Quantcast
Channel: Molly Bloom’s Day – Molly Bloom's Day™
Viewing all 205 articles
Browse latest View live

თბილისის წიგნის ფესტივალი –ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს

$
0
0

pragis sasaflao cover

ასეთ პოსტებს, დამეთანხმებით, გემრიელი შესავალი უხდება, მაგრამ დღეს იმდენი მაქვს საწერი (თქვენ კი – წასაკითხი), რომ სიტყვაკაზმულობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხელების ფშვნეტის და პირის ჩატკბარუნების დრო არ არის.

* * *

თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი რომ დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება, ცხადია, გეცოდინებათ. ამ ოთხი დღიდან ორი რომ სადაგია, ესეც. ასე რომ, ოფისებში გამოკეტილი ბიბლიოფილები კინკილა შაბათ-კვირის იმედად დავრჩით, რაც “ექსპო-ჯორჯიას” წიგნებით დახუნძლული მეთერთმეტე პავილიონის მოსარბენად კატასტროფულად ცოტაა. ჰოდა, ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად საგულდაგულოდ გაწერილი საფესტივალო გეგმაა საჭირო – რა გვინდა და სად ვეძებოთ. თორემ ერთიც იქნება, ნიუსებში მოხვდები – აჩვენებენ, როგორ დარბის ზურგჩანთააკიდებული ბლოგერი სტენდებს შორის და როგორ ჩურთავს წიგნებს ზედ დაუხედავად.

ერთი თვეა, გამომცემლობების წინასაფესტივალო მზადებას ვადევნებ თვალს და, მინდა გითხრათ, ასეთი მრავალფეროვნება არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. იმდენი სიახლეა, მარტო ჩამოთვლა დაგღლის. ჰოდა, ბარემ მეც შევიმსუბუქებ საფესტივალო ტვირთს და თქვენც გამოგადგებით – იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომელთა გამოტოვებაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ ღირს.

სულაკაურს” იმდენი სიახლე აქვს, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ორი ახალი აკა  – “ჩრდილი გზაზე” და “ქემერა“. ერთი დოკუმენტური პროზაა, უახლესი ისტორიის აკას გემრიელი ენით დაწერილი ანალიზი; მეორე – მონატრებული ურბანული პროზა. გურამ ფანჯიკიძის qemera cover“ეშმაკის ბორბალი”, თავის დროზე ფრიად შეზღუდული ტირაჟით რომ დაუბეჭდავთ კომუნისტებს და ბევრს ეგებ არც კი წაეკითხოს. მურაკამის “კაფკა პლაჟზე”, სალმან რუშდის ,,ფლორენციელი ჯადოქარი“, “საბას” ორგზის ლაურეატის, თეონა დოლენჯაშვილის, “რეალური არსებები” და, ტრადიციისამებრ, 2014 წლის 15 საუკეთესო ქართული მოთხრობის კრებული.

კინობიბლიოთეკას სტანისლავ ლემის “სოლარისი” ემატება – Sci Fi-ს ლეგენდა, საკულტო წიგნი და საკულტო ფილმის ლიტერატურული პირველწყარო.  პოლონელ ლემს საბჭოთა გამომცემლობები ხშირად და დიდი მონდომებით თარგმნიდნენ, ძველი ქართული თარგმანიც არსებობს, მაგრამ ისეთი რარიტეტია, ბუკინისტებთანაც კი გაგიჭირდებათ მიგნება. ჰოდა, ახალი “სოლარისი” ორმაგად სასიამოვნოა დაtanamdevi movlenebi cover საინტერესო.

ჟანრული პროზის მოყვარულებს კიდევ ორი დიდი სიურპრიზი ელით – რიკ რიორდანის “მეხის ქურდი” (“პერსი ჯექსონი და ოლიმპიელები”) და გადმოქართულებული ნილ გეიმანი – “კორალაინმა” ფესტივალს ფეხად ჩამოუსწრო. პატარებს კი (თუმცა, რატომ მხოლოდ მათ?) – ასტრიდ ლინდგრენის სერია, პეპისა და ემილის ამბები, ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანით და სალომე ბენიძის გადმოქართულებული ლექსებით.

დიოგენეს” საფესტივალო კალათა, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანია და ათასგვარი სასუსნავით სავსე.  მარკ ბელასენის და ოლგა შავერნეს აუტისტი ბავშვები (სახელმძღვანელო მშობლებისთვის), დამეთანხმეთ, საჭირო და აქტუალური გამოცემაა. მდიდარი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე დაწერილი წიგნი მშობლებსაც გამოადგებათ, პედაგოგებსაც და ამ თემატიკის თითქმის სრული ვაკუუმის შევსების მისასალმებელი მცდელობაა.

კიდევ – “ეგრე გააგრძელე, ჯივზ!” პელემ  გრენვილ ვუდჰაუსის უზომოდ პოპულარული ციკლის მორიგი ნუგბარი. ათი იუმორისტული მოთხრობა, რომელთაგან ერთს განუმეორებელი ჯივზი ჰყვება :) რუსულად უკვე წაკითხული მაქვს და დამიჯერეთ, არ გამოტოვოთ, თორემ ინანებთ. ჰო, კიდევ ახალი ფამუქი – “სხვა ფერები” – ორჰან ბეის ჩანაწერების კრებული. ესეები, სტატიები, ინტერვიუები, საჯარო გამოსვლები რადიკალურად განსხვავებულ, გლობალურ თუ ყოფით თემებზე. Non Fiction როგორ მიყვარს, კი იცით და ფამუქის პუბლიცისტიკა ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის.

ამერიკელების” ფერადი სერია ერთდროულად ორი ტომით შეივსება. ერთი ჯოის კეროლ ოუტსის “შავი წყალია” – მცირე რომანი The Beatles cover“ჩაპაკვიდიკის ინციდენტზე” , – 1969 წლის ტრაგედიაზე, როდესაც კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის  მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანმხლები გოგონა კი დაიღუპა…  დამაინტრიგებელი ისტორიაა და წიგნიც არ უნდა იყოს ურიგო. მეორე ტომი სინემანიაკებს აღაფრთოვანებს: “თანამდევი მოვლენები” – თვით ვუდი ალენის პროზა, მაესტროს საფირმო იუმორით გაჯერებული ჩვიდმეტი ტექსტი. მოდი და თქვი, უინტერესოაო…

“დიოგენეს ბიბლიოთეკა” ჩვეულ სტილს არ ღალატობს და ისევ ექსკლუზიურ თარგმანს გვთავაზობს, ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“.  არ მეცნო, მაგრამ ანოტაცია ფრიად მაცდურია და საფირმო ბიბლიოსერიაში მხოლოდ ხარისხიანი პროზა რომputinis ruseti cover ხვდება, ამას უკვე მივეჩვიეთ.

დიოგენეს” ბოლო საფესტივალო სიახლეზე კი, ალბათ, მხოლოდ ძახილის ნიშნებით უნდა ვილაპარაკო. როგორც იქნა, გვეღირსა ‘პრაღის სასაფლაო“, უმბერტო ეკოს ბოლო რომანის თარგმანი. არა, რუსული გამოცემაც მიდევს თაროზე და ქინდლშიც მაქვს საიმედოდ დაბინავებული, მაგრამ გადმოქართულებული, ხომ იცით, მაინც სხვაა… თან ხათუნა ცხადაძის თარგმანია და, დამეთანხმებით, მარტო ეს ღირს ერთ წიგნად.

სიესტას” ძველ, ჰიტებად ქცეულ გამოცემებთან ერთად ერთი ისეთი სიახლეც აქვს, ასს რომ აიწონის – ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, ლეგენდარული ანტიუტოპია. შარშან დაუბეჭდავთ უმცირესი ტირაჟით, მაშინვე დაუტაცია მკითხველს და მთელი წელი მოთქვამენ ბიბლიოფილები, ეს რა იყო, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარით, ისე გააქრეთო… ჰოდა, ცინცხალი ტირაჟია, მშვენიერი ქავერით და, რაც მთავარია, ყველას შეგვხვდება.

ოჩოპინტრეს ფერად, უგემრიელესად გამოცემულ პოკეთბუქებს საფესტივალოდ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები შეემატება. ავტორზე საუბარი ზედმეტიც კი მგონია – თუ ისტორია გაინტერესებთ და მემუარების კითხვაც გიყვართ, სათქვენო წიგნი ყოფილა. ანატოლ ფრანსის “ანგელოზთა აჯანყებასაც” ვამზადებთ გამოსაცემად, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით იქნებაო… არა უშავს, კარგ წიგნს უნდა დაელოდო კიდეც.

ჰო, მოლი გირჩევთ, ოჩობუქების სტენდთან “ახალი ბერძნული ბიბლიოთეკის” პირველი ორი ტომი იკითხოთ – იაკოვოს კაბანელისის saocari axali samkaro coverპიესებისა და ანდონის სამარაკისის მოთხრობების კრებული. სამამულო გამოცემებს, მგონი, კარგად ვიცნობ, მაგრამ არ მახსენდება, ახალ და უახლეს ბერძნულ ლიტერატურას ვინმე თარგმნიდეს. აკადემიური გამოცემაა – თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროექტი. სერიის რედაქტორი სოფიო შამანიდია, რედაქტორი – ლაშა ბუღაძე. მოკლედ, თქვენი არ ვიცი და მე საშინლად მაინტერესებს.

ელფი” ბიბლიოფილებს ორი კლასიკური თარგმანით გაახარებს. ერთი ჟან ჟიონოს “ჰუსარი სახურავზეა”, მეორე - აჰმედ ჰამბი ტამპინარის “დროის ინსტიტუტი”. ყველაზე მეტად კი “ბურატინოს თავგადასავლის” და “ექიმი აიბოლიტის” ახალგადმოქართულებული სრული ვერსია მაინტერესებს.  ესენი რომ გამოვტოვო, ჩემიpolkovniks aravin scers cover საბავშვო ბიბლიოთეკა არ მაპატიებს.

ქარჩხაძის გამომცემლობის “საბავშვო კლასიკა” ხომ იცით? ჰოდა, გრძელდება საფესტივალოდ და, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც საინტერესოდ… “პიტერ პენს” და კიპლინგის ზღაპრებს ედუარდ ლირის “ბუკნაჭო და ფისუნა” და კენეთ გრემის “ქარი ტირიფებში” მიუმატეს. ეს გემრიელობები, კარგა ხანია, შინ მაქვს – სულმა წამძლია და ფესტივალს არ დაველოდე და, მინდა გითხრათ, ორივე ძალიან კარგია.

კიდევ – სრული სიახლე ქართველი მკითხველისთვის: ნორვეგიელი მწერლის სტიან ჰულეს “გარმანის ზაფხული” და “ანას ზეცა“. საბავშვო  კი ჰქვია, მაგრამ ულამაზესი ილუსტრაციებით უფროსებიც ისიამოვნებენ.

სულაკაურის” “The Beatles” ხომ გახსოვთ? ფანტასტიკური ფოტოალბომი, ცნობილი, ნაკლებად ცნობილი და სულაც უნიკალური სურათებით? ჰოდა, “ქარჩხაძეს” კიდევ ერთი სიახლე აქვს ლივერპულელი ბიჭების თაყვანისმცემლებისთვის - ტერი ბაროუზის “ბითლზი დღიდან დღემდე “. ოღონდ, ეს უფრო მინიენციკლოპედიაა. ჯგუფის თავბრუდამხვევი ისტორიის თაიმლაინი, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენის დეტალური ნუსხა, უხვად დასურათებული, ეპოქის სულს რომ გაგრძნობინებს, ისეთი წიგნი…

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია” ჯერ არ მინახავს, არადა, ამბობენ,  მართლა აკადემიური გამოცემაა, სრულზე სრული და igavebi coverყოველისმომცველიო. აუცილებლად მოვიკითხავ საფესტივალო სტენდზე, თუმცა ყველაზე მეტად “უფლისწული და გველეშაპი” მაინტერესებს. სუპერ სიუპრიზი, ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული ზღაპრების კრებული. წინათქმა  აქვს ისეთი, გული გაგიჩერდება…

ინტელექტი” გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, სადებიუტო რომანს “ჟუჟას” გამოსცემს. ავტორი თეატრალებს უფრო გეცოდინებათ სამეფო უბნის თეატრის “ლივ შტაინით”, “ჟუჟას” კი ბუდენბროკჰაუსის ლიტერატურული პრემია მიუღია და 2010 წლის საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნების ოცეულშიც შესულა.

პოეზიის მოყვარულთვის “2013 წლის 100 ლექსია” გამზადებული, სერიოზული ანთოლოგია, კარგად შერჩეული ავტორებით და მარკესის ოთხტომეული: “ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი”,  “გენერალი თავის ლაბირინთში”, “პოლკოვნიკს არავინ სწერს” და “საზღვაო კატასტროფაში მოყოლილი კაცის ამბავი”. თეა გვასალიას თარგმანია. ამბობენ, ძალიან კარგიაო და ვნახოთ…

არტანუჯსანა პოლიტკოვსკაიას “პუტინის რუსეთი” აქვს. მხატვრულ-დოკუმენტური რომანი,qari tirifebshi cover ჯერ თავად რუსეთშიც რომ არ დაბეჭდილა. ამ წიგნს დიდი წარდგენა არ უნდა სჭირდებოდეს – ავტორის სახელით და სათაურით, ალბათ, ყველაფერი ნათქვამია. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ გვანცა ჯობავას თარგმნილია და საშინლად მომწონს ეს ახალი ტრენდი – თარგმანს მწერლები რომ ჰკიდებენ ხელს.

ლოგოს პრესი” პატარა მკითხველს ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის ახლებურად თარგმნილ ეზოპეს იგავებს სთავაზობს, ყველაზე პატარებს კი “ჯადოსნურ მუსიკალურ ჯოხს” – წიგნ-სათამაშოს, რომლითაც, თურმე, ყოვლად სერიოზული და ჭკუადამჯდარი უფროსებიც მშვენივრად ერთობიან…

პალიტრა L“-ი თავის უკიდეგანო ბიბლიოთეკაზე 75 პროცენტიან სეილს გეგმავს და ექსკლუზიური წიგნის თაროს პრეზენტაციასაც აწყობს. უნდა ვნახო, წიგნის თაროები ჩვენი თანთია :(

ეს – გამომცემლობების სიახლეები. საინტერესო სასუსნავი ბუქსთორებსაც უხვად ექნებათ. “ბიბლუსი” უკრაინელ პარტნიორს მასპინძლობს და სტენდზე ექსკლუზივს გამოფენს – რუსულენოვან კლასიკას, თანამედროვე პროზას, საბავშვო ლიტერატურას, კოხტა წიგნებს და ფერად-ფერად ალბომებს. საოფისე ესპანური ბრენდი “MILAN”-იც “ბიბლუსის” ექსკლუზივია და ამ ყველაფერს ნახევარ ფასად შემოგთავაზებთო… ელექტრონული მაღაზიის პრეზენტაციაც იგეგმება – biblusi.ge უნდა წარადგინონ და ონლაინ შოპინგი რა კომფორტულია, კი იცით…

ბუქ სითი“, “პარნასი“, “პროსპერო“, წიგნის მაღაზია “დიოგენე”… “წიგნები ბათუმში” არ გამოგრჩეთ – მარის და ირაკლის ყოველთვის აქვთ რაღაც ახალი და საინტერესო. თან ყური მოვკარი, მორიგი ვოიაჟიდან ახლახან დაბრუნდნენო.

