გიორგი კეკელიძე. ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი
საქართველო – ინგლისი,
“მანჩესტერი” – “დინამო”
თბილისი
2105
რედაქტორი – ზვიად კვარაცხელია
გარეკანის დიზაინი/ილუსტრაცია – ნატალი ავალიანი
ISBN 978-9941-445-89-7
© გიორგი კეკელიძე, 2015 © გამომცემლობა არტანუჯი, 2015 ყველა უფლება დაცულია
თავი I
ამბავი დავით გურამიშვილზე და სულხან-საბაზე
ესე საქმე სულ ასეა – რაც თავი მახსოვს. ტელეეკრანისკენ მიბრუნებული.
წინასწარ ვიცი, რომ ინგლისი სადღაც გავარდება, მუნდიალი იქნება თუ ევრო. გავარდება რამე ისეთი დრამატული სცენარით, შექსპირიდან და ბომონტიდან რომ მოსდევს. ისე არ გამოდის. ვინმე გონიერი კაცი აირჩევდა ბრაზილიას ან ესპანეთს – დაზოგავდა ჯანმრთელობას და ლანძღვა-გინების სიტყვათა მარაგს. მაგრამ ეს ფეხბურთის ფანობა ხომ რაღაც უცნაური რამეა. აი, ახლაც კიევში, ალბიონელების დატოვებულ დროშებთან ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ჩემი გულის საფეხბურთო ნაწილი მათ ეკუთვნით და როგორც ოდითგანვე გვკარნახობდნენ – გულს ვერ უბრძანებ.
ხოლო აქ სხვა საქმეზე ვარ. 2012 წელია. რადგან ევროპის ჩემპიონატს დაემთხვა ჩამოსვლა, ვიფიქრე ბილეთს ვიყიდდი, მაგრამ ამაოდ. ადრევე დაეპატრონენო. ეკრანით და აურით დავკმაყოფილდი. და რაც შეეხება საქმეს – ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის დარბაზს ვხსნით. აქამდე რატომღაც ისე გამოვიდა – სადაც სიტყვა ემიგრანტს ახსენებენ, მხოლოდ ნოე ჟორდანია მოაგონდებათ ხოლმე და ის ხალხი, ამ მთავრობას რომ გაჰყვა. არადა, ნაკადი ბევრი იყო და სხვადასხვა დროს. ერთ-ერთი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვახტანგის ამალაა მოსკოვისკენ საუკუნეების წინ დაძრული. ეს კი თითქოს რაღაც უცნაური ემიგრაცია გახლდათ – ფორმით და არა თვისობრივად – დაახლოებით ისეთი, საქართველოს დემოკრატიული მთავრობა, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, საცხოვრებლად პეტერბურგში რომ გადასულიყო. მაგრამ რაც უბრძანეს, ის გააკეთეს. თან ამას ღია მტრობა მაშინ არც ეთქმოდა. ზოგმა შეიძლება ისიც თქვას, სადაც გულმა გაუწიათ, იქ წავიდნენო. როგორც რომ უნდოდათ, ისე მოახდინესო. ქართული დიდებულების უნიათობაზეც შეიძლება საუბარი რიგ შემთხვევაში. ეს სხვა სახის საკითხია და განსხვავებულ კვლევას საჭიროებს. აი, იმჟამინდელი ქართული ემიგრაციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი მოსკოვი რაღაც მიზეზით მალევე დატოვა და პოლტავაში დაფუძნდა. მათ შეუერთდა დავით გურამიშვილი – ქართველ დიდპოეტთა ხუთეულში უსათუოდ დაფუძნებული კაცი, რომელიც მხოლოდ ლექსებს არ დასჯერდა და ნახაზებს ქმნიდა სამეურნეო საქმეთათვის. ამის გამო, მირგოროდში მას ერთიორად აფასებენ. იქ მისი მუზეუმი და ბიბლიოთეკაა. ასევე საფლავი შთამბეჭდავი ობელისკით. საფლავი, რომელიც სავარაუდოა, თუმცა ბევრი ცოტა გულუბრყვილოდ მიიჩნევს, რომ მის ნამდვილობას წყალი არ გაუვა. დნეპროპეტროვსკში, სულხან-საბას ძმის შთამომავალი – თუ გვარის გაგრძელების