ლიტერატურული სერიები ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა – ახალი ტომის გამოსვლას მოუთმენლად ველოდებოდი ხოლმე. შინ ნაირ-ნაირი გამოცემაც მომეძებნებოდა, ზღაპრები გინდათ, სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკა, საბავშვო, საყმაწვილო – სულო და გულო. ოღონდ საოჯახო ბიბლიოთეკის თაროებზე, ამ ბუთქუნა ტომეულებთან ერთად, ღრმად განსხვავებული სერიაც მახსოვს. “ერთი მოთხრობა” ერქვა. თხელი, ჭრელგარეკანიანი წიგნები. მაინცდამაინც საბავშვოც არ ეთქმოდა. ცნობილი და არც ისე ცნობილი მწერლების თითო მოთხრობა იბეჭდებოდა. ზოგჯერ ისეთ რაღაცებსაც გამოურევდნენ, სქელ-სქელ ანთოლოგიებში რომ ვერ მიაგნებდი.
ჰემინგუეის “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”, რიჩარდ რაიტის “მოახლე”, ამბროზ ბირსი, ჰაინრიჰ ბიოლი, სომერსეტ მოემი… ქართულიც იყო და ნათარგმნიც.
ჰოდა, ზუსტად ასეთი პროექტი წამოიწყო პალიტრამ. ამასაც “ერთი მოთხრობა” ჰქვია.
დეკემბრის შუა რიცხვებიდან შევამჩნიე პრესის ჯიხურებში და მაღაზიებშიც. სალაროსთან უდევთ. დავაკვირდი და ახალი ტომი (ცოტა უხერხული კია, ტომი უწოდო, მაგრამ მაინც) ყოველ მეორე ოთხშაბათს გამოდის. კომფორტული პერიოდულობაა, თვალის მიდევნება არ გაგიჭირდებათ. ფასიც ლამის სიმბოლური აქვს – ორადორი ლარი.
ციცქნა წიგნებია, ჯიბით სატარებელი, კოხტა, ფერადი გარეკანით. კომპაქტური და მოხერხებული. ტრანსპორტში კითხვისთვისაა ზედგამოჭრილი – სამსახურამდე ისე მიგიყვანთ, ვერც შეამჩნევთ.
ჯერჯერობით, თუ რამე არ გამომრჩა, ექვსი მოთხრობაა გამოცემული. პირველი შტეფან ცვაიგის “უცნობი ქალის წერილი” იყო, მეორე – დოსტოევსკის “სუსტი გული”. ამათ დიკენსის “წერილი უკაცრიელი კუნძულიდან” და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის “ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი” მოჰყვა. ნაახალწევს – ვაჟა ფშაველას საშობაო მოთხრობა “დიდებული საჩუქარი”, განსაკუთრებით სასიამოვნო ამბავი. ვაჟა, მოგეხსენებათ, სუფრასთან გულზე მჯიღის ცემისას და წამოქოჩრილი სტატუსების წერისას უფრო გვახსენდება. წასაკითხად – ნაკლებად.
დღეს დილით, სამსახურში მისვლამდე, გაზეთების სტენდს მივაკითხე და ახალი საკითხავი წამოვიღე – ჯეკ ლონდონის “თამაში”. აგერ მიდევს, მაგიდაზე. ხვალ უქმეა, ბევრი ძილის, ტელევიზორის, გადადებული ჟურნალების და ნეტარი უსაქმურობის დღე. ზეგ ჩანთაში ჩავაგდებ. სამსახურამდე მეყოფა.
ჩამონათვალსაც ეტყობა და პროექტის მცირე ანოტაციაშიც წერია, აქცენტი მსოფლიო, მათ შორის, ქართული ლიტერატურის კლასიკოსებზეა. გეგმაში მიხეილ ჯავახიშვილიც აქვთ, ტოლსტოიც, აკუტაგავაც… რჩევების დარიგება ყველაზე ნაკლებად მიყვარს, ან ვინ მეკითხება, პროექტს სარედაქციო ჯგუფი ჰყავს და თავადაც გადასარევად გადაწყვეტენ, რა გამოსცენ, მაგრამ კლასიკას თანამედროვე ქართველი ავტორებიც რომ შეურიონ, ურიგო და უინტერესო ნამდვილად არ იქნება.
ერთი მოთხრობის კომპაქტური ფორმატი მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სერიის გამოცემის საშუალებას იძლევა. მწერლებიც კმაყოფილი დაგვრჩებიან და მკითხველიც მოიგებს. რატომაც არა.

Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბიბლიოსერიები, ერთი მოთხრობა, კლასიკა, კლასიკური ლიტერატურა, მოლის ბიბლიოთეკა, ნაკადული, პალიტრა L, პროზა, ქართული თარგმანი, ქართული კლასიკური მწერლობა, ქართული პროზა
