
50 საბავშვო ლექსი
“ლოგოს-პრესი“
პროზა პოეზიას რომ მირჩევნია, მგონი, ათასჯერ მითქვამს და ბლოგსაც ეტყობა. სქელ-სქელ რომანებში, ზღაპრებსა და ბიბლიოსერიებში ათასში ერთხელ თუ გამოერევა “პოეტური” ბლოგპოსტი. ოღონდ, რაზეც ვწერ, ყველა ერთიმეორეზე უკეთესია.
არადა, ბავშვობაში ასე არ იყო. ლექსები, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიანაც მიყვარდა.
მაყვალა მრევლიშვილის ყდაშემოცვეთილი, კითხვისგან გაცრეცილი კრებული მქონდა, მურმან ლებანიძის საყვარლად მოხატული “ლიხს იქით და ლიხს აქეთ”, გივი ჭიჭინაძის საბავშვო პიესები, შოთა ამირანაშვილის გალექსილი გამოცანები და შარადები. “დილას” ერთგული მკითხველიც გახლდით და ნომერი ისე როგორ გამოვიდოდა, კოხტად დასურათებული რამდენიმე ძველი და ახალი საბავშვო ლექსი არ დაბეჭდილიყო…
მოკლედ, მოლის იმდროინდელი ბიბლიოთეკა საბავშვო პოეზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა და, ალბათ, ძველი სიყვარულის ბრალია, თანამედროვე კრებულებს გულგრილად რომ ვერ ვუვლი გვერდს.
ამას წინათ “ბიბლუსიდან” “ლოგოს პრესის” ცინცხალი გამოცემა წამოვაყოლე ხელს. ყველაზე პატარებისთვის არისო, კონსულტანტმა გამაფრთხილა. სწორედ ეს მჭირდება-მეთქი, გავუღიმე. ისე გამომხედა, აშკარად ეგონა, რომ სამი თუ არა, ერთი ონავარი მაინც მელოდებოდა შინ :)
მართალი აღმოჩნდა კონსულტანტი – “50 საბავშვო ლექსი” ყველაზე პატარებისთვისაა. “სერიოზულ” კრებულს ვერც დაარქმევ. უფრო ფერადი ალბომია, სასაჩუქრე გამოცემა, უხვად დასურათებული, სულ თამაშ-თამაშით რომ შემოეკითხება პაწია მკითხველს. ამგვარი წიგნები იაფი არც არასოდეს ღირებულა, არც ეს არის გამონაკლისი და, ალბათ, ურიგო არ იქნება, “ლოგოს პრესის” ფასდაკლების აქციებს მიადევნოთ თვალი. ჰო, ერთს მეც გიკარნახებთ – 25 დეკემბრიდან “თბილისი მოლში” წინასაახალწლო ბიბლიოაურზაურია და იქ ნამდვილად უნდა გვქონდეს მსუყე დისქაუნთის იმედი.
კიდევ რა უნდა მეთქვა – ილუსტრაციები ტყუილად კი არ მიხსენებია. შეხედავთ და დარწმუნდებით: ისეა მოხატული, თვალს ვერ მოსწყვეტ. არ მითხრათ ახლა, წიგნში სურათები მეორეხარისხოვანიაო. დავბერდი ლამის და ლამაზად დასურათებულ წიგნს მეც სხვა სიამოვნებით ვკითხულობ, ბავშვებზე რაღა უნდა ითქვას… პატარა მკითხველი შინაარსს და ვიზუალს ერთნაირი ინტერესით აღიქვამს და კაცმა არ იცის, რომელი უფრო მნიშვნელოვანია.
ეს იქეთ იყოს და არც შინაარსი დაეწუნება ამ ჩვენს კრებულს. 50 ლექსი ცოტა არ არის, დასაწყისისთვის ზედგამოჭრილია და თუ პოეზია შეუყვარდა, სქელ-სქელ გამოცემებს მერეც მოიძიებს.
ჯერ – კლასიკა, ჩვენი ბავშვობის დროინდელი, ზეპირად რომ ვიცოდით და სხაპასხუპით ჩამოვარაკრაკებდით ხოლმე: ნოდარ დუმბაძე, მაყვალა მრევლიშვილი, გივი ჭიჭინაძე, ვლადიმერ ასლამაზიშვილი, მორის ფოცხიშვილი, გრიგოლ აბაშიძე, ლიდია მეგრელიძე, “ყვინჩილა”, “ქურდბაცაცა ბაჭია”, “ზღარბო, ზღარბო, ქაცვია”, “გაფრინდა ქეთოს მერცხალი”, “დათუნიას ერგო ერთი ქილა ერბო”, “საწყალი კურდღელი”… სულ აცრემლებულმა გადავიკითხე. იმდენი რამ გამახსენდა, იმდენი, რომ… ბავშვობაში დავბრუნდი-მეთქი, გეტყვით და გაზვიადებად ნუ ჩამითვლით, ნამდვილად ასე იყო.
მერე – ახლები და ეს ახლები განსაკუთრებით მომწონს – რა სჯობია კლასიკას, მაგრამ ახალ მკითხველს ახალი ავტორები სჭირდება. და რა ავტორები – ვასილ გულეური, ირმა მალაციძე, თამრი ფხაკაძე, მარიამ წიკლაური, დიანა ანფიმიადი… მე თუ მკითხავთ, დიანას ერთი მარგალიტისთვის ღირდა ამ ლექსების აკიდოს გამოცემა. “ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო”-ს თანამედროვე ვარიანტიც არის აქ, ბევრად ოპტიმისტური, ბევრად კეთილი და იქნებ, ჩემი მეგობრის შვილივით, სხვა პატარამ აღარ იკითხოს გულამომჯდარმა – ჩემს თავს ხომ არ გადაუგდებდი მელიასო?
ქართული საყმაწვილო პოეზია, მადლობა ღმერთს, არც ისეთი ღარიბია, ერთმა კრებულმა დაიტიოს. ოცდაექვსი პოეტია ამ კრებულში და ერთ ამდენსაც ისე მოაქცევდა გამომცემელი, თვალს არ დაახამხამებდა, მაგრამ ამით ხომ არ მთავრდება – სხვა წიგნებიც იქნება, სხვა ლექსებიც და მრავალფეროვნებას ვერც ვერაფერი შეედრება.
“50 საბავშვო ლექსი” დიდი ბიბლიოსერიის პირველი წიგნია, სხვათა შორის. “ქართული საუნჯე ბავშვებს” იწყება ამით და სამომავლოდ მოთხრობების ანთოლოგიაც აქვთ ჩაფიქრებული, ქართული მითების კრებულიც… მოკლედ, მშვიდობა იყოს და რაღაც ძალიან გემრიელი, საინტერესო და ფერადი რომ გველოდება, წყალი არ გაუვა.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: 50 საბავშვო ლექსი, ბიბლუსი, გივი ჭიჭინაძე, გიორგი გაგოშიძე, გრიგოლ აბაშიძე, დიანა ანფიმიადი, ვასილ გულეური, ვლადიმერ ასლამაზიშვილი, თამრი ფხაკაძე, თბილისი მოლი, ირმა მალაციძე, ლიდია მეგრელიძე, ლოგოს პრესი, მაკა ჯებირაშვილი, მარიამ წიკლაური, მაყვალა მრევლიშვილი, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, მორის ფოცხიშვილი, ნოდარ დუმბაძე, პოეზია, რუსუდან ყვავაძე, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო ლექსები, საბავშვო ლიტერატურა, ქართული საუნჯე ბავშვებს