* * *

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ მოგისმენთ, თქვენს საფესტივალო გეგმებზე მომიყევით. ეს პოსტი კი, მგონი,  აჯობებს, ამოვბეჭდო და ჩანთაში ჩავაგდო, თორემ რამე აუცილებლად გამომრჩება.

solaris cover


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აკა მორჩილაძე, ალექსეი ტოლსტოი, ანა პოლიტკოვსკაია, ანატოლ ფრანსი, ანდონის სამარაკისი, არტანუჯი, ასტრიდ ლინდგრენი, აჰმედ ჰამბი ტამპინარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, გვანცა ჯობავა, გიორგი მაზნიაშვილი, გურამ ფანჯიკიძე, დიოგენე, ედუარდ ლირი, ეზოპე, ელფის გამომცემლობა, ექსპო ჯორჯია, ვუდი ალენი, ზაზა ჭილაძე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, თეა გვასალია, თეონა დოლენჯაშვილი, იაკოვოს კაბანელისი, ინტელექტი, ირაკლი ბაკურიძე, კენეთ გრემი, კორნეი ჩუკოვსკი, ლოგოს პრესი, მარი კორინთელი, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ნილ გეიმანი, ნინო ხარატიშვილი, ოლდოს ჰაქსლი, ოჩოპინტრე, პალიტრა L, პარნასი, პელემ ვუდჰაუსი, ჟან ჟიონო, რადიარდ კიპლინგი, რიკ რიორდანი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, სიესტა, სტანისლავ ლემი, სტიან ჰულე, ტერი ბაროუზი, უმბერტო ეკო, ქარჩხაძის გამომცემლობა, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წიგნის მაღაზია "დიოგენე", ხათუნა ცხადაძე, ჯეიმს მეთიუ ბარი, ჯემალ ქარჩხაძე, ჯენეტ ბაჯელიძე, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი, Book City, prospero's books

თბილისის წიგნის ფესტივალი –ის, რაც უნდა ითქვას

$
0
0

1

ყველაფერი კარგი მალე სრულდებაო, ნათქვამია და ეს წიგნის ფესტივალიც ხელში ჩაგვადნა.  ჰოდა, სანამ გამომცემლობები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან, მკითხველები ნადავლს თაროებზე დააბინავებენ და პირველ რიგში წასაკითხ წიგნებს ცალკე გადააწყობენ, სანამ ქართული ბიბლიოსამყარო ჯერ ისევ საფესტივალო რიტმით ცხოვრობს, დროს ვიხელთებ და ჩემს იმპრესიებსაც გაგიზიარებთ.

ფესტივალი იყო სიახლემრავალი, ხალხმრავალი და ხმაურიანი. შიგადაშიგ – ზედმეტად ხმაურიანიც კი… ბუნებრივია, ასეთ თავყრილობაზე სალონურ გარემოს არავინ ითხოვს, მაგრამ პოპულარული გამომცემლობა რომ ხარ, წიგნების კალათა განსაკუთრებული საფესტივალო გამოცემებით გაქვს სავსე და მკითხველთა დიდ ნაკადსაც ელოდები, სულ მცირე, კომფორტულ სტენდსა და ყოჩაღ კონსულტანტებზე მაინც უნდა იზრუნო.

თუმცა ეს მხოლოდ სიცხითა და მოუწესრიგებელი რიგებით გულშეღონებული სტუმრის პოზიციაა, გამომცემლობებს საკუთარი სიმართლე აქვთ, კომფორტული გარემოს შექმნა, ყველაზე მეტად, ალბათ, მათვე აძლევთ ხელს, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც საჭიროა და უკეთესი.

მადლობა ორგანიზატორებს მშვენიერი საფესტივალო კატალოგისთვის. საკატალოგო რევიუებს კონკურსით არჩევენ და ვისაც დიდი თუ მცირე 2ფესტივალების კატალოგებში მოხვედრის ეშხი და მუღამი ესმის, დამეთანხმება, რომ დიდი პატივია და უზომოდ სასიამოვნო. მეორე წელია, რევიუს ვაგზავნი საკონკურსოდ და ძალიან მომწონს,  ჩემი პოსტები Mariefille-ს, სტავროგინის, ბიოს რევიუების გვერდით რომ იბეჭდება.

მადლობა “დიოგენეს“,  “არტანუჯს” და “ინტელექტს” მშვენიერი, ინფორმაციული და მოხერხებული ელექტრონული კატალოგისთვის. განა ის მაწუხებს, რამე არ გამომრჩეს-მეთქი – სანამ ოფიციალური ვებგვერდები და ფეისბუქფეიჯები არსებობს, მოლის (და მოლის მკითხველს) ერთი ახალი წიგნიც არ გამოეპარება, – მაგრამ ელექტრონული გზამკვლევი მაინც სხვაა…

მადლობა “დიოგენეს” ფანტასტიკური, ჭეშმარიტად სადღესასწაულო სეილისთვის. კოლეგა ბლოგერს დავესესხები და ვიტყვი, რომ “დიოგენე” ჭირშიც და ლხინშიც ჩემი “დიოგენეა”. ფასზე არასოდეს ვწუწუნებ, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, თავად გამომცემლობა რომ ზრუნავს მკითხველზე, ერთგულებას უფასებს და სერიოზული დისქაუნთით ანებივრებს.

ჰო, ბარემ იმასაც გეტყვით, ძვირფასო “დიოგენე”, რომ “პრაღის სასაფლაოს” სოლიდური იერი და ჰარდქავერი მოუხდებოდა და მერე რა, თუ ფასი რამდენიმე ლარით მოიმატებს – ავიტანთ როგორმე.3

მადლობა “სულაკაურს” მძიმე შრომისთვის. ეს გამომცემლობა არასოდეს ჩერდება, გამუდმებით გვაწვდის ახალ-ახალ თარგმანს და პალიტრაც ისეთი აქვს, საშენოს ყოველთვის იპოვი… ფანჯიკიძიდან გეიმანამდე, ახალი მურაკამი, წლის 15 საუკეთესო მოთხრობა, კინობიბლიოთეკა და მსოფლიო კლასიკა, ლემი და რუშდი, თანამედროვე ქართული პროზა და უცხოელი მეტრები – რაღაც აუცილებლად დაგაინტერესებს.

მადლობა “აგორას” ფრანგული “პატარა პრინცისთვის”. ჰო, გადავწყვიტე, “პატარა პრინცის” გამოცემები შევაგროვო და თუ მოლის გახარება გინდათ, ამაზე უკეთესს ვერაფერს აჩუქებთ. ენას, ფორმატს და გამოცემის დროს მნიშვნელობა არ აქვს :)

მადლობა “ბიბლუსის” უკრაინელ პარტნიორს. ფასმაც და ხარისხმაც სასიამოვნოდ გამაოცა. იმედია, “ბიბლუსის” ბუქსთორებში ერთი კუთხე ყოველთვის ექნებათ და ახალ-ახალი წიგნების ჩამოზიდვასაც არ დაიზარებენ.

მადლობა გამომცემლობებს ერლენდ რუს, სტიან ჰულეს, ნინო ხარატიშვილის, პატრიკ ვუდკოკის მოწვევისთვის, ყველა გაგებით გემრიელი პრეზენტაციებისა და ავტოგრაფსესიებისთვის. ზუსტად ასეთი რაღაცები ქმნის ფესტივალს, თორემ წიგნის ყიდვა მაღაზიაშიც შეიძლება.

მეტი რა გითხრათ… მოლის ბიბლიოთეკის ახალ შენაძენს სურათებზეც ხედავთ. სადღაც მაქვს თავის დროზე წაკითხული, წიგნის ფესტივალზე ფულის დაზოგვა არაფრით გამოდის, მაინც იმაზე მეტს იყიდი, ვიდრე აპირებდიო და, მგონი, მართალია. “კორალაინი” და “პრაღის სასაფლაო”, “პუტინის 4რუსეთი” და “პატარა პრინცი”, ” ვუდი ალენი და ძია გაბო, ფენტეზი და დეტექტივი, კლასიკა და თანამედროვე პროზა… არა, ფულს სადმე სხვაგან დავზოგავ.

რამდენიმე გამომცემლობას კი მეგობრულად ვურჩევდი, გაეაზრებინათ, რომ სახელგამების, 22-კაპიკიანი უსახური წიგნების, გეგმური განაწილებისა და გეგმური შესყიდვის დრო წავიდა…  ინფორმაციის საუკუნეში ვცხოვრობთ, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ფეისბუქი, თუ არ სმენიათ, უკვე გამოგონილია და მკითხველთან უშულო კონტაქტიც შესაძლებელია. მეტიც – აუცილებელია. არ დაიზაროთ, ძვირფასებო, მკითხველს მოუსმინეთ და რიგები თქვენც დაგიდგებათ.

დასასრულ, ერთ ამბავსაც გეტყვით: ხმები დადის, წიგნის ფესტივალი საახალწლოდაც გაიმართებაო და წარმოიდგინეთ, როგორ მიხარია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მერამდენე წელია, მაინტერესებს, როგორი შეგრძნებაა, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში რომ დაბოდიალობ და არ გცხელა.


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აგორა, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, გამომცემლობა "ინტელექტი", დიოგენე, ელფი, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ოჩოპინტრე, სიესტა, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

ვერანდობა ნაფესტივალევს

$
0
0

_DSC31~1

წუხელ, მორიგი პოსტისთვის თემას რომ ვარჩევდი, ერთი აზრი დამებადა  – წიგნების ფესტივალმა ჩაიარა და აურზაურით, ჟრიამულით,  სირბილით დაქანცულებს, მგონი, არ გვაწყენდა მოლის ვერანდზე თავმოყრა… რას იტყვით? ოღონდ ერთი რამ უნდა გთხოვოთ – რაც არ უნდა იყოს, ლიტერატურის გარეშე მაინც ვერ ვძლებთ და ურიგო არ იქნება, ყველამ ფესტივალზე შეძენილი თითო წიგნი გამოაყოლოს ხელს  – გადავხედავთ, ვინ რითი გაიმდიდრა ბიბლიოთეკა.

მართალია, ზაფხულმა უკვე შემოაღო კარი და თავმოყვარე ხალხი ამ დროს განსაკუთრებით ზრუნავს გარეგნობაზე, მაგრამ ხანდახან დიეტაც უნდა დაივიწყო, ზედმეტი კილოგრამებიც და მუხანათურად დავიწროებული ტანსაცმელიც – ბოლოს და ბოლოს, ტკბილეული ნაცრისფერ უჯრედებს ააქტიურებს თურმე.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ მშვიდ და თბილ საღამოს ვერანდაზე გეპატიჟებით – ფახლავა დავაგემოვნოთ. უარი არ მიიღება – დილიდან ხელებდაკაპიწებული ვშრომობ და ასეთ თავდადებას დამნახავი და დამფასებელი ხომ უნდა?! ათასიოდე კალორია რა სათქმელია?!

სხვათა შორის, თურქეთის ზოგიერთ რეგიონში დღემდე შემორჩენილა ძველი ადათი – გასათხოვარმა ქალმა საქმროს მშობლებს ბაქლავით უნდა მოაწონოს თავი და დაარწმუნოს, რომ მათ ვაჟიშვილს არათუ შიმშილით სიკვდილი არ ემუქრება, გვარიანი ღიპიც გარანტირებული აქვს.

სხვათა შორის, აქამდე არ ვიცოდი და თურქულ-არაბული ძირი ჰქონია – “ბაქლავა“ კაკალს ნიშნავს თურმე. რა გასაკვირია – მოგეხსენებათ, უნიგვზოდ ამ ტკბილეულს ვერ მოამზადებ.

ჰო, ერთი პიკანტური დეტალიც შევიტყვე – ამ სასუსნავს “თურქულ ვიაგრასაც“ ეძახიან თურმე – ორიოდე ნაჭერი ასფურცელა ბაქლავა და ცეცხლოვან ღამეს წინ ვეღარაფერი დაუდგება.

ამბობენ, რომ პირველი ფახლავა 1453 წელს მოუმზადებიათ თავად სულთან ფატიჰისთვის – ასეა ჩამოწიკწიკებული უძველეს სამზარეულო წიგნში და რა ვიცი, ალბათ, მართალია. ჰოდა, ასწლეულების განმავლობაში ბაქლავით თურმე მხოლოდ სამეფო ოჯახი და ნაზირ-ვეზირები იტკბარუნებდნენ პირს; უბრალო მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გამხდარა. თუმცა, ერთი ტრადიციაც ჰქონიათ: რამაზანის დღესასწაულზე, თვის მე-15 დღეს, სულთანი თავის იანიჩრებს იშვიათი ნუგბარით სავსე ლანგრებს უგზავნიდა და  ამ რიტუალს “ბაქლავის დასარიგებელ მსვლელობას“ ეძახდნენ.

მას შემდეგ ტკბილეულის უამრავი რეცეპტი შეუქმნიათ და ყველა – ერთმანეთზე უკეთესი; ბაქლავა არა მარტო მუსლიმანურ სამყაროში, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც გავრცელდა და მრავალი ინგრედიენტი დაემატა, თუმცა ორი მთავარი – თაფლი და ნიგოზი უცვლელია.

ენადაშაქრული თურქი მზარეულები სასუსნავის სხვადასხვა სახეობას აღმოსავლურ ჟღერად სახელებს არქმევენ: “სულთნის სასახლე“, “ბულბულის ბუდე“, “დახვეული ჩალმა“… თქვენ წარმოიდგინეთ, ბაქლავა “ქალის მუცელიც“ არსებობს. ის კი არა, ბაქლავის სახელობის საფეხბურთო მატჩებიც იმართება თურმე; პრიზი, ალბათ, ნუგბარის გიგანტური ულუფა იქნება და რაც ეს წავიკითხე, სერიოზულად ვფიქრობ ფეხბურთელის კარიერაზე, ოღონდ თურქეთში.

მგონი, გვარიანად გამიგრძელდა სიტყვა. ეგებ ახლა თქვენც გეთქვათ რამე – მოგეწონათ დღევანდელი “ვერანდობა“ თუ არა?! რაო, ჩაიო? არა, გეთაყვა, თურქეთში ბაქლავას მხოლოდ წყალს აყოლებენ და ტრადიციას ნურც ჩვენ ვუღალატებთ.

ჰო, მართლა, წიგნების წამოღება ხომ არ დაგვიწყებიათ? აი, დავიბანოთ გატკბილული ხელები და საფესტივალო შენაძენი ერთად გადავათვალიეროთ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აღმოსავლეთი, ბაქლავა, დესერტი, თაფლი, თურქეთი, თურქული ვიაგრა, იანიჩარი, მოლის ვერანდა, მოლის ზამთრის ბაღი, ნიგოზი, რამაზანი, სულთანი ფატიჰი, ტკბილეული

საბავშვო კლასიკა

$
0
0

4

წიგნის ფესტივალის შემაჯამებელ პოსტში, ბოლო დღეს, ცხელ-ცხელი ემოციების კვალდაკვალ რომ დავწერე და ყველას მადლობა გადავუხადე, ქარჩხაძის გამომცემლობა არ მიხსენებია.

არადა, იმდენი სიახლე ჰქონდათ, წესით, გვარიანი აბზაცი უნდა დამეთმო, მაგრამ ის სიახლეები ფესტივალამდე მოვაცუხცუხე შინ, “ბუქ სითისაც” ხშირად ვსტუმრობ… მოკლედ, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ბოდიალისას არც გამომცემლობა შემიწუხებია და არც ჩემი საყვარელი მაღაზია. გვერდით ჩავუარე და ხელი დავუქნიე :)

სამაგიეროდ, ახლა მოგიყვებით. ერთ წიგნზე კი არა, მთელს ბიბლიოსერიაზე.

ჩემი საბავშვო კოლექციის ამბავი გეცოდინებათ. იზრდება, ივსება, მრავლდება. ორ თაროზე თუ ეტეოდა, ახლა ხუთი აღარ ჰყოფნის. თუ გაჭირდა ერთ-ორ სკოლას ისე მოემსახურება, საკითხავის ნაკლებობას ვერავინ იგრძნობს.

ჰოდა, რა დიდი მტკიცება უნდა, რომ ფერად-ფერად “საბავშვო კლასიკას” უყურადღებოდ არ დავტოვებდი.

მოლის ბიბლიომეხსიერებას თუ ენდობით, აშკარად ყველაზე სოლიდური, მდიდრული, სასაჩუქრე, საკოლექციო სერიაა. ფასიც შესაბამისია და ნამდვილად აქვს აზრი, ფასდაკლების აქციებს მიადევნოთ თვალი.

