უცნაური სათაურია, გეთანხმებით. წიგნებს და ცრურწმენას ერთად იშვიათად ახსენებენ. სად კითხვა და კითხვით მიღებული სიამოვნება და სად წესები, დათქმები, შეზღუდვები და ცრურწმენებიო, დარწმუნებული ვარ, გაიკვირვებთ.
მეც ასე მეგონა.
ოღონდ ბლოგერობისას იმდენ “საინტერესო” და სახალისო მოსაზრებას გადავაწყდი, ნახევარს ვერ დავთვლი. ჯერ მიკვირდა, სადღაც ვბრაზობდი კიდეც, საპირისპირო არგუმენტებს ვეძებდი, კამათში თავით ვეშვებოდი, რაღაცების მტკიცებას ვცდილობდი. ახლა, უბრალოდ, მეღიმება. პირველ რიგში, საკუთარ თავზე.
ჰოდა, დღეს ამ ბიბლიოცრურწმენების ჩემეული კოლექციიდან რამდენიმეს გაგიზიარებთ.
ამას წინათ, ერთ-ერთ ვებგვერდზე სია დაიდო – ათი (თუ რამდენიც იყო) წიგნი, რომელიც მეტროში უნდა წაიკითხო. ასეთი სიები საინტერესო და სახალისოა, კრეატივის მარცვალი მაინც თუ ახლავს (მაგალითად, მეტროში გლუხოვსკის “მეტროს” წაკითხვას რომ გთავაზობენ, აეროპორტში – არტურ ჰეილის “აეროპორტს”, ტრანსატლანტიკურ კრუიზში – აკუნინის “ლევიათანს” და ასე შემდეგ), ამათ არაფერი აერთიანებდა პატრონის ანუ გამომცემლობის ლოგოს გარდა. თავს დავდებ, ვინც ნახა, გაიფიქრა, გაყიდვების მენეჯერის შედგენილი იქნებაო.
ეს “მეტროში წასაკითხი წიგნები” ღრმად გავრცელებული თემა და სათაურია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას, მაგრამ მე რა მაინტერესებს, იცით? ლოგიკას რომ გავყვეთ, სადღაც, პარალელურ სამყაროში, მეტროში (და, ზოგადად, მგზავრობის დროს) არწასაკითხი წიგნებიც არსებობს. ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, წასაკითხ-არწასაკითხს რის მიხედვით არჩევთ? ზომით, წონით, ყდის ფერით, ჟანრით, ავტორით თუ რით? “მეტროში-წიგნს-როგორ-გადავშლი” შემადგენლობა, ყველაზე ხშირად, დოსტოევსკის, კაფკას და ბულგაკოვს ახსენებს და რა, “დანაშაულს და სასჯელს” ან “პროცესს” მეტროში ვერ წავიკითხავ? მაინცდამაინც ოთახში უნდა ვიჯდე გამოწკეპილი, კონცენტრირებული და გასხივოსნებული? ჩემი კურსელი მიყვებოდა, ბნელ ოთხმოცდაათიანებში მთელი ილია ჭავჭავაძე პურის რიგში მაქვს წაკითხულიო. გადასარევად ჩააბულბულა, სხვათა შორის. ისე არა, ილიას ხსენებაზე მხოლოდ მილიონჯერ (შეცდომით) გამეორებული”მამული, ენა, სარწმუნოება” რომ ახსენდებათ.