მხრივ ვიტყვით, უკანასკნელი – გალინა ბულატნიკოვა-ორბელიანი ვნახეთ. ქართული, რაღა თქმა უნდა, არ იცის. თუმცა საოცარ საქმეს აკეთებს – საკუთარი გენეალოგიის კვლევა დაიწყო. აგროვებს ყველაფერს – მეცხრამეტე საუკუნის სამოსის ნარჩენები, მეოცის დასაწყისის მისალოცი ბარათები, ხელნაწერები, ნოტების სახელმძღვანელო მინაწერებით. ინიშნავს ზეპირ გადმოცემებსაც. წერს სტატიებს ორბელიანებზე იქაურ გაზეთებში. მოკლედ, არ იღლება. აქამდე ერთი-ორი იქაური ქართველი თუ გამოეხმაურა, ჩვენს ყურამდეც მათი გზით მოაღწია და “თავს დავესხით”. როცა გვნახა, დიახაც, იტირა. ბევრი რამ ერთად გაუხარდა. ისე, რომ ზოგიერთ უძვირფასეს ნივთსაც შეელია და ბიბლიოთეკას აჩუქა. ეს ცალკე და სასიხარულო თემაა. მაგრამ ერთი სიხარული საქმეს წინ ვერ წასწევს – ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარ კულტურაზე ზრუნვა. თუ არ დავიზარებთ და მოვინდომებთ – გამოვა საქმე. პატარა საქმე როდია. აი, ინგლისი რომ ფინალში გავიდეს, იმას ჰგავს.
ინგლისის ჩემპიონობა ბევრისთვის მითია. ბახრამოვი და ამბავი. მე ეგენი არ მახსოვს, წიგნებში წამიკითხავს, კადრები მინახავს და “მაგათ ხო გუნდი არ ჰყოლიათ არასდროს”, ხალხისგან მსმენია. მე მახსოვს გაზა. პოლ გასქოინი. მსმელი ვითარცა ბესტი და ახირებული, ვითარცა… აქ ბევრი მახსენდება, მაგრამ მისი რანგისა არავინ. არნახული ტალანტის კაცმა სისხლის მაგივრად ვისკი გადაისხა და მარადონობა იუარა. დრამის მოყვარულთათვის დიადი საგაა, მაგრამ ფეხბურთმა იზარალა. დანარცხებულ და გაქუცულ დემონს დაემსგავსა ერთ დროს სხვა ქარებში მფრინავი კაცი. მოულოდნელი კაცი.
მახსოვს დევიდ სიმენი. ადრე რომ სამეფო კარის რაინდივით დადიოდა საფეხბურთო კარის წინ და მერე ესპანელებმა “თვალებიანი ხორცის ნაჭერი” დაარქვეს. მერე ცენტრიდან გოლების გაშვება დაიწყო. ხორცის ნაჭერი იმად, რომ ბოლო წლები, ხაშურს რომ უახლოვდები და მსხვილი ნაჭრები კიდია და მტვრიანი ქარი არხევს, ეგრე იდგა და ოდნავ თუ ტოკდებოდა. უხეში შედარებაა, არაეთიკური და არაპოლიტკორექტული. მაგრამ საფეხბურთო ეპითეტები სულ ამის ზღვარზეა. საერთოდაც, სტადიონიდან გინება მანქანის მძღოლის გინებას ჰგავს – თითქოს კონკრეტულია, მაგრამ ამავდროს იმდენად ზოგადი, რომ ადრესატს, როგორც სცენაზე დროებით შემოვარდნილს, ეგრე გულისხმობ. მერე კიდევ შეიძლება მასთან ლუდი დალიო. ყაზბეგი. აი, სტივ მაკმანამანს რომ ჰყვარებია. ასე გვამცნობდა მის ინტერვიუში ერთი ჩვენებური სპორტული გაზეთი, ტროლინგის მოყვარული და ავტორი დევიდ ბექჰემისადმი მიწერილი ფრაზისა: “იგი წავა და სხვა მოვა”.
ამ მეკარეს კისერწვრილი ტონი ადამსი ჰგავდა რაინდობის ჰაბიტუსის ამბავში, ოღონდ მუშკეტერობისკენ უფრო იხრებოდა თავისი ქცევითა და ამ ქცევის წესთა კოდექსით, რომელსაც პრემიერლიგაში მარტინ კიოუნი, ერიკ კანტონა, ლი ბოიერი, პატრიკ ვიეირა, როი კინი და სხვანი განაგებდნენ. ადამსმა რამდენიმე დიდი მატჩი ჩაატარა და წავიდა. უფრო რობსონის ხელში და კლუბში, მუსიე არსენის შეფობით, ცხადია.