ჯერჯერობით ოთხი ტომია გამოსული და ოთხივე ისეთია, დამიჯერეთ, თითოზე თითო პოსტი დაიწერებოდა.  “პიტერ პენი”, კიპლინგის ზღაპრები, ქენეთ გრემი და ედუარდ ლირი…  კლასიკაა, აბა რა.

3

ჩემს ბავშვობაში პიტერ პენი მაინცდამაინც პოპულარული არ იყო. უფრო კარლსონის, პეპის, სალტკროკელებს, ვინი ფუუჰს, ნილსს, ბურატინოს, ჩიპოლინოს ვიცნობდით. სამაგიეროდ, ახლა თარგმნიან ხშირად და ხალისით. შინ რამდენიმე გამოცემა მიდევს, მაგრამ ეს “პიტერ პენი და ვენდი” სრული, არაადაპტირებული ვერსიაა, მშვენივრად თარგმნილი და დასურათებული, თუმცა ილუსტრაციებს მოგვიანებით დავუბრუნდები – ერთი წინადადებით სახსენებელი ნამდვილად არ არის.

კიპლინგს ჩვენი პატარა მკითხველები “ჯუნგლების წიგნით” იცნობენ, “დიოგენეს ბიბლიოთეკის” შარშან გადმოქართულებული “კიმიც” უფრო მოზარდებისთვისაა… ჰოდა,  ამ ღრმად პატივიცემულ ნობელიანტს მაუგლის, ბალუს, ბაგირას, კაას ამბების გარდა ისეთი ზღაპრებიც აქვს დაწერილი, თითებს ჩაიკვნეტ.

როგორ შეიძინა აქლემმა კუზი, რატომ აქვს ლეოპარდს ლაქები, როგორ იშოვა მარტორქამ ასეთი ტყავი, როგორ შეიქმნა ანბანი და ლეგენდარული კატა, რომელიც თავისუფლად დაეხეტებოდა… ღრმა ბავშვობაში მაქვს წაკითხული, ადაპტირებული ინგლისური ტექსტი და, კატები, მგონი, მას მერე მიყვარს.

სხვათა შორის, მთარგმნელი ანი მოსულიშვილია, მიხო მოსულიშვილის ქალიშვილი, გადასარევი მოქართულე და გადასარევი გოგო და “აი ასეთი ამბებიც” წლევანდელი “საბას” ლონგლისტში მოხვდა. ცხვირი მიგრძნობს, ამას არ იკმარებს და უფრო შორსაც წავა.

ქენეთ გრემის, რომ არ მოგატყუოთ, ბევრი არაფერი წამიკითხავს. უფრო სწორად, საერთოდ არაფერი წამიკითხავს და, საერთოდაც, ქართულად პირველად თარგმნეს. არადა, თურმე “ქარი ტირიფებში” მისი Magnum Opus-ია.  თხუნელას, წყლის ვირთხის, გომბეშოს და მაჩვის ამბებია. ოღონდ სასაცილოზე სასაცილო, შოტლანდიური იუმორით დაწერილი და შოტლანდია როგორ მიყვარს, კი გეცოდინებათ.

Peter Pen & Wendy.indd

მეოთხე ედუარდ ლირის “ბუკნაჭო და ფისუნა და სხვა აბდაუბდა ლექსებია“. ახლა ჩემი ამბავი ხომ იცით, პოეზიას პროზა მირჩევნია და უფრო გამიხარდებოდა, რომელიმე უცნობი ან ნაცნობი მწერლის მოთხრობებით გაძეძგილი ბუთქუნა ტომი მიემატებინათ, მაგრამ სერიას მშვენიერი რედაქტორები ჰყავს და თავად უკეთ მოეხსენებათ, რა ჯობია.

ჰოდა, გაფორმება… ოთხივე წიგნი რობერტ ინგპენის ორიგინალი ილუსტრაციებით არის დასურათებული და დედას გეფიცებით, ისეთი ნახატებია, ერთ წიგნს რომ აიწონის. ისე არ გამიგოთ, ჩვენს ილუსტრატორებს ცხვირს ვუბზუებდე…  მშვენივრად ხატავენ და აგერ, სამამულო “მიუნჰაუზენი” ბარე ორ გერმანულს აჯობებს, მაგრამ ორიგინალი მაინც სხვაა და როგორც ბლოგოსფეროს საბავშვო ლიტერატურის ექსპერტი ძია ვეიდერი ამბობს, ავტორს და მხატვარს ერთადერთი სქრინით რომ იცნობ, ის წიგნი კარგი წიგნია.

და ძვირფასო რედაქტორებო, ბარემ საქვეყნოდ გთხოვთ, არ შეწყვიტოთ ეს სერია, ეგებ ათ ტომამდე მაინც მიიყვანოთ “საბავშვო კლასიკა”, ერთი თარო საგანგებოდ თქვენთვის გავათავისუფლე და ცარიელს ნუ დამიტოვებთ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: "საბა", ანი მოსულიშვილი, ბიბლიო-სერიები, ედუარდ ლირი, ზღაპრები, თბილისის წიგნის ფესტივალი, მიხო მოსულიშვილი, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, პიტერ პენი და ვენდი, რადიარდ კიპლინგი, რობერტ ინგპენი, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო კლასიკა, საბავშვო ლექსები, საბავშვო ლიტერატურა, ქარი ტირიფებში, ქარჩხაძის გამომცემლობა, ქენეთ გრემი, ჯეიმს მეთიუ ბარი, Book City

კორალაინი –ბავშვობა კარს მიღმა

$
0
0

A - Coraline

ნეტავ, ვინმემ თუ იცის, როდის მთავრდება ბავშვობა?! მე მგონია, რომ ეს დრო ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა; ზოგისთვის ადრე დგება, ზოგისთვის – გვიან; ვიღაცები პირდაპირ მოხუცებად იბადებიან, ვიღაცები – მთელი ცხოვრება ბავშვებად რჩებიან, მავანისთვის კი მუდამ არსებობს კარი, რომელსაც შეაღებ და მაშინვე შორეულ სიყრმეში ამოჰყოფ თავს…

ჰოდა, ნილ გეიმანის “კორალაინი“ ზუსტად ის კარია, რომლის მიღმა შენი ბავშვობა გელოდება, ოღონდ, სანამ შეხვიდოდე, ფანრის მომარჯვება არ უნდა დაგავიწყდეს – ცოტა შეგეშინდება და იმიტომ.

თავად კორალაინსაც ეშინია, გგონია, არა? თან სულ პატარა, გაკნაჭული გოგოა და იმხელა ხიფათში გაეხვევა – კუდიანთან უწევს ბრძოლა; თან ეს ტრადიციული კუდიანი არ გეგონოთ, სიბერისგან წელში მოხრილი, თმაჭაღარა, ცოცხით ხელში – არა, ჩვეულებრივი ქალია, ერთი ეგაა, თვალები ღილისა აქვს და კორალაინს ეუბნება, შენი დედა ვარო; თან ცუდი დედაც არაა, ეფერება, ეალერსება და გემრიელი შემწვარი ქათმის უზარმაზარი ულუფებით უმასპინძლდება… ნამდვილ დედას კი სადილის მოსამზადებლად არასოდეს სცალია, ძირითადად, მამა მზარეულობს ხოლმე და პიცა სანახევროდ უმი გამოსდის, სანახევროდ – დამწვარი; თანაც ორივე ისეთი დაკავებულია, ისეთი… იმიტომაცაა, ეს ჩვენი გოგო აქეთ-იქით რომ დაბოდიალობს და იმ ბედნავსი გაუქმებული კარის მიღმა შერგავს ცნობისმოყვარე ცხვირს.

აი, სწორედ მაშინ იწყება, რაც იწყება – ერთგული მეგობარი კატა რომ არა, როგორ დაიხსნის პატარა კორალაინი შუშის ბურთებში მომწყვდეულ სულებს, როგორ გადაარჩენს დატყვევებულს დედ-მამას და როგორ გაუმკლავდება ალისფერფრჩხილებიან ხელს, კაცმა არ იცის… სიუჟეტი ცოტათი წააგავს კოშმარულ სიზმარს, ოღონდ შუა გზაზე არ გამოგეღვიძება – ბნელი ლაბირინთი ბოლომდე უნდა გაიარო და წინასწარ ვერავინ გეტყვის, გამოაღწევ თუ არა.

ნუ იფიქრებთ, რომ ავტორი რამე ორიგინალურს ამბობს – უსიყვარულოდ ადამიანი ურჩხულად რომ იქცევა, ამაში ახალი არაფერია; ყველას თავისი წილი სიყვარული სჭირდება ამ მზისქვეშეთში სულის გადასარჩენად.

ეს ნარნია არ გეგონოთ, არც, მითუმეტეს, ალისას მიწისქვეშეთი – ეს უჩვეულო ზღაპარია, ერთდროულად სახიფათო, საშიში, მიმზიდველი და თავბრუდამხვევი; დაიწყებ და რომ დაასრულებ, მერეღა მიხვდები, რამდენ ხანს მჯდარხარ სუნთქვაშეკრული; აქ ნილ გეიმანის სამყაროა, ალაგ-ალაგ ყოვლად არაბავშვურად გროტესკული და, ბედნიერი დასასრულის მიუხედავად, რაღაცნაირი სევდით გაჯერებული; დიდი, შავი გასაღები კი, რომელსაც კორალაინი კისერზე შებმულს დაატარებს, ამ სამყაროსკენ მიმავალ კარს აღებს.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კორალაინ ჯონსი, კორალაინი, ლელა ფიროსმანიშვილი, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, ნილ გეიმანი, პროზა, ჟანრული პროზა, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო ლიტერატურა, ფენტეზი, ქართული თარგმანი

“შემოხაზე ცხრა –შეიძინე ძმა”, შორტი და სხვა ამბები

$
0
0

 

elections cartoon

პოლიტიკური პოსტები არ მიყვარს.

ახლა ისე ნუ გამიგებთ, პოლიტიკა არ მაინტერესებდეს. უბრალოდ, სხვა რაღაცებზე წერა მირჩევნია.

მეოთხე წელია, მოლის ბლოგი მკითხველებს მასპინძლობს და მეოთხე წელია, ველოდები, როდის მომწერს მავანი აჟიტირებული ვიზიტორი – რა გააწყალე გული ამ წიგნებით, რა დროს კარლსონი და ჩიპოლინოა, ქვეყანა გვენგრევა თავზეო.

ამას წინათ მაშო სამადაშვილის ამ გადასარევ ვიდეომიმართვას მოვუსმინე და დავმშვიდდი – აშკარად არც ისე ძალიან ვცდები, პოლიტიკური ქარიშხლების დროსაც წიგნებზე რომ გიყვებით; თანამოაზრეები მყოლია და თანაც, ფრიად ანგარიშგასაწევი.

თუმცა წესს რომ გამონაკლისი ადასტურებს, გეცოდინებათ. ახლა ყველგან პოსტსაარჩევნო თუხთუხია და მოდი, მეც დავწერ ერთ აპოლიტიკურ პოლიტიკურ პოსტს.

ოფიციალურ სტატისტიკას, ანალიტიკას, ცხელ-ცხელ რევიუებს საინფორმაციო პორტალები, სააგენტოები, ოფიციალური ფეისბუქ-ფეიჯები და Upper class პოლიტსელებრითები არ მოგაკლებენ. მე სხვა ამბებზე მოვყვები.

ქართული არჩევნები, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გვექცა რუტინად. ქართული არჩევნები დრამაა, ტრაგიკული ელემენტებით, შიგადაშიგ ტრაგიკომედიაში რომ გადადის და ნამდვილ ფარსს ემსგავსება.

სასაცილო რა უნდა იყოს არჩევნებშიო, თუ გაიკვირვებთ,  აგერ, ბატონო, ერთგან შორტიან ამომრჩეველს არ მიაცემინეს ხმა, წადი, გამოიცვალე და მოდიო, მეორეგან ძაღლი ძლივს გაიყვანეს საარჩევნო უბნიდან, ვიღაცები პარლამენტს ირჩევდნენ დღეს, ვიღაცები – პრეზიდენტს… სასაცილოც არის და სატირალიც.

ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების (რიგით მეცხრეს, თუ არაფერი მეშლება) საარჩევნო პოსტერები მოიძიეთ… ნახევარი ფეისბუქი იმას ამტკიცებდა, ფოტოშოპია ეგო, ასეთ სურათებს სრულ გონზე არავინ დადებდაო… კაცმა არ იცის, იქნებ მართლაც ფეიკი იყო, ან ცხრიანის პიარტექნოლოგებმა ეშმაკური სვლა მოიფიქრეს – ეგებ ასე მაინც დავამახსოვროთ ხალხს თავი, ყველას ნორმალური სურათები ექნება და ჩვენ განსხვავებულები გამოვჩნდებითო – რას არ იზამს კაცი პოპულარობის გამო.

ან სლოგანები… “აბა, თქვენ იცით, თბილისელებო”-ს ავტორი, ახალგაზრდობაში, სავარაუდოდ, “А ну-ка, девушки”-ს უყურებდა, “კომუნისტს” და “სოფლის ცხოვრებას” კითხულობდა და იქედან გამოყოლილი პათოსია…

ან მეორე – ლექსად ამოთქმული – ” შემოხაზე ცხრა – შეიძინე ძმა”. პოლიტიკური მესიჯიც იყო და დემოგრაფიულ პრობლემასაც აგვარებდა.

ამათ ფონზე სლოგანი-ამინდის პროგნოზი – “თბილისო, შენთვის გამოიდარებს” – ლამის პიარ–ტექნოლოგიების  კლასიკად და ეტალონად ჩაითვალა. თან წვიმიან ზაფხულში სხვანაირად აქტუალური იყო – ესეც ვაღიაროთ.

ისე, არ იქნებოდა ურიგო, (რაღა დროსია, მაგრამ მაინც) კანდიდატებისთვის გვეკითხა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი შორიდან მაინც თუ ჰქონდათ ნანახი, ან კონსტიტუცია ბოლოს როდის გადაიკითხეს.

მოკლედ, ძალიან რომ არ დავსერიოზულდეთ, ერთ ამბავს მოგიყვებით. საუკუნის წინ მოვისმინე და აღარც მახსოვს, ვინ მოყვა და სად, მაგრამ გემრიელად კი მაცინა.

ერთ შუააზიურ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა. კანდიდატი იყო ორი – მოქმედი პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი. ჰოდა, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნიდან ახალგამოსულ, ლოტოს კოჭივით ჩამრგვალებულ ოპოზიციონერ კანდიდატს იქაურმა ტელეჟურნალისტმა ჯიქურ აჯახა ჩამჭრელი კითხვა –  “За кого вы проголосовали”-ო.

ხომ მამალი სისულელეა,  პრეზიდენტობის მოქმედ კანდიდატს რომ ეკითხები, ხმა ვის მიეციო, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით არის სისულელე და იმ ჟურნალისტმაც ძალიან კარგად იცოდა, სად ცხოვრობდა და ვის ეკითხებოდა, იმიტომ, რომ ყურებამდე გაკრეჭილმა ოპოზიციის ლიდერმა ისე უპასუხა, თვალიც არ დაუხამხამებია:

- Конечно, за господина президента.

ჩვენ კიდევ სლოგანებს ვიწუნებთ…


Filed under: მოქალაქე ბლუმი Tagged: ამომრჩეველი, არჩევნები, მოქალაქე ბლუმი, პოლიტიკა, პოლიტიკოსები, სააგიტაციო პლაკატი, საარჩევნო სლოგანი, საარჩევნო უბანი, წინასაარჩევნო კამპანია

“წიგნები ბათუმში”პირველ დაბადების დღეს იხდის

$
0
0

books in batumi - 3

ბათუმის სიყვარულისთვის მუდამ ათასი მიზეზი მქონდა და კიდევ ერთის დამატება არც მიფიქრია – თავისთავად მოხდა ასე, შარშან, ქალაქის მთავარ ქუჩაზე “წიგნები ბათუმში“ რომ გაიხსნა.

