თქვენი მასპინძელი, მოგეხსენებათ, ვერშემდგარი მოგზაურია – მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ქვეყნიდან ფეხი ჯერ არ გამიდგამს.
ასეთ დროს, როგორც ხდება ხოლმე, პრაქტიკის კატასტროფულ ნაკლებობას ჭარბი თეორია აბალანსებს – ვინმემ მომისმინოს და მოგზაურობაზე საათობით შემიძლია ქაქანი.
დღეს ჩემს საყვარელ თეორიას გაგიზიარებთ.
კაცმა რომ თქვას, საკამათო ბლოგი გამომივიდა. მეგობრებს რომ ვუყვები, თითქმის არავინ არ მეთანხმება. არა უშავს, ბლოგი ზუსტადაც რომ სადავო თემებისთვის არსებობს. ელემენტარული ჭეშმარიტებები არითმეტიკის სახელმძღვანელოშიც გვეყოფა.
ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ სარეკლამო განცხადებები: “დაუვიწყარი მოგზაურობა ევროპაში, შვიდი დღე, ექვსი ღამე, რვა ქალაქი და, აქეთობისას, ჰამბურგშიც შევივლით”, “არ გაუშვათ ხელიდან შანსი – გერმანია, იტალია და საფრანგეთი დიდებული მუზეუმებით სულ რაღაც ერთ კვირაში” და ა. შ. დარწმუნებული ვარ, ყოვლად გადასარევი მარშრუტებია. ოღონდ არა ჩემთვის.
აი, მითხარით, რა განსხვავებაა, თბილისში მოვკვდები წინ და უკან სირბილით, საათზე ყურებით და ნერვიულობით, სადმე არ დავაგვიანო-მეთქი თუ ფლორენციაში?
დასვენება, ჩემთვის, პირველ რიგში, ცხოვრების ყოველდღიური რიტმის შეცვლა და ტემპის დაგდებაა. ამიტომაა, შვებულებას შინაც გადასარევად რომ ვატარებ. მძინავს, ვუყურებ, ვუსმენ და ვკითხულობ რამდენსაც მინდა და როცა მინდა, დავბოდიალობ ყველგან და არსად დაგვიანების არ მეშინია. ერთი სიტყვით, თავად გახლავართ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი.
მოკლედ, დასვენება მაშინ შემერგება, თუ სადმე წასვლის და რაღაცების კეთების ვალდებულება არ მახრჩობს.
ცხადია, შინაურული შვებულების ნეტარ რიტმს მოგზაურობას ვერ მოარგებ. მოგზაურობა სხვა მობილიზებას ითხოვს, გინდა, არ გინდა, რაღაცების დაგეგმვაც გიწევს და ბოლომდე ვერც საათს გადადებ გვერდზე, მაგრამ პრინციპი იგივეა და მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება.
მე თუ მკითხავთ, იდეალური მოგზაურობა ასეთია: კარგი მანქანა, რამდენიმე საიმედო, ამგვარ ხათაბალაში გამოცდილი მეგობარი, პასპორტი და საკრედიტო ბარათი, დაქოქავ მანქანას და ჰერი, სადაც გინდა იქ შეჩერდები, სადაც გაგიხარდება, იქ ისადილებ, რომელი აბრაც მოგტაცებს თვალს გზატკეცილზე, იქით გადაუხვევ და რომელი ქალაქიც მოგეწონება, ღამეს იქ გაათენებ.
სათქმელად იოლია, მაგრამ ამგვარი მოგზაურობა ადვილი არ უნდა იყოს. ან, იქნებ, ზუსტადაც რომ ადვილია და მე მეძნელება შორიდან. მოკლედ, ერთხელ აუცილებლად ვცდი და შთაბეჭდილებებს წვრილად გაგიზიარებთ.
თავისუფალ ცურვას ჩემთვის მეორე უპირატესობაც აქვს. პიზის კოშკი, ორსეის მუზეუმი, საგრადა ფამილია, პალაცო ვეკიო, გოდების კედელი და ყველაფერი, რითაც პროფესიონალი ტუროპერატორები ფერად-ფერად ბუკლეტებს ავსებენ, ძალიან კარგია, მაგრამ მე სხვა რამ უფრო მაინტერესებს. ნებისმიერ ქალაქში, არ აქვს მნიშვნელობა, ქუთაისია თუ სან სებასტიანი, პირველ რიგში ვეძებ ფეხით სასეირნო მარშრუტებს, პარკებს და სკვერებს, ქუჩის ბუკინისტებს, კინოს (დიდი სინემანიაკი ვერ ვარ, მაგრამ კინოში ერთხელ როგორ არ შევიდე), ფლი მარკეტებს, მყუდრო კაფეებს, სადაც დილით პირველი ყავის დალევა შეიძლება, წანწალით დაღლილი კი გემრიელად ისადილებ და, რა თქმა უნდა, წიგნის მაღაზიებს.
ენების ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ სულაც უნგრეთში რომ ვიყო ან მონღოლეთში, იქაურის ინჩიბინჩიც რომ არ მესმოდეს, წიგნის მაღაზიაში საჩემო რაღაცები მაინც მოიძებნება და კოლექციებს მაინც შევავსებ. ან კომიქსები ექნებათ, ან “პატარა პრინცის” თარგმანი. ჰოდა, სულაც არ მინდა, რომელიმე სტენდთან დაბანაკებულს კოპებშეკრულმა გიდმა დამჩხავლოს თავზე – ეიფელის კოშკზე ან დიდ კედელზე მივბობღავთ და გვაგვიანდებაო.
თემის გაგრძელება ლამის უსასრულოდ შეიძლება, ჩემი საყვარელი თეორიაა და კიდევ ბევრს მოვყვებოდი, მაგრამ დასაწყისისთვის, მგონი, საკმარისია. თანაც მთავარი უკვე გითხარით. ახლა თქვენს კონტრარგუმენტებს ველოდები. გამოცდილ მოგზაურებს სათქმელიც მეტი გექნებათ. აბა, რაში არ მეთანხმებით?