, მაინც შევაღწიე, გამოვაქვეყნე და ბლოკის ამბავი მერეღა გავიგე.
მოკლედ, შინ წისქვილის ქვების სოლიდური კოლექცია მომეპოვება, მაგრამ ასე უგემურად თავი არასოდეს მიგრძვნია.
ტექნიკურმა პრობლემებმა გამაწამა. ვითომ არაფერი, მაგრამ ისე ამშალა, ნოემბრიდან ვცდილობ გონს მოსვლას და ჯერაც ვერ დავეწყვე. არადა, საკმაოდ მყარი ფსიქიკის ადამიანი გახლავართ, ზღვარგადასული ემოციურობა ნამდვილად არ მახასიათებს.
შარშან, იანვარში, რვათვიანი პაუზა ავიღე, გადატვირთვას და ბლოგის განახლებას ვგეგმავდი, დავიწყე კიდეც რაღაცების შეცვლა, მაგრამ ვინ გაცალა…
ჰოდა, რაც მაშინ ვერ მოვასწარი, ახლა უნდა დავასრულო. გადადებული საქმე ეშმაკისააო, ხომ გაგიგონიათ.
უპირველეს ყოვლისა, ფეისბუქის გვერდი მაქვს გასაცოცხლებელი. შეამჩნევდით, ყოველ ახალ ბლოგს ბმულს ვაყოლებ. ჩემი გვერდია – Karlsson på taket • გოდორა კარლსონი. ერთადერთი სივრცე, სადაც ვწერ, ბმულებს ვდებ, თქვენ გელაპარაკებით, აზრებს, განწყობას, წიგნებსა და საყვარელ სასუსნავებს გიზიარებთ. გოდორა კარლსონის გარეშე Molly Bloom’s Day, უბრალოდ, ვერ იარსებებს.
გასაკეთებელი ძალიან ბევრია – ბლოგი გადასაწყობია. ჰედერიც კი არ შემიცვლია. ჩემს მეგობრებს კი მოსწონთ, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორი (და ვისი დახატული) მირჩევნია.
ორშაბათამდე დავისვენებ, ხომ შეიძლება ოთხი დღე მეც ვიცხოვრო ისე, ბლოგზე, დიზაინზე, ახალ თემებზე, ტრეფიკზე და ფიდბექზე არ ვიფიქრო. ორშაბათიდან ხელებს დავიკაპიწებ და გავალ ხარაჩოზე.
ზაფხულიც მალე გაირბენს.
სექტემბერში აქაურობას ვერ იცნობთ, გპირდებით :) სექტემბრამდე ფეისბუქზე ვარ, ახალ წიგნებზე, გადასარევ და უხეირო თარგმანებზე, ბუკინისტებთან აღმოჩენილ მარგალიტებზე, ურცხვად ზარმაც უიქენდებზე, დილის ყავასა და ხილის ტორტებზე აქ გექაქანებით.
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
Filed under: Molly Bloom's Day Tagged: ბლოგერი, ბლოგი, ბლოგინგი, ბლოგოსფერო, განახლება, ვორდპრესი, ზაფხული, მეშვიდე სეზონი, ფეისბუქი, შვებულება, ჰედერი, Karlsson på taket • გოდორა კარლსონი, Molly Bloom's Day, mollybloomsday.com