ბუქსთორი, მადლობა ღმერთს, იშვიათობა აღარ არის ჩვენში, აღარც ახალი წიგნებია სანთლით საძებარი და ტალონებზე საყიდელი; მაგრამ აქ, ამ მაღაზიაში, ყველაფერი სხვანაირი და განსაკუთრებულია.

საღამო ხანს განსაკუთრებით მიყვარს იქ მისვლა… მიუახლოვდები და უცებ დაინახავ გარეთ, ყვავილის ქოთნებთან, ჩამომჯდარ ირაკლის, ზამთარ-ზაფხულ უსინდისოდ გარუჯულს; მარტო არასოდეს არის – აუცილებლად აქვეა მისი რომელიმე მეგობარიც და თუ ბედმა გაგიღიმა და ვერ შეგამჩნიეს, უნდა იდგე და უსმინო – როგორც წესი, წიგნებზე ლაპარაკობენ.

აი, თუ იმ დროს მიხვედი, როცა დაბნეული მყიდველია შემოსული და არ იცის, რა აარჩიოს, როგორმე უნდა მოახერხო და შეუმჩნეველი დარჩე – ამას სხვაგან ვერსად ნახავ; მხოლოდ ირაკლის შეუძლია, ისე ილაპარაკოს თითოეულ წიგნზე, თვალებანთებულმა, ისე გაგიზიაროს საკუთარი იმპრესიები, რომ არათუ წაუკითხავი, უკვე წაკითხული წიგნების თაროდან მოხვეტა და სახლში წაღებაც კი მოგანდომოს.

მარი ამ დროს სადღაც იქვე ტრიალებს – საქმეს რა გამოულევთ; თუმცა, შეიძლება, იატაკზე იჯდეს, მიყრილ-მოყრილ ბალიშებს შორის, მუხლებზე ლეპტოპით, ან სარწეველა სავარძელში, წიგნის კითხვით გართული და ზოგჯერ ირაკლისკენ მიპყრობილი მისი მზერა თუ დაიჭირე, გული აუცილებლად გაგითბება.

რაც მთავარია, დედამიწის ზურგზე მხოლოდ აქ ნახავთ პატარა პრინცესა ლეას – სასაცილო კიჭებით და ძალიან საყვარელი ღიმილით, მძიმედ რომ დაბაჯბაჯებს თაროების გასწვრივ და ცდილობს, რამეს წაატანოს ხელი – რა ქნას ბავშვმა, წიგნების სიყვარული ორმაგი მემკვიდრეობით ერგო წილად.

შაბათს, 21 ივნისს, “წიგნები ბათუმში“ იუბილარია – მთელი ერთი წელი უსრულდება. წარმომიდგენია, როგორ ღელავენ მარი და ირაკლი, როგორ განიცდიან თითოეულ წვრილმანს და უმცირეს დეტალებზეც კი როგორ ზრუნავენ. ჯერ, რასაკვირველია, მინდა, მთელი გულით მივულოცო დაბადების დღე, მერე კი ვუთხრა, რომ სადარდებელი არაფერია – დღესასწაული ძალიან კარგად ჩაივლის და მარტო იმიტომ კი არა, რომ 10-30%-იანი ფასდაკლება გამოცხადდება; არც იმიტომ, რომ ნაშუადღევს ბავშვების ნახატების გამოფენა მოეწყობა; გათამაშება და ორი 50-ლარიანი ვაუჩერიც არაფერ შუაშია; თქვენ წარმოიდგინეთ, არც საღამოს კონცერტი, არც უზარმაზარი და უგემრიელესი ტორტი და არც სამახსოვრო საჩუქრები – ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბო, ხალისი და სიყვარულია, რომლითაც მარი და ირაკლი ამ საქმეს აკეთებენ; ის ბედნიერებაა, რომელსაც გრძნობენ აქ ფუსფუსის დროს და დაუნანებლად უნაწილებენ ყველას, ვინც მათ ზღურბლს გადააბიჯებს.

გილოცავთ, ჩემო კარგებო!

ძალიან უხდებით ბათუმს.

და ძალიან აკლიხართ თბილისს.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ბათუმი, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, ირაკლი ბაკურიძე, ლეა ბაკურიძე, მარი კორინთელი, მოლის წისქვილი, ღია კაფე, წიგნები ბათუმში, Books in Batumi

სტივენ კინგის ვირუსი

$
0
0

stephen king. The Mist

ქართულ გამომცემლობებს “სტივენ კინგის ვირუსი”  შეეყარათ-მეთქი, რომ გითხრათ, ოდნავ, სულ ოდნავ გადავაჭარბებ.

თუ არ გჯერათ, თავად დათვალეთ.

დიოგენემ” ოთხი ბუთქუნა ტომი ხომ გამოსცა, “ბნელი კოშკის” სერიაც დაქოქა და “მისტერ მერსედესის“, ცინცხალი, ჯერაც გამოუქვეყნებელი რომანის, ქართულ თარგმანსაც გვპირდება – ბევრი არ დააგვიანდებაო.

პალიტრამ” ჯერ “და ბუა მოვიდა…” გადმოაქართულა, მერე – “უიმედოთა ქალაქი” და სულ ახლახან, საფესტივალოდ, ისეთი თითებჩასაკვნეტი საკითხავი ამოაცოცა კალათიდან, თქვენი მოწონებული.

ჰო, “ნისლზე” გიყვებით. კინგის მოთხრობების კრებულზე.

ამ კვირადღეს ფეხი არსად გამიდგამს. ვირუსისა რა მოგახსენოთ და ცოტა კი შემაცია. ჰოდა, ვიწექი შინ ნებივრად, ნიგვზიანი ბადრიჯნის დიეტაზე გახლდით (ოჯახის ექიმმა გამომიწერა ნაცნობობით), ველოდებოდი ფეხბურთს და ვკითხულობდი ერთიმეორეზე გულისგასახეთქ ამბებს.

თარგმანის ამბავი თუ გაფიქრებთ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ – ნიკა სამუშიაა მთარგმნელი, ჩვენი მთავარი კინგოლოგი, ჩინებული მოქართულე, და მისი გვარ-სახელი რომ ხარისხის ნიშანია, ყველამ იცის.

კლასიკას არაფერს ვერჩი, მაგრამ თანამედროვე მწერალს ასე ხშირად რომ თარგმნიან, ძალიან კარგია. მე-18 საუკუნით არ ვცოცხლობთ, ანუ.

ოცდაორი ტექსტია კრებულში და “ნისლით” იწყება – კინგის გახმაურებული მოთხრობით. “ნისლის” მიხედვით ფილმიც გადაუღიათ და ლეგენდარული კომპიუტერული თამაშების – Half-life-ის და Silent Hill-ის ინსპირაციაც გამხდარა, თავად მოთხრობასაც გაუთქვამს სახელი და არა მგონია, სიუჟეტი არ იცოდეთ, მაგრამ ვაითუ ისეთმა  მკითხველმა შემოგვიაროს, მისალოცად რომ აქვს საქმე და  ჯერ არ წაუკითხავს. ჰოდა, მოგიყვებით.

კომპოზიცია კლასიკურია, ჰორორის ნებისმიერ მოყვარულს რომ აღაფრთოვანებს, ისეთი: პატარა ამერიკული ქალაქი, უცნაური ნისლი, სადაც მონსტრები ბუდობენ, სუპერმარკეტში შეხიზნული ადამიანები, ამაოდ რომ ეძებენ ხსნას და უიმედობის საშინელი განცდა…

ამას კინგის ოსტატობა დაუმატეთ და ისეთ საკითხავს მიიღებთ, უკანასკნელ ფურცლამდე რომ ვერ მოსწყვეტთ თვალს.

ჰო, წიგნის ფინალი ფილმისას არ ემთხვევა. ფინალი გაოგნებულებს დაგტოვებთ, გპირდებით. აბა, რას ელოდით – კინგია, ვინმე მოცლილი გრაფომანი კი არა.

კიდევ “ღმერთების ტექსტ-პროცესორს” გირჩევთ, “მაიმუნს”, “მისის ტოდის მოკლე გზას”, “მერძევეს”… რომელი ერთი დავასახელო… ისეთია ეს ბუთქუნა წიგნი, თავიდან უნდა მიჰყვე და ბოლომდე სულმოუთქმელად ჩააბულბულო.

და შესავალი და ბოლოთქმა… ეგ რაღა წასაკითხიაო, იფიქრებს ვინმე, ასეთი მოთხრობების ფონზე შესავალი და ბოლოთქმა რა მოსატანიაო, მაგრამ, დამიჯერეთ, არ არის გამოსატოვებელი. ჩათვალეთ, რომ ცალკე მოთხრობაა. კინგთან სულ ასეა.

მოკლედ, მოლის თუ ენდობით, არ არის ხელიდან გასაშვები წიგნი. თან ზაფხული მოდის, შვებულების, დასვენების, ამო საკითხავის დრო და საშვებულებოდ წიგნების გადაწყობას რომ დაიწყებთ, “ნისლი” არ გამოგრჩეთ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: და ბუა მოვიდა, დიოგენე, მისტერ მერსედესი, მოლის ბიბლიოთეკა, ნიკა სამუშია, ნისლი, პალიტრა L, პროზა, ჟანრული პროზა, საშინელებათა ჟანრი, სტივენ კინგი, უიმედოთა ქალაქი, ქართული თარგმანი, Horror

გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა

$
0
0

kim georgian edition

პირველად დაიბეჭდა თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში.

 

მოგზაურობა გიყვართ? ოღონდ ცივილიზებულ ქვეყნებში კომფორტულ გადაადგილებას არ ვგულისხმობ, ბოინგით რომ ჩაფრინდები რომელიმე თანამედროვე აეროპორტში, სასტუმროში მისრიალდები, ცხელ შხაპს მიიღებ და ქალაქის ღირშესანიშნაობათა დასათვალიერებლად გასწევ კოხტად გამოწყობილი, ასფალტ-ასფალტ. საღამოს კი რესტორანში გაიჯგიმები ოფიციანტის მოლოდინში, მუხლზე ქათქათა ხელსახოცგადაფენილი.

მე სხვა სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით, ხმაურიან, ფერად, ათასი ჯურის მაწანწალით, სიქჰებით, სიფაიებით, რიქშებით დასახლებულ სამყაროში, სადაც ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთი და დასავლეთი, სადაც ქუჩები სავსეა ხმამაღალი გადაძახილით, ბაზარში ტროპიკული ხილის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს და ვიწრო შუკაში მოულოდნელი ხიფათია ჩასაფრებული; აქ ვერავის ენდობი, რადგან ვერასოდეს გაიგებ, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე, ვინ ინგლისის ჯაშუშია და ვინ – რუსეთის… ეს ინგლისელი ნობელიანტის – რედიარდ კიპლინგის ინდოეთია.

აქ, ქალაქ ლაჰორში, პატარა ობოლი ცხოვრობს, კიმბოლ ო’ჰარა, ინდოელი ქალისა და ირლანდიელი მედროშის პირმშო, გონიერი და გამჭრიახი ბიჭი, ზამ-ზამაჰის დიდი ქვემეხის ლულაზე დიდკაცურად ჯდომა რომ უყვარს – აკი ამბობენ, ვინც ამ “ცეცხლისმფრქვეველ გველეშაპს” დაეპატრონება,  ჩათვალოს, მთელი პანჯაბი მისიაო. ჰოდა, ისიც ზის არხეინად, ელოდება მწვანე მდელოზე წითელი ხარის გამოჩენას, ოღონდ ჯერ არ იცის, ბედი ტიბეტელ ლამასთან შეხვედრას რომ უმზადებს; არც ის იცის, იმ დღიდან ყველაფერი რომ შეიცვლება და მისი ცხოვრება ერთ დიდ თავგადასავლად იქცევა.

კიმი მაუგლია, ეული და მიუსაფარი, ოღონდ მგლების ნაცვლად უცხო ადამიანების ხელში მოხვედრილი და თავისი გონიერების წყალობით პოლიტიკურ შპიონაჟში ჩაბმული, ათას ფათერაკს გადაყრილი და გადარჩენილი…. არადა, ყველაფერი სულ უბრალოდ იწყება – ერთი თეთრი ბედაურის გენეალოგიით, საიდუმლოებით მოცულ ავღანელ ჩოდარს, მაჰბუბ ალის, პოლკოვნიკ კრეიტონისთვის რომ შეუგულებია.

და იწყება “დიდ თამაშად” წოდებული ხიფათიანი გზა, საიდანაც უკან ვერ დაიხევ – ერთი თუ დაადექი, ბოლომდე უნდა გაიარო. კიმს კი სხვაზე მეტად გაუმართლა ამ გზაზე – მოხუცი მოძღვარი ახლავს და თუ ბიჭი სხეულის საყრდენად გამოსდგომია ლამას, თავად სულიერი საყრდენია, საიმედო და უღალატო.

ჰოდა, ჩვენც მივყვებით ამ უცნაურ წყვილს, მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, ვისუნთქავთ უჩვეულო არომატებით გაჯერებულ ჰაერს, სმენაგაფაციცებულნი ვუსმენთ მასონთა და მსტოვართა ღამეულ ჩურჩულს და ნელ-ნელა ვეზიარებით იმ მომნუსხველ სამყაროს, კიპლინგის ინდოეთი რომ ჰქვია.


Filed under: ლიტერატურული კონკურსები Tagged: გია ჭუმბურიძე, დაზვერვა, დიდი თამაში, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ზაზა ჭილაძე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ინდოეთი, კატალოგი, კიმი, ლალი ჭინჭარაული, ლიტერატურული კონკურსი, პოლიტიკა, პროზა, რადიარდ კიპლინგი, რუსეთი, ქართული თარგმანი, შპიონაჟი

დაკეტილია სექტემბრამდე

$
0
0

 

summer-vacation-graphics_21-444

მოლის დასვენების დროც მოვიდა.

სექტემბრამდე ბლოგერულ შვებულებაში გავდივარ.

ოღონდ არ მითხრათ ახლა, რა დროს არდადეგებიაო, კითხვა ახლა დავიწყეთო, ორი თვე ნამეტანიაო და, საერთოდ, ისედაც ცოტას წერდი და სულაც არ დაღლილხარო…

ჰო, მართალია,  წელს უფრო ადამიანურ ფორმატზე გადავედი და ამოვისუნთქე, მაგრამ კვირაში ორ პოსტსაც მუშაობა სჭირდება; აბა, ნახევარფაბრიკატებს ხომ არ ვაკადრებ ოქროსავით მკითხველს?!

თან ფეხბურთია, ეს ოხერი… ჭეშმარიტი სნობები ამტკიცებენ, ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ახლა იწყებაო. ჩემი ფავორიტები კი გაიკრიფნენ ბრაზილიიდან, მაგრამ მუნდიალი მაინც მუნდიალია და ვერაფრით გამოვტოვებ. ხომ ხედავთ, რა მერვედფინალებია, წყვეტა-გლეჯაა სტადიონებზე; ხმა მომივიდა, მეოთხედფინალები კიდევ უფრო მაგარი იქნებაო და მინდა, მშვიდად ვუყურო, ყავის, სიგარეტისა და ალუბლის ტორტის თანხლებით, ისე, რომ  წამდაუწუმ საათისკენ არ გამირბოდეს თვალი – ემანდ პოსტის გამოქვყნების დრო არ გამომეპაროს-მეთქი და მერე გულგახეთქილს არ მიწევდეს წამოვარდნა – ვაიმე, ხუთი წუთიღა დარჩენილა-მეთქი; სულო ცოდვილო, კი დამემართა ერთხელ.

