ჩვენი ახალი თამაშის მეოთხე ნაწილი ისევ თემატურია. ამჯერად ნოდარ დუმბაძეს ვიხსენებთ.
წესები, ტრადიციულად, მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ დასაწყისს, ვიცნობთ და გვიხარია :)
პასუხებს კომენტარებში ველოდები. მოდერაცია ჩართული იქნება. მოდერაციის გათიშვა მავიწყდება (ხანდახან), თორემ ჩართვა – არასოდეს.
სულ ეს არის.
Good luck!
☑ დეიდა მართას პატარა ორსართულიანი სახლი ვარაზის ხევის პირას იდგა: თუთებით, ატმებით, ალუბლებითა და ფშატით გარშემორტყმული.
☑ ჯერ საშინელი ჭახანი გავიგონე, მერე – მილიციელის სტვენა და ბოლოს – ვიღაცის აღტაცებული შეძახილი: “აუჰ, რა ავარიაა!!!”. მეტი არაფერი. საოპერაციო მაგიდაზე რომ დამდეს, საქმე პირდაპირ ღმერთთან დავიჭირე.
☑ ზღაპრული ქორწილი გადაუხადა ღუღუნი ჯაიანმა თავის ვაჟს, იმედო ჯაიანს. ცხრა მოზვერი, სამოცდაათი გოჭი, თორმეტი ქაცარი და ერთი ფერმა ქათამი დაიკლა იმ დღეს ზუგდიდში. ასთორმეტნაბიჯიანი სეფა იყო გამართული ხასხასა კოინდარით მოფარდაგებულ ეზოში.
☑ ჩემს სოფელს მარჯვნივ გუბაზოული ჩაუდის, მარცხნივ – ლაშის ღელე, რომელიც სავსეა კიბორჩხალებით, ღორჯოებით და შარვალაკაპიწებული ბიჭებით. გუბაზოულზე ხიდია გადებული, რომელსაც ბოგას ეძახიან. ყოველ გაზაფხულზე მოვარდნილ წყალს მიაქვს ხიდი და ჩვენ მხოლოდ ხიდის თავი გვრჩება. მიუხედავად ამისა, ჩემი სოფელი მაინც ყველაზე ლამაზი და მხიარული სოფელია გურიაში.
☑ პატარაზე გაუღეს თუ არა კარი, ევროპა თავქუდმოგლეჯილი შემოვარდა წინა აზიაში: მოკლე კაბებით, ვიწრო შარვლებით, მოკასინებით, შეკრეჭილი და სტაფილოსფრად შეღებილი თმებით, წვრილი ქუსლებით, მცირეგაბარიტიანი ავეჯით, მაგნიტოფონებით, ლუი არმსტრონგებითა და ჩაო-ჩაო ბამბინოებით, მე კი “მოპრმა” რომ მამაჩემს ოცდარვა წელს არტელ “ანტიბურჟუის” მიერ გამოშვებული პატეფონი აჩუქა, ისევ ის მიდგას სახლში. კარგია მერე ეს?
☑ ეს ამბავი 1941 წლის აგვისტოში დაიწყო და ზუსტად ორი წლისთავზე გათავდა. ომი სულ რაღაც ორი თვის გამოცხადებული იყო, მისმა სუსხმა რომ ჩვენს სოფელს მოაღწია. ასეა თუ ისე, შეძლებულ ცხოვრებას მიჩვეულმა გლეხმა უცებ ვერ აწონა ქვეყნად მომხდარი საშინელება, უცებ ვერ დააგდო ხელგაშლილი ცხოვრება და უკვე აგვისტოში ბევრის ბეღელი, ჭური და სალარო დაცარიელებული აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახს ასე დაემართა.
☑ ტკივილი მარჯვენა მხრიდან დაიწყო. უცებ გულის ფიცრისკენ დაიძრა და მარცხენა ძუძუს ქვეშ გაჩერდა. მერე თითქოს ვიღაცამ მკერდი გადაუხსნა, შიგ დაკოჟრილი ხელი ჩაუყო და გული ყურძნის მტევანივით დაუწურა. წურავდა ნელა, დიდი მონდომებით: ერთი და ორი, ორი და სამი, სამი და ოთხი… ბოლოს ისე მოუჭირა ხელი, ისე დაწურა, სისხლის ნატამალიც აღარ დაუტოვა შიგ და ასე გამომშრალი და დაჭყლეტილი მიაგდო სადღაც კუთხეში, – გული გაჩერდა.
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გასართობი, დასაწყისი, თავშესაქცევი, თამაში, მოლის ბიბლიოთეკა, ნაწყვეტი, ნოდარ დუმბაძე, წიგნი