სანიშნე გიყვართ თუ ფურცლის გადაკეცვაო, გამოკითხვას შევესწარი ერთგან. კომენტარებში ისეთი დაკადაკა იყო ატეხილი, მტერს და ავს… მე თუ მკითხავთ, სანიშნე მირჩევნია, კომფორტულია, მოსახერხებელი, ლამაზი, წიგნიც არ ფუჭდება. ოღონდ ვისაც გადაკეცვა მოსწონს, მაინც ვერ გავკიცხავ – კაცია და გუნება. არადა, ისე დასცხებენ ხოლმე, “ბარსას” და “რეალის” ფსევდოგულშემატკივრების ჯახი მონაგონია (ფსევდო იმიტომ, რომ ნამდვილი გულშემატკივრები ერთმანეთს პატივს სცემენ). თქვენ წარმოიდგინეთ, ქინდლი დამიწუნეს ერთხელ ამ მიზეზით, რიდერს ვერ გადაკეცავ, ვერ დაკუჭავ, ზედ რამეს ვერ წააწერ და, უცებ, მუზა რომ გეწვიოს, ვერც ვერაფერს მიახატავო.
ქინდლზე იმდენი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო მოსაზრება გამიგია, ერთი ბლოგი რას ეყოფა. “ნამდვილი ბიბლიოფილობის” და “სულიერების მტრის” ხშირი ხსენებით დაწყებული, ეშმაკის მანქანად მონათვლით დასრულებული. არადა, რა პრობლემაა, თუ ვინმეს რიდერს ტრადიციული წიგნი ურჩევნია (ან პირიქით), გემოვნების ამბავია, მეტი არაფერი. ოღონდ ელექტრონული წიგნების ლანძღვა მარტო იმიტომ, პლაზმით ნაწერის აზრს ვერ გაიგებ და რაკი კითხვა გეიოლება, ხარისხიანად არ კითხულობო, ღრმა სიბრიყვე მგონია, პარდონ მაი ფრენჩ.
კითხვის შუაში გაწყვეტა და მიტოვება არ შეიძლებაო. აი, რატომ? ვის ვეჯიბრები? წიგნი თუ არ მომწონს, გადადება ვინ ამიკრძალა? მსოფლიოში ყველაზე მაგარი წიგნიც კი მკითხველისთვის იწერება და არა პირიქით, ზოგიერთ, ასე ვთქვათ, მწერალს რომ ჰგონია, სიცოცხლე იმიტომაც გაჩნდა დედამიწაზე, ადამიანმა ჩემი მორიგი ოპუსი წაიკითხოსო. არ მოგწონს? არ მოუკვდა პატრონი, გადადე გვერდზე, თუ მაინცდამაინც გული გეთანაღრება, ცოტა ხანში გააგრძელე, იქნებ მაშინ მოგეწონოს. თუ არადა არც ეგაა დიდი უბედურება.
ორი და სამი წიგნის ერთდროულად კითხვა ვის გაუგონიაო. ვითომ რათაო? ხანდაზმულობის ვადა აწერია ზედ რომელიმეს, პერსონაჟები დაგხვდებიან გაბუტულები და კედლისკენ პირშებრუნებულები ან საერთოდაც გაქცეულები თუ რა? მე დიდად არ გამომდის ამგვარი მრავალფეროვნება, მაგრამ ვისაც უნდა და თავს კომფორტულად გრძნობს, ღმერთმა ხელი მოუმართოს.
ამ და სხვა ბიბლიოცრურწმენებს კუდი საიდან ეზრდება, მგონი, ვხვდები. რაც არ მესმის და, ალბათ, ვერასოდეს გავიგებ. წაკითხული წიგნების თვლააა. რა აზრი აქვს თვის ან წლის ბოლოს კაი გამოცდილი ბუღალტერივით ჩამოჩოთქვას და გამომზეურებას – ამდენი წიგნი და ამდენი გვერდი წავიკითხეო? გეგმაა შესასრულებელი? “გეგმით – თვრამეტი, გეგმა-ვალდებულებით – ოცდაერთი”, “ცისფერ მთებში” ვართ?
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
Filed under: კლიché Tagged: ბლოგინგი, ელექტრონული ბიბლიოთეკა, ელექტრონული წიგნები, თავისუფლება, კლიché, მგზავრობა, მგზავრობის დროს კითხვა, მეტრო, მკითხველები, სანიშნე, ქინდლი, ცრურწმენა, წიგნები