გგონიათ, ეს ორი თვე გულხელდაკრეფილი ვიჯდები? ნეტავ ასე იყოს… ათასი საქმეა ბლოგზე. ეს – შესარემონტებელი, ის – გადასაღები, იქით -თარო მისაჭედებელი, აქეთ – აბლაბუდა ჩამოსაწმენდი… ახალ სეზონს განახლებულ-გაწიკწიკებული უნდა შეხვდეო, ფინიკიელ ბლოგერებს უთქვამთ და მე რა მომასვენებს… ერთ მასშტაბურ, კარგა ხნის წინ ჩაფიქრებულ პროექტსაც უნდა მოვაბა თავი და თუ ყველაფერი გამოვიდა,  შემოდგომაზე ნახავთ და შეგეცოდებით – რამდენი უმუშავია, საწყალს, სული მაინც მოეთქვაო. ეგებ,  რომელიმე თქვენგანმა ტკბილეულიც კი მომიკითხოს – ენერგიის აღსადგენად დაგჭირდებაო.

მოკლედ, მივდივარ მე და აქაურობას თქვენ გიტოვებთ. გალერეაში რამდენიმე ახალი ნახატია,  ვერანდაზე – ახალი სასუსნავი, გაბრაზებული პოსტები აქაა, წიგნები სადაც აწყვია, კი იცით. დამწყებმა (და არამხოლოდ) ქინდლომანებმა აქ შემოიხედეთ. ამაზონი მალე ახალ რიდერსაც მოაბამს თავს და განვაახლებთ…

ეს ორი თვეც მალე გაივლის. 13 ივლისამდე მოლის ბლოგი ისედაც არ გაგახსენდებათ, I’m sure, თან გამოცდებია, ზოგი აბარებს, ზოგი იბარებს, ზოგიც გულშემატკივრობს… მერე თქვენი შვებულების დროც მოვა, ზღვაზე გაცვივდებით, ან მთაში, ევროპას მოედებით,  ჩამოხვალთ დასვენებულები, გამოფენთ ფეისბუქზე ფოტოსამხილებს, მოჰყვებით ათას ტყუილს და მართალს და წიგნებისთვის რომ მოიცლით და ბუქსთორებში რა ხდება ახალი და კარგიო, რომ იკითხავთ,  ცინცხალ პოსტსაც შემოგაშველებთ.

კაცმა რომ თქვას, რაღა დროს ჩვენი სკოლა და ასეთი ამბებია, მაგრამ წელს ემთხვევა და რატომაც არა… ყველას ბედნიერ საზაფხულო არდადეგებს გისურვებთ და პირველ სექტემბერს ჩემს ვერანდაზე გელოდებით.

გკოცნით,

თქვენი მოლი


Filed under: მე - მოლი ბლუმი, Molly Bloom's Day Tagged: აგვისტო, არდადეგები, ბლოგი, ბლოგინგი, ბლოგოსფერო, ზაფხული, მეხუთე სეზონი, მოლი ბლუმი, მოლი ბლუმის ბლოგი, პირველი სექტემბერი, ფეხბურთი, შვებულება, FIFA World Cup, Molly Bloom's Day, vacances d'été

მოლი და სანაყინეები

$
0
0
luka polare Frozen yogurt

“ლუკა პოლარეს” პოლარული იოგურტი

ოდინდელი ადათია, ახალი ბლოგერული სეზონის პირველ დღეს მე და ჩემი ერთგული მკითხველები ვერანდაზე ან ზამთრის ბაღში ვიკრიბებით, მორიგ დელიკატესს ვაგემოვნებთ და ამბებს ვყვებით.

დღეს ამ ტრადიციას ოდნავ გადავუხვევ და სანაყინეებზე გიამბობთ. მოლის სანაყინეებზე. თუმცა გადახვევა არც ეთქმის – სასუსნავი და სანაყინე რამ გაყო. ზაფხული ისეთი ცხელი და გრძელი გამოდგა, სულ ცივ-ცივ რაღაცებზე გეფიქრება კაცს.

ვერ დამარწმუნებთ, რომ ბავშვობაში სანაყინე თქვენი უსაყვარლესი ადგილი არ ყოფილა ) არ ვიცი, იქნებ სადმე არიან კიდეც პატარები, რომლებიც ამ ყოველმხრივ გადასარევ დაწესებულებას გულგრილად ჩაუვლიან, მაგრამ მე არ შემხვედრია ) ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის სანაყინე განსაკუთრებული დანიშნულების სტრატეგიული ობიექტი გახლდათ და სათამაშოების მაღაზიაში, თოჯინების თეატრსა და კინო “პიონერში” არ გამომერჩეოდა.

ჩემი პირველი სანაყინე ბათუმში, ბარათაშვილის და სტალინის კუთხეში იდგა – ყვითელ-ცისფერი შენობა კინო “თბილისის” წინ. შესასვლელ-გასასვლელი ცალ-ცალკე ჰქონდა და ამაზე ბევრს ვხალისობდი. მომცემდა დედა პარკს, ჩამიკუჭავდა ჯიბეში მანეთიანს და მივცუხცუხებდი სავაჭროდ. მანეთად ხუთი ცალი ოცკაპიკიანი პლომბირი მერგებოდა და იმ პლომბირზე გემრიელი არაფერი მეგულებოდა ამქვეყნად.

ბულვარში, პლაჟთან ახლოს, კიდევ ორი ტყუპი სანაყინე იყო – ზაფხულობით ხან ერთში ვიჯექი, ხან მეორეში და თუნუქის უსაყვარლესი ფიალებიდან ას გრამ ნაყინს შევექცეოდი – შენთვის მეტი არ შეიძლებაო. ჰოდა, ერთ დღესაც ასორმოცდაათი გრამი რომ შეუკვეთეს, მივხვდი – უკვე დიდი ვიყავი.

სოფელშიც გეახლებოდით ნაყინს, აბა ისე როგორ იქნებოდა… სოფლის ნაყინი ერთ კეთილ ძიას დაჰქონდა მოტოროლერით და იმ მოტოროლერის ხმას რომ მოვკრავდით ყურს ეზოს ბავშვები, თავპირისმტვრევით გავრბოდით შინ, ხურდა ფულისთვის და მერე გარეთ, არიქა, არ გაგვასწროსო )

კიდევ ბორჯომის ჩამოსასხმელი ნაყინი მახსოვს, რატომღაც “წოპი-წოპის” რომ ვეძახდით, კიევის აეროპორტში მირთმეული ესკიმო და ბელორუსიული უზარმაზარი ბატონი, რომელიც, ალალად ვიტყვი, ისეთი მსუყე გახლდათ, დილით რომ შესანსლავდი, საღამომდე არ მოგაგონდებოდა ჭამა. არადა, ახლანდელისა არ იყოს, მადას არც მაშინ ვუჩიოდი.

თბილისში იმ დროს გადმოვედით, სანაყინეებზე აქტუალური პურის მაღაზიები იყო. არც სტუდენტობის დროიდან მახსოვს მაინცდამაინც დიდი ამბები. ნაყინისთვის ჯერაც არავის სცხელოდა.

მერე ქვეყანა დალაგდა, კაფეები გაიხსნა, ხალხმა სასუსნავისთვის მოიცალა და მე რა შემცვლიდა – ბავშვობიდან გამოყოლილი მსუნაგობა თუ გამიორმაგდა, თორემ მოკლებით არ მომკლებია.

თუმცა არც მაშინ ყოფილა სანაყინეების ცვენა. სადმე, რომელიმე კაფეში დესერტად თუ მოგვართმევდნენ, ან შინ შევკაზმავდი მარწყვით საოჯახო პლომბირის მოზრდილ ბრიკეტს, მერე “ბასკინ რობინსი” გახსნეს პლეხანოვზე (როგორც ერთმა ტაქსისტმა მითხრა, “ნაყინის სახინკლე”), ისიც უცბად და გაუგებრად მიხურეს და დაგვტოვეს ნაყინის ადეპტები უნუგეშოდ. ასე გრძელდებოდა, სანამ თბილისში “ლუკა პოლარე” არ გამოჩნდა.

პეკინზე, პირველი მაღაზიის გახსნაზეც გახლდით, მაშ! საგანგებო მოწვევა მომივიდა, ასე კი ნუ მიყურებთ! წავედით მე და ჩემი მეგობარი გაპრანჭულები და იმხელა ბურთულები გვერგო, მგონი, არც ერთი ტელევიზიის ობიექტივის კადრში არ ჩაეტია.

“ლუკა”, გეცოდინებათ, იყო პეკინზე, ლესელიძეზე და მერე – ვაკეში, მრგვალ ბაღთან. მე პეკინს და ლესელიძეს უფრო ვსტუმრობდი და უგემრიელესი ვაშლის შტრუდელის ხათრით “no smoking area”-საც კი ვეგუებოდი.

ლესელიძეზე, “ლუკას” გვერდით, სხვა სანაყინეც იყო. იყო რა, ახლაც არის ალბათ. ჰოდა, ერთხელ მაიკომ მითხრა, მოდი, წესისთვის იქაც შევიდეთ, ვნახოთ, იქნებ რა ხდებაო. გვაცდუნა ეშმაკმა – შევედით, დავსხედით, ავიღეთ თითო ბურთულა, სრულ მდუმარებაში შევექეცით, მერე უხმოდ ავდექით, “ლუკაში” გადავსხედით, შოკოლადის და სტრაჩატელას ნაყინის უზარმაზარი ულუფები მოვითხოვეთ, სასწრაფოდ გადავსანსლეთ და მერეღა გავუღიმეთ ერთმანეთს – დღეს რომ ნაყინი არ მეჭამა, რა დამაძინებდაო, მაიკომ.

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, პეკინის, ლესელიძის და ვაკის მუდმივი მუშტარი ვხდებოდი და, წესით, ეს ჩვევა ვერც ვერაფერს უნდა შეეცვალა, მაგრამ წელს, გაგანია ზაფხულში, კიდევ ერთი მოსაწვევი მივიღე – აღმაშენებელზე ვხსნით ახალ “ლუკას” და გეპატიჟებითო. თან რაღაც უცნაური რამ ეწერა – პოლარული იოგურტიო, აქამდე ყურიც რომ არ მომეკრა.

წავედი, რა თქმა უნდა – ხომ არ გამოვაკლდებოდი… მივსუსნეთ მე და მაიკომ ის უცნაური იოგურტი და… იმის მერე, დედას გეფიცებით, ლუკას “ჩვეულებრივი” ნაყინი აღარ გვიჭამია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყოველ უიქენდზე აღმაშენებელზე ვარ. ჩემი საყვარელი ადგილი მაქვს იქ, მყუდრო და გრილი. ვასხამ იოგურტს (მთელი ეშხი იმაშია, რომ იოგურტი თავად უნდა ჩამოასხა და შეკაზმო. თუ არ გჯერათ, რუსოს ჰკითხეთ), ვრთავ ათასნაირი ხილით და სიროფით და დამიჯერეთ, დედამიწის ზურგზე საუკეთესო პირისჩასატკბარუნებელი რამეა. ნაყინმა რომ სეზონი არ იცის, გაგონილი გექნებათ და სულაც არ ვაპირებ გემრიელი უიქენდების საზაფხულოდ გადატანას. მერე რა, რომ მალე ზამთარი მოვა…

Luca Polare”. 2014 წლის 13 სექტემბერი.


Filed under: მე - მოლი ბლუმი Tagged: რუსა, ბათუმი, ბასკინ რობინსი, ბულვარი, ესკიმო, ვაშლის შტრუდელი, თოჯინების თეატრი, კაფე-სანაყინე, კინო პიონერი, ლუკა პოლარე, მარწყვი, მოლი ბლუმი, მოლის ზამთრის ბაღი, მოლიტერატურო ბლოგი, ნაყინი, პლომბირი, პოლარული იოგურტი, სტრაჩატელას, შოკოლადის ნაყინი, depressedfelis

ჩაიზე მისაყოლებელი ამბები

$
0
0
Anika Meqanikuri-ს ფოტო

Anika Meqanikuri-ს ფოტო

რა უნდა მიაყოლო ჩაის?

გემრიელი კექსი, ტკბილზე ტკბილი ბაქლავა, შეფიცხებული, ყველით გაძეძგილი ხაჭაპურის ნაჭერი… თონის პურიც არ არის ურიგო, სქლად გადასმული სოფლის კარაქით და ზემოდან შემოსკუპებული სულუგუნით…

წიგნის მიყოლება თუ გიცდიათ?

აი, რომ ზიხარ შენთვის, არსად გეჩქარება, ნეტარი უსაქმურობით ტკბები, ჟოლოსმურაბიან ჩაის სვამ ნება-ნება და გემრიელ წიგნს აყოლებ. დამიჯერეთ, არაფრით არის ტორტის ნაჭერზე ნაკლები )

ჰოდა, ერთ ასეთ წიგნზე უნდა მოგიყვეთ, პირის ჩასატკბარუნებელსა და ყელის ჩასაკოკლოზინებელზე.

თავიდანვე გეტყვით: სადებიუტო კრებულია და ერთიორად საინტერესოც – საუკუნეა, ახალი მწერალი არ შემხვედრია და ასე არ მომწონებია.

რუსუდან რუხაძე ბოლო “წეროზე” გავიცანი. მე ჩემი ფავორიტი მყავდა, რუსოს გადასარევი “Make My Demons Run“, მაგრამ  კონკურსანტები მაინც გულდასმით გადავათვალიერე და ჩამონათვალში “ადა და ევას” მოვკარი თვალი.

სათაური იყო ისეთი, გულგრილად ვერ ჩაუვლიდი, დამაინტრიგებლად პიკანტური. ძალით წაგაკითხებდა თავს. წავიკითხე და… ძალიან მომეწონა.

სხვებსაც მოსწონებიათ, როგორც ჩანს – მესამე პრიზი ხვდა წილად.

მერე “სულაკაურის” “თხუთმეტ საუკეთესოში” გამოჩნდნენ გოგოები. ბედი გაეხსნათო, კი იხუმრა რუსიკომ, მაგრამ იმ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის გვარიანი ყლუპი თუ არ ურევია… ჰოდა, არც მთლად ხუმრობა გამოდგა.

ცოტა ხანში კუწკუწა კრებული მოაყოლა “ინტელექტმა” – უყვართ მაგათ ახალი ავტორების აღმოჩენა.

ჯერ მარტო ეპიგრაფი აქვს ამ “ჩაისთან მოსაყოლ ამბებს” ერთი წიგნის ფასი – “ვუძღვნი გამქრალ გოგოებს. საქართველოში სქესთა დარღვეული თანაფარდობის შესაძლო მიზეზი სელექციური აბორტია”. ჰოდა, დამეთანხმეთ, ასეთი დასაწყისის მერე ძნელი წარმოსადგენია, ვინმემ გულგრილად გადადოს გვერდზე.

“ადა და ევას”  გარდა ცხრა მოთხრობაა ამ კრებულში, ყველა – განსხვავებული ტონით, სტილით, განწყობით დაწერილი. თითოეულზე კარგა ხანს ილაპარაკებდა პატიოსანი ბლოგერი, მაგრამ მირჩევნია, თავად წაიკითხოთ და მერე გამომიაროთ შთაბეჭდილებებით დამძიმებულებმა. ისეთი ცოცხალი ტექსტებია, იმდენად თანამედროვე,  რომ, დარწმუნებული ვარ – სათქვენოს ყველა იპოვით და სათქმელი ყველას გამოგიჩნდებათ.

ჰო, ერთიც: ეს ჩვენი კრებული “საბას” შორტლისტშია, “საუკეთესო დებიუტის” ნომინაციაში. “საბას” ნომინანტობა გამობრძმედილი მწერლებისთვისაც კი დიდი ამბავია და წარმოიდგინეთ, დებიუტანტისთვის რა იქნება. მშვენიერი სტარტია, ვერაფერს იტყვი. და “საბა” რომ ოცდაორშია, ოცდაორ საათზე, ხომ არ დაგავიწყდათ?