ალან შირერი აწეული ხელით უნდა დაგვამახსოვრდეს. ეს აწეული ხელი ათობით შეგდებულ ბურთს ნიშნავს, პრემიერლიგაში სულაც ასობითს. ამ რანგის სტაბილური ფორვარდი ინგლისს ძნელად ჰყოლია. თავით და ფეხით თანაბრად უმიზნებდა და ყველა ასაკში საშიში იყო.
დევიდ ჟინოლას ქალთა გულები მალევე ჩამოართვა თუ გადაიბარა (რაღაც ხანი კოაბიტაციაც სუფევდა) დევიდ ბექჰემმა. ათას სკანდალში გახვეულმა კაცმა – ვიქტორიადან ბუცამდე. მაგრამ ახლა უფრო მისი პასი გვაინტერესებს და საფირმო საჯარიმოები. თუმცა პასზე ფერგიუსონი ამბობდა, ჟღალი პოლ სქოულზი უფრო ხედავდა მოედანსო. გრძელი გადაცემანი მისი გაცილებით ზუსტი იყოო.
გვახსოვს პოლ ინსი. მაკრატელებით და უცაბედი პასებით. თავდაჯერებული, ოდნავ ცინიკური ღიმილით. პერიოდული სიზარმაცით და განაჩენით, ამის გამო კლუბიდან კლუბში ეხეტიალა. ნაკრებში რამდენჯერმე გაიბრწყინა და ზოგი მატჩი პირწმინდად ჩააგდო.
მაიკლ ოუენმა, ჰოდლის ბიჭების მთავარმა ბიჭმა, არგენტინასთან გოლით საკუთარი პორტრეტი მოხაზა. მერე ეს ნახატი სხვა გატანილი ბურთებითაც ფერადდებოდა, რასაც გამუდმებული ავადმყოფობები აბაცებდნენ, მაგრამ მაიკლი მაინც დიდ კაცად შემორჩა. უცნაური ბედისა და უიღბლობების მორიგ მსხვერპლად (“რეალში” გადასვლა და სათადარიგოთა სკამის ხეხვა), რომლის გაცოცხლებაც, მიუხედავად ლივერპულური მეფობის ხანისა, “მანჩესტერმა” მოინდომა. ეშმაკების ისტორიაში კი “სიტის” კარში ბოლო წამს გატანილი გოლით შევა, გიგზის გენიალურმა პასმა რომ განაპირობა.
ჯერარდი და ლამპარდი ძმები მგონია. იმაზე ნაღდი, ვიდრე გარი და ფილ ნევილებია. ერთი თაობის ხალხი, ერთი სტილისა და მდგომარეობის. კლუბებში დიდი შედეგების მქონენი სანაკრებო მაისურში ცოტა შეშინებული ჩანდნენ. ეს შიში ღუპავდა ამ თაობას.
უეინ რუნის ვუყურებ: ბურთს რომ აწვდის აუტიდან, უკმაყოფილო სახეზე ეტყობა, უფრო დიდი ფეხბურთელობა შეუძლია, მაგრამ კონტექსტი არ უწყობს ხელს. შედეგები საოცნებო აქვს, მაგრამ მას მსოფლიოს საუკეთესოობა სურდა. ერთ სეზონში ახლოს იყო ამასთან, მაგრამ მერე უკან დახიეს და ახლა ლამის მეკარედ გაამწესონ.
ხოლო სულხან-საბა და გურამიშვილი მეტაფორაა. თუ რის გამო და როგორი, ამას თქვენვე მიხვდით – ფეხბურთს და ლიტერატურას ფიქრი უყვარს. დაძალებული ფიქრიც.
“მას მორჩსა სიკვდილთ მომკვლელი ზედ
ერთი ხილი ებადა;
სიმწიფის ჟამი მოსლოდა ნაყოფის გამოღებადა:
ზოგს სასიკვდინეთ მიაჩნდათ და ზოგთა
უკვდავებადა,
შეითქვნენ ერნი, აღიძრნენ ცუდისა განძრახებადა”.
Filed under: აპეტაიზერი Tagged: აპეტაიზერი, გამომცემლობა არტანუჯი, გიორგი კეკელიძე, დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, ზვიად კვარაცხელია, ლიტერატურა, ნატალი ავალიანი, ფეხბურთი, ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი
