მეშვიდე წელია, ბლოგი მაქვს და დედლაინების მიმართ ჩემი პრინციპული დამოკიდებულება აქაურობის სტუმრებს კარგად მოეხსენებათ. არ მახსოვს, დათქმული დროისთვის ერთხელ მაინც გადამეცილებინოს. თავსაფრიანი დედაკაცისა არ იყოს, მოლისაც “ვერ აჩერებს კედელი, მარკა, სიშორე, გადაიფრენს, იშოვის, გადივლის, მისცურავს, მიიფრენს“ და პოსტს ჩვეულ დღესა და საათზე მაინც გამოაქვეყნებს.
ჰოდა, ამ თქვენს უღალატო მასპინძელს დილას ფრიად უცნაური ამბავი დაემართა – ჯერ ხომ მშვიდად ინებივრა და დატკბა მთავრობის ბოძებული დასვენებით, მერე, მესამე ფინჯანი ყავის შემდეგ შემოქმედებითად დარაზმული მიადგა გაძეძგილ თაროებს, ხან ერთს მიაბჯინა ცხვირი, ხან – მეორეს, ხან – მეჩვიდმეტეს და ჰოი, საშინელებავ! პოსტისთვის შესაფერი წიგნი ვერ შეარჩია.
თავი რომ არ მოგაბეზროთ, დაწვრილებით აღარ მოვყვები, რამდენ ხანს ვიჭყლიტე ტვინი – ხან ყავა მივაშველე, ხან დიეტას დავაბრალე და ნაცრისფერი უჯრედების გასააქტიურებლად მაცივარი გამოვაცარიელე, ხან “ლიბერთინსის“ სერიას ვეცი, ხან – “ტოპ თრილერის“, ხან ბუმბერაზი კლასიკოსები გადმოვალაგე, ხან “სულაკაურის” ფერადი ტომები – შენც არ მომიკვდე, პოსტისთვის ერთიც არ მომივიდა თვალში. სხვა რა გზა მქონდა, აზუზუნებული და ყველა გამომცემლობაზე განაწყენებული მივადექი მეგობარს “ჩი გუსტაში“ – სიახლეებს საფესტივალოდ ინახავენ და საღამოსთვის ბლოგი ცარიელი დამიტოვეს-მეთქი.
ვიცი, გულის სიღრმეში გეცინებათ – რას ჰქვია, შენი ბიბლიოთეკის პატრონს თემა შემოელიაო, მაგრამ შარშანდელ და შარშანწინდელ წიგნებზე წერას ხომ ვერ გაკადრებთ, არა? საყურადღებო სიახლეებს უმალ ვეხმიანები, ასე შავი დღისთვის არაფერს ვინახავ და ა, ბატონო! არადა, ვიცი, სულაკაურსაც, პალიტრასაც, დელფინებსაც და სხვებსაც ნაირ-ნაირი ლიტერატურული ნუგბარი აქვთ მიჩქმალული და მაისის ბოლოს ელოდებიან, რომ სტელაჟებზე გამოფინონ და რაც შეიძლება, მეტი სიახლით მოიწონონ თავი.
კეთილი და პატიოსანი, ფესტივალზე ცინცხალ წიგნებს რა სჯობს, თვალები რომ აქეთ-იქით გაგირბის და აღარ იცი, ჩანთაში რომელს უკრა თავი, მაგრამ არაჩვეულებრივი ვენური ყავა ცხვირჩამოშვებულმა რომ მივირთვი, ამას რა ვუყო? ან ერთგულ მკითხველს რა ვუთხრა, ამ კვირა საღამოს რომ გამიხსენებს და ახალი პოსტის იმედით ბლოგზე შემოიხედავს? ჭაღარა გამომერია ბლოგერობაში და ამისთანა დღეში არ ვყოფილვარ. “Timberland“- ახალი კოლექციის ფეხსაცმელმაც კი ვერ გამომიკეთა გუნება.
არადა, კარგად რომ დავფიქრდი, ვერც გამომცემლობებს დავემდურები – ისევ ჩვენთვის შრომობენ და წვალობენ, რომ ფესტივალიდან ხელცარიელები არ დავბრუნდეთ. ასე რომ, ჯანი გავარდეს, მიპატიებია დღევანდელი ჩემი გაწბილება. წავალ, სამზარეულოში დილანდელ რევიზიას გადარჩენილი ვაშლის ღვეზელის ნაჭერი მეგულება და არგენტინიდან გამოგზავნილი ყავის სურნელიც მაცდურად მიღიტინებს ცხვირში.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა, Molly Bloom's Day Tagged: ბიბლიოთეკა, ბლოგი, ბლოგინგი, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, ვაშლის ღვეზელი, თბილისის წიგნის ფესტივალი, მოლის ბიბლიოთეკა, ყავა, Ci gusta, mollybloomsday.com, Timberland