ჟოლოსმურაბიანი ჩაი რომ ზამთარში გემრიელდება, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ფინიკიელ ბლოგერებს უთქვამთ, შემოდგომაზეც გადასარევიაო, ამათ კი ნამდვილად დაეჯერებათ ) ჰოდა, ჩემო კარგებო, დაფაცურდით, საკუჭნაოს თვალი მოავლეთ, ყველაზე საყვარელი მურაბა შეარჩიეთ, ჩაი დააყენეთ, სავარძელში ნებივრად მოკალათდით და ეს წიგნი მოიდეთ გვერდით – ერთ უიქენდს მშვენივრად გაატარებთ, პასუხს ვაგებ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: რუსა, 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, Anika Meqanikuri, ადა და ევა, გამომცემლობა "ინტელექტი", თანამედროვე ქართული ლიტერატურა, კრებული, ლიტერატურული კონკურსი"წერო", ლიტერატურული პრემია "საბა", მოთხრობები, მოლის ბიბლიოთეკა, მოლიტერატურო ბლოგი, პროზა, რუსუდან რუხაძე, ქართული პროზა, ჩაი, ჩაისთან მოსაყოლი ამბები, depressedfelis, Make My Demons Run

“საბა”: ოცდაოთხსაათიანი მოლოდინის რეჟიმში

$
0
0

 

20140921_213706

ჩემი “საბა”

არ მგონია, ვინმეს დავიწყებოდა, მაგრამ მაინც იმით დავიწყებ, რომ ხვალ “საბაა“, წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა, რუსთაველის თეატრში და “რუსთავი-2″-ის ღია ეთერში, ოცდაორში ოცდაორზე.

საერთო აზრი “საბაზე” კი არა, ნობელის ლიტერატურულ პრემიაზეც არ არსებობს. ზოგი ემადლიერება, ზოგი ეჭვის თვალით უყურებს – წიგნების ერთმანეთთან შედარება და საუკეთესოს გამოვლენა რა ახირებაა, ჩემთვის საუკეთესო ის არის, რაც მე მომწონსო, მაგრამ ფაქტია, “საბაზე” მაინც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, ყველაზე დაწვრილებით განიხილავენ, შორთლისთში მოხვედრა ყველაზე მეტად უხარიათ და გამარჯვებითაც ყველაზე მეტად ამაყობენ.

ჰოდა, მოლი ამ ამბავს როგორ გამოტოვებდა. მით უფრო, ჩანთაში კუწკუწა მოსაწვევი უდევს და ორშაბათს ნომინანტებზე ნაკლებად არ ელოდება :). სანამ წლევანდელი ტრიუმფატორების ვინაობა გაგვიგია, მოდი, ერთად გადავხედოთ ნომინანტთა სიას – რა გვაქვს და რას ველით.

შეხსენება ზედმეტი მგონია, მაგრამ კიდევ ერთხელ და ძალიან მოკლედ – ფორმატზე: ჯერ ლონგლისტი ივსება მთელი წლის ლიტერატურული მონაგარით, მერე მკაცრად გასაიდუმლოებული ჟიური არჩევს რჩეულთა შორის რჩეულებს – შორთლისტს და ბოლოს უკვე – ლაურეატებს.

ვიდრე საქმეზე გადავალ, რამდენიმე აუცილებელი განმარტება უნდა გავაკეთო. რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო და მე ვინ ვარ, რომ ეს წესი არაფრად ჩავაგდო :)

შორთლისტში ჩემი მეგობრებიც არიან, ადამიანები, რომელთა წარმატებაც გულით მახარებს და ყოველთვის და ყველგან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ახლა ზედმიწევნით ობიექტური ვარ – წიგნებზე ვყვები და სხვანაირად არ გამოვა, ერთი კარგი ქართული ფილმისა არ იყოს, პირადი გრძნობები გვერდზე უნდა გადავდო.

წლევანდელი ნომინანტების სიას, თავადაც შეამჩნევდით, რამდენიმე გვარი აშკარად აკლია, რამდენიმე კი ისეთია, უხერხულად რომ აგაჩეჩინებს მხრებს, ამათ აქ რა უნდოდათო… ირაკლი კაკაბაძის და ანა კორძაია-სამადაშვილის არყოფნით, “საბამ”, ჩემი მოკრძალებული აზრით, ბევრი დაკარგა, მაგრამ ჟიურის სხვაგვარად გადაუწყვეტია და ვერაფერს გავაწყობთ.

კიდევ ერთიც: გამოცნობანას თამაშს არ ვაპირებ, რიგითი მკითხველი გახლავართ და რეგალიებით მოსილ მეტრებთან სად მოვალ, მაგრამ რაკი წიგნები, საბოლოო ჯამში, ჟიურისთვის კი არა, სწორედ რიგითი მკითხველებისთვის იწერება, ჩემს ნააზრევსაც მოგახსენებთ.

ყველაზე მძიმეწონიან – “საუკეთესო რომანის” ნომინაციაში ერთადერთ ინტრიგას ვხედავ – მისცემენ აკა მორჩილაძეს მეექვსე “საბას” “მორიდებული ზურმუხტისთვის” თუ ჯილდო ლაშა ბუღაძის ეპატაჟურ “Lucrecia515“-ს ერგება. აქ საფიქრალი მეტი არაფერი უნდა იყოს.

საუკეთესო პროზაული კრებულის  ტიტულის ყველაზე რეალურ კანდიდატად ფეისბუქის გვერდებზე არჩილ ქიქოძის “ჩიტის და კაცის ამბავს” ასახელებენ, მაგრამ მე უფრო დიანა ანფიმიადის ყველა გაგებით უგემრიელესი “პირადი კულინარია” მესიმპათიურება. ყოველმხრივ გამორჩეული ტექსტებია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი ლიტერატურულ-კულინარიული სინთეზი ჩვენთან აქამდე არ შექმნილა – ისედაც თავიდან ბოლომდე კარგია და ყელის ჩასაკოკლოზინებელი.

საუკეთესო პოეტური კრებულის წოდებისთვის ისეთი ავტორები იბრძვიან, სამ ლიტერატურულ პრემიას ეყოფა – სალომე ბენიძე, გაგა ნახუცრიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ეკა ქევანიშვილი… თუმცა არ გამოვრიცხავ,  ტიტული ბათუ დანელიას ერგოს. მოკლედ, “სიკვდილის ჯგუფიო”, თუ გაგიგონიათ, ეს არის.

საუკეთესო თარგმანისთვის განკუთვნილ ჯილდოს, შარშანდელივით, “სულაკაური” და “დიოგენე” შეეცილებიან ერთმანეთს, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, შორთლისტი, ცოტა არ იყოს, მოკლე მეჩვენება. “დიოგენეს” გადასარევი “დიოგენეს ბიბლიოთეკა” და სერია “ამერიკელები” აქვს და “სულაკაურთან” თარგმანი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰოდა, არც ამათი ლიდერობაა გასაკვირი. “დიოგენეს ბიბლიოთეკა” წელს ჯულიან ბარნსის “ფლობერის თუთიყუშით” და რედიარდ კიპლინგის “კიმით არის წარმოდგენილი, “ამერიკელები” – ქეთი ქანთარიას ფანტასტიკურად თარგმნილი როტის “პორტნოის სინდრომით“. “საბას” ალბათ სამივე იმსახურებს, მაგრამ ლუის კეროლის “ალისა”… უკაცრავად, “ელისი” ლეგენდა და საბავშვო ლიტერატურის საეტაპო ნაწარმოებია და, პრიზსაც, ვფიქრობ, გიორგი გოკიელი დაისაკუთრებს.

ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც დებიუტანტების პაექრობაა. ნამდვილი, ცინცხალი, მძაფრი, ავტორიტეტების არმცნობი… აქ ლია ლიქოკელია, რომლის “დევის ცოლის სიცილსაც” ლამის გამოცემის დღიდან “საბას” უწინასწარმეტყველებენ, რუსუდან რუხაძის უგემრიელესი “ჩაისთან მოსაყოლი ამბები” და Toresa Mossy-ს ფრიად ორიგინალური “სიბრძნე სიცრუისა“.  პირველ “საბას”, როგორც ვატყობ, ამ სამეულიდან ერთს არგუნებენ და სადებიუტო წიგნის გამარჯვება რამხელა ამბავია, თავად წარმოიდგინეთ.

ესეისტიკასა და დოკუმენტურ პროზაში აკას “ქართულის რვეულებია” წარდგენილი და აკასთვის უკვე გაცემული თუ აწი გასაცემი ყველა “საბა” არ დამენანებოდა, მაგრამ “ცრემლიანი სათვალეც” აქვეა, გოგი გვახარიას კინოსეანსიდან კინოსეანსამდე დაწერილი საქართველოს ისტორიის ფრაგმენტი, და ძალიან გამიკვირდება, პრემია სხვას თუ ხვდა წილად.

პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკაზე ვერაფერს მოგახსენებთ – არ მიყვარს იმაზე ლაპარაკი, რასაც საფუძვლიანად არ ვიცნობ.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. მოლის პროგნოზი ხომ გაგაცანით, ახლა თქვენსას ველოდები. ბოლოს და ბოლოს, წიგნებზე საუბარი, წიგნების ავ-კარგი კი თქვენზე, მკითხველებზე უკეთ არავინ იცის.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აკა მორჩილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, არჩილ ქიქოძე, ბათუ დანელია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გაგა ნახუცრიშვილი, გიორგი გოკიელი, გიორგი ლობჟანიძე, გოგი გვახარია, დიანა ანფიმიადი, დიოგენე, ეკა ქევანიშვილი, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ბუღაძე, ლია ლიქოკელი, ლიტერატურული პრემია "საბა", მოლის ბიბლიოთეკა, ჟიური, რუსთაველის თეატრი, რუსთავი 2, რუსუდან რუხაძე, სალომე ბენიძე, ქართული თარგმანი, ქეთი ქანთარია, შორთლისტი, non fiction, TBC ბანკი, Toresa Mossy

პატარა ქალაქის ზღაპრები

$
0
0
ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაცია

ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაცია

ცოტა უცნაური ზღაპრებია ამ წიგნში. ერთი რა არის, ერთი კუდიანიც არ დაგხვდებათ წამლად, არც დევი, არც მფრინავი გველეშაპი, არც მოჯადოვებული პრინცი, ციხეკოშკში გამომწყვდეულ მზეთუნახავზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მთლად კუნჭულ-კუნჭულ რომ მოჩხრიკო, ვერც მფრინავ ხალიჩას გადააწყდები სადმე, ვერც ჯადოსნურ ლამპარს, ქათმისფეხებიან ქოხზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს.

აბა, ეს რაღა ზღაპრებიაო, – მხრებს აიჩეჩავს იმედგაცრუებული მკითხველი.

რანაირი და… სხვანაირი. აი, „მზის პირველი დანახვისას, თუ მოისურვებ, აფრინდები აუცილებლად“ და ვარსკვლავები ცეკვას გასწავლიან. მერე რა, თუ მზესთან სიახლოვე ფერფლად გაქცევს – ზეცაში ხომ იყავი, ხომ ჩაები იმ საოცარ ფერხულში. განა ცოტაა?!

მსახიობს ნახავ ამ ზღაპრებში, რა თქმა უნდა, იმასაც უცნაურს და განსაკუთრებულს – ქალაქს ოცნებაახდენილი ბავშვებით რომ ავსებს და ბოლოს, ცისფერი ყვავილების თაიგულად გადაქცეული, ყველას საკუთარი ნატვრის ნაწილს უტოვებს სახლებში…

კიდევ ერთი კაცი ცხოვრობს ამ ქალაქში – კაცი, რომელმაც ქარი დაიმორჩილა. მერე რა, თუ ეს მოთვინიერებული ქარი უკვე მის საყვარელ გოგონას კი არა, ამ გოგონას შვილიშვილს ურხევდა კულულებს… მაინც ხომ ღირდა?!

ჰო, მართლა, სანაძლეოს დავდებ, არც ის გეცოდინება, რა არის ამქვეყნად ყველასა და ყველაფერზე უფრო ნაზი და მსუბუქი. რაო, ბაბუაწვერაო? რას ამბობ! ყველაზე ნაზი და მსუბუქი სიზმარახდენილი ბეჰემოთია, დამიჯერე.

ცაზე ახლად გაჩენილი ვარსკვლავების საიდუმლოც ამ წიგნში წერია – მევიოლინესა და პატარა ჩიტის ზღაპარში. პიანინოზე დაკვრას კი პეპლები გასწავლიან, ფერად-ფერადი, ფარფატა პეპლები, ოღონდ ღმერთი არ გაგიწყრეს და მათი სურვილის გარეშე კლავიშებს არ შეეხო…

მხიარული მღებავიც დადის ამ ქალაქში – ბავშვების ოთახებს აყვავებული ხეებით, ჩანჩქერებით, ტბებით, მთვარის შუქით და ჩიტების გალობით ავსებს… რა გაგხდის ავად, ასეთ ოთახში რომ გძინავს? მარტო სერიოზული კაცი თუ გაგებლანდება უშნოდ ფეხებში, მაგრამ არაუშავს, იმასაც მიხედავენ მხიარული მღებავის დატოვებული ჩიტუნები.

ჰო, კიდევ რას ნახავ აქ, იცი? როგორ მიჰყვებიან თეატრის შუქები საყვარელ ბალერინას, რომელიც სცენას დაემშვიდობა; მესიზმრესაც გაიცნობ და ძალიან მოგინდება, გაიგო, შენს ქალაქშიც მიაგნო ამ ხელობის კაცს – როგორ არ უნდა იცოდე, ვინ გიგზავნის სიზმრებს?!

ძალიან, ძალიან ბევ რამეს გასწავლიან ეს ზღაპრები; ოღონდ თითის ქნევით და ფეხების ბაკუნით კი არა – თავადაც ვერ იგრძნობ, მაგრამ წიგნს რომ დახურავ, მიხვდები, რომ უფრო კეთილი და ალერსიანი ხარ, უფრო გულღია, უფრო იმედიანი, ერთი სიტყვით რომ ვთქვა – უკეთესი; გარშემოც ბევრად მეტი სითბო და სინათლეა, ვიდრე აქამდე გეგონა და აღარც იმაში შეგეპარება ეჭვი, რომ „სიყვარულს საერთოდ ყველაფერი შეუძლია. ხოლო ნათება მთლად ჩვეულებრივი რამაა მისთვის.“


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გურამ პეტრიაშვილი, ზღაპრები, ლიტერატურული ზღაპრები, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, ნინო ჩაკვეტაძე, პალიტრა L, პატარა ქალაქის ზღაპრები, პროზა, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო ლიტერატურა, ქართული პროზა

ჩემი “მარადისობის კანონი”

$
0
0
Chemi rcheuli

“ჩემი რჩეული”. პალიტრა L

აი, ხომ არსებობს წიგნები, ზეპირად რომ იცი.

გადაშლი, მგონი, მეასედ, კითხულობ და ყველაფერი გახსოვს – სახელები, გვარები, ამბები, რეპლიკები, ვინ რა თქვა, ვის სად გაეცინა… ნიუანსები გახსოვს, დეტალები.

მათი პირველწაკითხვით მოგვრილი ემოციაც გახსოვს. ელდა და გაოგნება…

ძველი ამბავია.

მეექვსე კლასში ვარ. გურიაში ვისვენებ, დედულეთში. ზაფხულია. წვიმს, წვიმს,  ცა ფეხად ჩამოდის. ვისაუზმეთ. საქმე არ მაქვს. გარეთ რა გავა… ადამისდროინდელ ტელევიზორში, ერთადერთ არხს რომ იჭერს წვალებით, საინტერესო არაფერია, ჰოდა, მივადექი წიგნების კარადას.  ჩვენში დარჩეს და, უკეთესი ამინდიც რომ ყოფილიყო, მაინც იმავეს ვიზამდი :)

მე ახლაც ძალიან მიყვარს სოფლის ბიბლიოთეკებში ქექვა. ისეთ რამეს იპოვი, თბილისში, პრიალაყდიანი ბესტსელერებისა და თავბრუდამხვევი სიახლეების გადამკიდეს, სულ რომ არ მოგაგონდებოდა. ძველი წიგნებიო, რად ვარგაო, სასაცილო და გულუბრყვილო გამოცემებიაო; არადა, ზოგჯერ ისეთ სასუსნავს გადააწყდები, შენი მოწონებული…

მოკლედ, მივადექი წიგნებით გატენილ კარადას. ვათვალიერებ. ერთი გადმოვიღე, მეორე, მესამე და უცებ  – ნოდარ დუმბაძე. “მარადისობის კანონი”.

