დღეს დილით, სამსახურისკენ მომავალ გზაზე დავიწყე ამ წიგნის კითხვა და ზუსტად ჭიშკრამდე მეყო. ჩემს განწყობასაც მშვენივრად მოერგო – ხალისიანი და ფერადი საკითხავის გუნებაზე აშკარად არ გახლდით. ჰოდა, ეს სევდისფერი, პატარა კრებული სწორედ ის იყო, რაც ამ ცრიატ დილას მჭირდებოდა.
კი მაგრამ, შე დალოცვილო, თუკი ისედაც უხასიათოდ ბრძანდებოდი, რაღა დარდი და ნაღველი გინდოდა, რამე მხიარულისთვის არ აჯობებდა თვალის გადავლებაო, – მეტყვით ალბათ. მეტყვით და არ დაგეთანხმებით – ზოგჯერ ადამიანი ისე გრძნობს თავს, სწორედ რომ სევდა მოუტანს სულის სიმშვიდეს, მსუბუქ ნისლში პატარა ბავშვივთ გამოახვევს და, თუ გაჭირდა, იქნებ იავნანაც უმღეროს. ზუსტად ასეთი განცდა დამიტოვა გაგა ნახუცრიშვილის „ბარნოვის 122“-მა.
სანტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გულის აჩუყება ზოგჯერ მჩვევია და ახლაც ასე დამემართა. საჭიროა დროდადრო, რომ იცოდეთ. გახსენდება, რომ ადამიანი ხარ. ჯერ ისევ ხარ, ყოვლისშთანმთქმელი რუტინის, მივიწყებული განცდებისა და განელებული გრძნობების მიუხედავად.
წარსული იმის წარსულია, უკან უნდა მოიტოვო და დაივიწყოო, ამბობენ ხანდახან, მე თუ მკითხავთ, დროდადრო უნდა მიუტრიალდე კიდეც, ის უხილავი ძაფები დაქაჩო და შეარხიო, რომლებსაც, რაც არ უნდა სუსტი მოგეჩვენოს, მაინც ვერ დაწყვეტ.
ამ წიგნში ზუსტად ამ ძაფების თრთოლა ვიგრძენი. ცალ მხარეს ავტორს ეკიდა ხელი, მეორე მხარეს კი მისგან დიდი ხნის წასული ადამიანები იდგნენ, ომში დაღუპული მეგობრები, სტუდენტობის უშუქო ღამეები ციალებდნენ ნავთის ლამპის ალზე, სამხედროს მასწავლებელი ისევ ყურუმსაღებს ეძახდა ონავარ ბიჭებს, უკვე გადასხვაფერებული, იერშეცვლილი ქალაქი ძველი სახით დუღდა, ზღვაზე წითელი ბურთი ტივტივებდა, ის ბურთი, რომლის მიღმა გაცურვა ოდესღაც საოცნებო იყო… სხვადასხვა ფერის თხილამურები ყანყალებდნენ კოხტაგორაზე, უმწეოდ წკმუტუნებდა სადღაც თოვლიან თხრილში ჩავარდნილი უზრდელი პუდელი, განუზომელი ბედნიერება მოჰქონდა დელ პიეროს მაისურს და მარტო ძაფი კი არა, მასზე ჩაჭიდებული ავტორის ხელიც თრთოდა.
მკითხველისაც.
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბარნოვის 122, გაგა ნახუცრიშვილი, გამომცემლობა "ინტელექტი", თამარ ლონდარიძე, თეონა ჭანიშვილი, ლიკა სხირტლაძე, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, რადიო "შოკოლადი", ქართული პროზა, ცხელი შოკოლადი