დუმბაძე ვიცი. მეექვსეკლასელი ვარ, კითხვის მოყვარულად მომაქვს თავი, დედა მყავს გურული და რას ჰქვია, არ ვიცოდე?! საბავშვო ლექსები ხომ ვიცი და ვიცი (არ იშოვებოდა იმ დროს ლექსების კრებული, დედამ ითხოვა რამდენიმე დღით და ხელით გადაწერა თაბახის ფურცლებზე); ზურიკელაც ვიცი, ხატია და სოსოიაც, “კუკარაჩა” მომწონს, “Hellados”, კიდევ რაღაცები. “მარადისობის კანონი” არ წამიკითხავს.

დავჯექი აივანზე, გადავშალე და ვკითხულობ. ვკითხულობ და, მგონი, სუნთქვაც შევწყვიტე. თვალებგაფართოებული ვყლაპავ გვერდებს. წვიმამ გადაიღო, მაგრამ აღარც წვიმა მახსოვს, აღარც სადილი და ტელევიზორი. ვკითხულობ და ამ დროს ცხონებული ბიძაჩემი გამოდის აივანზე იღლიაში ამოჩრილი ხის დაფით – ჭადრაკი მეთამაშეო.

გავშალეთ იქვე. გვერდით წიგნი მიდევს და ცალი თვალით ვიჭყიტები – ვის ადარდებს შენი ჭადრაკი. ბიძაჩემი გამართული მეხუთე თანრიგის ძალით თამაშობს (თუკი ასეთი რამ არსებობს), ანუ სვლები იცის და  შამათი ჩაუსვამს ერთი-ორჯერ. ჰოდა, არ მეშინია. თან სვლას ვაკეთებ, თან ვკითხულობ.

მესამე პარტია რომ წავაგე სამარცხვინოდ, გაბრაზდა, მომწყდი თავიდან შენი წიგნიანადო.

მერე, დიდი ხნის მერე, გავიხსენე, რომ “მარადისობის კანონი” ადრეც მენახა. ღრმა ბავშვობაში. დედას ედო სასთუმალთან და საღამოობით კითხულობდა. ერთხელ ჩავიჭყიტე, ეს რა არის-მეთქი და სანამ მიპასუხებდა, კოჭლი ავეტიკას, სტელას და მარია პავლოვნას დადგმულ “ოტელოს” მოვკარი თვალი.

მას შემდეგ ასჯერ მაინც გადავიკითხე და ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა, რომ ადამიანი სულით გახრწნილი თუ არ არის, ყველაფერს ეშველება.

დანარჩენზე ლიტერატურათმცოდნეებმა წერონ.

მე მხოლოდ ჩემს ამბავს მოგიყევით. კარგი წიგნისგან ნაცემი ელდის ამბავს. ესაა და ეს.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გურია, კუკარაჩა, მარადისობის კანონი, მე ბებია ილიკო და ილარიონი, მე ვხედავ მზეს, მოლის ბიბლიოთეკა, ნოდარ დუმბაძე, პალიტრა L, პროზა, ქართული პროზა, ჩემი რჩეული, ძველი წიგნები, ჭადრაკი, Hellados

როცა “ბესტსელერი”მართლა კარგი წიგნია

$
0
0

beka adamashvili. bestseleri

თავიდანვე ვიტყვი – ამ წიგნის წაკითხვას არ ვაპირებდი.

ავტორს ვიცნობ, ბლოგი ვიცი, პოსტები წამიკითხავს, სტატუსები, საკონკურსო მოთხრობები, სტილი ისეთი აქვს, ათას კაცში რომ გამოარჩევ და ახალი რა უნდა იყოს-მეთქი.

ისეთი ჯიუტი და თავისნათქვამა ვარ, ჩემი გადარწმუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.  ოღონდ ამ შემთხვევაში რაღაცები შეიცვალა.

რა იყო და როგორ, არ მოვყვები, მაგრამ შაბათს მაღაზიიდან წამოვიღე და გუშინწინ ჩანთაში ჩავაგდე – სამსახურამდე გრძელი გზაა და აბა, ვნახო, რა ხდება-მეთქი.

სახლამდე რომ არ მომყვა (წაუკითხავი) ამის თქმა ზედმეტიც კი მგონია – ჯერ ისედაც პაწაწუნაა და, რაც მთავარია, როდის იყო, ერთი ამოსუნთქვით წაკითხვას წიგნის სისქე უშლიდა ხელს. სქელ-სქელ ტომებზეც მითქვამს იგივე და “ბესტსელერი” სწორედ ერთი ამოსუნთქვის წიგნია.

სიუჟეტისა რა გითხრათ – ცინცხალი გამოცემაა, ჯერ მხოლოდ რედაქტორებს ექნებათ წაკითხული, სტამბის ცნობისმოყვარე თანამშრომლებს და ავტორს. ასე რომ, ყველაფერი წინ გაქვთ და პირი რომ მოვაღო, სპოილერის გავრცელებისთვის ჯოჯოხეთი არ ამცდება. თან, ლიტერატურული კი არა, ნამდვილზე ნამდვილი.

ეს ლიტერატურული ჯოჯოხეთი რა შუაშიაო, იკითხავს ვინმე. შუაში კი არა, თავშია, ჩემო კარგებო.

მთავარი პერსონაჟი, მწერალი პიერ სონაჟი, თავს იკლავს და ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ხვდება – იქ, სადაც მწერლებს ისევე აწამებენ, როგორც მწერლები აწამებდნენ მკითხველებს. პიერის ერთგული მკითხველი და თაყვანისმცემელი ჰიპშტერი ლუსი (მეცნო, ღმერთმანი) თაყვანისცემის ობიექტის რომანის ფურცლებზე აღმოჩენილი შიფრის გატეხვას ცდილობს. მერე რა ხდება, თავად ნახავთ. მოხდენით კი ისეთები ხდება, ოჰო-ჰო-ჰოოო…

კალამბურებით და ალუზიებით არის სავსე ეს “ბესტსელერი“, სტილი ვახსენე წეღან და გასაკვირიც იქნებოდა, ბექა ადამაშვილის წიგნში სხვაგვარად ყოფილიყო. მეტწილად ლიტერატურული ალუზიებია, სახალისო, საინტერესო და იოლად ამოსაცნობი. კაცმა რომ თქვას, ავტორს მაინცდამაინც არც უცდია დამალვა, ყველაფერს იქვე, სქოლიოში ხსნის კარგი მასწავლებელივით, თუმცა ვასილ ბარნოვს, ო’ ჰენრის და “როჯერ ეკროიდის მკვლელობას” თუ მიაგნებთ, მაინც გესიამოვნებათ.

და იუმორი… სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის რომანიაო, ანოტაციაში წერია, მაგრამ მთავარი ინგრედიენტი მაინც იუმორი მგონია. და ვისაც ფურცლის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე ხუმრობების რაოდენობა ოდნავ გადაჭარბებული მოგეჩვენებათ, მათ გასაგონად ვიტყვი: ჯერ ერთი, რომ არც ისე გადაჭარბებულია და მეორეც – ეს წიგნი (ალბათ) იმისთვის დაიწერა, რომ იცინოთ და რაც მეტი ხუმრობა იქნება შიგნით, მით უკეთესი. ყველაზე დიდ სისულელეებს სერიოზული სახით რომ ამბობენ, ესეც გეცოდინებათ.

ჩვენ, ხომ იცით, სტერეოტიპების ხალხი ვართ. ძეგლი თუ დავდგით, იმხელა კვარცხლბეკი უნდა ჰქონდეს, ჭოკით ვერ ახტე, მწერალი აუცილებლად ერისკაცი და მამულზე ფიქრში დამაშვრალი უნდა იყოს და წიგნმა ცხოვრების საზრისზე დაგვაფიქროს – სხვანაირად არც ერთი მოგვწონს, არც მეორე და არც მესამე. არადა, წიგნებს ზოგჯერ მკითხველის გასართობადაც წერენ. აი, მე, მაგალითად, წიგნს, როგორც წესი, გასართობად და სიამოვნებისთვის ვკითხულობ და რა გითხრათ, ჯერ ტანზე არ დაუყრია… ჰოდა, არ ღირს “ბესტსელერში” ქვეტექსტების ძებნა. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ )

ერთიც: ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ, მაგრამ ორში “ლიგამუსში” “ბესტსელერის” პრეზენტაციაა. ჰოდა, არ ღირს გამოტოვება. ცხვირი მიგრძნობს, სტანდარტული, მოსაწყენი ლექცია არ გელოდებათ და დროს მშვენივრად გაატარებთ, წიგნსაც წამოაყოლებთ და ბევრსაც იცინებთ. ამბობენ, ტორტი იქნებაო და ერთი ნაჭერი ჩემ მაგივრადაც ჩასუსნეთ. ორიც შეიძლება.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბესტსელერი, ბექა ადამაშვილი, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, იუმორი, ლიგამუსი, ლიტერატურული პაროდია, ლიტერატურული ჯოჯოხეთი, მოლის ბიბლიოთეკა, პაროდია, პიერ სონაჟი, პროზა, ჟანრული პროზა, ქართული პროზა, ჯოჯოხეთი

kioski.ge –ჩემი ბავშვობის ვირტუალური ექო

$
0
0

ჩემი ბავშვობის ბათუმიდან, სხვა საინტერესო რაღაცებთან ერთად, კიოსკებიც მახსოვს.

ჰო, ზუსტად ასე ვეძახდით – კიოსკები.

ახლა კი ვიცი, რომ ჯიხურია სწორი ფორმა, მაგრამ მაშინ ასე ვიყავით მიჩვეული და მეხსიერებასაც კიოსკებად შემორჩა. ჯიხური-მეთქი, რომ ვთქვა, ასე მგონია, რაღაც დააკლდება ჩემს ტკბილ და თბილ მოგონებებს.

ყველგან იყო, ყველა ქუჩაზე – კინო “თბილისთან”, ლენინზე, პიონერთა პარკთან, მეექვსე სკოლასთან, “ინტურისტის” ფოიეში… ყველგან.

განა რა იყიდებოდა? თითქოს განსაკუთრებული არაფერი – სამკერდე ნიშნები, უცნაური კალმები, ციცქნა ბლოკნოტები, პატარ-პატარა სუვენირები და, წარმოიდგინეთ, ბავშვისთვის ეს რამხელა განძი იყო…

და ჟურნალ-გაზეთები.

არა, ჟურნალ-გაზეთები (განსაკუთრებით – ჟურნალები) შინაც არ მაკლდა. ყველას რაღაც ჰქონდა გამოწერილი და მეც მომდიოდა “ნორჩი ლენინელი”, “დილა”, “მურზილკა” და “ვესიოლიე კარწინკი”, მოგვიანებით – “პიონერი”, ლატვიური საჭადრაკო პერიოდიკა. ვარდო ფოსტალიონს მოჰქონდა და არ მახსოვს, ოდესმე ერთი ნომერი მაინც დაკარგულიყოს. მოკლედ, თვიდან თვემდე საკითხავი არ მაკლდებოდა, მაგრამ კიოსკებში მაინც შევიხედავდი ხოლმე – სულ ჰქონდათ რაღაც უცხო და საინტერესო; არ მახსოვს, ხელცარიელი წამოვსულიყავი.

ჩვევა იყო ერთგვარი. სასიამოვნო რიტუალი. სკოლის სასადილოდან მორჩენილი ხურდის ჩხარუნით ჯერ რომელიმე კიოსკში შევყოფდი ცხვირს. თუ ჰქონდათ ახალი პოლონური ჟურნალი – ხომ კარგი, თუ არადა წიგნის მაღაზიაში აუცილებლად დამხვდებოდა რამე.

მერე, უკვე თბილისში, ასეთი ჩვევა აღარ მახსენდება. კიოსკომანია ალბათ ბავშვობას გაჰყვა.

ჰოდა, ამ ყველაფერს რატომ გიყვებით:

ამას წინათ, ნეტში უმისამართო ბოდიალისას, ერთ ვებგვერდს გადავაწყდი. მისამართს შევხედე და გამეღიმა – kioski.ge. ეს სიტყვა თუ ვინმეს ახსოვდა, აღარც მეგონა. ვფიქრობდი, სამუდამოდ ჩარჩა-მეთქი არც ისე შორეულ წარსულში.

ელექტრონული ჟურნალ-გაზეთების ონლაინ მაღაზიააო.  პირველი საქართველოშიო. ცხადია, დავინტერესდი.

რაში ყოფილა საქმე – ონლაინ კითხულობ თურმე ჟურნალებს და გაზეთებს, საკუთარი ვირტუალური თარო გაქვს და ახალ-ახალი ნომრები იქ მოგდის, თორემ გამოწერის სერვისი კარგა ხანია არსებობს და “ლიტერატურული პალიტრა” პრესის ჯიხურებზე ადრე, მგონი, ჩემთან მოაქვთ შინ.

გადავხედე ამ მშვენიერ კიოსკს და საინტერესო რაღაცებს წავაწყდი. ხომ იცით, გემოვნების ამბავია, ზოგს დევი მოსწონს, ზოგს – დევის ცოლი (ლიამ, მგონი, ახალი ანდაზა დაამკვიდრა). მკითხველი ყველა ჟურნალს ჰყავს. მე, მაგალითად, “ისტორიანს” გამოვიწერდი, ავტოფანატებს ალბათ ქართული “AutoBild”-ი მოსტაცებთ თვალს, სპორტის გულშემატკივრებს – “ლელო”. გახსოვთ ის ძველი, ლეგენდარული “ლელო” ლეგენდარული ლოგოთი? ლოგო იგივეა და დანარჩენი, ცხადია, განახლებულია.

და “ლიტერატურული პალიტრა“… ზაალ ჩხეიძის “ლიტერატურული პალიტრა” (აქ შემეძლო დამესრულებინა კიდეც – ზაალ ჩხეიძეს რომ ახსენებ, ყველაფერი ნათქვამია), ყველაზე გემრიელი ლიტერატურული ჟურნალი,  საუკეთესო ავტორებით და რედაქტორებით, სამი “საბა” ავიღეთ წელსო, ამას წინათ რომ ხუმრობდნენ… არა, “პალიტრაზე” ცალკე პოსტი უნდა დავწერო. გპირდებით.

მოვამრავლებთ კიოსკში გამოცემებსო, ამბობენ.  მალე ყველაფერი ჩვენთან იქნებაო. ყველაფერი ერთ საიტზეო. წიგნებიც აქვთ,  სასაჩუქრე ბარათებიც და, საერთოდ, ახალი პროექტი ჩანს, ჯერ მხოლოდ ბეტა ვერსიაა და, წესით, ბევრი რამ დაემატება.

ჩემნაირი ხალხისთვის, ოთხი წლის წინანდელი ჟურნალებით რომ აქვს თაროები გაძეძგილი, არსად რომ არაფერი ეტევა და შინიდან გასახლებით ემუქრებიან ოჯახის წევრები – მისწრებაა. და საერთოდ, მე მომწონს ბევრი ალტერნატივა. ვისაც უნდა, ცოცხალ ჟურნალებს გამოიწერს, ვისაც უნდა, ონლაინ ბიბლიოთეკას მოაწყობს და ვირტუალურ თაროებს გაავსებს. მრავალფეროვნებაზე უკეთესი არაფერია. პირადად მე, სანამ ჟურნალებაკიდებულს ქუჩაში დამიწყია ღამის გასათევის ძებნა, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ მეგულება.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: AutoBild, ბათუმი, დილა, ზაალ ჩხეიძე, ისტორიანი, კიოსკი, ლელო, ლია ლიქოკელი, ლიტერატურული პალიტრა, მედია პალიტრა, მოლის წისქვილი, მურზილკა, ონლაინ მაღაზია, პიონერთა პარკი, პიონერი, ჟურნალები, ქართული ჟურნალები, kioski.ge

მსოფლიო ხელისგულზე –გომბრიხის “ისტორია მოზარდებისათვის”

$
0
0

gombrich books

კაცი არ მეგულება, ბავშვობაში დაბრუნება არ უნდოდეს. მეც ასე ვარ – დროდადრო მომეძალება ხოლმე ამის სურვილი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისეთ წიგნს წავაწყდები, ერნსტ გომბრიხის “მსოფლიოს მოკლე ისტორია მოზარდებისთვის” რომ არის.

არა, მოზრდილებმაც რომ წაიკითხონ, განა რამე დაშავდება, მაგრამ სულ იმას ვფიქრობ, ოციოდე წლით ადრე რომ ჩამვარდნოდა ხელში ასეთი სასუსნავი, რა ბედნიერი ვიქნებოდი.

აი, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ – კარგი წიგნები, მითუმეტეს – ამდენი საინტერესო და საჭირო ინფორმაციით გაძეძგილი, სანთლით კი არა, ჩირაღდნით რომ იყო საძებარი და საათობით რომ ვიქექებოდი ხან ბიბლიოთეკების მტვრიან საცავებში, ხან ნათესავ-მეზობლების თაროებზე და სადმე რამე მსგავსი დამხვედროდა, სადაც ყველაფერი, რის შესახებაც ნაწყვეტ–ნაწყვეტ ან ყურმოკვრით ვიცოდი, დალაგებულ–დავარცხნილი და კოხტად ჩამოწიკწიკებული იქნებოდა: ნეანდერტალელი ადამიანი გინდა თუ იულიუს კეისარი, სოლომონ ბრძენი თუ კლეოპატრა, ნაპოლეონი თუ ფრიდრიხ ბარბაროსა, პირამიდები თუ ბაბილონის გოდოლი, რაინდები თუ მეკობრეები, სპარტელები თუ ტროელები… რაზეც გნებავთ, იმაზე დაგენაძლევებით, რომ ჩემზე განათლებული და დელფოს ორაკულივით ყოვლისმცოდნე ბავშვი მეორე არ იქნებოდა იმ არემარეზე. სხვათა შორის, არც ჩემზე კმაყოფილი და ცოტა გაბღენძილიც :)

თან, რომ იცოდეთ, როგორ მიყვარდა, მეგობრები რომ მთხოვდნენ, რამე ახალი გექნება წაკითხული და მოგვიყევიო – მე თქვენ გეტყვით, დამეზარებოდა. ხანდახან მასწავლებლებიც შემასახელებდნენ ხოლმე – გაკვეთილზე თავისუფალი დრო გვრჩებოდა თუ როგორ იყო, ზუსტად ვერ გეტყვით :) მეც მოვაღებდი პირს და ჩამოვარაკრაკებდი თორმეტი დაფის კანონებს, ხიმინჯიანი ქოხების, ვიკინგების ლაშქრობების, ოპიუმის ომებისა და ეხნატონის რეფორმების ამბებს, გული კი მწყდება, მაგრამ… არა, რაღაც-რაღაცები ისტორიის სასკოლო კურსიდანაც კი ვიცოდი უკვე, მაგრამ მოჰენჯო–დაროზე, უფლისწულ გაუტამაზე, იონიელების აჯანყებაზე იქ არაფერი ეწერა. სხვათა შორის, არც ასეთი მშვენიერი ილუსტრაციები მახსოვს და არც პატარ–პატარა რუკები.

ეჰ… ცხონებული ბებიაჩემის თქმისა არ იყოს. ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო… სამაგიეროდ, გომბრიხის სხვა წიგნი მქონდა სახლში, დავწერე კიდეც ამაზე – “ხელოვნების ამბავი“. ჰოდა, დიდი საქმე, უკვე მოზრდილი თუ ვარ – მსოფლიო ისტორიაში ყოვლისმომცველი ცოდნითა და განსწავლულობით ვერც ახლა დავიტრაბახებ, ამიტომაც არც მეფე მენესის ამბების კითხვა მაწყენს, არც ჰამურაბის კანონებისა, ჩინეთის ავანჩავანიც მაინტერესებს, თანაც – ქრისტეს დაბადებამდე, არც კიმბერნები ვიცოდი, ვინ იყვნენ, რუდოლფ ჩხუბისთავის სახელიც პირველად გავიგე და არც დაი პინგის აჯანყებაზე მსმენოდა რამე.

აქამდეც მითქვამს – საბავშვო წიგნები იმისაა, რაც უფრო ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ მოწიფულობაში გაწყენს და არ გაეკაროო, კი არავის უთქვამს. ასე რომ, თქვენი არ ვიცი და მე ეს უიქენდი მშვენივრად გავატარე, პლედში გახვეულმა, ყავის ფინჯნით – ერთ და გომბრიხის ახალი წიგნით მეორე ხელში. დასვენებაც ჩინებული გამომივიდა, წარსულში მოგზაურობაც და, საბოლოოდ მოლი ბლუმის ბლოგს ახლა ბევრად უფრო განათლებული მასპინძელი ჰყავს.

აი, ასე.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დოკუმენტური პროზა, ერნსტ გომბრიხი, ისტორია, ლოგოს პრესი, მოლის ბიბლიოთეკა, მსოფლიოს ისტორია, მსოფლიოს მოკლე ისტორია მოზარდებისთვის, პროზა, ქართული თარგმანი, ხელოვნების ამბავი, non fiction

ფანტასტიკური ამბები ბათუმიდან

$
0
0

books in batumi 4

წელიწადზე მეტია, ჩემს ქალაქში “წიგნები ბათუმში” არსებობს და, მგონი, იქაურობის ისეთივე სავიზიტო ბარათად იქცა როგორიც, მაგალითად, პიაცა, ბულვარი ან აჭარული ხაჭაპურია.

წელიწადზე მეტია, თბილისელები (და არამხოლოდ თბილისელები) შორიდან უყურებენ ამ საყვარლობას და გულზე სკდებიან – ერთი ასეთი ბუქსთორი არც ჩვენ გვაწყენდაო.

მერე რა, რომ თბილისს წიგნის მაღაზიები არ აკლია…  მერე რა, რომ ასარჩევად გვაქვს, ლიტერატურული სასუსნავი სად შევიძინოთ; მე მაინც ძალიან მინდა ისეთი მაღაზია, სადაც ძველი მეგობარივით შემხვდებიან, დროდადრო დამირეკავენ, საინტერესო სიახლეები გვაქვს, შემოიარეო და კვირის ბოლოს ყველა ახალ წიგნს დამახვედრებენ, სადაც სამსახურიდან წამოსული, გვიან საღამოს, კონსულტანტებს ვეჭორავები და ახალჩამოფქულ-მოხარშულ შავ ყავას დავლევ, სადაც მსუყე, ექსკლუზიური ფასდაკლება მექნება, რომლითაც თითქმის არასოდეს ვისარგებლებ, იმიტომ რომ წიგნის მაღაზია ბიზნესია, მოგებაზე გათვლილი, მე კი კარგი წიგნისთვის ფული არ მენანება. ჰო, კიდევ, წამოსვლისას საყვარელ საფირმო ჩანთაში ჩამიწყობენ შენაძენს და ისე გამომატანენ.

წელიწადზე მეტია, ირაკლის და მარის გული შევუღონე – სულ დედაქალაქური ფილიალის ამბებს ვეკითხები.

ჰოდა, ორიოდე კვირის წინ, აღმაშენებლის “ლუკა პოლარეში“, ჩემს საყვარელ მაგიდასთან რომ მოვკალათდით, ლეას ამბების მერე პირველად ისევ ეს ვკითხე: რამე ახალი ხომ არ არის-მეთქი.

მარის გაეცინა და – არ გადმოვდივართ, გადავიფიქრეთო.

საოცრად იმედგაცრუებული სახე მქონდა ალბათ და მაშინვე ერთხმად დაამატეს – გამომცემლობას ვხსნითო.

თქვენ იცით, რა არის გამომცემლობა? არა, გამომცემლობა როგორ არ გეცოდინებათ. ის თუ იცით, რამხელა შრომა სჭირდება წიგნების გამოცემას? წიგნები შეარჩიე, საავტორო უფლებები იყიდე, მთარგმნელები შეიგულე, რედაქტორები, დიზაინი შეარჩიე, სტამბას შეუთანხმდი, ტირაჟზე იფიქრე, საბაჟოს ელაპარაკე, მაღაზიებს გაურიგდი, მარკეტინგი, რეკლამა, გაყიდვები, მეკობრეებთან ბრძოლა, ისევ წიგნების შერჩევა, ისევ საავტორო უფლებები, მთარგმნელები, რედაქტორები და გაყიდვების ანალიზი… ბევრი უძილო ღამე და სიახლის მუდმივი ძიება. წიგნის მაღაზია გამომცემლობასთან შედარებით საზაფხულო აგარაკია.

ჰოდა, ამას ეჭიდებიან ბავშვები – ორი დიდი და ერთი პატარა ) აბა, ლეას გარეშე არაფერი გამოვა – ციცქნა აქტიურად არის ჩართული საოჯახო ბიზნესში.

სამაგიეროდ, ახალი წიგნები და მერე რა წიგნები… სულ ნარჩევ-ნარჩევი! ყველა გამოცემა რომ მოვლენა იქნება და წესისთვის ერთსაც არ დაბეჭდავენ, აი, აქედანვე გეუბნებით. რა აკლია თანამედროვე ქართულ ბიბლიობაზარს, ყველაზე უკეთ ამათ იციან და არც არაფერი შეეშლებათ.  უკვე თქვეს, თანამედროვე ტექსტებსა და საყმაწვილო ლიტერატურასთან ერთად საი-ფაისაც მივხედავთო და ქართული გამომცემლობების მიერ თითქმის სრულიად იგნორირებული ფანტასტიკის აღორძინება იმხელა მადლია, შეფასებაც კი გამიჭირდება.

პირველი წიგნებიც ვიცი, რაღაცები გამიმხილეს, მაგრამ ისეთი თავხედიც არ ვარ, თქმა დავასწრო. ცოტა ხანში თავადაც იტყვიან საქვეყნოდ და მერე ნახეთ თქვენ გულებისა და ლაიქების წვიმა და აღფრთოვანებული შეძახილები.

მანამდე კი, მგონი, ახალი თარო უნდა შევუკვეთო. საგანგებოდ ბათუმური წიგნებისთვის.

ორი მაინც. ერთი არ მეყოფა.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ბათუმი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, ირაკლი ბაკურიძე, ლეა ბაკურიძე, მარი კორინთელი, მოლის წისქვილი, წიგნები, წიგნები ბათუმში, Books in Batumi, Sci Fi & Fantasy

გაუჩინარებული ქალი

$
0
0
Gillian Flynn. "Gone girl"

Gillian Flynn. “Gone girl”

სიმართლე გითხრათ, ამ წიგნის კითხვას რომ ვიწყებდი, ბევრს არაფერს ველოდი; ჯილიან ფლინის სახელი იქამდე არც კი გამეგონა, მითუმეტეს, წაკითხული არაფერი მქონია და ინტერნეტსივრცეში “გაუჩინარებული ქალის“ ირგვლივ გაჩაღებულმა აქტიურმა განხილვამ უფრო მიბიძგა. ბანალური თრილერი მეგონა, დროდადრო ნერვების მოსაღუტუნებლად რომ არის საჭირო; თან ავად ვიყავი და, ჩემი ჭკუით, მსუბუქ საკითხავს წავეტანე.

წავეტანე და ჩამივარდა კოვზი ნაცარში.

არ გამოდგა ისეთი წიგნი, იოლად რომ გადაურბენ თვალით, მოსალოდნელ ფინალს სადღაც შუა გზაზე გამოიცნობ, მერე საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით კმაყოფილი, გვერდზე გადადებ და დაივიწყებ.

არა, რაღაცებს მივხვდი, კი. თუმცა ავტორის ჩანაფიქრის ბოლომდე გამოცნობა რთული აღმოჩნდა, რთული კი არა და, ჩემთვის შეუძლებელი; ვისაც გამოუვა, ჩემი მხურვალე აპლოდისმენტები :)

დასაწყისი, ერთი შეხედვით, მარტივია და არც დიდი ორიგინალობით გამოირჩევა – ქორწინებიდან ზუსტად ხუთი წლის თავზე ქალი საკუთარი სახლიდან უკვალოდ ქრება და იწყება ჩვეული ორომტრიალი – კვალზე დამდგარი პოლიცია, შოკირებული და დაბნეული ახლობლები, ყოველ მოსახვევში ჩასაფრებული ჟურნალისტები…

წყვილის მიერ ამ საბედისწერო დღემდე განვლილ გზას ცოლის დღიურებისა და ქმრის მოგონენების წყალობით, მკითხველიც ნაბიჯ-ნაბიჯ გადის; დეტალებს იმახსოვრებს, წინააღმდეგობებსაც ამჩნევს, ნაირ-ნაირ ვერსიებსაც ამუშავებს გონებაში და… ბოლოს მაინც გაოგნებული რჩება.

თუმცა, მე თუ მკითხავთ, აქ მთავარი სიურპრიზი ფინალი არ არის. სხვა რამემ უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა და არ ვიცი, ბლოგის ის სტუმრები თუ დამეთანხმებიან, ვინც უკვე მოასწრო ამ ემოციური ფეიერვერკის საკუთარ თავზე გამოცდა.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, კონტრასტული შხაპივით არის ეს წიგნი – იმპრესიები სულ სხვადასხვანაირი და მოულოდნელია; მაგრამ ყველაზე მეტად პატარ-პატარა ფსიქოლოგიური ლაბირინთები მომეწონა – სადღაც დაგხვდება, რომ არ გგონია, ისე და მიდიხარ მერე ხელის ცეცებით, მიიკვლევ გზას და ხანდახან რომ გეჩვენება – არიადნეს ძაფს წავატანე ხელიო, უფრო იბურდება ის გორგალი, ვითომ მზის სინათლეზე რომ უნდა გამოგიყვანოს.

თუმცა, ზემოთ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დეტექტიური ხაზი, ერთი შეხედვით, ძირითადი რომ გგონია, უბრალოდ ფონია, მიზანსცენაა ბევრი ძალიან მტკივნეული საკითხისთვის, ადამიანური ურთიერთობების მრავალი წახნაგისთვის – წარსულიდან შემორჩენილი კომპლექსები, ზედმეტად გაშალაშინებული და დავარცხნილი მშობლები ან პირიქით; სიყვარული, სიცრუე, ღალატი, ტკივილი, იმედგაცრუება… ეს უკანასკნელი ყველაზე საშიში რამ მგონია მაინც – ჯერ აპათია გეუფლება და მერე ისეთი ვულკანი შეიძლება, ამოიფრქვეს, მტრისას…

ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ეს არის წიგნი-დუელი – ორი ხასიათის და ორი გონების დაპირისპირება; არც ერთი მათგანი არ არის მთლიანად თეთრი ან მთლიანად შავი – წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტისმეტად მოსაწყენი და შაბლონური იქნებოდა სიუჟეტი. ახლა კი, ყველაფერი რომ დავაბრალოთ, დინამიკის და ემოციების ნაკლებობას ჯილიან ფლინის “გაუჩინარებული ქალი“ ნამდვილად არ უჩივის.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბენ აფლეკი, გაუჩინარებული ქალი, დევიდ ფინჩერი, დეტექტივი, დრამა, ელექტრონული ბიბლიოთეკა, ელექტრონული წიგნები, თრილერი, კინო, მისტიკა, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, ჟანრული პროზა, როზამუნდ პაიკი, ჯილიან ფლინი, Gone girl
Viewing all 205 articles
Browse latest View live